24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ჩვენც გვინდოდა ბოლო ზარი… და თან როგორ გვინდოდა…

spot_img

? თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე დღე, რომლებსაც ისინი მთელი სულითა და გულით ელოდებიან და შენატრიან. ჩემ შემთხვევაში ერთ-ერთი ასეთი დღე ბოლო ზარი იყო – სკოლის დამთავრებისას ბოლოჯერ დარეკილი ბოლო ზარი.

2008 წელს  პირველად შევაბიჯე 161-ე საჯარო სკოლაში და იქ გავატარე ჩემთვის საუკეთესო, ყველაზე ბედნიერი, მხიარული და თავგადასავლებით აღსავსე 12 წელი. ამ თემაზე საუბრისას სულ მახსენდება, პირველ რიგში, ჩემი დამრიგებელი, ჩვენი ნანა მასწი, რომელიც ჩემი მეორე დედა იყო, არის და იქნება მუდამ. დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში ვატარებდი, იქ ვსწავლობდი არა მარტო შემეცნებით საგნებს, არამედ ადამიანობას. ჩვენი დამრიგებლის უპირველესი მიზანი ყოველთვის ის იყო, რომ ჩვენ კარგ ადამიანებად ჩამოვყალიბებულიყავით და ამისთვის არასდროს დაუშურებია ძალისხმევა. ხშირად გვეჩხუბებოდა, ვკამათობდით, ვისჯებოდით, თუმცა მის თვალებში მუდმივად ამოიკითხავდით საოცარ, უმძაფრეს, ყველაფრის მამოძრავებელ გრძნობას, რომელსაც სიყვარული ჰქვია. ყოველი გაბრაზება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს უკეთესობისკენ შეცვლას ემსახურებოდა. 12 წლის მანძილზე არაერთი საინტერესო რამ გადაგვხდა თავს. სკოლაში შევიძინე დღეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები, მეგობრები. ვფიქრობ, ვერც ერთ ადამიანს ვერასდროს ვერავინ შეუცვლის სკოლის მეგობარს, რომელთან ერთადაც ერთ მერხზე იჯდა წლების განმავლობაში.

იყო ექსკურსიები თან მრავალდღიანი, გართობა, მხიარულება, დროის ტარება, იყო 2015 წლის 13 ივნისის ამბავი, რომელმაც მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა და მათ შორის ჩემი კლასიც, ჩაშლილი ექსკურსია და სხვათა დახმარება. ჩვენი ერთობის მიზეზი, ძირითადად, გართობა, მხიარულება, ლაღი და უდარდელი ბავშვობა, მეცადინეობა და არმეცადინეობა, ყოჩაღობა და სიზარმაცე, სიხარული და ბედნიერება  იყო, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ და არა მარტო ჩვენ, მთელი მსოფლიო  ერთმა ბოროტმა, საზარელმა, ყველაფრის დამანგრეველმა ვირუსმა გაგვაერთიანა და დაგვადარდიანა. კორონა ვირუსმა,  განურჩევლად ყველა, გამოგვკეტა სახლში და შექმნა უმძიმესი ფონი. თითოეულმა ჩვენგანმა სულ სხვანაირად გადავაფასეთ ყველაფერი, მეტად დავაფასეთ ადამიანები, ადამიანური ურთიერთობები, ჩვენ ირგვლივ არსებული მოვლენები და ვფიქრობ, ყველასთვის გადახარისხდა პრიორიტეტები და ღირებულებები.

წლევანდელი წელი ჩვენთვის, ჩემი კლასისთვის და, ზოგადად, აბიტურიენტთათვის მეტად საპასუხისმგებლო იყო. ჩვენ ყველანი გადავდივართ ახალ ეტაპზე, ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ვემშვიდობებით ყველაზე ტკბილს, სკოლას. 2020 წლის 20 მაისს უნდა დარეკილიყო ბოლო ზარი. ეს არის დღე, რომელსაც 12 წელი ველოდი, ვგეგმავდი ჩემს მეგობრებთან, მშობლებთან და, რა თქმა უნდა, უსაყვარლეს დამრიგებელთან და სკოლის დირექციასთან ერთად.

ბოლო ზარი ჩემთვის უდიდეს მხიარულებასთან, მაგრამ ამავდროულად დიდ სევდასთან, სენტიმენტებთან არის დაკავშირებული, რადგან ვშორდები ყველაზე საყვარელ ადგილს, სადაც ვეღარასდროს დავბრუნდები, თითქოს მთავრდება უტკბილესი, ნეტარი ბავშვობის წლები, რომლებმაც ისე სწრაფად გაირბინეს, რომ უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველას გვიწევს შევეგუოთ საშინელ რეალობას, რომ მაისში დაგეგმილი ბოლო ზარი ჩაიშალა, თუმცა დროებით, ვფიქრობ, ყველაფერი წინ არის,  ყველაფერი კარგად იქნება და სექტემბერში მოგვეცემა საშუალება, რომ სისრულეში მოვიყვანოთ ის ყველაფერი, რასაც ვაპირებდით: სიმღერის ჩაწერა, ცეკვების დადგმა, ვიდეოკოლაჟის გაკეთება და სხვა მრავალი საინტერესო რამ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სკოლის დირექცია ყველაფერში ხელს შეგვიწყობს და ახლა უკვე სულმოუთქმელად ველოდებით გამოცდების ჩაბარებას და შემდეგ  „გადატანილი“ ბოლო ზარისთვის მზადებას. ჩემი აზრით, სიმბოლური და საინტერესოც კი იქნება –  პირველკლასელთათვის პირველი ზარის და ჩვენთვის კი ბოლო ზარის  ერთდროულად დარეკვა მაშინ, როდესაც ისინი პირველად შეაბიჯენებ სკოლაში და ჩვენ კი, იმედია უკვე სტუდენტები, საბოლოოდ გამოვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ სკოლას. საბოლოოდ გამოვემშვიდობებით ყველაზე ლაღ, მხიარულ, თავგადასავლებით აღსავსე ბედნიერ წლებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავრდება მხოლოდ სკოლის წლები, მაგრამ, სამუდამოდ გრძელდება ჩვენი მძლავრი კავშირი, მეგობრობა, ურთიერთობა ერთმანეთსა და ჩვენს დამრიგებელს, ჩვენს ნანა მასწ-ს  შორის.

ნინუცა საყვარელიძე

თბილისის 161-ე საჯარო სკოლა

 

? სკოლა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამ პერიოდს შეაქვს ყველაზე დიდი წვლილი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ბოლო ზარი არის ის მომენტი, როდესაც იხედები გარშემო და ხედავ რამდენად აზრიანად გაატარე 12 წელი, რამდენად ბევრი კარგი მეგობარი შეიძინე, რა ცოდნით ტოვებ შენთვის წლების განმავლობაში ყველაზე აუტანელ და ამავდროულად საყვარელ ადგილს, რამდენად მზად ხარ ზრდასრულ ცხოვრებაში გადასასვლელად. იხედები გარშემო და ყველაფერი უკვე თვალნათელი ხდება… თუმცა 2020 წელს დამამთავრებელ ბავშვებს ზედმეტად არ გაუმართლათ, ისინი ხომ იძულებულნი გახდნენ, გამოტოვონ ეს სიხარულით, ცრემლებით, ჩახუტებებით, ხელმოწერებით სავსე ფერადი დღე. არადა ამ მომენტს ხომ 12 წელი ელოდნენ?! როცა დაინახავდნენ გახარებული უმცროსკლასელების სახეებს, რომლებსაც ხვდათ წილად ლეგენდარულ თეთრ პერანგზე ხელის მოწერა, როცა სრულიად სხვანაირად შეხედავდნენ მასწავლებლებს, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში მათი თანამდევები და „მაწვალებლებიც“ კი იყვნენ.

მე დიდი სიხარულით ველოდი ამ მომენტს, ფილმივით მქონდა წარმოდგენილი მთელი დღე, წინასწარ ვივსებოდი ამ უდიდესი მოვლენის ემოციებით. დიახ, დიახ, ეს მართლაც რომ უდიდესი მოვლენა უნდა ყოფილიყო ნებისმიერის ცხოვრებაში, სხვა სიტყვას ვერც შეარჩევ. იმედია, ამ დაუვიწყარი დღის გარეშეც დიდი შემართებითა და ხალისით გადავალთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ერთი კონკრეტული დღე ხომ მთავარი არაა, მთავარია ყველაფერი ის, რაც ამ 12 წელმა დატოვა. მჯერა, რომ ამ დღის გარეშეც შევძლებთ ამ უდიდესი გამოცდილების დაფასებას…

ნიკუშა ცქიტიშვილი

ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკამათემატიკის 199- საჯარო სკოლა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები