შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ნუნუ მიცკევიჩთან ერთად, დეტალურად გააცნო მედიის წარმომადგენლებს როგორც საგამოცდო პროცედურები, ასევე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია 2020 წლის გამოცდებზე, გამოსაცდელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა, წინა მხრიდან, აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით.
♦ ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება;
♦ საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება;
♦ სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება;
♦ მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.
საქართველოს მასშტაბით, გახსნილი იქნება 24 საგამოცდო ცენტრი ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.