ნანა ახობაძე
სსიპ თბილისის №147 და სსიპ თბილისის №123 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების პედაგოგი
ევრისტიკული მეთოდის სახელით ცნობილი მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესს მეტად საინტერესოს ხდის. აღმოჩენებით სწავლა პროცედურული უნარების განვითარებას უწყობს ხელს და, ასევე, მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვს ტექსტის გაგება-გააზრებასა და პროდუცირების სტრატეგიების დაუფლებაში.
სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობა, კონტექსტზე დაყრდნობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვესაკითხია, რომელიც შეისწავლება გრძელვადიანი სასწავლო მიზნის, ანუ სასწავლო ცნების ფარგლებში, რომელსაც ვუწოდებთ ტერმინს ტექსტი (ჟანრები). ეს ცნება მოიცავს ქვეცნებას, რომელსაც ვუწოდებთ ტექსტის გაგება-გააზრებასა და პროდუცირების სტრატეგიებს.
სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობა, როგორც აქტივობა, იზოლირებულად სწავლებისას, არ იძლევა ისეთ ეფექტს, როგორსაც კომპლექსური დავალების შესრულების დროს. თუ ბავშვმა სიტყვის მნიშვნელობა უნდა ამოიცნოს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის ეს ლექსიკური ერთეული უცნობია და კლასში ვარაუდების გამოთქმის საშუალებით დგინდება მისი მნიშვნელობა. ახალი სიტყვებით ლექსიკის გამდიდრება მხოლოდ მაშინაა ეფექტიანი, თუ ახალ ლექსემებს ბავშვს ტრანსფერის არეალში გამოვაყენებინებთ.
ვთქვათ, II-IV კლასებიდან რომელიმეში საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის დაწერას ვასწავლით მოსწავლეს. თემად (ნაცნობ კონტექსტად) ავირჩიოთ მედიცინა. დავალების პირობა, დაახლოებით, ასე იქნება ფორმულირებული (ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია თემისა და დავალების პირობის შეცვლა): დაწერე შემეცნებითი ტექსტი, ექიმების მიერ გამოყენებული სიტყვებით, რომელიც შეეხება ბავშვებისა და მათი მშობლების ინფორმირებას (აქვე შევნიშნავ, რომ ამით არა მარტო სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობის ქვესაკითხი აქტიურდება, არამედ პროფესიული ლექსიკაც).
კომპლექსური დავალების შესრულებამდე, ერთ-ერთ აქტივობად სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობა დავგეგმოთ. ვიდრე ამ აქტივობას არ შევასრულებთ, კომპლექსური დავალების შესრულება ვერაფრით იქნება გამართლებული. ბავშვებმა კარგად უნდა ისწავლონ კომპლექსური დავალების ყველა კომპონენტი, რომლებსაც კრიტერიუმებად წარვუდგენთ დავალებაში. სხვაგვარად სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.
აქტივობისთვის გამოვიყენოთ ფლიპჩარტი, დაფა ან კომპიუტერული ტექნიკა. წარვადგინოთ წინადადებები, რომლებშიც, სავარაუდოდ, უცნობი სიტყვები იქნება და მათი მნიშვნელობა უნდა ამოიცნონ.
♦ გვიან შემოდგომაზე კლიმატი მკაცრდება (კლიმატი – ამინდი).
♦ ბავშვები ავადდებიან გრიპით (გრიპი – დაავადება).
♦ გრიპს იწვევს ვირუსი (ვირუსი – თვალით უხილავი ორგანიზმი).
♦ გრიპის დროს მკურნალობისთვის იყენებენ მედიკამენტებს (მედიკამენტი – წამალი).
♦ ექიმის დიაგნოზის გარეშე მკურნალობის გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ (დიაგნოზი – დაავადების დადასტურება).
♦ დიაგნოზის მერე ექიმი წერს რეცეპტს (რეცეპტი – ფურცელი, რომელზეც ჩამოწერილია მედიკამენტების ნუსხა).
♦ რეცეპტით მიდიან აფთიაქში წამლების საყიდლად (აფთიაქი – დაწესებულება, სადაც იყიდება წამლები).
♦ აფთიაქში ფარმაცევტი ემსახურება კლიენტებს (ფარმაცევტი – წამალმცოდნე ექიმი).
♦ წამალი შეიძლება იყოს აბის ან სიროფის სახით (აბი – მყარი წამალი, სიროფი – ტკბილი, თხევადი წამალი).
კლასში სიტყვების ამოცნობას მოსდევს მცირე ლექსიკონის შედგენა. ეს ლექსიკონი თვალსაჩინოდ, საერთო-საკლასო ჩართულობით იწერება. აქვე ვახსენებთ მოსწავლეებს, რომ ეს სიტყვები გამოგვადგება დავალების შესასრულებლად.
ცხადია, ეს აქტივობა საკმარისი არ არის დავალების შესაქმნელად, მაგრამ სახალისო და თემატური იქნება იმის გამო, რომ სეზონურობასთან (ტრანსფერის არეალთან) არის ახლოს. თავად კომპლექსური დავალების წარმატებით შესაქმნელად კიდევ რამდენიმე აქტივობა იქნება შესასრულებელი, რომელთა შესახებ სხვა პუბლიკაციაში ვისაუბრებ.