საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე საუბრობს უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების გეგმაზე, რომელიც სასწავლო წლის დასრულებამდე განხორციელდება, მათ შორის, განმარტავს იმას, თუ როგორ შეძლებენ სტუდენტები საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვას და მეექვსე ფაზამდე, სპეციალური რეკომენდაციების დაცვით, ლაბორატორიებით სარგებლობას.
☑️ როდის გაიხსნება უმაღლეს სასწავლებლებში საგამოცდო სივრცეები
უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებისგან განსხვავებით, შედარებით სხვა სიტუაცია გვაქვს, ვგულისხმობ სწავლების პერიოდს, რადგანაც ჩვენთან სემესტრი ასე ერთმნიშვენლოვნად გარკვეული თარიღებით არ სრულდება – სემესტრის დასრულების თარიღებს უმაღლესები მოგვაწოდებენ. ამის გარდა, მოგეხსენებათ, რომ ჩასატარებელია ფინალური გამოცდები და დამამთავრებელი კურსებისთვის კი სამაგისტრო თუ საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. ასე რომ, უმაღლესი განათლების სისტემა კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა, რასაკვირველია, ეს რაოდენობით არ ფასდება, მაგრამ კიდევ ბევრი სამომავლო გეგმაა გასაწერი და ახლაც მუდმივი მუშაობის პროცესში ვიმყოფებით. თავისთავად, მზად გვაქვს და უკვე შეთავაზებულია უმაღლესებისთვის ალტერნატიული პაკეტები, როგორ წარიმართოს დისტანციურად შუალედური თუ საბოლოო გამოცდები, ან როგორ განხორციელდეს შეფასება. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ფაზის შემდეგ, უკვე უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არა დისტანციურად, არამედ საგამოცდო სივრცეებში მიიღონ სტუდენტები. ამისთვის კი, უსაფრთხოების გეგმა შემუშავდა და უკვე დამტკიცდა რეკომენდაციები იმის შესახებ, როგორ უნდა მოეწყოს უნივერსიტეტების შიგნით საგამოცდო სივრცეები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უპირველესია ადამიანების ჯანმრთელობა და ამიტომ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მივცემთ შიდა სივრცეების გახსნის უფლებას, რომლებიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებენ რეკომენდაციებს და სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო გარემოს გაწერილი ვალდებულებების საფუძველზე შექმნიან. აქედან გამომდინარე, ახლა საგამოცდო ცენტრები გადასალაგებელი და მოსაწყობია და უნივერსიტეტები ამაზე იმუშავებენ. შიდა საგამოცდო ცენტრებში სტუდენტების შესვლას კი, ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების მიხედვით განსაზღვრავს – ის გასცემს ნებართვას რომელი სივრცე გაიხსნება.
☑️როგორ შეძლებენ სტუდენტები საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვას
მოგეხსენებათ რომ ყველა დარგს და ყველა მიმართულებას თავისი სპეციფიკა აქვს – მაგალითად, ჰუმანიტარული დარგის მიმართულების სტდენტებისთვის შედარებით უფრო გამარტივებულია ამ პერიოდში სწავლა. რადგან მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად, საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლის გარეშე, იმუშაონ. ეს პროცესი გაცილებით რთულია საბუნებისმეტყველო დარგების სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით კი, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისთვის (მათთვის ეს რეალურად შეუძლებელია). შესაბამისად, გავითვალისიწინეთ არსებული რეალობა და ამიტომ, მათ მიეცემათ საშუალება, ინდივიდუალური გრაფიკების მიხედვით იმუშაონ. ეს იქნება სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელისა და თვითონ სტუდენტის შეთანხმების საფუძველზე დანიშნული თარიღები. გათვლილი იქნება პერიოდი, რომელიც ლაბორატორიაში შესვლის შემდეგ, უკვე ნაშრომის დაცვამდე გაიწერება. რასაკვირველია, ამას დაადასტურებს ფაკულტეტის საბჭო, აკადემიური საბჭო და ყველა ის ორგანო, რომელიც ლეგიტიმურია ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
აქვე დავამატებ, რომ საუნივერსიტეტო სივრცეების გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს დანიშნული რექტორთა საბჭო, სადაც განხილული იქნება ლაბორატორიების გახსნის საკითხიც. რეკომენდაციების თანახმად, მეექვსე ეტაპს არ ელოდება სიცოცხლის შემსწავლელი დარგები და ყველა ის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აუცილებელ კონტაქტს და შესვლას აუდიტორიის სივრცეში. ამისთვის უკვე დამტკიცდა რეკომენდაციებისა და ვალდებულებების ნუსხა, რომელიც გაწერს იმ უსაფრთხოების ნორმებს, რომელიც უნდა შეასრულოს სასწავლო ლაბორატორიებმა. ასე რომ, უმაღლესი განათლების მთელი სისტემა არ დაელოდება მეექვსე ეტაპს და ეს დაშვებები ინდივიდულურად, შერჩევით მოხდება იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ზომებს სტუდენტებისა და პედაგოგების ჯანმრთელობის დასაცავად.
☑️ როგორი იქნება საშეღავათო პოლიტიკა და ვინ ისარგებლების ამით?
საშეღავათო პოლიტიკა შემუშავდა და სამინისტრომ რეკომენდაციები მიაწოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. რა თქმა უნდა, ეს მიდგომები განსხვავებულია აქამდე არსებული მიდგომებისგან და ჩვენ ვიღებთ უნივერსიტეტებისგან უკუკავშირს. შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ თითოეულმა უნივერსიტეტმა შეძლო ინდივიდუალურად სტუდენტთა შესაძლებლობების გათვალისწინება. თავისთავად, ჯერჯერობით, ეს გაზაფხულის სემესტრისთვის გაწერილი საფინანსო პოლიტიკაა, რადგან გარკვეული ვალდებულებებიც არსებობს სტუდენტების მხრიდან იმისთვის, რომ უნივერსიტეტმა ეს ყველაფერი უღიაროს და მიაწოდოს სასწავლო პროცესი. ამ გადასახადის უკან კი დგას პედაგოგის ხელფასი და ა.შ. აქვე გეტყვით, რომ სასწავლო გრანტები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან არის გასაცემი, გაზაფხულის სემესტრისთვის, შეუფერხებლად გადაერიცხა თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს.
☑️ ერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდებისადმი გაჩენილი ინტერესი გასაგებია და ეს გამოწვეულია იმ გლობალური რეალობით, რომელიც არა მარტი საქართველოში, არამედ მთელ სამყაროშია. აქედან გამომდინარე, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან უფრო მძაფრდება ყველა შეკითხვა, თორემ, სხვაგვარად, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან მიმართებაში ყველაფერი არის იმ წესისა და რიგის მიხედვით (პერიოდის დაცვას ვგულისხმობ), როგორც იყო წინა წლებში. ფაქტობრივად, წინა პრაქტიკის შესაბამისად მივდივართ, რადგან რეალურად გამოცდები დაგეგმილია ივლისის თვეში და ზუსტი თარიღები გამოცხადდება ივნისში. შარშან გამოცხადდა 12 ივნისს და გამოცდები დაიწყო 1 ივლისს. თუმცა, ჩვენ ივნისში დაველოდებით ეპიდმდგომარეობას და იმ ეპიდმაჩვენებლების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რაც იმ დროისთვის გვექნება – თუ ეს მოგვცემს შესაძლებლობას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ განათლების სისტემა მზად არის გამოცდების ჩასატარებლად. ორგანიზაციული საკითხები, რომელიც უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება, მოგვარების პროცესშია. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ერთად გავდივართ რეკომენდაციებს, რომელიც გამოცდების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. მაგრამ, ვინაიდან თვითონ ამ ინფექციისა და ეპიდემიის ისტორიაა ძალიან ხანმოკლე, აქედან გამომდინარე, არ არსებობს მსგავსი გამოცდილება თუ სამედიცინო მტკიცებულებები, რომელსაც დავეყრდნობით. ამიტომ ყოველდღე იცვლება რეკომენდაციებიც, უფროს სწორად ვარიანტები. თუმცა, გამოცდების ჩატარების პერიოდისთვის შევთანხმდებით პაკეტზე, რომელიც რეალურად მაქსიმალურად შექმნის ისეთ უსაფრთხო გარემოს, რომელშიც გამოცდებს ჩავატარებთ. რასაკვირველია, დაცული იქნება დისტანცირებაც, ჰიგიენის ნორმებიც, დეზინფექცირებული იქნება ყველა სივრცე და რეკომენდაციების მიხედვით უზრუნველვყოფთ ამ სივრცეში თითოეულ ინდივიდს შორის მანძილს – მერხებს შორის მანძილს.
მოგეხსენებათ, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებზე, არამედ საუბარია საერთო სამაგისტრო გამოცდებზე თუ სტუდენტური გრანტის მოსაპოვებლად დარეგისტრირებულ ახალგაზრდებზე და მასწავლებელთა გამოცდებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებზე. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას.
მოამზადა ლალი ჯელაძემ