პრაქტიკოსი მასწავლებლების გარდა, ცვლილება უფროს მასწავლებლებსაც შეეხო

14130
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნოემბერში დაგეგმილი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები გადაიდო, ასევე გადაიდო გამოცდები სპეციალური მასწავლებლებისთვის, რომლებიც წლებია ელოდებიან კვალიფიკაციის ამაღლებას. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდები 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიმართება. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, სამინისტროს ინიცირებით, ცვლილებები განხორციელდა. პრაქტიკოსი მასწავლებლების გარდა, ცვლილება უფროს მასწავლებელსაც შეეხო. კონკრეტულად რა ცვლილებები დაიგეგმა, ამის შესახებ განმარტება ვთხოვეთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელს, ხათუნა ბარაბაძეს.

– პირველად განვმარტოთ ცვლილებები, რომელიც უფროს მასწავლებლებს შეეხო…

– როგორ ცნობილია, უფროსი მასწავლებლებისთვის განკუთვილი გარე დაკვირვება, რომელიც გასულ სასწავლო წელს, გაზაფხულზე, უნდა ჩატარებულიყო, კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო და რეალურად, ეს მასწავლებლები აღმოჩნდნენ დაზარალებულები, რადგან მათ, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, შესაბამისი კრედიტქულები მოგროვილი ჰქონდათ და გარე დაკვირვების გავლა ეკუთვნოდათ. ეს ყველაფერი კალენდრითაც გაწერილი იყო, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, პანდემიის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხდა და მთლიანად დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ამის შემდეგ მოხდა დისტანციური სწავლების აღიარება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებაც განხორციელდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარე დაკვირვების დისტანციური რუბრიკა მოვამზადეთ. ბუნებრივია, ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდა. ცვლილება განხორციელდა გარე დაკვირვების წესშიც და უფროს მასწავლებლებს, სექტემბრიდან, რუბრიკის გავლის შესაძლებლობა მიეცათ – პირისპირ ან დისტანციურად. ჩვენ ორივე ტიპის გარე დაკვირვების განსახორციელებლად ვიყავით მზად, თუმცა, კოვიდ სიტუაციის გამო, პროცესი ახლა ისევ შეფერხდა. შეიზღუდა გადაადგილება, იმ მასწავლებლებს კი, რომლებსაც პირისპირ სურთ გარე დაკვირვების გავლა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ დავაკვირდებით.

3080 დარეგისტრირებული მასწავლებლიდან, უმეტესობამ გარე დაკვირვება უკვე გაიარა – ნაწილმა პირისპირ, ნაწილმა დისტანციურად; 500-მდე მასწავლებელია დარჩენილი, ვინც, ასე ვთქვათ, არ ისურვა დისტანციურ რეჟიმში დაკვირვება. მართალია, რაიონებში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია პირიპირ სწავლება, მაგრამ სრულად შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტი და დამკვირვებლებს რეალურად გაუჭირდებათ სკოლაში მისვლა. ამიტომ, საჭიროებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ სასწრაფო წესით განახორციელა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მასწავლებლებს უფლება მიეცემათ, იმ შემთხვევაში, თუ პირისპირ დაკვირვებას აირჩევენ, დაელოდონ სკოლებში სწავლის განახლებას, ანუ მათ გარე დაკვირვების დრო მეორე სემესტრის განმავლობაში გაუხანგრძლივდათ. თუ დისტანციურად გადაწყვეტენ გარე დაკვირვების განხორციელებას, რასაკვირველია, დისტანციურად დავაკვირდებით. ასე რომ, პირისპირ დაკვირვება დამოკიდებული იქნება რეგულაციებზე, რომელსაც სახელმწიფო გამოაცხადებს. იმ შემთხვევაში, თუ მეორე სემესტრის ბოლომდე სკოლები არ გაიხსნება, მაშინ მათ გარე დაკვირვების დისტანციურად გავლა უნდა შეძლონ, სხვა გამოსავალი არ ექნებათ.

ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ უფროს მასწავლებლებს, ვინც დარეგისტრირებული იყვნენ გარე დაკვირვების რუბრიკაზე. დანარჩენი უფროსი მასწავლებლები ერთმნიშვნელოვნად არ განიხილებიან, მათთვის წამყვან მასწავლებლობამდე სქემაში ახალი გზა არის გაწერილი და აქაც საკმაოდ საინტერესო ცვლილება შევიდა, ვფიქრობ, ეს ცვლილებაც დააინტერესებს მასწავლებლებს. სქემის ბოლო რედაქციაში, რომელიც 26 ივნისს დამტკიცდა, ასეთი ჩანაწერი იყო: უფროს მასწავლებელს წამყვანობისა და მენტორობისთვის ცალ-ცალკე, ანუ ორჯერ უწევდათ გამოცდის ჩაბარება. ცვლილების თანახმად კი, ახლა, თუ უფროსი მასწავლებელი, რომელიც წამყვანობისთვის აბარებს გამოცდას და მენტორობისთვის დაწესებულ ზღვარს გადალახავს, მას მენტორობისთვის განკუთვნილი გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალია გამოცდის კომპონენტისგან და მენტორის სტატუსისთვის განკუთვნილ სხვა დანარჩენ აქტივობებს განახორციელებს.

კიდევ ერთი ცვლილება აკადემიური ხარისხის მოპოვებას ეხება – ადრე არსებული წესით, მასწავლებელს, რომელიც აკადემიურ ხარისხს მოიპოვებდა, პირდაპირ ენიჭებოდა წამყვანის სტატუსი, მაგრამ ეს ჩანაწერი ახალ სქემაში აღარ არის და აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც, ამ ხნის განმავლობაში, დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად იმუშავეს და მხოლოდ დაცვა დარჩათ, ამდენი შრომა წყალში უნდა ჩაყროდათ. გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და მივეცით უფლება, დაცვის შემდეგ მოგვმართონ სტატუსის მისანიჭებლად. აქვე გეტყვით, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა – 2-3 ადამიანია.

– გარდა იმისა, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდის თარიღმა კიდევ გადაიწია, რა ცვლილებები შეეხო ამ, რეალურად უკვე გაუქმებული, სტატუსის მქონე მასწავლებლებს?

– პრაქტიკოს მასწავლებლებზე გეტყვით, რომ ივნისში მიღებული სქემის რედაქციით, პრაქტიკოსის სტატუსი გაუქმდა, მაგრამ, ამავე სქემით, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც, 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, 14 კრედიტქულა ჰქონდა დაგროვებული, მივეცით უფლება, ჩვენ მიერ შეთავაზებული 5-კრედიტიანი ტრენინგების გავლით, შეევსოთ უფროსისთვის საჭირო კრედიტების რაოდენობა. დაახლოებით, 648-მა პრაქტიკოსმა შეძლო სტატუსის ამაღლება და, სექტემბრიდან, ისინი უფროსი მასწავლებლები გახდნენ.

ამის გარდა, მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელის, მაია კობახიძის ინიციატივით, კიდევ ერთხელ მივეცით სტატუსის ცვლილების შესაძლებლობა იმ პრაქტიკოსებს, რომლებსაც მოგროვებული ჰქონდათ15 კრედიტქულა, ნაწილობრივ ჩაბარებული ჰქონდათ, ორის ნაცვლად, ერთი გამოცდა, თან არ იყვნენ დარეგისტრირებული გაზაფხულზე დაგეგმილ გამოცდებზე. ასეთი 70 პრაქტიკოსი მასწავლებელი აღმოჩნდა და მათ, გამონაკლისის სახით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ. რაც მთავარია, თუ ეს მასწავლებლები გამოცდაზე 4 კრედიტს მიიღებენ და 19 კრედიტს შეავსებენ, კონკურსში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ, გამოცხადებული ვაკანსიის დასაკავებლად, ანუ ისინი ამით სამსახურში ვერ დარჩებიან, მაგრამ გამოცხადებულ კონკურსებში, როგორც უფროსი მასწავლებლები, ისე შეძლებენ მონაწილეობას, შესაბამისად, სისტემაში ჩაერთვებიან, როგორც უფროსი სტატუსის პედაგოგები. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მათ, გამონაკლისის სახით, მივეცით უფლება – მსურველებისა და მაძიებლებისგან განსხვავებით, გამოცდაზე 4 კრედიტი მიიღონ, ნაცვლად 10 კრედიტისა და ასე შეავსონ უფროსი მასწავლებლისთვის საჭირო კრედიტების ოდენობა.

ის პრაქტიკოსი მასწავლებლები კი, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ გამოცდებზე – ასეთი 4700 პედაგოგია – რა თქმა უნდა, ზაფხულში, შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას, მანამდე კი, სკოლები ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას. ორშაბათიდან, როგორც დაგეგმილი გვქონდა, მათ შევთავაზებთ 5-კრედიტიან ტრენინგ-კურსებს, რომელიც მეორე სემესტრშიც გაგრძელდება. ეს მასწავლებლები, საჭიროების მიხედვით, გამოიყენებენ ამ შეთავაზებას და 19 კრედიტქულის დაგროვების შემთხვევაში – გამოცდა + 5კრედიტიანი ტრენინგი – ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, შეძლებენ სტატუსის ცვლილებას.

– იმ 70 პრაქტიკოსისთვის რეგისტრაცია ცალკე გამოცხადდება?

-გაზაფხულზე აუცილებლად გამოცხადდება რეგისტრაცია ყველასთვის – მასწავლებლების მსურველებისთვის, მაძიებლებისთვის და, მათ შორის, იმ პრაქტიკოსებისთვის, ვისთვისაც შეღავათები დავაწესეთ. თუმცა, როგორც გითხარით, განსხვავება მათ შორის ის არის, რომ 70 მასწავლებელს დაგროვებული აქვს 15 კრედიტი და ერთი გამოცდა აქვს ჩაბარებული, უფლება აქვთ, გამოცდაზე, 10 კრედიტის ნაცვლად, 4 კრედიტი მიიღონ და უფროსი მასწავლებლისთვის საჭირო კრედიტქულები შეავსონ.

– რაც შეეხება დანარჩენ უფროს მასწავლებლებს ან წამყვანებს, მათი კარიერული წინსვლა რეალურად შეფერხებულია, დაპაუზებული. როდის განახლდება მათი კარიერული წინსვლა?

– შეფერხებული არ არის, რადგან ზაფხულში მათთვისაც იგეგმება გამოცდა, თუმცა, გამოცდამდეც მათ ძალიან ბევრი საქმე აქვთ გასაკეთებელი – კვლევები უნდა განახორციელონ და ა.შ. ხოლო მათ, ვისაც უკვე ჩატარებული აქვთ კვლევა, რასაკვირველია, შეუნარჩუნდებათ და მათ საქაღალდეში ჩაიდება. ამიტომ, რა აქტივობების განხორციელებაც ევალებათ მასწავლებლებს, ამა თუ იმ სტატუსის მოსაპოვებლად, ცხადია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ. მაგალითად, მათ საქაღალდეში წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი აქტივობების დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, არ განსაზღვრულიყო კონკრეტული აქტივობები, რადგან მასწავლებელი არ მოგვექცია ჩარჩოებში. ვაძლევთ თავისუფლებას, რომელი აქტივობის განხორციელებაც უფრო სწორად მიაჩნიათ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების კუთხით, ის განახორციელონ და არა მაინცდამაინც „კრიტიკული მეგობარი“ ან სხვ. რა თქმა უნდა, შემდეგ მისი დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ. რეალურად, ეს ყველაფერი მასწავლებლის სტანდარტებს მისდევს, მეტიც, პირდაპირ თავსებადია სტანდარტთან.

– ბოლოს სპეციალურ მასწავლებლებზე მინდა გკითხოთ, თავისთავად, სხვა მასწავლებლებთან ერთად, მათი გამოცდა გადაიდო და რეალურად, ამ სასწავლო წელს, სტატუსიანი სპეცმასწავლებელი ისევ არ გვეყოლება?

– სპეცმასწავლებლები, ბუნებრივია, მოყვნენ ამ პროცესში. იანვრიდან 12 მასწავლებელს მივანიჭებთ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, ეს ის მასწავლებლები არიან, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განათლების მაგისტრის ხარისხი აქვთ. ამიტომ, მათ პირდაპირ მივანიჭებთ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. სისტემაში, დაახლოებით, 1800 სპეცმასწავლებელია, მათი კარიერული წინსვლისთვის განკუთვნილი გამოცდებიც ზაფხულში ჩატარდება.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი