2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ქალაქ ჩხოროწყუს აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო გოგოხია
– სოფიო, პირველ რიგში, გილოცავთ აღიარებას და აქვე გკითხავთ, რა შეგრძნებაა ეს?
– დიდი მადლობა. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს პასუხისმგებლობის გაორმაგებული შეგრძნებაა. ასეთ დროს თურმე ის, რაც შეძელი, ძალზე მცირედად გეჩვენება და ფიქრობ იმაზე, რას და როგორ გააკეთებ მომავალში. ეს ბიძგია გზის მეტი შემართებით გასაგრძელებლადაც და მადლობა ყველას. ეს ჯილდო მრავალი ადამიანისაა.
– მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ 2020 წლის კამპანია თქვენს სკოლაში გახსნა, იყო თუ არა ეს ერთგვარი ბიძგი, რომ კონკურსში მიგეღოთ მონაწილეობა თუ სხვა ფაქტორის გამო მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– დიახ, ეს იყო წამახალისებელი ჩემთვის ისევე, როგორც 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის ერთ-ერთი წევრი, ჩემი კოლეგა, მიხეილ ცქვიტაია. როცა კოლეგის მაგალითი გიკვალავს გზას და სკოლაში მხარდამჭერთა ასეთი გუნდი გყავს, ბევრი რამ ადვილია.
– როგორ ფიქრობთ, წარმატების შემდეგ მეტ მეგობარს და თანამოაზრეს შეიძენთ?
– ვფიქრობ, დიახ. თუნდაც იმიტომ, რომ ამდენმა ადამიანმა იგრძნო სიხარული ამის გამო, უხარიათ მოსწავლეებს და ყველას, ვინც მასწავლებლობის ქომაგია. რა შეედრება იმას, როცა ადამიანებს სიხარული გვაერთიანებს და, რა თქმა უნდა, განათლების კოალიციის მიერ ჯილდოს დაარსების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ის არის, რომ თანამოაზრეები ერთი საქმის ირგვლივ შეკრიბოს, რათა საქმე უკეთ გაკეთდეს და, ვიმედოვნებ, ასეც იქნება.
– რა გამოცდილება მოგცათ ჯილდოს კონკურსში მონაწილეობამ?
– სკოლის, ბავშვების, საყვარელი საქმიანობის უკეთ წარმოჩენის გამოცდილება მოგვცა ყველას, ბავშვებს, მე. პირველი პირის მხოლობითი რიცხვით მიჭირს საუბარი, რადგანაც ეს გამარჯვება ერთობლივი იყო.
– აუცილებლად მინდა გკითხოთ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
– რა ბედნიერი ვარ, როცა ამას მეკითხებიან… არადა, იმასაც კი ვერ ვიტყვი ზუსტად, როდის ავირჩიე, რადგან, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მინდოდა მასწავლებლობა. არც კი მახსოვს ის დრო, როცა ეს ასე არ იყო. ეს დაიწყო თოჯინების „სკოლით“ და „საკლასო ჟურნალით“, რომლითაც სიამოვნებით ვთამაშობდი. ბებია, ბაბუა, ბიძა, ბიცოლა — მასწავლებლების გარემოცვაში გავიზარდე, ბებიას წყალობით, მცირე ასაკიდანვე, სკოლა იყო ჩემთვის საყვარელი ადგილი და ეს შემდეგშიც ასე გაგრძელდა. ბავშვობიდან ყველაფერი ძალიან მიყვარდა — დაფით და ცარცით დაწყებული. ახლაც ასე ვარ.
– სწავლებისას რას ანიჭებთ უპირატესობას?
– სწავლებისას ბევრი რამ არის მთავარი, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, ეს კომპლექსური პროცესია, მაგრამ გამოვყოფ ორიოდე საკითხს, კერძოდ, როგორ ვაწვდი მასალას, როგორ ვეცადო, რომ ეს არ იყოს მოსაწყენი, იყოს მოსწავლის ენაზე, მისთვის საინტერესო, ვიპოვო ნაცნობი კომპონენტი, რომელიც მას გაუადვილებს გაგებას, დავეხმარო კონტექსტის გათვალისწინებით გაიაზროს და ა.შ. და მეორე — ესაა სიყვარული, რომელიც ჯადოსნური მტვერივით, საბურველივით თუ არ ახლავს ამ მიწოდებულ ცოდნასა თუ გამოცდილებას, მაშინ არაფერს ფასი არ აქვს.
– თქვენი პროფესიონალიზმი აღიარეს სპეციალისტებმა და აღიარა მთელმა საქართველომ, რას გააკეთებთ ისეთს, რის გამოც თქვენს მოსწავლეებს მეტი პროგრესი ექნებათ? თქვენი, როგორც მასწავლებლის უფრო ეფექტიანად მუშაობას როგორ გეგმავთ?
– ვფიქრობ, გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რაზეც მანამდე ვმუშაობდით – კლუბები, პროექტები… გეგმები გვაქვს. მაგალითად, გვინდა რადიოსპექტაკლები ჩავწეროთ და რადიოგადაცემებზე ვიმუშავოთ, სპორტული თამაშების მხარდამჭერთა გუნდი ჩამოვაყალიბოთ. ბევრი რამ გვინდა, ყველაფერს არ ჩამოვთვლი, ვნახოთ, რამდენს შევძლებთ. როგორც მასწავლებელმა, ბევრი უნდა ვიკითხო და ვიფიქრო.
– რა გინდა, რომ ისწავლონ თქვენგან მოსწავლეებმა?
– მოსწავლეებმა მინდა, ისწავლონ სიყვარული, პატივისცემა, ადამიანების მიღება, მინდა, ისწავლონ და შეიყვარონ მსოფლიო ლიტერატურა, მინდა, ისწავლონ ფიქრი, აზროვნება, მინდა, რომ კარგ მოქალაქეებად გაიზარდონ.
– რამდენად შესაძლებელია დღეს სკოლაში რაიმე სიახლის შეტანა და თქვენ რა სიახლეს შეიტანდით?
– რადიოთეატრი, რომელიც ზემოთ ვახსენე, სიახლე იქნება, ვფიქრობ. არის რაღაც, რასაც ხარჯის გაწევის გარეშე ვერ მოვახერხებთ, მაგრამ რაღაცებს ჩვენი ძალებითაც ვეცდებით.
– სამადლობელ სიტყვაში აქენტი გააკეთეთ სიყვარულით ჩატარებულ გაკვეთილებზე, როგორ ფიქრობთ, მასწავლებლებს აკლიათ ის თვალი და გული, რომელიც ცოდნას სიყვარულით გაუნაწილებს ბავშვებს?
– როცა ქვეყანაში სოციალური ვითარება მძიმეა, იქ შეწუხებული ადამიანი მეტია, გამონაკლისები არც მასწავლებლები არიან. ასეთ დროს ადამიანს არ აქვს ხალისი და ძალა დიდი სიყვარულისთვის. არადა, რა დააშავა ბავშვმა. ყველა მასწავლებლის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემისა და მოკრძალების მიუხედავად, ყველამ ხომ ვიცით, რომ გვაქვს პრობლემები ამ საკითხში და ვისურვებ, დადგეს დრო, როცა ამაზე არ ვსაუბრობდეთ, ეს არ იყოს პრობლემა. ბევრი ღიმილი, მეტი თავისუფლება და დიდი სიყვარული ვაჩუქოთ ბავშვებს. საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ ამას.
– რას აკეთებთ ხოლმე, როცა მოსწავლე გაკვეთილზე ცუდად იქცევა და არ ემორჩილება საერთო წესებს, რომელსაც საგაკვეთილო პროცესი ადგენს ან აქვს ჩამორჩენა, არ სწავლობს გაკვეთილს და არ ასრულებს დავალებას?
– ჩამონათვალი ვრცელი იქნება, ეს იწყება კარგად აპრობირებული დამატებითი გაკვეთილების (უსასყიდლოდ) ჩატარებით, რაც, ვფიქრობ, აუცილებელია და მთავრდება მოსწავლესთან გულახდილი საუბრით, იმის გაგებით, რა სჭირდება, რა უმძიმს, რა ულხინს. არასაგაკვეთილო დრო, კლუბები, უბრალო შეხვედრები ამ დროს ძალიან გვეხმარება. ახალს არაფერს ვიგონებთ, უბრალოდ, მოსწავლემ უნდა იგრძნოს მასწავლებლის გაწვდილი ხელი და და როცა ეს წრფელი გულითაა, მისი მიღებაც არ გაუჭირდება. მოსწავლემ და მასწავლებელმა ერთმანეთი უნდა დაინახონ, თავდაპირველად, ეს პროცესი მასწავლებელმა უნდა დაიწყოს, მაგრამ მერე უკვე მოსწავლეც ერთვება და ეს ბედნიერებაა. რთულია, ერთმა მასწავლებელმა ყველაფერი განჭვრიტოს, მაგრამ მცდელობა არასდროს უნდა შევწყვიტოთ, ბავშვები ხშირად მხოლოდ მცდელობისთვისაც კი სიყვარულით გვაჯილდოებენ.
– თუ გიფიქრიათ იმაზე, როგორ შეიძლება საქართველოში მასწავლებლის პროფესია უფრო პრესტიჟული გახდეს?
– მიმაჩნია, რომ ბოლო დროს მასწავლებლობა უფრო პრესტიჟულია, ვიდრე ადრე იყო. მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მიზანიც სწორედ ეს არის. დიახ, მიფიქრია. აქ ისევ სოციალურ პრობლემებამდე მივდივართ, პრობლემა კომპლექსურია და მრავალი მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას საჭიროებს.
– თავად თუ გყავდათ ისეთი მასწავლებელი, რომელმაც გარდატეხა შეიტანა თქვენს ცხოვრებაში?
– დიახ, მე მხვდა წილად დიდი ბედნიერება, მყოლოდა ასეთი მასწავლებლები სკოლა „ქიაჩში“, წალენჯიხაში. დღემდე ისინი უძვირფასესი ადამიანები არიან ჩემთვის. განსაკუთრებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ასმათ კვარაცხელია, რომელთან შეხვედრაც ჩემი ცხოვრების მთავარი ბედნიერება იყო და არის. ყოველთვის, როცა ამ ურთიერთობაზე ვფიქრობ, ვნატრობ, რომ მეც ისე ვაჩუქო მოსწავლეებს სიხარული და ბედნიერება და იმდენი, რამდენიც მე მისგან მივიღე. ვერ წარმომიდგენია (და მზარავს იმის წარმოდგენაც კი), რომ მოსწავლე სკოლიდან ამ სიყვარულის გარეშე შეიძლება გავიდეს. ეს უბედურებაა. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, როცა სკოლას ამთავრებენ და ამაზე არ სწყდებათ გული, როცა არ ენატრებათ სკოლის წლები, განვიცდი ამას და ვფიქრობ, როგორ შეიძლება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვინმემ შუქი არ აანთოს ბავშვის გულში ისე, როგორც ეს, თავის დროზე, ჩემმა მასწავლებლებმა გააკეთეს და დიდი სურვილი მაქვს, ჭვავის ყანაში მოთამაშე რაც შეიძლება მეტ ბავშვს შევაშველო ხელი კლდის პირას ან იქედან ამოსვლისას მაინც. ვისთანაც ეს ვერ შევძელი, გაუნელებელი ტკივილია, ვისთანაც შევძელი, უკიდეგანო ბედნიერება.
– თქვენ ისურვეთ ახალი სკოლის შენობა და თქვით, რომ ოდესმე ეს ოცნებაც აგვიხდებაო, რა მდგმარეობაშია სკოლა, სადაც თქვენ ასწავლით?
– ჩვენს სკოლას არ აქვს საკუთარი შენობა, კერძო საკუთრებასაა შეკედლებული. წლებია, ეს პრობლემა გადაუწყვეტელია და იმედი გვაქვს, მალე სკოლის სასიკეთოდ გადაწყდება. დიახ, ვოცნებობთ ამაზე მეც, ბავშვები, კოლეგები, რომლებმაც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავეს ამ კედლებში და უამრავი თაობა აღზარდეს. მე მაქვს პატივი, ეს ღირსეული ტრადიცია გავაგრძელო და ბედნიერი ვიქნები, თუ მალე სკოლას საკუთარი კერა ექნება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.