14 დეკემბერი, შაბათი, 2024

ჩვენ, მასწავლებლებსაც გვტკივა ზოგჯერ, თქვენსავით

spot_img

 

სამწუხაროდ, ბევრჯერ ამოვიკითხე, გავიგე და ვნახე მასწავლებლების მისამართით  თითის გაშვერისა და მათი გაუფასურების მცდელობა.

რომ თურმე დისტანციური სწავლება არაფრის მომცემია და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რომ მასწავლებლები სახლში სხედან და არაფერში იღებენ ფულს, რომ მასწავლებლები ვერ ატარებენ საინტერესო გაკვეთილებს და კიდევ ვინ მოთვლის, ენას ძვალი არ აქვსო და ჰო, ასეც არის.

თქვენ, ვინც ასე ან მსგავსად ფიქრობთ, იცით რამდენ შრომას წევს მასწავლებელი ისე, რომ არც ახმოვანებს ამას?!

თქვენ იცით, რამდენი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილებს ისეთ დროს, როდესაც საკუთარი შვილებისთვის გასამზადებელი აქვს სადილი?!

იცით, რამდენი მასწავლებელი იძინებს გამთენიისას იმიტომ, რომ მეორე დღისთვის მოამზადოს რესურსები?!

არ ვიცი, ხან მგონია, რომ იცით და, უბრალოდ, არ აღიარებთ, ან თუ არ იცით, ახლა მაინც იცოდეთ.

ის, რომ დისტანციური სწავლების დროს მოსწავლე ვერ იღებს ისეთ ხარისხიან განათლებას და კიდევ ბევრ ბენეფიციალებს, რაც სკოლაში გატარებულ დროს თან ახლავს, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ, როგორ გგონიათ, ადვილია ეკრანის მიღმა მოსწავლეებთან ისეთი კომუნიკაციის დამყარება, რომ ჩაწვდე ვინ გაიგო, ვერ გაიგო, რამდენად გისმენენ ან არ გისმენენ?

როდესაც მასწავლებლებს ცოცხალი ურთიერთობის საშუალება არ გვაქვს მოსწავლეებთან და ვცდილობთ, რაღაცნაირად, ჩვენთან დავტოვოთ ბავშვები, მათი ყურადღება არ დავკარგოთ, ინტერესი შევუნარჩუნოთ, იცით, ეს რის ფასად გვიხდება?! არ იცით.

ან იმაზე თუ გაქვთ წარმოდგენა, გაკვეთილების ჩატარების გარდა, რამდენ საათს ვატარებთ კომპიუტერთან სხვადასხვა რესურსების მომზადებაში, დავალებების შესწორებაში, რომლის დაწერაც ბევრ მოსწავლეს ეზარება?!!!

მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან იყურებით ასეთი ადამიანები.

მხოლოდ საკუთრი დისკომფორტია პრიორიტეტი და არაფრად აგდებთ მასწავლებლების შრომას!

რამდენი გამოწვევის წინაშე ვდგავართ მასწავლებლები. ყოველდღე ტრენინგებს ვესწრებით, ვასრულებთ დავალებებს, სხვადასხვა მითითებებს და + გაკვეთილებს ვგეგმავთ. იცით, ეს რისი პასუხია? ვის საპასუხოდ? ვინც ამბობთ, რომ სამსახურში დადიხართ და დრო არ გაქვთ, დავალების მომზადებაში დაეხმაროთ ბავშვს, რომ თქვენც დაღლილი ხართ, რომ თქვენთვისაც მძიმე დროა… დიახ, არც ჩვენთვის არის ადვილი, მაგრამ ვინმე ეკითხება, უსმენს მასწავლებელს? არა. გაგიკვირდებათ და არც ვსაუბრობთ ამაზე ხმამაღლა. მასწავლებელი, მოსწავლის გაგებასთან ერთად, ყოველთვის ცდილობს, გაუგოს მშობელს, ითანამშრომლოს მასთან, შეძლებისდაგავრად გვერდში დაუდგეს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „აიყოლიოს“და მაქსიმალურად ჩართოს შვილის სასკოლო ცხოვრებაში. ხანდახან ეს არ გამოდის.

ჩემ გარშემო მყოფ ბევრ მასწავლებელს „თავზე აზის ბავშვი“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან ბაღი დაიხურა და მაინც ცდილობს, სრულყოფილი გაკვეთილი ჩაატაროს.

იცით, რომ დისტანციურ სწავლებას ორჯერ, სამჯერ მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე სკოლაში ჩატარებულ გაკვეთილებს? არ იცით.

იცით, რამდენ წყენას და იმედგაცრუებას ვითმენთ ყოველდღიურად, როდესაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში უმადურ კომენტარს ამოვიკითხავთ?! გულში ეკლებივით როგორ გვესობა ყველა უსამართლო და დაუმსახურებელი პრეტენზია?! ხანდახან მგონია, რომ ვერასდროს დააფასებენ ასეთი ადამიანები მასწავლებლების ტოტალურ შრომას, რადგან ეს მხოლოდ შ ე გ ნ ე ბ უ ლ ადამიანებს შეუძლიათ. უბრალოდ, ადამიანები უნდა მიეჩვიონ ერთმანეთის შრომის პატივისცემას.

იცით, როგორ უხარია ყველა მასწავლებელს ჩართულობა? სასწაულად! ყველა შესრულებულ დავალებაში იგრძნობა პატივისცემა, ყურადღება. როდესაც შენთან ერთად ფიქრობს და მხარს გიჭერს წამოწყებებში. როდესაც საინტერესო პროექტს სთავაზობ და აქტიურად ერთვებიან მშობლები, მოსწავლეებთან ერთად (დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით, მშობლის ჩართვის გარეშე, ბევრჯერ არ გამოდის პროექტი), ამაზე მეტად არაფერი ახარებს მასწავლებელს – ნებისმიერ საფეხურზე,  სხვათა შორის. მშობლების ჩართულობის ბევრი პროექტი გამიკეთებია და არასდროს დამავიწყდება მოსწავლეების უბედნიერესი, გაბრწყინებული თვალები, როდესაც საკუთარ მშობლებს ან და/ძმებს უყურებდნენ ამ დროს. ჩართულობა, პირველ რიგში,  თითოეული მოსწავლის წარმატებაზე აისახება, მერწმუნეთ.

მერვე წელი დაიწყო, რაც მასწავლებელად ვმუშაობ და ამ რვა წლის განმავლობაში ბევრ ტკბილ სიტყვასთან, დაფასებასთნ, მადლიერებასთან ერთად, ძალიან ბევრ უმადურობას, დაუნახაობასა და დაუფასებლობას გადავაწყდი.

ამის მიუხედავად, მაინც ძველებური შემართებით ვაგრძელებ ჩემს საქმეს,რადგან ჩემი მოსწავლეების ერთი გაღიმება, ერთი წარმატება ყველაფერს წონის – სწორედ ესაა მასწავლებლობის ჯადოსნური მაგია. რომ არა საქმისადმი ასეთი სიყვარული, ალბათ, ამდენი დაუმსახურებელი თითის გამოშვერებით დიდი ხნის წინ მივატოვებდით ჩვენს საყვარელ საქმეს.

P.S. ეს არაა მხოლოდ ჩემი ფიქრები. მხოლოდ ჩემი სათქმელი. ყველაფერი ერთად გავაერთიანე, რომ, უბრალოდ, მეთქვა თქვენთვის: ,,ჩვენ, მასწავლებლებსაც გვტკივა ზოგჯერ, თქვენსავით“.

პატივისცემით, ნათია უჩავა. მასწავლებელი!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები