19 აპრილი, პარასკევი, 2024

გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა სკოლებს 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა.

⇒ გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა სკოლებს 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ, რის შემდეგაც ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება, ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება და თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის ბრძანების საფუძველზე, მერვე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მნიშვნელოვანი სიახლეებით წარიმართა:

შეფასების პირველი ეტაპის გადალახული სახელმძღვანელოების ავტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ რეცენზენტებს და, გარდა წერილობით მიღებული შენიშვნებისა და წინადადებებისა, მათგან უშუალოდ მიეღოთ დეტალური რეკომენდაციები არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სახელმძღვანელოების გასაუმჯობესებლად;

ხარისხის გაზრდის მიზნით, აიწია გადასალახი ბარიერი და ნაცვლად 79%-ისა, წელს 90%-ზე მეტი გახდა;

;

ხარისხის სასარგებლოდ შეიცვალა ხარისხისა და ფასის წონის თანაფარდობა სახელმძღვანელოს საბოლოო ქულის გამოყვანისას (მანამდე თანაფარდობა იყო: 90% – ხარისხი და 10% – ფასი, წელს არის: 95% – ხარისხი და 5% – ფასი);

გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები; ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.

ახალი სახელმძღვანელოები შეფასდა როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის, ასევე შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი გამართულობის, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან, ასევე მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობით, გრიფირების პროცესში, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ჩაერთვნენ სპეციალისტები, რომლებმაც სახელმძღვანელოები შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში; რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან; რამდენადაა გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების პრინციპები და სხვა.

სხვადასხვა საგანზე გაკეთებული 58 განაცხადიდან, საბოლოოდ, გრიფი 30-მა სახელმძღვანელომ მიიღო.

გრიფირებული სახელმძღვანელოები ვერ შეირჩა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია (VIII კლასი); რუსული (VIII კლასი); ქართული, როგორც მეორე ენა (VII კლასი).

⇒ იმ საგნებში, რომელზეც განაცხადები არ შემოსულა ან ვერ შეირჩა, IX კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად, გრიფირება მომავალ წელს თავიდან გამოცხადდება.

ელექტრონული რესურსების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გამომცემლობებს შორის თანამშრომლობა გრძელდება. ამ ეტაპზე, გამომცემლობების უმრავლესობამ გრიფირებული ელექტრონული სახელმძღვანელოები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის დროებით ხელმისაწვდომი გახადა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები