29 მარტი, პარასკევი, 2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა

spot_img
სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები და სიახლეები შევიდა. ცვლილებების შესაბამისად, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შემოდგომაზე ჩაატარებს.

სქემაში შესული ცვლილებების თანახმად:

♦ 2020 წელს, პირველად, სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ;

♦ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გადაუვადდათ გამოცდა და საშუალება მიეცათ, 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები;

♦ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია და სტატუსის ასამაღლებლად დარჩენილი აქვთ 1-5 კრედიტქულა, უფლება ექნებათ, გაიარონ ტრენინგ-მოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ დარჩენილი 1-5 კრედიტ-ქულა 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით;

♦ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე, გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას;

♦ მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შემოსვლის მსურველებს, 2020 წლის ზაფხულში ჩააბარონ გამოცდა, რომელიც 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება;

♦ გამომცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა   ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ტესტირება ერთ სესიად,   დღის პირველ ნახევარში, ჩატარდება;

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი;

♦ ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები