საზაფხულო არდადეგები ბებია-ბაბუასთან გატარებულ ბედნიერ ბავშვობასთან ასოცირდება, თუმცა ყველაზე იდეალურია შენს საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებთან ერთად ყოფნა. არ მისცე უფლება თავს, მოიწყინო. მთავარი დევიზი – „არ მოვიწყინო“. არდადეგებსაც დაგეგმვა სჭირდება, რათა მაქსიმალურად გამოიყენო ის თავისუფალი დრო, რომელიც შენ ხელთაა და სწორად მართო.
მშობლებს ვურჩევდი, შვილებისთვის არდადეგებზე დაგეგმილი აქტივობები თავისუფალი სტილის იყოს და ნაკლებად მოითხოვდეს ჩარჩოებს. შვილებს კი დავრთოთ ნება, დაფიქრდნენ, რისი გაკეთება უნდოდათ აქამდე და ვერ შეძლეს, დროის უქონლობის გამო. გირჩევთ შეადგინოთ ერთად გეგმა, თუ რას გააკეთებთ. გაუზიარეთ ერთმანეთს იდეები და ერთად შექმენით ზაფხულის „სახალისო და საინტერესო გეგმა“.
ბავშვებისთვის: ყველაზე მეტად სახალისო იქნება სხვადასხვა შეჯიბრების მოწყობა ოჯახის წევრებთან, მეგობრებსა თუ თანატოლებთან ერთად. ძალიან კარგი იქნება, თუ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებისთვის მონაწილეს წამახალისებელ საჩუქარს გადასცემთ, რომელსაც საკუთარი ხელით დაამზადებთ.
ვისაც ჩხირკედელაობა უყვარს, მოეწონება, გააკეთოს ნარჩენებისგან ნივთები, რომელსაც ოჯახის წევრები გამოიყენებენ. მთავარია, ეს ნივთი ვინმესთვის სასარგებლო იყოს, ამით გარემოსაც დაიცავს და უსარგებლო ნივთს მისცემს „სასარგებლოს წოდებას“. მაგალითად: https://www.youtube.com/watch?v=enMLEovNmGw&t=74s
აქ კი იპოვი სასარგებლო ნივთების შექმნის ნიმუშებს: https://bit.ly/2C30wKR
არდადეგების პერიოდში ძალიან კარგია აღმოაჩინო ცოცხალი ორგანიზმები შენ ირგვლივ. პირველი ეტაპისთვის, აუცილებელია მოიმარჯვო ფოტოაპარატი ან მობილური ტელეფონი და გადაიღო შენ ირგვლივ არსებული ცოცხალი ორგანიზმები, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს. აუცილებლად შექმენი მათთვის ცალკე ალბომი. საინტერესო იქნება, მათზე ინფორმაციაც მოაგროვო და გაუზიარო ოჯახის წევრებსა თუ თანატოლებს.
ეს კი „ჩემი აღმოჩენებია“
შეგიქმნია ოდესმე „ჰერბარიუმი“?
ჰერბარიუმი სპეციალურად შეგროვებული და გამხმარი მცენარეების კოლექციაა. ამ კოლექციებს, ძირითადად, მეცნიერები იყენებენ სხვადასხვა სახეობის აღწერისთვის, თუმცა დღეს ლამაზ ნიმუშებს გამოიყენებენ როგორც სამკაულებში, ასევე სანიშნეებსა თუ მისალოც ბარათებში.
დაფიქრებულხარ რა საოცრად განსხვავდება ყველა მცენარე ერთმანეთისგან? როგორი ფორმის ფოთოლი აქვს თითოეულს? შეგიძლია, შენს ჰერბარიუმს „ფოთლების სამყარო“ დაარქვა და შეაგროვო სხვადასხვა ფორმის ფოთოლი. თუ ხატვაც გეხერხება, შეგიძლია ფოთოლს თვითონ მიუხატო ყვავილის, ღეროსა თუ ფესვის ორგანოც. გამოგივა საინტერესო ნამუშევრები, რომელსაც გააცნობ თანატოლებს. არ დაგავიწყდეს, „აღმოაჩინე სამყარო შენით“ ყველაზე საინტერესოა არდადეგების პერიოდში.
არდადეგების პერიოდში კარგია, შეარჩიო ნერგი და დარგო. დააკვირდი, როგორ გაიზრდება. ნერგის არჩევისას დაიხმარე უფროსი. თუ აგარაკზე, სხვა ქალაქში ან სოფელში დარგავ, მომდევნო არდადეგებზე შესამჩნევად გაზრდილი უნდა დაგხვდეს. ამიტომ, არ დაგავიწყდეს გადაუღო ფოტო. თუ ყოველ წელიწადს, ერთსა და იმავე პერიოდში, გადაუღებ სურათს, რამდენიმე წლის მერე დიდ განსხვავებასაც იპოვი. დამიჯერე, ძალიან შეგიყვარდება, ისე როგორც მე ჩემი ტყემლის ხე.
თუ ძალიან გიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, მაშინ შენთვის საინტერესო იქნება ნაყინების მომზადება სხვადასხვა ხილით
თუ გურმანიც ხარ და კულინარიაც გიყვარს, ხომ საერთოდ. ყველაზე მარტივი ხილის ნაყინის რეცეპტს გაგიზიარებ. გარეცხე შენი საყვარელი ხილი კარგად, შეგიძლია გამოიყენო ბანანი, ასევე, დაამატო სხვა ხილიც, რომელიც ძალიან გიყვარს, მაგალითად: კივი, ან ჟოლო, ან ატამი, ან გარგარი და სხვა. შენი არჩეული ხილი დააბლენდერე ერთგვარი მასის მიღებამდე. დაამატე ცოტაოდენი ფორთოხლის წვენი, გადაიტანე ჭიქებში, ჩადე ხის ჩხირი თითოეულ ჭიქაში და საყინულეში გააჩერე რამდენიმე საათი. შეგიძლია თვითონვე მოიფიქრო ინგრედიენტები და ჩაატარო შენი მარტივი გემრიელი ექსპერიმენტიც. საინტერესო იქნება, ასევე, მოამზადო სასურველი გემოსა და ფერის კოქტეილები და დაუვიწყარი გახადო ოჯახის წევრებთან ერთად გატარებული საღამო. გაუზიარე შენი რეცეპტები და მოიძიე ახალიც.
მარტივი ექსპერიმენტების ჩასატარებლად შეგიძლია, გამოიყენო ჩემი რამდენიმე ვიდეოც:
https://www.youtube.com/watch?v=WkerRhgBxIg
https://www.youtube.com/watch?v=h5yEzRSl86k
https://www.youtube.com/watch?v=oHKiNDMSY4o&t=13s
შეგიძლია, ასეთი ვიდეოები შენც ჩაწერო და გაუზიარო თანატოლებს.
არდადეგების დროს არ დაივიწყო პიკნიკზე გასვლა. კეთილ საქმეს გააკეთებ, თუ თან წაიღებ ხელთათმანებსა და ნაგვის შესაგროვებელ პარკს, რათა არ დააბინძურო გარემო და დაისვენო ჯანსაღ გარემოში.
ხათუნა გოგალაძე
ქიმიის დოქტორი, მენტორი მასწავლებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია–ბიოს“ დამფუძნებელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრი