3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ამ კონკურსს აქვს ძალა, ადამიანები შეაკავშიროს და პროფესიული ინტერესებით გააერთიანოს

spot_img

5 სექტემბერს, ტრადიციულად, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ. წელს, კონკურსის რიგით მეოთხე საუკეთესო ხუთეული 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულმა, პიტერ ტაბიჩიმ წარადგინა.

განათლების კოალიციის ინიციატივითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი, ყოველწლიურად, მეტ ინტერესსა და მხარდაჭერას იღებს არა მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების, არამედ მთლიანად საზოგადოების მხრიდანაც და სცდება კონკურსის ფარგლებს – ჯილდო ერთგვარ ბრენდად ჩამოყალიბდა, რომელმაც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მისი განვითარების ხელშემწყობის როლი მოირგო.

განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ წელს, სამწუხაროდ, კრიზისიდან გამომდინარე, დაჯილდოების უფრო მოკრძალებული ცერემონიალის ჩატარებას გეგმავენ, თუმცა, მაქსიმალურად შეეცდებიან, ის საზეიმო განწყობა, რომელიც, ტრადიციულად, ახლავს ხოლმე ამ დღეს, წელსაც შეინარჩუნონ.

 ირინა ხანთაძე: „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ წელს, მიმდინარე კრიზისის პირობებში, მიხარია, რომ მაინც მოვახერხეთ კონკურსის გეგმიურად ჩატარება. შესაბამისად, როგორც გვქონდა გათვალისწინებული, 5 სექტემბერს, საჯაროდ გახდა ცნობილი ხუთი ფინალისტის ვინაობა. მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის წლევანდელი კონკურსის ათეულის თითოეული წევრი გამარჯვებულია. მათი საქმიანობა ნამდვილად საჭიროებს პუპულარიზებას და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამ მასწავლებლების შესახებ. შემდეგი ეტაპი, ტრადიციულად, 5 ოქტომბერს გველოდება.

წლევანდელი წელი ძალიან საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ უფრო კრიტიკულად შევხედეთ ბევრ საკითხს. ვფიქრობთ, დროა, უკვე მომავალ წელს, გარკეული სიახლეებითაც წარმოვადგინოთ ჯილდოს კონკურსი.

??წელს მეოთხედ ტარდება და, ამ ხნის განმავლობაში, კონკურსმა საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დააგროვა. ამიტომ, 5 ოქტომბრის შემდეგ, ძალიან მალე შევუდგებით ჯილდოს განახლებულ ფორმატზე მსჯელობას. იმედი გვაქვს, ამ პროცესში ჩვენი კონკურსის მონაწილეები და, ზოგადად, მასწავლებელთა კორპუსიც ჩაერთვება და ბევრ საინტერესო იდეას გაგვიზიარებენ.

 

აქვე დავაანონსებ, რომ შემდეგი წლის ბოლომდე, შევეცდებით, მასწავლებლებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის შევქმნათ იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მათგან უკუკავშირი. ეს ხელს შეუწყობას ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებას, რომ შემდეგი წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უფრო საინტერესო და განახლებული ფორმატით წარდგეს საზოგადოების წინაშე.“

რაც შეეხება უშუალოდ წლევანდელ ფინალისტებს, მისი აზრით, ჯილდოს, წელს, მართლაც გამორჩეული ხუთეული ჰყავს და ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, მათ შორის ერთი გამარჯვებულის გამოვლენა ჟიურის გაუჭირდება. ერთ არასასურველ დეტალსაც უსვამს ხაზს – წლევანდელ ფინალს არ ჰყავს მამაკაცი ფინალისტი, რადგან, ზოგადად, 2020  წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში ნაკლები მამაკაცი იყო წარმოდგენილი. თუმცა, ამბობს, რომ ათეულს მაინც ჰყავს ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მამაკაცი მასწავლებელი, ივანე დიდებელის სახით.

ირინა ხანთაძე კონკურსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგზეც აკეთებს აქცენტს, რომელიც ჯილდოს ტრადიციად ჩამოყალიბდა: „ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კონკურსს აქვს ძალა, ადამიანები შეაკავშიროს და პროფესიული ინტერესებით გააერთიანოს. ეს პროფესიული შეჭიდულობის ძალა ძალიან მნიშვნელოვანია.

ცოტა ხნის წინ, წინასწარ გაცნობითი შეხვედრა გვქონდა, ათეულის წევრებს ერთანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მივეცით. მართლა აღმაფრთოვანებელი იყო ურთიერთობის ის ხარისხი, რომელიც ამ ადამიანებს შორის ჩამოყალიბდა. ვფიქრობთ, ეს კონკურსი, მართლაც რომ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია და ამიტომ, სამომავლოდ, გვინდა, ათეულთა კლუბის საქმიანობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ, კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდეს მათი შესაძლებლობები, ნამდვილად ძალიან ბევრი კარგი საქმის კეთება შეუძლიათ.

 წელს, კრიზისმა, გარკვეულწილად, ამ მხრივაც შეაფერხა ბევრი რამ, ძალიან გადაიტვირთნენ ჩვენი მასწავლებლები, ფიზიკურმა თუ სოციალურმა დისტანცირებამაც თავისი დაღი დაასვა. იმედი გვაქვს, პანდემიიის მიუხედავად, მომავალაში შევძლებთ, უფრო ქმედითი დახმარება აღმოვუჩინოთ და ხელი შევუწყოთ ათეულთა კლუბის საქმიანობას.“

♦ ♦ ♦ 

ტრადიციულად, წელსაც, უცვლელია გამარჯვებულის გამოვლენის დღეც და საპრიზო თანხაც – ხუთი საუკეთესო ფინალისტიდან გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება და მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან – 10 000 ლარი გადაეცემა.

ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლის გაცნობამდე კი, გაგაცნობთ ფინალისტებს, რომლებიც ისაუბრებენ, რას ნიშნავს მათთვის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტობა და რას ფიქრობენ, რატომ შეარჩია ჟიურომ ისინი საუკეთესო ათეულიდან. ხუთივე მასწავლებელი, ჩვენთან საუბრისას, ამბობს, რომ შრომით ყველაფერი მიიღწევა და, რაც მთავარია, ჯილდომ მათ გაუათმაგა მოტივაცია, კიდევ მეტი გააკეთონ პროფესიისთვის, რადგან სწორედ მომავალი თაობის განათლებასა და პიროვნებებად ჩამოყალიბებაში ხედავენ თავიანთ სახელმწიფოებრივ მოვალეობას და რომ ამ სტატუსს აუცილებლად გამოიყენებენ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისათვის.

 

?✔️ მარიკა ვართუმაშვილი ქალაქ გორის 12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი

მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის ჟიური საკმაოდ კომპეტენტურია. ვფიქრობ, იმ კრიტერიუმების ჩარჩოში, რასაც კონკურსი მოითხოვს, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ჩავჯექი. ალბათ, ფინალისტად შერჩევაც ჩემს მრავალფეროვან სამუშაო პროცესს უკავშირდება, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიის სწავლებასთან, არამედ სხვადასხვა ტიპის და მიმართულების აქტივობებს მოიცავს (გარემოს დაცვითი, სამოქალაქო განათლების, სკოლებს შორის თანამშრომლობა, მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი). ვცდილობ, მოსწავლეებს კარგად განვუვითარო ზოგადსაკაცობრიო უნარები, ვიყო მათი მხარდამჭერი, მეგობრული, რაც ჩემს აქტივობებში კარგად ჩანს.

ზოგადად, მიყვარს კონკურსებში მონაწილეობა, ეს კონკურსი, რომელიც მასწავლებლის პოპულარიზებას და მისი შრომის შედეგების შეფასებას ემსახურება, ძალიან დიდი გამოწვევაა. კონკურსის ეტაპები ეპიდემიის პერიოდს დაემთხვა და გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოვჩნდი. კონკურსის ერთ-ერთი მოთხოვნა ჩემი საქმიანობის შესახებ ვიდეორგოლის წარდგენა იყო, ვერ წარმომედგინა მოსწავლეების გარეშე ჩემი საქმიანობა. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ამ მნიშვნელოვან ეტაპსაც გავართვი თავი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსმა დამანახა ძალიან დიდი მხარდაჭერა როგორც ჩემი მოსწავლეების, კოლეგებისა და ახლობლების, ისე საზოგადოების მხრიდან.

გამარჯვება ჩემთვის უდიდესი სტიმული და აღმასვლა იქნება, სტიმულის მიმცემი გახდება მთელი გეოგრაფიული საზოგადოებისთვის, ჩემი კოლეგებისთვის. როგორც ქართული გამოთქმა ამბობს: ,,წინა კაცი უკანას ხიდიაო“, მათ წინსვლაში დავეხმარები, გავუზიარებ ჩემს სიხარულსა და გამოცდილებას, მივცემ სტიმულს, აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის კონკურსებში და თამამად წარმოაჩინონ საკუთარი საქმიანობა. ჩემს მოსწავლეებს, ჩემი მხრიდან, კიდევ მეტი მხარდაჭერა ექნებათ, კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებ, რაც მათი წარმატების საწინდარი გახდება. დღევანდელმა ეპიდემიურმა ვითარებამ უკეთ დამანახა გარემოს დაცვითი აქტივობების საჭიროება და მნიშვნელობა. აღნიშნულ მიმართულებას კიდევ უფრო წინ წამოვწევ.

?✔️ ელზა ხარშილაძე – საჩხერი მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე გადასვლა დასტურია იმის, რომ სწორი გზით ვვითარდები. ის, რასაც ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვაკეთებ, ნამდვილად ღირებულია. ჩემი ყოველი გაკვეთილი, ყოველი საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობა მოსწავლეთა შესაძლებლობების აღმოჩენისა და განვითარებისაკენაა მიმართული. ჩემი საქმიანობით, ვცდილობ, მაგალითი მივცე მოსწავლეებს, რომ შრომით ყველაფერი მიიღწევა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ უფრო ძლიერი ადგები და ამიტომ, შეცდომების არ უნდა შეეშინდეთ.

მადლობელი ვარ ჩემი სკოლის დირექტორის, ქალბატონი ინა ბიწაძის, რომელმაც დამარწმუნა, რომ შემევსო აპლიკაცია. ამ კონკურსმა მომანიჭა ძალიან ბევრი სიხარული, საოცარი მოტივაცია, კმაყოფილება საკუთარი საქმიანობით, აღიარება საზოგადოებისგან. მზად ვარ, იმაზე მეტი ვაკეთო, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი. ზოგადად, მიმაჩნია, რომ კოალიცია „განათლება ყველასათვის“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ამ კონკურსის წყალობით, მასწავლებლის პროფესია აღიარებულია, დაფასებულია, კიდევ უფრო დადებითად განეწყო საზოგადოება ჩვენი პროფესიის მიმართ. ზოგადად, მასწავლებლებს მოგვცა მოტივაცია, მოსწავლეებს კი, კარგი მაგალითი. მართლაც არავის უთქვამს მასწავლებლისთვის მადლობა ისე ლამაზად, როგორც ეს ამ კონკურსის ორგანიზატორებმა შეძლეს. მადლობა მათ. მადლობა ჟიურის თითოეულ წევრს, რომ მე აქამდე მოვედი. ათეულში მართლაც ღირსეული მასწავლებლები და ძალიან კარგი მეგობრები არიან. უკვე ერთობლივად ვგეგმავთ საინტერესო პროექტებს. ახლა, როცა ერთი ნაბიჯიღა დარჩა მთავარი მიზნის მიღწევამდე, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ. ამ კონკურსში მონაწილეობის მთავარი მიზანი სწორედ სკოლას უკავშირდება. მინდა მოვიპოვო დამოუკიდებელი ენერგოსადგური ჩემი სკოლისთვის, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მონაპოვარი იქნება: ერთი იმიტომ, რომ ეს დაგვიზოგავს ფინანსებს კომუნალურ ხარჯზე და ამ ფინანსებს მომავლის ოთახის მოწყობას მოვახმართ, რომელსაც, თავის მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიური კუთხით უზრუნველყოფისთვის; მეორე – სასწავლო დანიშნულებით, რაც გულისხმობს კვლევითი საქმიანობების განხორციელებას არა მხოლოდ ფიზიკის გაკვეთილზე და ყველაზე მთავარი, ეკოლოგიური თვალსაზრისით, განახლებადი ენერგიის წყაროს გამოყენება ყველაზე ოპტიმალურია.

ვფიქრობ, ჩემი მაღალმთიანი სოფლისთვის, სადაც მიგრაციის პრობლემა დგას, სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემის განვითარებისთვის.

 

?✔️ ანა კინწურაშვილი თბილისის კერძო სკოლა „ქორალის მათემატიკის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის ათეულის კლუბში ყოფნა დიდი სიხარული და წარმატება იყო თითოეული ჩვენგანისთვის. 15 ივნისის შემდეგ, ჩვენ ერთი ოჯახი გავხდით და ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათი სახით საუკეთესო მეგობრები შევიძინე. ჩემთვის რთულია იმის თქმა, თუ რატომ ამირჩია ჟიურიმ. ფინალში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა, ამავდროულად, დიდი პატივია ასეთი ღირსეული მასწავლებლების გვერდით ყოფნა. ჟიურის გადაწყვეტილება, ფინალისტების შესახებ, 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულმა, პიტერ ტაბიჩიმ დაასახელა და ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო, რადგან ბატონი პიტერის სწავლების მიზანი მათემატიკითა და მეცნიერებით ბავშვების დაინტერესებაა და ჩემთვის ის ერთ-ერთი მისაბაძი ადამიანია თავისი საქმიანობით.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გლობალური კამპანიის „The Global Teacher Prize“ ნაწილია და საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს, რადგან ამ ინიციატივით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი ამაღლდა. ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მისი საქმიანობის დაფასება და აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ  6 წელია აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი, მაქსიმალურად ვცდილობ თვითრეალიზებას, ვფიქრობ, ამ კონკურსმა კიდევ უფრო აამაღლა ჩემი მოტივაცია.  მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე  მეათე კლასის მოსწავლეებმა წარმადგინეს, რაც ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ მათი იმედები გავამართლე და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის ფინალისტი გავხდი. კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია. სტატუსი დამეხმარება, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოსწავლეებს მივაწვდინო ხმა და ვუთხრა, რომ მათემატიკურად აზროვნება ქალებსაც ისევე წარმატებით შეუძლიათ, როგორც მამაკაცებს.

ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, სკოლას უკავშირდება. მიუხედავად  სხვა სამსახურეობრივი შემოთავაზებებისა, არასოდეს განმიხილავს შესაძლებლობა იმისა, რომ სკოლა დამეტოვებინა. ბავშვებთან ურთიერთობა და მათი სწავლება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ვსწავლობ მათგან, ვასწავლი და ერთად ვვითარდებით. სწორედ მომავალი თაობის განათლებასა და პიროვნებებად ჩამოყალიბებაში ვხედავ ჩემს სახელმწიფოებრივ მოვალეობას. სტატუსს აუცილებლად გამოვიყენებ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისთვის.

?✔️ სოფიო გოგოხია აფხაზეთის 10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ყველანი ვთანხმდებით, რომ სწორედ განათლებამ უნდა გვიხსნას – ქვეყანა უნდა გადაარჩინონ  მასწავლებლებმა, რომლებმაც ყველაზე დიდი ომი უნდა მოიგონ და არაფერი დაინანონ საამისოდ. იშრომონ, ისწავლონ, მუდმივ ცდასა და ბრძოლაში იყვნენ, რათა უკეთესი შედეგი გვქონდეს, სამოქალაქო ცნობიერება ჩამოგვიყალიბდეს ისეთი ძლიერი, რომ შემდეგ ყველა ასპარეზზე სწორად წარიმართოს ქვეყნის საქმე. დავეხმაროთ ახალ თაობას, იყოს თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე, დასვან კითხვები, გაიაზრონ უფლებები და მოვალეობები. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ყოველი მასწავლებლის მიზანი და ამ მიზანს მან სხვადასხვა გზით უნდა მიაღწიოს. ამისთვის ვიბრძვი მეც, სხვა მასწავლებლებთან ერთად, ვეძებ გზებს, ვცდილობ შედეგის გაუმჯობესებას სხვადასხვა მეთოდით. სკოლაში, განსაკუთრებით, არაფორმალურ განათლებაზე ვაკეთებთ აქცენტს, ვარ რამდენიმე კლუბის კურატორი, კოლეგებთან ერთად, საკლუბო საქმიანობა მრავლისმომცველი და საინტერესოა, ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებისთვის თავისუფალი გარემო შევქმნა, სადაც ისინი ყოველთვის იგრძნობენ, რომ მათთვის გაწვდილი ხელი მუდამ მზადაა შეასაშველებლად.

ვსწავლობთ კეთებით, თამაშით, სიმღერით – ამაში გვეხმარება კინოკლუბი „დუბლი“, რომლის მუშაობითაც განსაკუთრებით ვამაყობთ მთელი კლუბი; ლიტერატურული კლუბი „ჩხრეკანი“ – „ვეფხისტყაოსანსა“ და ლიტერატურაზე უამრავი საინტერესო პროექტით; „ლიტერატურული ოდა“, რომელიც 7 წელია არსებობს და უამრავ შეძენილ, წაკითხულ და წარდგენილ წიგნს მოიცავს, ასევე, ჩატარებულ შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებას; მუსიკალური კლუბი „მუსინექცია“ – კარგი მუსიკითა და საუბრებით; მითოლოგიის კლუბი ლათინური ენის ულუფებითურთ და ა.შ. შედეგებიც გვაქვს.

პანდემიის დროს, მაქსიმალურად ვეცადეთ, ხელი შეგვეწყო ერთმანეთისთვის, საამისოდ მცირე სოციალურიკამპანიაც კი წამოვიწყეთ, რომლის ფარგლებშიც, მოძიებული ნაწილებით, რამდენიმე მოსწავლეს ავუწყვეთ კომპიუტერი, შევუკეთეთ ან პროგრამულად გავუმართეთ. ჩვენი სკოლის საუკეთესო მხარეა საზაფხულო სკოლა არდადეგებზე, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, აგრეთვე, არაფორმალური შეხვედრები, სკოლაშიც და მის გარეთაც, რომლებიც ძალიან გვიყვარს ყველას და გვაახლოვებს ერთმანეთთან. თავისუფალი სასკოლო გარემოს ჩამოყალიბებაში, კოლეგებთან ერთად, ჩემი მნიშვნელოვანი წვლილიც არის. ვფიქრობ, სწორედ ზემოთქმულიდან გამომდინარე, მხვდა წილად პატივი, მასწავლებელთა ხუთეულში ყოფნის, რაც ასე ძალიან მახარებს და მაძლევს ძალას, მეტი ხალისითა და მონდომებით განვაგრძო საქმიანობა, რომელიც ასე მიყვარს.

მასწავლებლების გარემოცვაში გავიზარდე, მუდამ ისეთ ადამიანებთან ვიყავი, რომლებისთვისაც ეს პროფესია ყველაზე პატივსაცემი და ძვირფასი იყო, მათგან ვისწავლე მასწავლებლობის სიყვარული, პატივისცემა და მუდმივად მხარდაჭერა, ხელშეწყობა, წახალისება, რათა მეტი გულანთებული და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი შევიდეს სკოლაში. ვფიქრობ, სწორედ ამას უზრუნველყოფს ეს კონკურსი, ხაზს უსვამს მასწავლებლის განსაკუთრებულობასა და მნიშვნელობას, გამოკვეთს მის როლს, აფასებს და საქვეყნოდ გამოაქვს მასწავლებლის შრომა, რაც დღეს ჰაერივით გვჭირდება, რისთვისაც განათლების კოალიციას და ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს, დიდ მადლობას ვუხდი. ამავე დროს, ეს არის გამოცდილება, რომელსაც დიდი სიხარულით გავუზიარებ ყველას. აქ შევხვდი მრავალ ისეთ ადამიანს, რომელთა მთავარი მიზანი განათლების ხელშეწყობაა და ძალისხმევას არ ზოგავენ საამისოდ, რაც ზრდის ჩემს მოტივაციას და ჩემი კოლეგებისასაც.

გარდა იმისა, რომ ხუთეულში მოხვედრა ჩემთვის ძლიერი წახალისებაა და შემდგომში, მეტი ძალისხმევით მუშაობისათვის, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოტივირებელი ფაქტორი იქნება, მთავარი, რისთვისაც მინდა გამოვიყენო ნებისმიერი წარმატება, ეს არის იმ პრობლემის მოგვარება, რომლის წინაშეც დგას სკოლა, ვგულისხმობ შენობის შესყიდვის საკითხს, რომელიც ჯერაც არ გადაწყვეტილა სკოლის სასარგებლოდ და ვიმედოვნებთ, გადაწყდება. ჩვენი სკოლა აფხაზეთის სახელს ატარებს, ეს სიმბოლურია და როცა სკოლას საკუთარი შენობა ექნება, ამას ყველანი კარგ ნიშნად მივიღებთ, რომ ოდესმე რომელიმე საუკეთესო მასწავლებელი ჯილდოს სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიღებს. ამის საწინდარი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სწორედ  ჩვენს სკოლაში აღებული სტარტი ყოფილიყოს.

ყველაფერი ჯერ წინაა. სამომავლოდ, ვგეგმავ იმ მიმართულებების გაფართოებას, რომლებზეც უკვე წლებია ვმუშაობთ, იქნება ეს კინოკლუბისა თუ ლიტერატურული კლუბების  საქმიანობა. ვფიქრობთ, მეტი მოსწავლე ჩავრთოთ მითოლოგიის კლუბში და ლათინური ენის სწავლასაც მეტი დრო დავუთმოთ. მინდა, რადიოთეატრი უფრო მეტად შევაყვარო მოსწავლეებს და ჩვენც დავდგათ აუდიოსპექტაკლები, ისწავლონ გახმოვანება, მუსიკალური გაფორმება, ვაპირებთ აუდიოდღიურებზე მუშაობას. გვინდა რადიოგადაცემების მომზადება სხვადასხვა საკითხზე. პანდემიამ ხელი შეგვიშალა სპორტული თამაშების მხარდამჭერთა კლუბის  ჩამოყალიბებაში, რის განხორციელებასაც მომავალში ვგეგმავთ. არის სხვა საკითხებიც, რომლებზე საუბარიც ჯერ არ გვინდა, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და სასწავლო წელი მშვიდობიანად ჩაივლის.

 

?✔️ თეონა შერაზადაშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა უკვე ნიშნავს, რომ გამორჩეული მასწავლებელი ხარ. კონკურსის ჟიური წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს თითოეულ აპლიკანტს. წარმომიდგენია, რამდენად რთული იქნებოდა ფინალისტების გამოვლენა. მაქვს მასწავლებლად მუშაობის 27-წლიანი გამოცდილება, ამ გამოცდილებას და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე უწყვეტად ზრუნვას (ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი 4 საგანში, მაქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი) მოაქვს ის ცოდნა და უნარები, რომლებიც ჩემს საქმიანობაში მეხმარება და მას წარმატებულს ხდის.

რასაკვირველია, კონკურსში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა, საკუთარი პრაქტიკის შეფასებისა და თვითრეფლექსიის არაჩვეულებრივი საშუალება მომცა. გავიცანი საოცარი ადამიანები, კოლეგები, რომლებთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარებაც პროფესიული ზრდის შესანიშნავი საშუალებაა. გარდა ამისა, როდესაც შენს საქმიანობას ასეთი კომპეტენტური ჟიური აფასებს და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჯერ ათეულის, შემდეგ კი ხუთეულის წევრი ხდები, აცნობიერებ, რომ სწორი გზით მიდიხარ და, ამავე დროს, პასუხისმგებლობასაც გრძნობ, მხარდაჭერისა და აღიარების გამო.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვება უდიდეს პასუხისმგებლობას ანიჭებს ფინალისტს. გამარჯვების შემთხვევაში, გარდა ჩემი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებისა, შემეძლება, აქტიურად ჩავერთო მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზების საქმეში, ამ მიზნით, ათეულის სხვა წევრებთან ერთად, დავგეგმო და განვახორციელო სხვადასხვა პროექტი და ღონისძიება, მეტი დახმარება გავუწიო კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში.

♦♦♦
კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები