(რჩევები მოსწავლეებს თუ როგორ გაატარონ საზაფხულო არდადეგები)
რა არის ბავშვისათვის ყველაზე საინტერესო თავისუფალი დროის აქტივობა ზაფხულის არდადეგებზე? ალბათ ბანაკში წასვლა, ახალი მეგობრების შეძენა, სოფელი, ტყე-ველის მოვლა, კოცონზე სიმინდის ტაროს შეწვა და სხვა უამრავი საინტერესო თავგადასავალი. მართლაც რომ ვინ მოთვლის… ამიტომაცაა ბავშვობა და ბავშვობის არდადეგები დაუვიწყარი. ამიტომაც ავსებენ ისინი ჩვენს სულსა და გულს და მთელი ცხოვრების საგზლად მიგვყვებიან.
განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ექსპერტებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაატაროს ბავშვმა არდადეგები. ნაწილი მომხრეა იმისა, რომ ბავშვის ტვინმა უნდა დაისვენოს და უფრო მეტად დაიტვირთოს ღია ცის ქვეშ აქტივობებით. ზოგი კი პირიქით, მომხრეა, რომ ბავშვი კოგნიტურად არ მოდუნდეს და შესაბამისად, სექტემბერში, სკოლაში დაბრუნებისას არ გამოიკვეთოს მისი სასწავლო პროგრამებთან მიმართებაში ჩამორჩენა. ასეა თუ ისე, საკუთარი ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილებიდან შემიძლია დავასკვნა, რომ ბალანსი უნდა იყოს დაცული. ნამდვილად არაა მიზანშეწონილი, ბავშვებს არდადეგებზე დავალებად ჰქონდეთ მიცემული დამატებითი მასალა სახელმძღვანელოდან: საწერი თემები, წაკითხულის გაშინაარსება და მათემატიკაში უამრავი ამოსახსნელი განტოლება. თუმცა, უპრიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ ტვინს საზრდო მუდმივად სჭირდება. არდადეგებზე კი ეს საზრდო ბუნებრივად, ძალდაუტანებლად უნდა მიეწოდოთ.
დღეს, პანდემიის არსებობის და თითქმის ოთხთვიანი ჩაკეტილობის (lockdown) შემდეგ, კიდევ უფრო მეტად აქტუალურია თემა, თუ როგორ უნდა გაატარონ ბავშვებმა ზაფხულის არდადეგები. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობლებს ეშინიათ გაუშვან ბავშვები ბანაკებში. თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია, ბავშვებმა დაისვენონ, აღიდგინონ ძალები და ენერგიით აღვსილნი მოემზადონ ახალი სასწავლო წლისათვის, რომელიც ალბათ ასევე სავსე იქნება ახალი გამოწვევებით.
ამისათვის კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისე დაიგეგმოს არდადეგების აქტივობები, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ გაერთონ, ითამაშონ და ამავდროულად ისწავლონ ბუნებრივად.
გამომდინარე იქედან, რომ ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი, მსურს შემოგთავაზოთ ის აქტივობები, რომლებსაც ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვურჩევ საზაფხულო არდადეგებისთვის. ვფიქრობ, ამ აქტივობებით ინგლისური ენის შესწავლა ხდება არა ტრადიციულ მერხთან, არამედ თუნდაც ბუნებაში სხვადასხვა ობიექტებზე დაკვირვებით და აღმოჩენებით. გაგიზიარებთ ჩემს აქტივობათა სკივრს (a bag of goodies). ეს ის აქტივობებია, რომელთაც ვიყენებდი სხვადასხვა ინგლისურენოვან ბანაკში მშვიდობის კორპუსის მოხალისე ამერიკელ მასწავლებლებთან ერთად და რომლებიც ნამდვილად გამოადგებათ განსხვავებული ასაკის ბავშვებს. მათ შეუძლიათ ეს აქტივობები თავიანთ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად შეასრულონ.
- ითამაშეთ Scavenger (treasure) Hunt (განძზე მონადირე)
მოსწავლეებს (ოჯახის წევრებს) მიეცემათ ინსტრუქცია თაბახის ფურცლით, რომელზეც სხვადასხვა აქტივობები წერია. მაგ., მოძებნე ყველაზე პატარა მწვანე ნივთი, შეასრულე სიმღერა, გამოხატე ემოცია, იპოვნე ასანთის კოლოფის ზომის 5 ნივთი და სხვა. მონაწილეებს შეუძლიათ ყოველი დავალება მობილური ტელეფონით გადაიღონ და/ან „პრეზენტაცია“ გააკეთონ. თამაში სახალისოა, რადგან მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო სწრაფად და სწორად შეასრულებს დავალებას. დავალება ააქტიურებს ბავშვების შემოქმედებით უნარებს.
თამაშის ვარიაცია შესაძლოა იყოს შემდეგი: მონაწილეებს შეიძლება მიეცეთ ნივთის აღწერა და დაევალოთ, რომ გამოიცნონ და შემდეგ მოძებნონ ეს ნივთი. ამ შემთხვევაში, ვითარდება მათი კითხვის უნარები ისევე, როგორც კრიტიკული აზროვნება.
მესამე ვარიაცია შესაძლოა იყოს ზედსართავ სახელებზე „ნადირობა“. მაგ., მოძებნეთ რაიმე ძალიან ლამაზი, ან ძალიან ცუდი შესახედი, ან ძალიან სასაცილო და ა.შ.
ეს თამაში განკუთვნილია მათთვის, ვისაც დროის გატარება უყვარს ბუნებაში. ამავდროულად, ბავშვები ენობრივ სიტყვების მარაგს გაიუმჯობესებენ (ამ შემთხვევაში – ზედსართავ სახელებს).
- ითამაშეთ Madlib
ეს არის ამერიკული ოჯახების რჩეული თამაში, რომელსაც მე აქტიურად ვიყენებ გაკვეთილზე და კლუბური მუშაობისას. ჯერ კიდევ 2005 წელს, ამერიკაში, პროფესიული განვითარების ტრენინგებზე ყოფნისას, გავეცანი ამ თამაშს და მას შემდეგ ხშირად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში თუ არაფორმალურ განათლებაში. ეს თამაში ნამდვილად გამოადგებათ მოსწავლეებს საზაფხულო არდადეგების დროს.
ინსტრუქცია: მოდერატორს აქვს ტექსტი რომელშიც გამოტოვებულია მეტყველების სხვადასხვა ნაწილი, მაგ., ზმნა, არსებითი სახელი,ზედსართავი სახელი და სხვა. მოდერატორი სთხოვს მონაწილეებს, მოიფიქრონ გამოტოვებული ადგილების შესავსებად მეტყველების ნაწილები. მონაწილეები კარნახობენ, მოდერატორი ავსებს. საბოლოოდ, წაიკითხავენ დასრულებულ ტექსტს, რომელიც ხშირად აბსურდულია, მაგრამ სახალისო.
ეს თამაში განკუთვნილია მათთვის, ვისაც სახლში უყვარს დივანზე მოკალათება. ის ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, ავითარებს შემოქმედებითობას.
გთავაზობთ თამაშის ლინკებს:
http://www.redkid.net/madlibs/
- ითამაშეთ Kahoot
ოჯახის წევრებთან ერთად ითამაშეთ ონლაინ თამაში Kahoot. დამერწმუნეთ, ისწავლით ძალიან ბევრ სიტყვას, გაიუმჯობესებთ ენის უნარებს, გაერთობით და დროს საინტერესოდ და აზარტულად გაიყვანთ.
- უყურეთ ფილმებს ინგლისურად
სახლში ყოფნის მოყვარულთათვის ჩემი რჩევა იქნება, იყურონ რაც შეიძლება მეტ ფილმსა და სერიალს ინგლისურად. თინეიჯერებისთვის არაჩვეულებრივი ფილმების ნახვაა შესაძლებელი Netflix-ზე. ერთ-ერთი ასეთი სერიალი, რომელსაც ჩემი მოსწავლეები ამჟამად ყურობენ, არის Anne with an E.
ბავშვებს ასევე მოეწონებათ შემდეგი ფილმები: Harry Potter, The Great Gatsby, Forrest Gump, Freedom Writers, Brave, The Wizard of Oz, The Lion King და ბევრი სხვა. ეს ფილმები განუვითარებთ მოსმენის უნარს, ასევე, დაეხმარება მათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. ეს ყოველივე ძალდაუტანებლად მოხდება და პირიქით, სასიამოვნო პროცესი იქნება. მე ვურჩიე ჩემს მოსწავლეებს, ენახათ ეს ფილმები და გადავწყვიტეთ, სექტემბერში, სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ვისაუბროთ მათ რჩეულ ფილმზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ ფილმშია წამოჭრილი. Netflix ასევე აქვს არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმების სერიები, როგორიცაა, მაგალითად, Our Planet, რომელთა ყურება არა მარტო დაეხმარება ბავშვებს ენობრივი უნარების გაუმჯობესებაში, არამედ გაამდიდრებს მათ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოსდაცვითი პრობლემები, ფლორა და ფაუნა, ოკეანეები, მდინარეები და ა.შ.
- გამოიყენეთ ბრიტანეთის საბჭოს რესურსი
არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოგვცა ბრიტანეთის საბჭომ. ყოველ შაბათ-კვირას ტელესკოლის ეთერში შეგვიძლია ვუყუროთ BBC -ის სერიებს „ყურმოკრული ამბები“- “ Word on the Street”. მე ვურჩიე ჩემს მოსწავლეებს იყურონ ეს სერიები. გარდა იმისა რომ მოისმენენ როგორ საუბრობენ ბრიტანელები, ისინი გაიუმჯობესებენ მოსმენისა და საუბრის უნარებს და ასევე გაეცნობიან ბრიტანულ კულტურას და ტრადიციებს.
- წაიკითხეთ წიგნები ინგლისურ ენაზე
ეწვიეთ ბიბლიოთეკებს, სთხოვეთ წიგნები მეგობრებს ან სულაც გამოიყენეთ ელექტრონული ვერსიები. შეგიძლიათ შეიძინოთ graded reader სერიიდან წიგნები, როგორიცაა: The Secret Garden, Jane Eyre, Robinson Crusoe, The Treasure Island, The Adventure of Tom Sawyer and Huckleberry Finn, Lorna Doon, The Last of the Mohicans, A Christmas Carol, Alice’s Adventures in Wonderland, Dr Jekyll and Mr Hyde, Dracula, Emma, Frankenstein, Hamlet, Midsummer Night’s dream და ბევრი სხვა.
- დაიწყეთ ახალი ჰობი
დაწერეთ ლექსი, სიმღერა, შექმენით ნახატი და ყველაზე მეტად, რასაც ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ, არის ის, რომ წერონ დღიურები ინგლისურად. ეს აქტივობა შესაძლოა ონლაინ რეჟიმშიც კი განხორციელდეს, ბლოგის სახით.
- დაგეგმეთ კონცერტები
ბავშვობაში უბნის მეგობრები ყოველთვის ვგეგმავდით კონცერტებს მშობლებისთვის, ბებია-ბაბუებისა და მეზობლებისთვის. ე.წ. ბილეთებსაც კი „ვყიდდით“ (რა თქმა უნდა, მშობლები ნაყინებით გვიმასპინძლდებოდნენ). ჰოდა, ყოველივე ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია. დაგეგმეთ, უბნის ბავშვებთან ერთად, კონცერტი ან სულაც მინი-სპექტაკლი განახორციელეთ ინგლისურად. მოიწვიეთ მეზობლები და გაერთეთ.
- წაუკითხეთ წიგნები უმცროს მეგობრებს
უფროსკლასელებს, ასევე, შეუძლიათ უბნის პატარა ბავშვებისთვის მოთხრობები წაიკითხონ და შემდეგ წიგნის პერსონაჟებზე ესაუბრონ.
- მოუსმინეთ მოთხრობებს YouTube-ზე (უმცროსკლასელთათვის)
რაც შეეხება მოთხრობების კითხვას, სკოლის დამთავრებისას, უმცროსკლასელ მოსწავლეებს და მათ მშობლებს ვურჩიე, მოესმინათ YouTube-ზე „Story Time with Carol“, რომელიც არის McMillan-ის პროექტი, სადაც ქეროლი არაჩვეულებრივი ინგლისურითა და მსახიობური გამომსახველობით უკითხავს მოსწავლეებს სხვადასხვა მოთხრობას, მაგ. The Moon is in the River, The Three Bears, Run, Run, Run და სხვა.
https://www.youtube.com/watch?v=95YFaIEkEdE&t=23s
- მოუსმინეთ Ted Talk-ს YouTube-ზე (უფროსკლასელთათვის)
ჩემი რჩევა უფროსკლასელებს – მოუსმინონ Ted Talk-ს. ეს არის ვიდეოების სერია იუთუბზე, სადაც ცნობილი თუ უცნობი ადამიანები საუბრობენ სხვადასხვა თემაზე. მოსწავლეებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ მოსმენის და საუბრის უნარები. სურვილისამებრ, შეუძლიათ ჩაწერონ საკუთარი Ted Talk ან შექმნან ბლოგი, სადაც დაწერენ სხვადასხვა თემების შესახებ, მაგ., რა არის მეგობრობა, რა არის სტრესი და როგორ დავძლიოთ და სხვა.
https://www.youtube.com/watch?v=aIBWPAT-ukE&t=116s
- ითამაშეთ და იყავით აქტიურნი ფიზიკურად
და რაც მთავარია, ბავშვებმა მეტი დრო უნდა გაატარონ მობილურის, პლანშეტის, კომპიუტერის ეკრანიდან შორს. ვურჩევ, იარონ ველოსიპედით, ითამაშონ ბადმინტონი, წრეში ბურთი და ჩემი ბანაკელი მოსწავლეების უსაყვარლესი თამაში Hi-Ha-Hu და ფრისბი (Frisbee). https://www.youtube.com/watch?v=bisyxCSVe0E
https://www.youtube.com/watch?v=3oM-sNFpvjc
მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული დაბალანსებული იყოს. მივცეთ ბავშვებს საშუალება, მონაწილეობა მიიღონ მათი არდადეგების დაგეგმვაში და დავეხმაროთ მათ, რომ ეს ყოველივე იყოს სახალისო, განმტვირთავი და, ამავდროულად, არ მოდუნდნენ და ახალი ენერგიით, საინტერესო და სასიამოვნო თავგადასავლებით აღვსილები დაუბრუნდნენ თავიანთ მერხებს სექტემბერში.
ერთი რამ კი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს: მოსწავლეებს არ უნდა წავართვათ თავისუფლება, ის თავისუფლება, რაც მათთვის ზაფხულის არდადეგებს მოაქვს. ჩემ მიერ ზემოთ რჩევებად გამოტანილი აქტივობებიც სავალდებულო ნამდვილად არაა. მოსწავლეებს შეუძლიათ თავიანთი ასაკის, გემოვნების და ინტერესების შესაბამისად აირჩიონ სასურველი. და რაც მთავარია, ითამაშონ, ითამაშონ ბევრი, რადგან ეს ნამდვილად დაეხმარება მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში.
მაია ტყემალაძე
საჩხერის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი