თამარ ადამია, ბავშვთა ფსიქოლოგი და საბავშვო მწერალი, 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი
სპეციალისტებმა, პანდემიის პერიოდში, ბავშვებთან მიმართებაში მოსალოდნელი პროგნოზები გააჟღერეს: ჩვეული რიტმის დარღვევა აისახებოდა ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მართლაც, მშობლებმა მალე აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი შვილები გახდნენ ბრაზიანები, ჯიუტები, გულჩათხრობილები, კონფლიქტურები…
ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ბავშვის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე. წარმოიდგინეთ, ჩვენ გარშემო რამდენი ბავშვი იმყოფება გაურკვეველ სიტუაციაში, არ იცის რა ხდება მის თავს, ვერ გადაუწყვეტია როგორ მოიქცეს პრობლემების დროს, როგორ დაარეგულიროს ურთიერთობები თანატოლებთან. ეს პრობლემები, ჩვენს სინამდვილეში, უფრო გართულდა და თვალშისაცემი გახდა.
სწორედ ამ დროს გამიჩნდა იდეა – მცირეოდენი დახმარება აღმომეჩინა ბავშვებისთვის და შემევსო ის სიცარიელე, რასაც ისინი განიცდიდნენ და შემეთავაზებინა საინტერესო შემეცნებითი აქტივობები. ასე დაიბადა სასწავლო პროექტი, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სახელწოდებით – ზღაპრების კონკურსი. ამ ჟესტით ვცადე, თანადგომა გამომეხატა არა მარტო ჩემი მოსწავლეებისადმი, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის.
თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ კონკურსი, მას ბავშვებთან ზღაპართერაპიის როლიც უნდა შეესრულებინა.
??? რატომ ზღაპართერაპია?
ზღაპართერაპია ზღაპრებით მკურნალობას ნიშნავს. ზღაპარი ყველა ბავშვს უყვარს, რადგან ის გვიყვება, გვასწავლის, მაგრამ ჭკუას არ გვარიგებს, ეხმარება ბავშვს, დაინახოს პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა გზა, ჩამოუყალიბდეს საკუთარი თავის რწმენა, თვითშეფასება, მოუხსნას შიში, აგრესია და, რაც მთავარია, გახდეს ჭკვიანი, ძლიერი, ბრძენი, კეთილი…
ზღაპრებში სიმბოლურად დევს ფსიქოლოგიური პრობლემების გასაღები. ზღაპარს აღმზრდელობითი ფუნქცია აქვს, ის ბავშვის აზროვნებასა და პიროვნულ განვითარებაში მონაწილეობს და ადვილად შეუძლია, პატარა ადამიანი თანაგანცდისკენ განაწყოს.
წარმოიდგინეთ, როცა თქვენ ბავშვს ზღაპარს უკითხავთ, ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება პერსონაჟს, მოგზაურობს, მასთან ერთად დარდობს, ფიქრობს, გამოსავალს ეძებს, ცდილობს პრობლემების გადაწყვეტას და როცა ზღაპარი კეთილად მთავრდება, ბავშვს უტოვებს საჭირო თვისებებს: სიმამაცეს, სიკეთეს, სამართლიანობას…
თუ როგორ გამოვიყენოთ ზღაპართერაპია ბავშვებთან, რეკომენდაციების სახით ჩამოვაყალიბე და ბოლოს შემოგთავაზებთ.
???პროექტის მისია – ბავშვის ინტერესებთან და განცდებთან მიახლოება
იმისთვის რომ კონკურსი წარმატებული ყოფილიყო, შევარჩიე ჩემი ორმოცდაათი ზღაპარი, რომელიც ახლოს იყო თანამედროვე ბავშვების ინტერესებთან, პრობლემებთან და განცდებთან.
გამოცდილებამ მიკარნახა, რომ ბავშვებთან, ამ დროს, მხოლოდ პასიური მოსმენა დიდ შედეგს ვერ გამოიღებდა, საჭირო იყო არა მარტო გარეგანი, არამედ შინაგანი მოტივატორების ჩართვა. ამიტომ, ყოველი ზღაპრის წაკითხვის შემდეგ, ბავშვებს ვთავზობდი, ზღაპრის მიხედვით შეექმნათ პერსონაჟი და ინსცენირებებში გაემოეყენებინათ.
ვისაც მსგავსი ხერხისთვის მიუმართავს, დამეთანხმება, რომ ასეთი დავალება ბავშვს ეხმარება, უკეთ ჩაუღრმავდეს ზღაპრის შინაარსს, გაიცნოს პერსონაჟები, მათი განცდები. ინსცენირების გათამაშებას, ასევე, თერაპიული ფუნქცია აკისრია, პერსონაჟების განსახიერებისას ბავშვი საკუთარ თავს გამოხატავს. მისთვის თამაში ყველაზე სასურველი პროცესია, ამიტომ, თამაშის ელემენტების შემოტანით, ვცადე სასარგებლო და სასურველი დამეკავშირებინა ერთმანეთთან და ბავშვებში მოტივაცია გამეზარდა.
ვიდეოგადაცემას, ყოველდღე, კიდევ ერთი აქტივობა ახლდა – ბავშვს უნდა დაესრულებინა დაუსრულებელი ზღაპარი თავისი ინტერპრეტაციით. ამასაც, ისევ და ისევ,ზღაპართერაპიის ფუნქცია ჰქონდა — როცა ბავშვი თავისი ფანტაზიით ასრულებს ზღაპარს, ამ დროს მას გადმოაქვს ქვეცნობიერში დაგროვილი პრობლემები, შიშები, განცდები, რაც ასიტყვებს და ახდენს განტვირთვას.
პროექტმა თავისი მისია შეასრულა, რადგან საჭირო დროს დაიგეგმა და ათასობით ბავშვის ყურადღება გადაიტანა საინტერესო პროცესზე, როგორიცაა: ზღაპრის მოსმენა, ზღაპრის დასრულება, ახალი ზღაპრის გამოგონება, პერსონაჟების დამზადება და შემდეგ, თეატრალურ გათამაშებებში მათი გამოყენება. კონკურსის ბოლოს, „ელფის გამომცემლობამ“ ბავშვებს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა და ორიგინალური ნაშრომების ავტორები – 40 მოსწავლე – სერტიფიკატებითა და საბავშვო წიგნებით დააჯილდოვა.
ეს იყო ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების დიდი ჩართულობით განხორციელებული კონკურსი. ვიდეოჩანაწერის გამოსვლის პირველივე დღიდან, უამრავ შეტყობინებას ვღებულობდი ბავშვებისგან, მათი მშობლებისგან. მასწავლებლები მწერდნენ, რომ ვიდეოჩანაწერებს დამატებით რესურსად იყენებდნენ ბუნებისმეტყველებასა და ქართულ ენაში.
???რჩევები
ახლა კი, რამდენიმე რეკომენდაცია მასწავლებლებს და მშობლებს, ვისაც გაუჩნდა სურვილი, ზღაპართერაპია გამოიყენოს ბავშვებთან, მით უმეტეს, რომ პანდემია ისევ გრძელდება და ბავშვების დიდი ნაწილი ისევ მოკლებულია სასკოლო ცხოვრებას:
?? გაითვალისწინეთ, რომ ზღაპრის მიწოდება სრულიად უსაფრთხოა, რადგან ყველა ზღაპარს თავისი პერსონაჟი ჰყავს, მართალია, ის შეიძლება თვისებებით ჰგავდეს ბავშვს, მაგრამ ის სხვაა. ბავშვი ფიქრობს, რომ ეს ზღაპარი მასზე არაა, არამედ სხვა ადამიანზეა და ის მხოლოდ მსმენელია და ცდილობს გაჰყვეს პერსონაჟს, ნახოს როგორ წყვეტს ის პრობლემებს, რაც საკუთარი პრობლემების გადაჭრაშიც ეხმარება.
?? წაუკითხეთ ზღაპრები უწყინარ, ცბიერ და მტაცებელ ცხოველებზე, რადგან ყველა ზღაპარი საინტერესოა, ეს ინტერესი ბავშვს ითრევს გაიგოს, როგორ გადაჭრის პერსონაჟი პრობლემას და საკუთარი პრობლემის გადაჭრაც გაუადვილდება
?? თუ ბავშვს ქცევითი პრობლემა აქვს, წაუკითხეთ ზღაპრები, სადაც პერსონაჟების კარგ და ცუდ საქციელზეა მოთხრობილი. ზღაპარი მას საჭირო სოციალურ ურთიერთობებზე დააფიქრებს.
?? თუ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობა უჭირს და კონფლიქტურია, მოიფიქრეთ ზღაპარი და შემოიყვანეთ ერთი პერსონაჟი, რომლის საქციელი ძალიან ემგვანება ბავშვის საქციელს, შემდეგ სთხოვეთ, დაეხმაროს ამ პერსონაჟს. დროთა განმავლობაში, მსგავსი ზღაპრებით, ის ისწავლის ურთიერთობების დარეგულირებას თანატოლებთან, მიიღებს გამოცდილებას…
?? წაუკითხეთ ბავშვებს, ძილის წინ, მოკლე ზღაპრები, ის გაგრძელებას იპოვის ბავშვის გონებაში, რაც შემოქმედებითობას და ფანტაზიას განავითარებს.
?? გამოყავით დრო და ზღაპრები მოარგეთ ბავშვის პრობლემებს, თავადაც შეთხზეთ ისტორიები, რომელიც ბავშვის შფოთვას ჰგავს, შემოიყვანეთ ზღაპარში უცხო პერსონაჟი, მოუყევით მისი თავგადასავალი, რომელიც, ნაწილობრივ, ბავშვის პრობლემებით იქნება დატვირთული. მიეცით ფიქრის დრო, დაეხმაროს პერსონაჟს პრობლემის გადაწყვეტაში.
?? ზღაპრების წაკითხვის შემდეგ, სთხოვეთ გამოთქვას აზრი, ჰკითხეთ: როგორ უნდა მოქცეულიყო პერსონაჟი ამა თუ იმ სიტუაციაში? სხვა დასასრული რომ ჰქონოდა ზღაპარს, თავად როგორ დაასრულებდა?
?? დაეხმარეთ ბავშვს, შექმნას ზღაპრის პერსონაჟი ფერადი ქაღალდით ან პლასტილინით და სპონტანურად გაითამაშოს ინსცენირება, თავად მოიფიქროს დიალოგი. ამ დროს, ის თავის განცდებს გაასიტყვებს და ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლდება.
?? გახდით ბავშვის მიერ დაგეგმილი ინსცენირების ერთ-ერთი მონაწილე, ეს ხელს შეუწყობს თქვენს დაახლოებას ბავშვთან.
?? თუ ბავშვი თქვენთან საუბარს გაურბის და მასთან შეუძლებელია რაციონალური საუბარი, ამ დროს, წაუკითხეთ ზღაპარი, იმსჯელეთ, ამსჯელეთ, მოუყევით, შესთავაზეთ დახატოს, გამოძერწოს, დაამზადოს სათამაშო. ამ დროს ყველა განსაცდელი გადადის პერსონაჟზე.
?? წაუკითხეთ ზღაპრები და ამოგზაურეთ იმ სამყაროში, სადაც თავს წარმოიდგენს გმირად, პრინცად ან პრინცესად, გოლიათად, კონკიად ან ნაცარქექიად.
?? თუ გსურთ ბავშვს მოუხსნათ შიშები, გამოიყენეთ ჯადოსნური ზღაპრები. ამ დროს თქვენ შეძლებთ განცდების მრავალჯერად მოდელირებას და ბავშვი სტრესებისადმი გამძლე გახდება.
?? ზღაპრის წაკითხვისას, ისაუბრეთ საშიში ხმით, პერსონაჟიდან გამომდინარე. გამოიყენეთ სხვადასხვა ინტონაცია და საშიში ზღაპარი ბოლოს, მოულოდნელად დაასრულეთ.
?? თუ გვინდა, ბავშვს თავისი შინაგანი განცდების გაცნობიერებაში დავეხმაროთ, წაუკითხეთ საავტორო ზღაპრები, სადაც მრავლადაა ურთიერთობები, გრძნობები, ცხოვრებისეული სიტუაციები.
?? შეარჩიეთ ისეთი ზღაპრები, რომელიც ახლოსაა ბავშვის სქესთან, ასაკთან, ხასიათთან.
??მოიგონეთ ზღაპრები და გმირს მიაწერეთ ყველა ის განცდა, რაც ბავშვს იმ დროს აწუხებს. ბოლოს გმირი უნდა მიხვდეს თავის არასწორ საქციელს და გამოასწოროს. ამის შემდეგ, დატოვეთ ბავშვი თავის თავთან. დაე იფიქროს, რადგან ზღაპარი, ადრე თუ გვიან, შეაღწევს მის სულში.
?? გაითამაშეთ სიტუაციები თოჯინების დახმარებით, ბავშვი ეცდება, თოჯინის დახმარებით, საკუთარი ემოციები გამოამჟღავნოს.
?? გამოიყენეთ სათამაშო მარიონეტები, სათითურა სათამაშოები, ისე როგორც ჩემს ვიდეოებშია.
წაუკითხეთ ზღაპრები ბავშვებს და მერწმუნეთ, რაც არ უნდა მოხდეს ზღაპარში,
ბავშვი მშვიდად იქნება, რადგან ყველა ზღაპარს კარგი დასასრული აქვს.