9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

სახელმძღვანელოების გრიფირების შედეგები ცნობილია

spot_img

დასრულდა VIII კლასის (ასევე დაწყებითი და VII კლასის ზოგიერთი საგნის) გრიფირების პროცესი. წელს კონკურსში 60-მდე სახელმძღვანელო მონაწილეობდა.

მარიამ ჩიქობავა: „ორი წელია, ჩართული ვარ ამ საკმაოდ რთულ და კომპლექსურ პროცესში, რომელსაც, ცხადია, ახლავს ხარვეზებიც. წელს 60-მდე სახელმძღვანელო მონაწილეობდა კონკურსში (თან, ძირითადად, მხოლოდ ერთი კლასისთვის) და 200-ზე მეტი შემფასებელი (აკადემიური წრის წარმომადგენელი, პრაქტიკოსი პედაგოგები, ფილოლოგები, ფსიქოლოგები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჩართული სპეციალისტები) იყო ჩართული.

ბევრი ავტორი და გამომცემელი გახარებულია და მეც უზომოდ მიხარია მათთან ერთად, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი სახელმძღვანელოები შევა წელს საქართველოს VIII კლასებში. რა თქმა უნდა, გვაქვს დიდი გულდაწყვეტაც, ნაწილი სახელმძღვანელოების ვერ გავიდა
და მესმის, რა ძნელია, შვილივით ნალოლიავები წიგნი რომ გრიფს ვერ მიიღებს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგნენ ავტორები:
– არსებითად შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი იყო გამოყოფილი, მაინც არ არის ეს დრო საკმარისი სრულიად ახალი სახელმძღვანელოს დასაწერად, ჩემი აზრით;

– გარდა ამისა, წელს გადასალახი ბარიერი, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მაღალი იყო;
– პროცესის მიღმა ზოგი იმის გამოც დარჩა, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად დადგენილი დრო, რეცენზენტების მხრიდან, არ ჩაითვალა საკმარისად კონკრეტულ სახელმძღვანელოებთან მიმართებით.

ამდენად, გრიფის მიღება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და არა მხოლოდ ავტორების კომპეტენციასთან.

უკვე დავიწყეთ მთელი ამ პროცესის კრიტიკული გააზრება, შარშანდელის მსგავსად, ავტორებისა და გამომცემლობებისგან ვიღებთ შენიშვნებს და წინადადებებს. უკვე მზად გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ორგანიზაციული და შინაარსობრივი კუთხით; ასევე, თუ როგორ გაუმჯობესდეს საკონსულტაციო პროცესი ავტორებთან. ყველას გვაქვს ერთი მიზანი – გვინდა ხარისხიანი სახელმძღვანელოები და ამიტომ, ამ პროცესში ღია ვართ ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

შორს არ არის ის ოცნებაც, რომ გარდა გრიფირებული სახელმძღვანელოებისა, სკოლებს ექნებათ სპეციალურად გამოყოფილი ბიუჯეტი, რომლითაც დამატებით რესურსებს (ელექტრონულს თუ ბეჭდურს) შეიძენენ, გამოიყენებენ და სასწავლო პროცესს გაამრავალფეროვნებენ.“

გრიფირებული სახელმძღვანელოების სია იხილეთ დანართში

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება N494029, 19.06.2020წ. დანართი

ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტებისათვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება N494028 19.06.2020წ. დანართი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები