19 აპრილი, პარასკევი, 2024

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირების, ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის „შშმ პირთა ისტორიების კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

spot_img

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირების,  ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის „შშმ პირთა ისტორიების კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

შშმ პირთა ისტორიების კონკურსში 6 გამარჯვებული გამოვლინდა. დაჯილდოვდნენ როგორც პუბლიკაციის ავტორები, ასევე ისტორიის გმირები.

კონკურსში გამარჯვებულები არიან: akhaliganatleba.ge-ის ჟურნალისტი მაკა ყიფიანი, რომელმაც საკუთარი პუბლიკაცია ნათია მუშკუდიანის ისტორიაზე ააგო (გამარჯობა, ნათია, მახსოვს, რომ მელოდები!), ბლოგერი ნათია გოგოლაშვილი, ორგანიზაცია „ქალები საქართველოდან“ წარმომადგენელი ნინო გამისონია, რომელმაც საკონკურსო პუბლიკაციაში ლია ჩაჩიბაიას ისტორია შემოგვთავაზა; ესმა გუმბერიძე, რომელიც თავად არის შშმ პირი და საკუთარი ისტორია მოგვითხრო. კონკურსში გამარჯვებულია 3 პუბლიკაციის ავტორი და 3 შშმ პირი. მათ კონკურსისათვის დაწესებული პრიზები – პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

გამარჯვებულებთან ონლაინფორმატში გამართულ შეხვედრაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება და წარმატება, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, პრეზიდენტის მრჩეველმა, შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა მიულოცა და წინსვლა უსურვა. მისი განცხადებით, კონკურსის მიზანი იყო, შშმ პირებს მისცემოდათ შესაძლებლობა თავად შეეფასებინათ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება და გაეცნოთ საზოგადოებისათვის მათი წარმატებისა, თუ წარუმატებლობის ისტორიები.

სიმონ პეტრიდისის განცხადებით, კონკურსი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მის ორგანიზებას  ადმინისტრაცია მომავალ წლებშიც გეგმავს, ასევე დაგეგმილია ბროშურის მომზადება, სადაც ყველა ისტორია მოიყრის თავს და თითოეულ ისტორიის გმირთან ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძელებდა მუშაობა, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება.

„შშმ პირთა ისტორიების კონკურსის“ გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც დაკომპლექტებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან: თამარ მაღლაკელიძე („კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“), მუხრან გუნია (აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა“) და თამარ მაჭარაშვილი („ქალი და რეალობა“).

ადმინისტრაციამ კონკურსი 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს გამოაცხადა.

ორბელიანების სასახლეში დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონია, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ გაიმართა.

გამარჯვებულებს პრიზები პანდემიის გამო დაწესებული რეგულეციების შესაბამისად გადაეცათ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები