21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სამი წიგნი საზაფხულოდ – ზოგჯერ მგონია, ამ საუკუნეში რომ დავბადებულიყავი, თვითონაც გამიჭირდებოდა ადრეულ ასაკში ლიტერატურის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება

spot_img

ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანაში, როცა ადამიანი ყველგან ვერბალური ნაკადითა და ვიზუალური გამოსახულებებით არის გარშემორტყმული, ძნელია ლიტერატურის კითხვა ისეთივე ჩამთრევი იყოს, როგორც, ვთქვათ, გასულ საუკუნეში. ბავშვები ადრეული ასაკიდან ეჯაჭვებიან ეკრანს და მრავალფეროვანი, თვალწარმტაცი ანიმაციური სამყარო მათთვის ხშირად თავიდანვე სრულად ანაცვლებს თუნდაც ზღაპრების ბეჭდურ ვერსიებს. ერთი მხრივ, ამაში არაფერია ცუდი. სამყაროს შეცნობისთვის უფრო მარტივი, „იოლად გადასამუშავებელი“ მასალა გაჩნდა და შედეგად, დღევანდელი მოზარდები ბევრად სწრაფად იღებენ იმ ინფორმაციას, რის დაგროვებასაც უწინ წლები სჭირდებოდა. ზოგჯერ მგონია, ამ საუკუნეში რომ დავბადებულიყავი, თვითონაც გამიჭირდებოდა ადრეულ ასაკში ლიტერატურის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება. თუმცა ლიტერატურა და მისი მნიშვნელობა დღესაც ცოცხალია. ის არის ყველა შთამბეჭდავი ეკრანიზაციის პირველწყარო. დამატებით, „მზა ფანტაზიის“ ნაცვლად, მკითხველს საკუთარი ვერსიის ქონის, ფიქრის დროს უტოვებს, რაც დღევანდელობაშიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარის – კრიტიკული აზროვნებისათვის გადამწყვეტია, რომ აღარაფერი ვთქვათ გამართულ ზეპირ და წერით მეტყველებაზე, რასაც ადამიანი მხოლოდ კითხვით ეუფლება. ლიტერატურის კითხვის და სწავლების „პრაქტიკულ მიზეზებს“ რომ მივყვეთ, კითხვის პროცესი ალბათ საუკეთესო გზაა ადამიანის „ცხოვრებისთვის მოსამზადებლად“, რადგან ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება უსათუოდ იქნება გრძნობებთან, მოლოდინთან, იმედგაცრუებებთან და იმპულსებთან გადაჯაჭვული. ლიტერატურა სწორედ კაცობრიობის ემოციური ცხოვრების ისტორიაა – კონკრეტულ ეპიზოდებად ჩაწერილი, გაზიარებისთვის გამზადებული. ახალგაზრდები კითხულობენ და ხედავენ, რომ მარტონი არ არიან – სხვებსაც უყვარდათ, სძულდათ, უხაროდათ, იტანჯებოდნენ, უშვებდნენ შეცდომებს და ახერხებდნენ გზის გაგრძელებას.

საბედნიეროდ, ჩვენს პატარა ქვეყანას მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა და დღესაც აქტიური ლიტერატურული ცხოვრება აქვს. სკოლების უმრავლესობა ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს სწორედ ქართულ ტექსტებზე აგებს, თუმცა არის მსოფლიო ლიტერატურის შედევრებიც, რომლებიც, ჩემი აზრით, სწორედ სასკოლო ასაკშია წასაკითხი და რადგან სკოლის მასალა მათ ვერ ფარავს (თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებული პროგრამების მქონე სკოლებს), მინდა ყურადღება სამ ასეთ „სავალდებულო საზაფხულო საკითხავზე“ გავამახვილო, მით უმეტეს, რომ ქართულად სამივეს თარგმანი გვაქვს და მოზარდებისთვის ხელმისაწვდომია.

მათგან პირველი – უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონია“. ეს წიგნი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის დიდ ბრიტანეთშია დაწერილი და თავდაყირა აყენებს აზრს, რომლის მიხედვითაც ადამიანი „სუფთა“ იბადება და მას სამყარო ცვლის. წიგნში ძალიან ბევრი შრე და თემაა ფიქრისა და ინტერპრეტაციისთვის ყველა ასაკის მკითხველისათვის, თუმცა ვფიქრობ, ამ წიგნის წაკითხვა მოზარდებისთვის ყველაზე აქტუალურია. დღეს მოზარდებს შორის ჩაგვრის პრობლემა უმწვავესია ყველა ქვეყანაში და საჭიროა, მათ დავეხმაროთ, დროულად გააცნობიერონ, როგორი სიფრთხილითაა სამართავი საკუთარი „ბუნებრივი“ აგრესია, რომელიც შეგვიძლია შენების, და არა – ნგრევის ძალად ვაქციოთ.

მეორე წიგნი, ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“, რასიზმის სისასტიკესთან ერთად, წინა საუკუნის დასაწყისის ამერიკაში განსხვავებული ადამიანების სოციალურ მარგინალიზაციაზე გვიამბობს, რაც თავგადასავლების მაძიებელი ბავშვის თვალითაა დანახული. პარადოქსია, რომ ამერიკის ზოგიერთ შტატში დღეს სასკოლო მასალიდან ამ ანტირასისტული წიგნის ამოღებაზე მიდის დისკუსია, რადგან ეს წიგნი წინა საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელ დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებს. ვფიქრობ, ძალიან დიდია ამ ნაწარმოების წვლილი სწორედ რასიზმთან ბრძოლაში და იმ პერიოდისთვის ბუნებრივი სამეტყველო ენა იმ ისტორიის ნაწილია, რომლის მეხსიერებიდან წაშლა, თუნდაც საუკეთესო მიზნებით, კაცობრიობის დიდი შეცდომა იქნება.

სწორედ ისტორიის ფალსიფიცირებით მიღწეულ დისტოპიურ მსოფლიოზეა მესამე ნაწარმოები – რეი ბრედბერის „451˚ფარენჰაიტით“. სამეცნიერო ფანტასტიკის ამ შესანიშნავ ნიმუშში აღწერილი კაცობრიობის არცთუ ისე შორეული მომავალი – ლიტერატურისგან და ინდივიდუალიზმისგან გვხვდება დაცლილი. ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევები და ადამიანების ლტოლვა ყველაფრის გამარტივებისკენ – წიგნში იმდენად რეალურად არის არეკლილი, რომ ამ პროეცირებული მომავლისთვის თვალის შევლება, მისი თავიდან აცილების მიზნით, ნამდვილად ღირს. ეს წიგნი მკაფიო პასუხს გაგცემთ და უზუსტეს გრძნობას გაგიჩენთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ, ვწეროთ და მომავალს გადავცეთ ლიტერატურა.

ლელა სამნიაშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები