25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე აბიტურიენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

spot_img

მაშინ, როცა ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ორი დღეა დარჩენილი, აბიტურიენტები საინგილოდან  ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ გადმოსვლას. აბიტურიენტებისა და მათი მშობლების განმარტებით, საბუთები წესრიგში აქვთ როგორც საზღვრის გადმოსაკვეთად, ასევე გამოცდების ჩასაბარებლად. მათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია და დაპირებაც მიიღეს, რომ აბიტურიენტები, გამოცდების დაწყებამდე 4 დღით ადრე, გადმოვიდოდნენ საქართველოში,  მაგრამ დაპირება, რომ აბიტურიენტები ქვეყანაში დროულად შემოვიდოდნენ, მხოლოდ დაპირებად დარჩა. გამოცდები ორშაბათს იწყება და გაურკვეველია, როგორ შეძლებენ საინგილოელი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე დასწრებას.

როგორც აბიტურიენტები ამბობენ, კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩაიკეტა საზღვრები და სერიოზული პრობლემა შეიქმნა საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელზე აქვთ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, რომ ეროვნულ გამოცდებში იღებენ მონაწილეობას, ასევე, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ 3 რიცხვში გადმოვიდოდნენ საქართველოში, კარანტინში იქნებოდნენ და იქიდან მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფდნენ საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, 3 ივლისი რომ მოახლოვდა, მათ განუცხადეს, რომ აზერბაიჯანიდან ვერ გადამოვიდოდნენ, შესაბამისად, ვერც გამოცდებს ჩააბარებდნენ.

შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი შემდეგ განმარტებას აკეთებს: „სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ჩარიცხული იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე. მათ ექნებათ მაქსიმალური ოდენობით დაფინანსება, რაც გახლავთ 2250 ლარი. ორგანიზებული იყო მათი ჩამოყვანაც, მაგრამ აღარ გახდა საჭირო მათი საქართველოში შემოყვანა“

შეგახსენებთ, რომ ამ კატეგორიის აბიტურიენტები, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

COVID19 პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისა და აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს დაფინანსდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები 70-მდე აბიტურიენტი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები