ჰააგის რეკომენდაციების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენცია

212

ეროვნულ უმცირესობათა განათლების უფლებებთან დაკავშირებით ჰააგის რეკომენდაციების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. პანელის მთავარ თემას წარმოადგენდა – ჰააგის რეკომენდაციებისა და მრავალენოვანი სწავლების როლი ციფრული განათლების ეპოქაში.

ეუთომ ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ინსტიტუტი 1992 წელს დააარსა და მას შემდეგ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით, კომისრის ინიციატივით, თემატური რეკომენდაციების ცხრა კრებული და გზამკვლევი გამოიცა, მათ შორის, ჰააგის რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა განათლების უფლებებთან დაკავშირებით (1996) და ოსლოს რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა ენობრივ უფლებებთან დაკავშირებით (1998). აღნიშნული რეკომენდაციები ეხმარება ეუთოს ქვეყნებს, შეიმუშაონ ისეთი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის მაჩვენებლების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

ჰააგის რეკომენდაციების 25 წლისთავისადმი კონფერენციის მუშაობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ დისტანციურად მიიღო მონაწილეობა. მან  კონფერენციის მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები გააცნო და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და, ამავდროულად, მათი ენობრივი კულტურული იდენტობის დაცვა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, სამინისტროს ინიციატივით, არაქართულენოვან სკოლებსა თუ სექტორებში დაინერგა ბილინგვური სწავლება და ეროვნული სასწავლო გეგმა ხელმისაწვდომი გახდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე. ამასთან, სამინისტრომ როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით შეიმუშავა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მათ, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობასაც აძლევს.

ჰააგის რეკომენდაციების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია ონლაინ ფორმატში გაიმართა და მას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ქვეყნების ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, წამყვანი ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დატოვეთ კომენტარი