9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

გვიხარია გაცნობოთ, რომ გიწვევთ გამოცდაზე „სადღესასწაულო დარბაზში“

spot_img

ქეთევან ჯელაძე

სულ მალე პირველი სემესტრი დასრულდება, რაც კარლსრუეს ტექნიური უნივერსიტეტის ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე დავიწყე სწავლა. ჩემი ჩამოსვლიდან, დაახლოებით, ერთ თვეში პანდემიაც დაიწყო და მეც დიდი აუდიტორიიდან პატარა ოთახში გადმოვინაცვლე. საგანგებო რეჟიმის გამოცხადებიდან თითქმის ერთ კვირაში სალექციო რეჟიმმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ლექტორებიც და სტუდენტებიც ძალიან მარტივად და მალე შევეჩვიეთ ვირტუალურ შეხვედრებს.

ადმინისტრაცია ხშირად გვეხმიანებოდა და გვეკითებოდა, რა მოგვწონდა ან არ მოგვწონდა ონლაინ სწავლებაში, რის შეცვლას ვისურვებდით. მუდმივად გვახსენებდნენ, რომ ჩვენი ჩართულობა გამოწვევის დაძლევის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხშირად, ლექციის ბოლოს, ანონიმურად ვაფასებდით ლექტორს და ვაძლევდით „რჩევებს“, რისი გამოსწორება შეეძლო შემდეგი ლექციისთვის, ხანდახან არ გვეთანხმებოდნენ და გვიხსნიდნენ, რატომ არ გამოვიდოდა შეცდომის გამოსწორება, უმეტესად კი, მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენი შეხედულებებისა და საჭიროებების გათვალისწინებას.

ონლაინ ლექციები დილით ადრიანად იწყებოდა. ჩემი საერთო საცხოვრებლის ყველა ოთახში ვიღაც ლექტორის ხმა ისმოდა… სამზარეულოში, ხანდახან, რამდენიმესი ერთად. თავიდან ყველა ბეჯითად, თავის სამუშაო მაგიდასთან წელში გამართული და წიგნებმომარჯვებული, პასუხისმგებლობით ასრულებდა სტუდენტის მოვალეობას. ცოტა ხანში ჭკუა ვისწავლეთ და სახლის ყველა კუთხე-კუნჭული ვირტუალურ აუდიტორიად გადავაქციეთ. განსაკუთრებულად მომხიბვლელი აღმოჩნდა საჭმლის მომზადებასთან ერთად ლექციაზე დასწრება.

ასე გრძელდებოდა დღეები თვითიზოლაციაში, მშვიდად და უკვე რუტინულადაც კი, მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დილას ფოსტით წერილი არ მივიღე: „გვიხარია გაცნობოთ, რომ გიწვევთ გამოცდაზე „სადღესასწაულო დარბაზში“. თან გამეცინა, თან გამიხარდა და თან ავნერვიულდი. მაინც ბოლომდე მეგონა, რომ ამ სემესტრში გამოცდები არ ჩატარდებოდა ან ონლაინ ჩატარდებოდა. წერილს რეგულაციების არც თუ ისე დიდი ნუსხაც მოჰყვა: თან უნდა გვქონოდა პირბადე, კალამი, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერითაც ვადასტურებდით, რომ კორონა ვირუსით არ ვიყავით ინფიცირებული. ასევე ხაზგასმით ეწერა, რომ უნდა დაგვეცვა 1,5-მეტრიანი დისტანცია. ჩემი ყურადღება, ყველაზე მეტად, შეხვედრის ადგილმა მიიპყრო. არ მეგონა, მაღლივ კორპუსში გამოცდების წერას შეჩვეულს, რომელიმე საგამოცდო სივრცე თუ გამაკვირვებდა.

წერილის წაკითხვიდან მალევე მქონდა ონლაინ ლექცია და უცნაურ დეტალებსაც ფარდა აეხადა. გაირკვა, რომ სადღესასწაულო სივრცე, უბრალოდ, ძალიან დიდი შენობა იყო ქალაქის ერთ-ერთ პარკში, რომლიც უნივერსიტეტმა სტუდენტების უსაფრთხოებისთვის იქირავა. უნივერსიტეტს ქალაქის ძალიან დიდი ნაწილი უკავია, დაახლოებით, კარლსრუეს ერთი მეოთხედი, მაგრამ საუნივერსიტეტო სივრცეში ისეთი აუდიტორიის მოძებნა, სადაც, დაახლოებით, 100-150 სტუდენტი, უსაფრთხოების დავის მიზნით დადგენილი წესების დაცვით, მოახერხებდა გამოცდაზე დასწრებას, ვერ მოხერხდა. ამიტომ, საჭირო გახდა გამოცდისთვის ნაკლებად შესაფერისი, სამაგიეროდ უშველებელი სივრცის დაქირევება. აქვე გაირკვა, რომ პირბადე მხოლოდ შენობაში შესვლისას, გამოსვლისას და საპირფარეშოსგამოყენებისას უნდა გვკეთებოდა, წერისას შეგვეძლო მოგვეხსნა.

გამოცდებადე ერთი კვირით ადრე ჩემმა მღელვარებამაც იმატა. მანამდე სტაბილური პროდუქტიული მუშაობის საათებიც გაიზარდა. სამზარეულოში ლექციებსაც აღარავინ ვესწრებოდით. ყველა სამუშაო მაგიდებს დაუბრუნდა, ცოტა იმედგაცრუებული და ცოტაც დაბნეული. ერთმანეთთან ვწუწუნებდით, რომ მსგავს სიტუაციაში გამოცდის ჩაბარება უდიდეს სტრესთანაა დაკავშირებული. მე ამაზე ნაკლებად ვღელავდი, გულის სიღრმეში გამიხარდა კიდეც იზოლაციიდან გაღწევა, თან ჩემი ჯგუფელების ნახვაც მაინტერესებდა, რომლებიც გამოკეტვამდე მხოლოდ რამდენიმეჯერ მყავდა ნანახი. ვირტუალური ლექციების დროს, შეძლებისდაგვარად, მაინც გავიცანით ერთმანეთი. ვიცოდი, ვინ უფრო აქტიური იყო, ვინ – პასიური, რომელი ღელავდა განსაკუთრებულად გამოცდაზე და ა.შ.

გამოცდის დღეს „სადღესასწაულო დარბაზისთვის“ შეუფერებლად გამოწყობილი დავადექი გზას. იმის გაცნობიერება და დაჯერება, რამდენიმეთვიანი იზოლაციის შემდეგ, 150 კაცს ერთად ვნახავდი, ცოტა მიჭირდა. ეზოში შესვლისას თვალით ჩემი ჯგუფელები მოვძებე, როგორც ჩანს, ყველა ეძებდა ნაცნობ სახეებს, ერთმანეთს კარგი, ძველი ნაცნობებივით შევხვდით, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით. შენობის წინ მთელი ეზო პატარა რგოლებით იყო მოხატული – გვახსენებდა 1,5-მეტრიან დისტანციას. გრძელი რიგი ჩადგა, ნელ-ნელა შევედით უზარმაზარ შენობაში. შესასვლელში ხელები დავიდეზინფიცირეთ. ჩემს ერთ ლექტორს მოვკარი თვალი, მანამდე, სულ 3-ჯერ მყავდა ნანახი, ისიც ზამთარში. უცნაური, საზაფხულო, ჭრელი კაბა ეცვა. ასე გამოწყობილს ვერასდროს წარმოვიდგენდი.

ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე. გამოცდის დაწყებამდე წაგვიკითხეს წესები. ყველაზე უცნაურად, ამ წესებიდან, ერთ-ერთი მომეჩვენა – საპირფარეშოს გამოყენებას თუ არ ჩავთვლიდით, შესვენებისას, მხოლოდ ჩვენი მერხის გარშემო, ისიც ერთი მეტრის რადიუსით შეგვეძლო გადაადგილება. წერისას საერთოდ აღარ მახსოვდა არც იზოლაცია, არც წესები და არც კორონა ვირუსი. მხოლოდ გამოცდაზე ვიყავი ორიენტირებული. იყო პატარ-პატარა ხარვეზები, დაუმორჩილებლობაც, მწეველთა აუტანელი წუწუნიც. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გამოცდა მქონია და, მათ შორის, ამაზე ბევრად უფრო ექსტრემალურ სიტუაციაშიც, მაინც უცნაური იყო გარემოც, ახალი აკრძალვებიც და დაბნეული დამკვირვებლებიც. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შევძელი 15-წუთიან შესვენებაზე ჩემი მერხის გარშემო სეირნობაც და გვერდზე მჯდომის შორიდან მოვიკითხვაც.

საბოლოო ჯამში, გამოცდამ მშვიდად, გერმანელებისთვის დამახასიათებელი მოწესრიგებულობით ჩაირა. ალბათ, გამოუცდელობის შემთხვევაში, ეს წნეხი ჩემზე ძალიან იმოქმედებდა, საბედნიეროდ, გამოცდილების მხრივ გამიმართლა.

ჩემთვის ეს სემესტრი, ახალ უნივერსიტეტში, მაგისტრატურის ნულ სემესტრად მოიხსენიება, რადგან გამოცდების და ლექციების რაოდენობა განახევრებულია, ამიტომ მიჭირს სასწავლო პროცესი შევაფასო. მაგრამ ერთი რამ კი ზუსტად ვიცი, ჩემი მავნე ჩვევა – ლექციებზე დაგვინება – ამ სემესტრში არავის დაუფიქსირებია. არ ვაგვიანებდი.

იზოლაციის პერიოდში, რამდენიმეჯერ, ჩემს ყოფილ მოსწავლეებს, თბილისში, ონლაინ საკლასო ოთახში ვესტუმრე. მე-3 კლასელები არიან და მსჯელობდნენ ონლაინ სწავლების დადებით და უაყოფით მხარეებზე. საბოლოოდ, ყველა შეთანხმდა, რომ განსაკუთრებულად მოსწონთ დასვენებაზე ზუმში დარჩენა და ერთად ონლაინ თამაში. მეც დავფიქრდი და მივხვდი, თუ მოსწავლეებისა და სტუდენტების ინტერესები იქნება გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, ჩვენც უფრო უპრობლემოდ მოვახერხებთ სწავლას, მიუხედავად სირთულეებისა, რა ფორმატით იქნება ის შემოთავაზებული, მთავარია, ჩვენი საჭიროებების გათვალისწინება. მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, უნდა გვკითხონ და მოგვისმინონ – რას ვფიქრობთ? რა გვჭირდება? რა გვაწუხებს? უშუალოდ ჩვენ გაგვიზიარონ ინფორმაცია, გადაწყვეტილებები, მიუხედავად ასაკისა და აკადემიური მოსწრებისა.

ერთ საღამოს, ინტერნეტში გადავაწყდი გერმანიის ერთ-ერთი ფედერაციული მიწის პრეზიდენტის მიმართვას. მიმართვა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს ეხებოდა. დეტალურად უხსნიდა პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მნიშვნელობას – რატომ ვერ ახერხებდნენ სკოლაში სიარულს, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელებულიყო ეს რთული პერიოდი და რამდენად დიდი იყო მათი წვლილი ამ საქმეში… თითოეულს მადლობას უხდიდა და ბოლოს შესთავაზა – „თუ შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ, ფოსტით წერილი გამომიგზავნოთ და მეც აუცილებლად წავიკითხავ და გიპასუხებთო.“ მიმართვა მომეწონა, გულიც ამიჩუყდა და ძალიან მომინდა, რომ ჩემი დაბნეული ახალგაზრდა თანამოქალაქეებისთვისაც ასევე აეხსნა ვინმეს, მათთვის გასაგებ ენაზე, რა ხდებოდა მათ თავს! მინიმუმ, აბიტურიენტებისთვის მაინც.

♦ ♦ ♦

გამოცდებიდან დაახლოებით ერთ კვირაში შედეგებიც გავიგეთ. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეს უცნაური სემესტრიც დასრულდა. ახლა ჩასაფრებული ველოდები რეისების დანიშვნას. იმედი მაქვს, ცოტა ხნით მაინც მოვახერხებ, შემდეგ სემესტრამდე, საქართველოში დაბრუნებას და ჩემი შთაბეჭდილებების უკვე პირადად გაზიარებას

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები