განათლების სხვადასხვა საფეხურზე გატარებული რეფორმებიდან, ყველაზე წარმატებულად პროფესიული განათლების რეფორმა მიიჩნევა, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ბიზნესთან, მომავალ დამსაქმებლებთან მჭიდრო კავშირმაც განაპირობა. ამ და სხვა სიახლეების შესახებ საუბრობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლებისა და დირექტორების განვითარების სახელმწიფო პროგრამის მენეჯერი ნინო ელბაქიძე.
– პროფესიული განათლება ბევრ სიახლეს სთავაზობს განათლების მიღების მსურველებს. რას გვეტყვით ამ პროგრამების შესახებ?
– პროფესიული განათლება უაღრესად მრავალფეროვანია თავისი პროფესიების სპექტრითა და შესაძლებლობებით, გეოგრაფიული დაფარვითა და დასაქმების პერსპექტივებით. ამიტომ, დაინტერესებულმა პირმა, პირველ რიგში, უნდა იცოდეს, სად ნახოს შესაბამისი ინფორმაცია პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ და რომ პროფესიულ განათლებაში აუცილებლად იპოვის მისთვის საინტერესო პროფესიას. ახალგაზრდა თუ ზრდასრული, პროფესიის არჩევისას, დადგება მრავალფეროვანი არჩევანის წინაშე და ძალიან მნიშვნელვანია, ისე შეარჩიოს პროფესია, რომ ის ეხმიანებოდეს ადამიანის ინტერესსა და შესაძლებლობებს. კომპონენტი უმნიშვნელოვანესია — ადამიანმა იპოვოს ის პროფესია, რომელსაც სიამოვნებით შეისწავლის.
პროფესიებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: www.vet.emis.ge – აქ მსურველები ნახავენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პროფესიული პროგრამები გახლავთ ორი სახის:
♦ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები;
♦ მომზადება-გადამზადების პროფესიული პროგრამები.
როგორც დასახელებიდან ჩანს, ერთი გახლავთ რეგულარული, გრძელვადიანი პროფესიული განათლების პროგრამები, ხოლო მეორე — შედარებით მოკლე დროისთვის განსაზღვრული პროგრამები, რომლებიც გათვლილია იმ კონკრეტული პროფესიული უნარების განვითარებაზე, რომელსაც ითხოვს დამსაქმებელი და შრომის ბაზარი. ორივე სახის პროგრამების შემუშავება დამსაქმებელთან და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხდება, თუმცა პირველი, გრძელვადიანი პროგრამები, სრულდება სახელმწიფო დიპლომით, ხოლო მოკლევადიანი პროგრამების დასრულებისას სერტიფიკატი გაიცემა.
პროფესიულ განათლებას საჯარო პროფესიულ სასწავლებლებში სახელმწიფო აფინანსებს, ასევე სახელმწიფო აფინანსებს რიგ პროფესიებს კერძო კოლეჯებში, რომლებიც პრიორიტეტულ მიმართულებებად არის მიჩნეული.
რომ დავუბრუნდეთ შეკითხვას, პროფესიული განათლების მსურველებისათვის ორი სახის პროგრამებია შეთავაზებული: მოკლევადიანი და გრძელვადიანი. პროფესიული სასწავლებლებისა და პროფესიების ჩამონათვალის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ზემოთ მითითებულ ვებგვერდზე. თავად სასწავლებლებში მსურველებს გაუწევენ კონსულტაციას, პროფესიების შინაარსისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. ასე რომ, თუ თქვენ გსურთ, მოთხოვნადი და საინტერესო პროფესია შეარჩიოთ, დაიწყეთ შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი თავისა და შრომის ბაზრის სასარგებლოდ.
– პროფესიული განათლება არც თუ ისე პრესტიჟულად ითვლება. მენტალურ ცვლილებას ბევრი დრო დასჭირდება. რა სამუშაოები ტარდება ამ მიმართულებით?
– პროფესიულ განათლებას არც თუ ისე სასარგებლო წინარე ისტორია აქვს. მისი პრესტიჟი არ იყო მაღალი ათწლეულების წინ და ეს განწყობა, სამწუხაროდ, ახლაც მოჰყვება ბევრ მშობელსა და ზრდასრულს. ეს არის მოცემულობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა, ბოლო წლებში, პროფესიულმა განათლებამ წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა — დღეისათვის განათლების ყველაზე დინამიური და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ყველაზე ახლოს მდგომი განათლების საფეხურია. ამ ცვლილებებს ძალიან დიდი ძალისხმევა უდგას უკან როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე დონორი ორგანიზაციებისა და, რაც მთავარია, თავად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების. შეიქმნა ისეთი პროფესიული პროგრამები, რომლებიც პასუხობენ დამსაქმებლის დაკვეთას და თავად დამსაქმებელი იყო ჩართული პროფესიული სტანდარტების შემუშავებაში. ამგვარმა მიდგომამ განათლების ეს საფეხური და კერძო სექტორი ერთმანეთთან დააახლოვა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უკვე ყველაფერი იდეალურადაა და ევროპულ სტანდარტებთან ვართ თანხვედრაში, ამ მხრივ, კიდევ დიდი ძალისხმევაა გასატარებელი, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ პირველი წარმატებული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინაციითა და დამსახურებით, დღეისათვის, პროფესიულ სასწავლებლებში შესაძლებელია კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, პროფესიული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
პროფესიული განათლების პრესტიჟს ქმნიან თავად კურსდამთავრებულები, პროფესიული კოლეჯები, პროფესიული მასწავლებლები და სასწავლო რესურსები, რომლებიც დღეისათვის არსებობს სასწავლებლებში. სწავლა-სწავლების ხარისხი მოწმდება ავტორიზაციის უახლესი ხუთი სტანდარტით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება უწყვეტი და სისტემური მიდგომით ხორციელდება. მუშავდება პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტი და პროფესიის რეგულირების დოკუმენტი, მსოფლიო ბანკის პროექტთან ერთად.
ასე რომ, პროფესიული განათლების დაბალი პრესტიჟი გუშინდელი დღეა. დღეისათვის ის ყველაზე დინამიური და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული განათლების საფეხურია, რომელიც თავის პოპულარობას ყოველწლიურად ამაღლებს. პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა ისევე, როგორც ყველა საფეხური და მთელი სამყარო, მაგრამ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ევროპაში, ვიზიარებთ მათ გამოცდილებას. 24 სექტემბერს საერთაშორისო სემინარი გვაქვს დაგეგმილი, სადაც განხილული იქნება საკითხი „სწავლა-სწავლება კოვიდის დროს პროფესიულ განათლებაში — მთავარი გამოწვევები“. სემინარში სპიკერად ორი ქართველი მასწავლებელია მიწვეული აიტი აკადემიის კოლეჯიდან. სემინარი ონლაინ რეჟიმში ჩაივლის, შემდეგ გვექნება ადგილობრივი სემინარები პროფესიულ მასწავლებლებთან.
– თქვენ ამბობთ, რომ პროფესიული განათლება შეეხება ყველას. რას გულისხმობთ, ვინ არიან პროფესიული განათლების ბენეფიციარები?
– ნამდვილად ასეა. პროფესიული განათლება არის ყველასათვის და ამიტომ აუცილებელია, რომ ყველას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ. ბენეფიციართა მინიმალური ასაკი ცხრაკლასდამთავრებული ახალგაზრდაა. ცხრა კლასის შემდგომ მოსწავლეს შეუძლია, აირჩიოს სასურველი პროფესია სასურველ კოლეჯში, დარეგისტრირდეს, გაიაროს პროფესიული ტესტირება და შეუდგეს სწავლას.
რაც შეეხება ზრდასრულებს, პროფესიული განათლების მიღების მაქსიმალური ასაკი ფაქტობრივად არ არსებობს. ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ ისარგებლოთ მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების პროგრამებით.
პროფესიული განათლების ირიბი ბენეფიციარი, უფრო მოკავშირე, არის მშობელი. მშობელს უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია რა პერსპექტივები აქვს კონკრეტულ პროფესიას, რათა, მინიმუმ, ხელი არ შეუშალოს შვილის არჩევანს და, მაქსიმუმ, გახდეს მისი მოკავშირე და ხელშემწყობი. მშობელთან წარმოებული ჯანსაღი და გასაგები კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რათა მშობელი თავად გახდეს პროფესიული განათლების მხარდამჭერი. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მშობლებს აღმოუჩენიათ თავიანთთვის საინტერესო მიმართულება და პროფესიული განათლების სტუდენტები გამხდარან. ასე რომ, პროფესიული განათლება უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს, მთავარია, ვიპოვით, რა გვინდა ვაკეთოთ, რა არის ჩვენი ინტერესის სფერო. პროფესიული განათლება საზოგადოების ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეხება.
– რას გვეტყვით დასაქმების პერსპექტივების შესახებ?
– როდესაც დასაქმების პერსპექტივაზე მეკითხებიან ხოლმე, ჩემი პასუხი, ყოველ ჯერზე, არის ერთი და იგივე: პროფესიულ განათლებას აქვს უამრავი შესაძლებლობა, მაგრამ როგორი წარმატებით დავსაქმდებით, პირველ რიგში, ჩვენზეა დამოკიდებული და რატომ: წარმატებას ძალიან ბევრი ძალისხმევა და შრომა სჭირდება. შრომის გარეშე არც წარმატება და ღირსეული სამსახური მიიღწევა და არც კარგი შემოსავალი. აუცილებელია, რომ პროფესიულმა სტუდენტმა შეძლოს კარგად განივითაროს უნარები, შრომის დისციპლინა, პიროვნული თვისებები. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება იგი მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე. როგორც გითხარით, ყველა პროგრამა შემუშავებულია დამსაქმებელთან თანამშრომლობით, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომის ბაზარზე ასეთი კვალიფიკაციის კადრზე მოთხოვნა უკვე არსებობს. ბუნებრივია, ყველა დამსაქმებელი საუკეთესოს ირჩევს, ამიტომ ვურჩევ სტუდენტებს, იმუშაონ საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ უნარებზე, რათა პროფესიულ განათლებაში ჩადებული ძალისხმევა ასმაგად დაუბრუნდეთ უკან თვითდასაქმების, დასაქმების და წარმატების სახით.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი