25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

აქვთ თუ არა სკოლებს სანიტარიული განვითარების გეგმა

spot_img

დისტანციურ რეჟიმში მიმდინარე სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და უფრო და უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა – განახლდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან, სექტემბრიდან, სწავლების ჩვეული რეჟიმი? უპირველეს ყოვლისა, ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის არავინ იცის როგორი იქნება. არის მეორე ტალღის მოლოდინიც. ამ ვითარებაში, ექიმების რეკომენდაციებს შორის, უპირველესია სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები სკოლებში, უნივერსიტეტებსა თუ საბავშვო ბაღებში, ამ მხრივ კი, არაერთი კვლევის თანახმად, სასწავლო დაწესებულებებში, ჯერ კიდევ, ბევრი პრობლემაა.

სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, დროულად არ გააქვთ ნარჩენები, საპირფარეშოს ჯიხურებს არ ასუფთავებენ და რეცხავენ, მოძველებულია ტუალეტების ინფრასტრუქტურა, რიგ სკოლებში საპირფარეშოს ჯიხურებს არ აქვს კარფანჯარა, ავარიულია და არის ჩამოშლის საფრთხე. მსგავსი პრობლემების გამო, სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები თავს არიდებენ სკოლის საპირფარეშოებით სარგებლობას– ეს ამონარიდია სახალხო დამცველის ანგარიშიდან, შეისწავლეს 6 რეგიონის 108 საჯარო სკოლა როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში. მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, სკოლის სანიტარიული ობიექტები მოქმედი, სრულად ტექნიკურად გამართული და სუფთა.

108 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ 18 საჯარო სკოლაშია (16.7%). ნაკლედ გვხვდება ხელსაბანი საპონი, ქაღალდი, ხელსაწმენდი, ხელსაბანი ონკანი და ა.შ.

ომბუდსმენი ამბობს, რომ სკოლის დამლაგებლებს ტექნიკური გამოყენების წყლით მომარაგება რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ადგილობრივი მოსახლის ეზოდან ან საერთო წყალმოხმარების ობიექტიდან უწევთ. მსგავს პირობებში მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკმარისი ოდენობის სასმელი წყალი, დაიბანონ ხელი და ..“

გამოკითხულ თანამშრომელთა განცხადებით, სველი წერტილები სკოლების უმრავლესობაში ყოველდღიურად სუფთავდება (98 სკოლა – 90.7%); საკლასო ოთახებს შემოწმებული სკოლების 78.7%-ში (85 სკოლა) დამლაგებლები ალაგებენ –ასუფთავებენ. თუმცა სკოლების ვიზუალურმა დათვალიერებამ ასევე გამოავლინა, რომ ჯგუფების, კვების ბლოკის, სამედიცინო კაბინეტის, ბავშვთა განთავსების სხვა უჯრედების დალაგება/დასუფთავების შესახებ რაიმე სახის აღწერა/აღრიცხვა თითქმის არ მიმდინარეობს (95 სკოლა – 88%). გარდა ამისა, სკოლის შესაბამის თანამშრომლებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წესითა და ჯერადობით უნდა სუფთავდებოდეს სასკოლო ნივთები, საკლასო ოთახები, საპირფარეშოები და სკოლის სხვა ტერიტორია, ან ტარდებოდეს ე.წ. „დეზინფექცია“.

სოფლად მდებარე და მცირეკონტინგენტიან სკოლებში, ვიზუალური დათვალიერების შედეგად, გამოიკვეთა, რომ შემოწმებული სკოლების უმეტესობაში არ არის ხელმისაწვდომი: ბუფეტი (74.1%); სამედიცინო კაბინეტი (67.6); ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემა სკოლის შენობაში (63.9%); ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემა სკოლის ეზოში (54.6%). განსაკუთრებით მწვავედ დგას სკოლის ბუფეტების არარსებობის პრობლემა, რის გამოც, მოსწავლეები სასკოლო დროს ხშირად სკოლასთან ახლომდებარე მაღაზიებში ყიდულობენ საკვებს, რომლის უვნებლობაც არ კონტროლდება.

სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგება სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის სათანადო პირობებზე ხელმისაწვდომობა კანონით დაცული უფლებაა.

გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესები მის ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და საგანმანათლებლო საჭიროებებს უნდა ეფუძნებოდეს; ხოლო უვნებელი სასმელი წყალი, ისევე როგორც სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგება, არსებითია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებათა რეალიზებისთვის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, დაბინძურებული წყლის მიღება აფერხებს ბავშვის ფსიქოფიზიკურ განვითარებას.

საინტერესოა, ასევე, წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური (WASH) შეფასება კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN) ახორციელებს ორ ორგანიზაციასთან ერთად – „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ქალი და სამყარო“.

შეფასების ძირითად მიგნებებში ვკითხულობთ, რომ WASH–ის შეფასების ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა სკოლების ტუალეტებში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება. შემთხვევათა აბსოლუტურ უმეტესობაში ტუალეტების სანიტარიული მდგომარეობა სრულიად არ პასუხობს წაყენებულ მოთხოვნებს: უმეტეს შემთხვევებში ტუალეტები არ არის მოპირკეთებული სათანადოდ დასასუფთავებლად.

ტუალეტების უმრავლესობაში არ ტარდება დეზინფექცია. ბევრგან დაფიქსირდა მძიმე ანტისანიტარია. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღინიშნა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების სკოლებში.

შეფასებული სკოლების ტუალეტებთან უმეტესად არ არის ხელის დაბანის შესაძლებლობა, მაგრამ მათი არსებობის შემთხვევაშიც, წყლის პუნქტები ტუალეტებისაგან საკმაოდ დაშორებულია, ძირითადად, წყლის დასალევად გამოიყენება და არა ხელის დასაბანად. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელსაბანებთან არ არის საპონი (მყარი ან თხევადი). აღსანიშნავია, რომ სკოლის ტუალეტებით ხშირად სარგებლობენ არა მარტო მოსწავლეები და პედაგოგები, არამედ სოფლის მოსახლეობაც, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ბევრი სკოლის ტერიტორია არ არის სათანადოდ შემოღობილი.

სკოლებში არ არსებობს სპეციალური სასწავლო პროგრამები ჰიგიენის საკითხების სწავლების მიზნით. ზოგადად, ჰიგიენა ისევე, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ნაკლებად პრიორიტეტულად მიიჩნევა სკოლების უმეტესობაში.

რასაც ადასტურებს როგორც სკოლების ხელმძღვანელობასთან ჩატარებული ინტერვიუები, ისე შენობის კედლებზე გამოფენილი მასალები თუ დირექციის მიერ წარმოდგენილი სკოლების სტრატეგიული განვითარების გეგმები. ხშირ შემთხვევებში, გეგმებში ერთი წინადადებითაც კი არ არის ნახსენები წყლისა და სანიტარიის მხრივ არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის პოტენციური გზები. გარდა ამისა, პედაგოგებს არ გაუვლიათ სპეციალური გადამზადება/ტრეინინგი ჰიგიენის საკითხებში. სკოლებში ერთეულ შემთხვევებში თუ აღმოჩნდა რაიმე ბეჭდური საინფორმაციო მასალა (ლიფლეტი, ბუკლეტი, ბროშურა) აღნიშნულ თემაზე. სასურველია, საინფორმაციო მასალა, ქართულის გარდა, დაიბეჭდოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

გასულ წლებში ჩატარებული კიდევ ბევრი კვლევა და შეფასება ადასტურებს სასწავლო დაწესებულებებში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების არარსებობას. კორონავირუსთან დაკავშირებულმა ვითარებამ კი სწორედ ამ პირობების აუცილებლობა დაგვანახა. შეძლებენ თუ არა სკოლები, სასწავლო წლის სრულფასოვნად დასაწყებად, სათანადო გარემოს უზრუნველყოფას სექტემბერში ვნახავთ. იმედია, განათლების სამინისტროს არც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომი დრო  დაუხარჯავს უქმად და სასწავლო დაწესებულებებში, ამ მიმართულებით, მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

ლალი თვალაბეიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები