14 დეკემბერი, შაბათი, 2024

რატომ გადავადდა პრაქტიკოს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები – ბერიკა შუკაკიძე კარიერული წინსვლის დეტალებზე

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სიახლეა. სხვა ცვლილებებთან ერთად, შევიტყვეთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ზაფხულში დაგეგმილი გამოცდები გადაიდო. რა არის სახეცვლილი სქემის მთავარი მიზანი და როგორ შეძლებენ მასწავლებლები კარიერულ წინსვლას მასწავლებლის რეგულირების წესის დამტკიცებამდე, მათ შორის სპეციალური მასწავლებლები, რომლებსაც წლების ლოდინის შემდეგ, პირველად მიეცათ სტატუსიც და პროფესიული განვითარების შანსიც – გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე.

☑️ ბატონო ბერიკა, რატომ შეიცვალა გამოცდის დრო და რატომ შემოდგომაზე?  

?პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ამ ცვლილებით უქმდება კრედიტქულების დაგროვების სისტემა და, მის ნაცვლად, დიდი ყურადღება ეთმობა, უფრო სწორად, სავალდებულო ხდება სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. სკოლა დაადგენს მასწავლებლის პროფესიულ საჭიროებებს და განსაზღვრავს მათი პროფესიული ზრდისთვის საჭირო კონკრეტულ ტრენინგებს საათების მიხედვით. თუმცა, როგორც გითხარით, ეს არ აისახება კრედიტებში. მაგალითისთვის, უფროსი მასწავლებელი გაივლის 30-საათიან ტრენინგს, წამყვანი 12-საათიანს და მენტორი 5-საათიანს. განისაზღვრება სწორედ იმდენი, რამდენიც საჭიროა მათი სტატუსის შესაცვლელად. რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, მათ კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი, შემოდგომაზე გავიდნენ გამოცდაზე.

☑️ ეს შანსი ხომ ისედაც ჰქონდათ ზაფხულში, რატომ გადავადდა შემოდგომამდე?

?  შემოდგომაზე იმიტომ, რომ კიდევ მეტი დრო ჰქონდეთ გამოცდისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. მოგეხსენებათ, როგორი რთული და გაურკვეველი პერიოდი გაიარეს მასწავლებლებმა პანდემიის პირობებში. გადავავადეთ, რადგან რეფორმა მასწავლებელზე უნდა იყოს ორიენტირებული და მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს წინსვლისთვის, არ უნდა დარჩეს უკმაყოფილო იმით, რომ მომზადება ვერ მოასწრო და ა. შ. აქედან გამომდინარე, ახლა მათ მეტი დრო ექნებათ იმისთვის, რომ უკეთესად შეძლონ კომპეტენციის დადასტურება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას ვერც შემოდგომაზე ჩააბარებენ, 2020-21 სასწავლო წელს მაინც არაფერი ემუქრებათ – სასწავლო წელს ჩვეულებრივ დაასრულებენ. შემდეგი სასწავლო წლიდან კი, სკოლა მათ ადგილზე   ვაკანსიას გამოაცხადებს.

აქვე გეტყვით, რომ იმ მასწავლებლებზეც ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ.

☑️ ტრენინგები ზაფხულში გამოცხადდება?

? დიახ, დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სატატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია.

☑️ პრაქტიკოსებისგან განსხვავებით, ზაფხულში გამოცდა 12 000 დარეგისტრირებულ მასწავლებლობის მსურველს ჩაუტარდება. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?

?იახ, წელს ზაფხულში მივეცით შანსი იმ ადამიანებს, ვინც მასწავლებლის პროფესიით დაინტერსდნენ, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც 60-კრედიტიან პროგრამაზე სწავლა სურთ.   მოგეხსენებათ, 60-კრედიტიან პროგრამაზე მსურველებს მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ სწავლა, რაც გამოცდას ჩააბარებენ. ლოგიკურად, თუ ახლა არ ჩააბარა გამოცდა, მაშინ სექტემბერში უნივერსიტეტში როგორ ისწავლის?! ამიტომ მათაც შევუწყვეთ ხელი. გვინდა, ყველას, ვისაც მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლის სურვილი აქვს, ხელი შევუწყოთ – შანსი მივცეთ.

☑️ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც სქემაში აისახა, სპეციალური მასწავლებლებისთვის პრაქტიკოსის სტატუსის მინიჭებაა, წლების ლოდინის შემდეგ, ისინი პროფესიული განვითარების სქემაში ჩაერთვებიან.

?ს მართლაც მნიშვნელოვანია, როგორც იქნა, დასრულდა გაუთავებელი ლოდინი. სხვათა შორის, სპეცმასწავლებლის სქემის დამტკიცება ქალბატონი ეკა დგებუაძის და სალომე ჩარკვიანის დიდი დამსახურებაა. ასევე, საკმაოდ მაღალი იყო არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც ამ პროცესებში. მივაღწიეთ ურთიერთშეთანხმებას. ჩემი აზრით, დიდი უსამართლობა იყო, რომ აქამდე სპეცმასწავლებლები არ იყვნენ სქემაში ჩართული, დანარჩენი მასწავლებლებისგან განსხვავებით. მასწავლებელი მასწავლებელია! მე თუ მკითხავთ, პირიქით, უფრო მეტი თუ არა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს სპეციალურ მასწავლებელს, მით უფრო იმ ფონზე, როცა ასე კატასტროფულად იზრდება სსსმ მოსწავლეების პოპულაცია. ამ დროს, ამ მასწავლებლებს სტატუსიც კი არ ჰქონდათ, არათუ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. სწორედ ამის გამო, სპეციალური მასწავლებლები პროფესიას ტოვებენ. საინტერესოა, ხვალ ან ზეგ, ვინ უნდა მოგვეყვანა ამ პროფესიაში ან საიდან უნდა მოვიყვანოთ ამდენი სპეციალური მასწავლებელი?

☑️ როდის შეძლებენ ისინი კარიერულ წინსვლას?

  ? ჩვეულებრივ ჩაერთვებიან როგორც დანარჩენი მასწავლებლები. მთავარი იყო მათთვის სტატუსის მინიჭება, ახლა უკვე ჩაერთვებიან კარიერულ წინსვლაში. ეთნიკური უმცირესობებისთვის კი, ეს პროცესი გადავადდა 2022- 2023 სასწავლო წლისთვის, რაც ბუნებრივია, არ ვიქნებით მართლები, ტერნინგების გავლისა და ტესტების მომზადების გარეშე რომ ჩავრთოთ პროცესში, ამიტომ, ჯერ ამ ყველაფრით უნდა უზრუნველვყოთ. ვინც არ გადაგვიმზადებია, როგორ გამოვცდით?

☑️ უფროსი მასწავლებლისთვის გადავადდა გარე დაკვირვების კომპონენტი, როდის შეძლებენ ისინი გარე დაკვირვების გავლას?

? სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.

რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები