დავრჩეთ სახლში და ახალი ტრადიციები დავნერგოთ. ერთობლივი ოჯახური ვახშმის მსგავსად, კვირაში ერთხელ, წიგნების თაროსთანაც შევიკრიბოთ. შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი ზღაპრები, მოთხრობები, რომანები. ოჯახის უმცროს წევრებს გავახალისებთ, ჩვენ კი ბავშვობაში ცოტა ხნით მაინც დავბრუნდებით.
პირველი შეკრება შეგვიძლია ზღაპრებს მივუძღვნათ. ზღაპრებს ხომ ასაკობრივი ცენზი არ აქვთ – ისინი საბავშვო და სადიდო ლიტერატურას შორის ზღვარს აქრობენ. არ მეთანხმებით?… შესაძლოა, სკეპტიკურად გეღიმებათ კიდეც – ნება თქვენია. მე მაინც შევეცდები თქვენს გადმობირებას.
„ თაღლითმა ფეიქრებმა განაცხადეს, რომ მათ მოქსოვილ ქსოვილს ერთი განსაცვიფრებელი თვისება ექნებოდა: მას ვერ დაინახავდა ის, ვინც თავისი თანამდებობისთვის შეუფერებელი და უსაშველოდ სულელი იყო.“
ეს ნაწყვეტი ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრიდან („ იმპერატორის ახალი სამოსი“) გახლავთ. როგორც ჩანს, ტყუილად არ ბრაზობდა ანდერსენი, საბავშვო ავტორად რომ თვლიდნენ („ ამბებს მხოლოდ ბავშვებისთვის როდი ვწერო,“ – დაჟინებით აპროტესტებდა). საკუთარი ძეგლის პროექტის განხილვაშიც მიუღია მონაწილეობა და სწორედ მისი „ დამსახურებაა“ ბავშვების გარეშე, მარტოდმარტო რომ ზის სავარძელში და მახინჯ იხვის ჭუჭულს შესცქერის. კოპენჰაგენში თუ მოხვდით, შეგიძლიათ თავადაც დარწმუნდეთ ამაში.
მანამდე კი, მის გამოგონილ იმპერატორს დავუბრუნდეთ:
რამდენიმე დღის წინ, მკითხველთა კლუბში, 14-15 წლის მოსწავლეებს ვახარე, ანდერსენის დღე გვექნება-მეთქი. მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთმანეთს და ზრდილობიანად გამიღიმეს. არ გამიკვირდა, მე ხომ მშვენივრად ვიცი, ზღაპრებიდან რომ ამოიზარდნენ. ჩაცმა-დახურვისა თუ ვარცხნილობის სტილითაც მიმანიშნებენ ამაზე და საუბარში „ გაპარული“ ქვეტექსტებითაც. და მაინც… მაკამასწი ზღაპრებს უყვებათ:
იყო და არა იყო რა… იყო…
„ იმპერატორი, რომელიც ჭკუას კარგავდა უცხო, ლამაზ ტანსაცმელზე და მთელ ფულს ჩაცმა-დახურვაზე ხარჯავდა…“
ფრანტი მონარქი ინტერესს იმსახურებს, ზღაპარი – ყურადღებას. ახირებანი ძლიერთა ამა სოფლისათა სალაპარაკო თემად და საინტერესო პარალელების მიზეზად იქცევა…
„ტანსაცმელს ყოველ ერთ საათში იცვლიდა და თუ სხვა მეფეზე ამბობდნენ, დარბაზის საბჭოშიაო, მასზე ყოველთვის ამბობდნენ, მეფე შესამოსელში ტანსაცმელს იცვლისო…“
მონარქის სუსტი წერტილი ნაპოვნია და აი, ასპარეზზე ის თაღლითი ფეიქრები გამოდიან, დასაწყისში რომ ვახსენე: დღე და ღამე მუშაობენ (საქსოვ დაზგას მოჩვენებით ახმაურებენ), აბრეშუმის ძაფებითა და ოქრომკედით ჩანთებს ივსებენ და იცდიან.
განსაცვიფრებელი ქსოვილი ლაკმუსივითაა:
„ იმპერატორს სწორედ ასეთი ქსოვილი სჭირდება, რათა გაიგოს, ვინ ჰყავს სულელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი.“
ჯერ ყველაზე ხანდაზმულსა და პატიოსან მინისტრს, შემდეგ ერთ პატივცემულ თანამდებობის პირს გამოცდის. აბა, თავად ხომ არ გაქანდება პირველი („ არა, იმიტომ კი არა, რომ საკუთარ თავში ეჭვი ეპარება, უბრალოდ ურჩევნია, ჯერ სხვა გამოსცადოს“). ცარიელი დაზგის ხილვა დილემის წინაშე აყენებს სახელმწიფო მოხელეებს: სიმართლის თქმით თანამდებობა დაკარგონ თუ თაღლითებთან გაიგივდნენ? მალე „ განსაცვიფრებელი ქსოვილი“ მთელ ქალაქს აალაპარაკებს და იმპერატორსაც საგონებელში ჩააგდებს – ტყუილი გონიერებისა და ტახტის შენარჩუნების გარანტიად იქცევა.
ამბავი ზღაპრულ ელფერს კარგავს და რეალურ სამყაროში ინაცვლებს.
„ რა დიდებულია!.. ოჰ, მართლაც ულამაზესია!.. ძალიან მომეწონა, ის მართლაც მომაჯადოებელია!..“
ასეთია მეინსტრიმი – უმრავლესობა აქებს და განადიდებს იმას, რაც სინამდვილეში სულაც არ არსებობს. საბოლოოდ, მეფის სიშიშვლეს მხოლოდ ერთი პატარა ბიჭუნა ამხელს. „ უმანკო ბავშვი, რომელიც არც სულელი და არც თანამდებობისთვის შეუფერებელია“. თუმცა… ანდერსენი (რეალისტი და არა მეზღაპრე) სარკაზმს ბოლომდე არ ღალატობს:
„ საზეიმო მსვლელობა ძველებურად გრძელდებოდა. მეფის კარისკაცები ძველებურად ხელგაწვდილი მისდევდნენ უკან და მისი არარსებული მოსასხამის კალთები ეჭირათ.“
14-15 წლის მოსწავლეები მკითხველთა კლუბში თვლიან, რომ „ იმპერატორის ახალი სამოსი“ დღესაც რელევანტურია, რომ მწერალი ერთი მარტივი ფაბულის საშუალებით საკმაოდ სერიოზულ პრობლემებზე გვაფიქრებს – ტყუილად არ სწყდებოდა გული, მხოლოდ საბავშვო მწერლად რომ თვლიდნენ!
დიახ, ზღაპარი სულაც არ ნიშნავს მხოლოდ პატარებისთვის შექმნილ ამბავს, ზღაპარი ნებისმიერ ასაკში აქტუალურია! როგორ გგონიათ, ბავშვები ვერ ხვდებიან ფასკუნჯი, მფრინავი ქოშები ან უჩინმაჩინის ქუდი რომ არ არსებობს? რა თქმა უნდა, ხვდებიან, მაგრამ ეს ხელს არ უშლით ზღაპრების სწორად აღქმაში. ახსნა, როგორც წესი, იმ უფროსებს სჭირდებათ, მეცნიერულად დაუდასტურებელი ფაქტების დაჯერება რომ უჭირთ და ასაკობრივ ცენზებზე კამათობენ.
P.s. თუ საკუთარ წიგნის თაროებთან შეკრებას გამართავთ და ანდერსენის გახსენებასაც გადაწყვეტთ, ეს ორი მოთხრობაც გაიხსენეთ: „ ღორების მწყემსი“ (რომელშიც იმპერატორის ასული ცოცხალ ვარდსა და ბულბულს დაიწუნებს, უსიცოცხლო, მექანიკური სათამაშოების მოსაპოვებლად კი ღორების მწყემსს კოცნაზე დათანხმდება) და „ სრული სიმართლეა“ (რომელშიც, ჭორების დამსახურებით, ერთი უწყინარი ბუმბული ხუთ დედლად იქცევა).
მაკა ლდოკონენი