27 ივლისი, შაბათი, 2024

ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა

spot_img

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. ისინი ისწავლიან როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს, ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში. უკრაინულ საგნებთან ერთად, ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. მათთვის დაიგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და   არაფორმალური განათლების მიმართულებით.

ბათუმის №20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნება უკრაინელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პირადად მიულოცა.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ჭეშმარიტად ისტორიული დღეა – ჩვენს საყვარელ ქალაქ ბათუმში, მე-20 საჯარო სკოლაში იხსნება უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც უკრაინელი მოსწავლეები მშობლიურ ენაზე, უკრაინული სასწავლო პროგრამის მიხედვით ისწავლიან.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისში წარმატებით ფუნქციონირებს უკრაინული სექტორი. დღეიდან კი, ძალიან მოხარული ვარ, რომ უკვე ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ მოსწავლეებსაც ექნებათ ზოგადი განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რომ საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელმა ბავშვებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ. ჩვენ შევარჩიეთ საქართველოში ჩამოსული საუკეთესო მასწავლებლები, რომლებიც უკრაინულ ენაზე შესანიშნავად წარმართავენ სასწავლო პროცესს.

უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები ისწავლიან ზუსტად იმ სახელმძღვანელოებით, რომლებითაც ისინი უკრაინაში სწავლობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებით უკვე უზრუნველყოფილია.

 მინდა, ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს მთელი გულით გისურვოთ მშვიდობა უკრაინაში, რათა თქვენ გქონდეთ საშუალება, მალე დაბრუნდეთ თქვენს სამშობლოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში თქვენმა შვილებმა უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში მიიღონ ხარისხიანი განათლება.

 ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს! წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ უკრაინულენოვანი სექტორის თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლესა და მე-20 სკოლის მთელ გუნდს!“

საზეიმო ღონისძიებას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი დაესწრო, რომელმაც საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს გულითადი მადლობა გადაუხადა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.

 ანდრი კასიანოვი: „ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უკრაინელი ბავშვებისათვის, უკეთ ინტეგრირდნენ ჩვენს მეგობარ ქართულ საზოგადოებასთან და მიიღონ ზოგადი განათლება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ჩემს მეგობარს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს უკრაინელი ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას ამ რთულ დღეებში და რუსეთის მხრიდან აგრესიის პირობებში მაქსიმალურად გვეხმარება“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე.

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლა ქართული და უკრაინული სექტორის მოსწავლეებს უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოში სთავაზობს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას. უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი, დღეისათვის, 100-მდე მოსწავლემ გამოთქვა. მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, უკრაინულენოვან სექტორზე, I-IV კლასის მოსწავლეები ისწავლიან, ხოლო სექტემბრიდან ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა საფეხურის მოსწავლეს ექნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აჭარის ა/რ განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კვალიფიციური პედაგოგები   შეარჩია. ყველა მათგანი საქართველოში უკრაინიდან 24 თებერვლის მოვლენების შემდეგ ჩამოვიდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ უკრაინულენოვანი სექტორის მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აჭარის განათლების მინისტრთან ერთად შეხვდა და მათთან სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები პირადად განიხილა. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი პედაგოგებისთვის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად. გარდა ამისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკრაინულენოვან სექტორში დასაქმებული მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მოსწავლე უზრუნველყო სწავლისათვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით. უკრაინელი მოსწავლეები, ქართველი თანატოლების მსგავსად, ისარგებლებენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით, სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. მათ ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 800-ზე მეტი მოსწავლეა უკვე ჩარიცხული.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები