25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

კომფორტულად ჯდომას ის ბობოქარი რეალობა მირჩევნია, რომლითაც ამ ხნის განმავლობაში ვიცხოვრე  

spot_img
ჩემი რესპონდენტი, მარნეულის №2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუაა, რომელიც უკვე წლებია, მრავალკონტინგენტიან სკოლას უდგას სათავეში, სადაც რუსულ-ქართული სექტორი ფუნქციონირებს და ორივე სექტორზე აზერბაიჯანელი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები სწავლობენ. დირექტორი მათ ქართულ ენას ასწავლის და როგორც თავად ამბობს, ამისთვის თავი არასოდეს   დაუზოგავს. პანდემიის დაწყებიდან მალევე წითელ ზონად გამოცხადებულ რაიონში დირექტორს შესვლის საშუალება აღარ მიეცა, თუმცა, დისტანციურად მართვასა და სწავლებას ამან ხელი ვერ შეუშალა. როგორია სკოლის ონლაინ გაკვეთლები, მოსწავლეთა დასწრება და რა პასუხისმგებლობაა ქალბატონი შორენა ხუხუასთვის ტელესკოლის მასწავლებლობა? – ამ და ბევრ სხვა კითხვაზე საინტერესო პასუხებს ინტერვიუში წაიკითხავთ, თუმცა, მანამდე გეტყვით, რომ ჩვენი განათლების სისტემა და, ზოგადად, ქვეყანა ამ ადამიანების მხრებზე დგას.

☑️ ქალბატონო შორენა, ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმით, თუ როგორია მოსწავლეთა დასწრება ონლაინ გაკვეთილებზე? გარდა იმისა, რომ თქვენ მასწავლებელი ხართ და თავად გიწევთ ამ პროცესის წარმართვა, ამავდროულად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონში მაღალკონტინგენტიანი სკოლის დირექტორი ხართ, სკოლის, სადაც ორი სექტორი ფუნქციონირებს.  

? ზუსტ მონაცემებს ყოველ კვირას ვაჯამებთ, დღევანდელი შეფასებით, მაღალ კლასებში თითქმის ოთხმოცდაათპროცენტიანი დასწრება გვაქვს, დაბალ კლასებში უფრო ნაკლები. თუ მშობელი ნაკლებ ყურადღებას აქცევს განათლებას, მისი შვილის დასწრებაც დაბალია. საერთო ჯამში, მოსწავლეთა დასწრება მოასლოდნელზე მეტია, ალბათ, იმიტომ, რომ სახლიდან გვერთვებიან – ყურსასმენს გაიკეთებს და გაკვეთილზეა. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ შემსუბუქებულია საგაკვეთილო პროცესი, ნაკლები დრო სჭირდება. მაღალ კლასებში ინდივიდუალურად წყვეტს პედაგოგი დროის განაწილებას. გიორგი ჭაუჭიძის სადამრიგებლო კლასს ვასწავლი და ხშირად მეუბნება, ნახევრად ხუმრობით, მგონი ჩვენ ონლაინ სწავლებით უფრო მეტ შედეგებს დავდებთო. მთელი დღე კონტაქტზე ვართ, ვატარებთ გაკვეთილს, ვუხსნით, დავალებებს ვაძლევთ. დავლებებს წერით ასრულებენ და გვიგზავნიან. ამით ძალიან დახვეწეს წერის კულტურა, მით უმეტეს კომპიუტერული წერის კულტურა, ქართულ კლავიატურასაც მიეჩვივნენ, რაც კიდევ ერთი პლუსია.

ინტერნეტი, თითქმის 90%-ზე მეტს აქვს, ასევე, ყველას აქვს ტელეფონებიც, მეოთხეკლასიდან ზევით ძალიან ცოტაა მოსწავლე, ვისაც ტელეფონი არ აქვს. ბავშვისთვის, ხშირად, უბრალოდ საბაბია, ტელეფონი არ აქვს ან ინტერნეტი, რომ გაკვეთილს არ დაესწროს. როგორც გითხარით, ეს მშობლის უპასუხისმგებლობა უფროა. რეალურად, ვინც მანამდეც უპასუხისმგებლო იყო და დავსდევდით სოციალური სამსახურით, ის ახლაც უპასუხისმგებლოა. ჩვენი სკოლა მკაცრად აკონტროლებს გაცდენებს – რა ხდება, რატომ არ დადის ბავშვი სკოლაში, სოციალური სამსახური მუდმივად აკითხავთ გამცდენებს ოჯახებში. ახლა ონლაინ გაცდენებსაც ჩვეულებრივად აღვრიცხავთ და ასეთი მოსწავლე ბევრი არაა.

ჩვენი სკოლა ცხრის ნახევარზე იწყებოდა და დაგვიანების პრობლემა იყო, ახლა აღარ აგვიანებენ იმიტომ, რომ უფრო გვიან იწყება გაკვეთილები და მეორეც, უფრო იოლია ყველაფერი – 10-ზე ან 11 საათზე გაიღვიძებს და პირდაპირ სკოლაშია. თუ სურვილი არ აქვს, კამერასაც არ ჩართავს. და მაინც ვერ ვიტყვი, რომ ეს სრულფასოვანი სწავლებაა. მასწავლებლებისთვის მეტი ტვირთია, ურთულესია ადმინტრაციისთვის, ემოციურადაც ძალიან გვაკლია ადამიანებს ურთიერთობები. არ გვაქვს წვდომა მშობლებთან, სადაც არის პრობლემა და საჭიროა სოციალური სამსახურის ჩართვა.

☑️ მასწავლებლებმა, რეალურად, როგორ გაართვეს თავი ონლაინ სწავლების პროცესს?

? თიმსში ყველაფერი ისე იოლად შეიძლება შეასრულო, რომ არა მგონია, ამას მასწავლებელმა თავი ვერ გაართვას – უმარტივესია, მისცე დავალება, ჩაუგდო ბმული და ა.შ.,რასაკვირველია, უნდა იცოდე მისი მოხმარება. ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებმა, ჩემს სკოლაში, კარგად ისწავლეს ეს ყველაფერი. მინდა გითხრათ, რომ დროულად დავიჭირეთ თადარიგი. როცა ეპიდემია დაიწყო, ჩვენმა ადმინიტრაციულმა გუნდმა ივარაუდა, რომ შეიძლება გვქონოდა ერთთვიანი ჩავარდნა. ასეთ ამბებს არ ველოდით, მხოლოდ ერთ თვეს ვფიქრობდით.

სასწრაფოდ დავიწყეთ მასწავლებლებისთვის ტრენინგები. რამდენიმე პედაგოგი გვყავს „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული და სწორედ მათი დახმარებით, დავატრენინგეთ არაქართულენოვანი მასწავლებლები, იმის შიშით, ვაი თუ ვერ დავბრუნდეთ სკოლაში. მასწავლებლებმა დავიწყეთ კონფერენციების მოწყობა, ჯერ „თიმსში“ შევქმენით პედსაბჭოს ჯგუფი, მერე – ანალოგიური ზუმში, ვცდილობდით და ვეძებდით გზებს, რა და როგორ გაგვეკეთებინა საჭიროების შემთხვევაში.

ძალიან დიდი სკოლაა, მით უმეტეს, ორი სექტორია და დიდი დარტყმა იქნებოდა სკოლისთვის ერთთვიანი წყვეტა. ამიტომ, ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ ეს დარტყმა შეგვემსუბუქებინა.

ამას ტელესკოლის გაკვეთილები ემატება, როგორც დამატებითი რესურსი, თავისთავად, საგნობრივად, პირდაპირ ვერ გაჰყვება პროგრამას – 15-წუთიანი გაკვეთილებია. ამ გაკვეთილების დავალებებს ვუგზავნით ბავშვებს, რომ შეასრულონ და გაუგზავნონ ტელესკოლის მასწავლებელს. მოსწავლეები მარტო ტელესკოლის მასწავლებელს კი არა, ჩვენც გვიგზავნიან უკუკავშირს.   ასე მომდის მეც დავალება ყველა იმ მოსწავლისგან, ვინც კი ჩემს გაკვეთილს უყურებს, – გარდაბნისა და მარნეულის, წალკის, ბოლნისის და სხვა მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებისგან.

☑️ ქალბატონო შორენა, თქვენ თვითონ ხართ ტელესკოლის მასწავლებელი, რა პასუხისმგებლობაა ასეთი დიდი აუდიტორიის მასწავლებლობა?

? დამერწმუნეთ, ბევრად რთულია, იყო ტელესკოლის მასწავლებელი, ვიდრე ჩვეულებრივი სკოლის. დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. ძალიან ვინერვიულე. იწყებ იმით, რომ არაფერი მზა პროდუქტი არ არსებობს, თავს უყრი მასალებს და შენ თავად ქმნი პროგრამას, ახალ რესურსს იმის მიხედვით, რა სტანდარტსაც გთავაზობს ტელესკოლა. ათასი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომელზეც ადრე არასოდეს გიფიქრია. მაგალითად, ზუსტად უნდა გათვალო დრო – ზუსტად 15 წუთზე უნდა დასვა გაკვეთილი ისე, რომ ბავშვისთვის საინტერესოც აღმოჩნდეს და სასარგებლოც, სიამოვნებითაც გიყურონ და დავალებაც ხალისით შეასრულონ. ყველაფერთან ერთად, ტელესკოლის გაკვეთილი აუცილებლად ბმაში უნდა იყოს გაკვეთილების თემებთან.

დაწყებითი კლასის სცენარებს გიორგი ჭაუჭიძე წერს და მიგზავნის. გიორგი ყველამ იცის, ვინცაა და აღარ ჩამოვთვლი მის დამსახურებას განათლების სისტემაში.

მაღალ კლასებში დავით კამკამიძე მეხმარება, ჩემი მოადგილე და ქართულის, როგორც მეორე ენის საუკეთესო პედაგოგი. მყავს არაჩვეულებრივი ტექნიკური ჯგუფი, პროფესიონალი პროდიუსერები და ოპერატორები, ისე გულით არიან ჩართულნი ნებისმიერ დეტალში, არ ვიცი, მადლიერება როგორ გამოვხატო.

პირველი გაკვეთილების კადრებს რომ შევხედე, თურმე როგორ ვნერვიულობდი, როგორი დაძაბული ვიყავი – კამერა პირში გიყურებს, შენ კი შიშობ, არაფერი შეგეშალოს, თან ბავშვს ვერ ხედავ, არადა მას ელაპარაკები. მესამე და მეოთხე გაკვეთილებზე დაძაბულობა უფრო მომეხსნა, შევეჩვიე და ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს.

გამოხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გაკვეთილები მოსწონთ.

ჩემს ტელეგაკვეთილებში ხშირად მოისმენთ ამბებს დმანისზე, წალკაზე, ნინოწმინდაზე, მარნეულზე თუ გარდაბანზე. როცა   ბავშვი გაკვეთილს უყურებს და მასწავლებელი ეტყვის: „გაიხედე ფანჯარაში, დღეს შენს რაიონში წვიმს“ და ეს მართლაც ასეა, მას უხარია, რომ პირადად მისი მასწავლებელი ვარ.

აქედან გამომდინარე, ამ გაკვეთილმა მის ცნობიერებაში შეიძლება ბევრად მეტი კვალი დატოვოს, ვიდრე ქართული ენის 45-წუთიანმა სტანდარტულმა ან ონლაინ გაკვეთილმა. ჩემი გაკვეთილების გმირები, გარდა იმისა, რომ მათთვის ძალიან ნაცნობ ადგილებში ცხოვრობენ, სახელებიც ძალიან ნაცნობი აქვთ, რომელიც შეიძლება ერქვას დმანისელ მოსწავლესაც, მარნეულელსაც, ახალციხელსაც და წალკელსაც.

აი, ამაზე ვფიქრობ გამუდმებით, როგორ ვიყო თანაბრად ყველას პედაგოგი.

☑️  ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლობა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი საქმის კეთება და დიდი პასუხისმგებლობაცაა. ეს პასუხისმგებლობა რაღაცნაირად თქვენს მხრებზე დადგა…

? სკოლაში ახალგაზრდა კადრების   გუნდი შევქმენი – სკოლა იმ საუკეთესო ახალგაზრდებით დავაკომპლექტე, რომლებიც 4+1 პროგრამის კურსდამთავრებულები არიან. ჩემი მასწავლებლების ნაწილი სწორედ მასწავლებლის სახლის პროგრამების მონაწილეები არიან და იმედია, მსგავსი არაჩვეულებრივი პროექტები ისევ გაგრძელდება.

15 წლის წინ სულ სხვა ვითარება და გამოწვევები იყო. ახლა ახალგაზრდებმა სახელმწიფო ენა გაცილებით უკეთ იციან. როცა ამ თემასთან დაკავშირებით აგრესია იწყება, ძალიან ვბრაზდები. სხვაგვარი მიდგომაა საჭირო და არა აგრესიული საუბარი იმაზე, რომ ძველმა თაობამ ქართული ენა არ იცის. ბავშვებმა, რომლებიც კარგად სწავლობენ, ქართულიც კარგად იციან, ვინც არ სწავლობს, მან არც სხვა საგანი იცის და არც ქართული.

სამსახურში მასწავლებლებად მივიღე აზერბაიჯანელი ახალკურსდამთვარებულები, რომლებმაც კარგად იციან აზერბაიჯანული, ქართული და რუსული ენები. ეს მიზანმიმართულად გავაკეთე, აუცილებელი იყო, რადგან სკოლაში მხოლოდ ქართული ენის არცოდნის კი არა, ზოგადად, მწვავედ იდგა საგნობრივი სწავლების პრობლემა. ამიტომ, ამ მასწავლებლებს   თავისუფლებას ვაძლევდი, რომ გაკვეთილზე, განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებში, ბავშვებთან, მშობლიური ენაც გამოეყენებინათ.

მინდოდა, დაგვეძლია ის პრობლემები, რაც ბავშვებს ჰქონდათ – რეალურად ვერ ძლევდნენ საფეხურს, ვერ გადიოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის და საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნებზე. წლების წინ კატასტროფული მდგომარეობა დამხვდა. გავოცდი, როცა დიაგნოსტიკური კვლევებით ეს შედეგები დავაფიქსირე. ხმაურიანად ვაფრიალე მონაცემები, რისთვისაც კრიტიკაც უხვად მივიღე. მიუხედავად ამისა, პრობლემაზე მაინც ხმამაღლა ავლაპარაკდი. განვითარებული ქვეყანა პრობლემებს არ მალავს და ცდილობს იპოვოს გადაჭრის გზები. მეტი გაბედულება სჭირდება განათლების სისტემას.

ახალგაზრდა მასწავლებლების მუშაობამ კარგი შედეგები მომცა. ვეუბნებოდი, ფიზიკას ასწავლი და ვერ იგებს ქართულად, აუხსენი მშობლიურ ენაზე, მთავარია გაიგოს საგანი და არ იყოს სასწავლო სივრცისგან იგნორირებული. მაღალ კლასებში გავაძლიერეთ ბილინგვური სწავლება.

საუკეთესო ათეულის დირექტორი ვარ, ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი და ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მასწავლებლები მყავს. ჩვენი სკოლა ქმნის სახელმწიფოებრიობის ამინდს მარნეულის რაიონში, რადგან ის, რასაც ჩვენი სკოლა ყოველ წამს და ყოველ წუთს აკეთებს, არაქართულენოვანი სკოლებისთვის მაგალითის მიმცემი ხდება. ამაზე ყოველდღიურად მუშაობს მთელი გუნდი. მოსწავლემ რომ საგანი არ იცის კარგად, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ თუკი სკოლა სახელმწიფოებრივ აზროვნებას არ უყალიბებს ისეთ მულტილინგვურ რეგიონში, როგორშიც ჩვენ ვართ, მაშინ აქ სხვა საფრთხეები შეიძლება გაჩნდეს. მით უმეტეს, რომ საქართველოში მოჭარბებულ ტოლერანტობას ვერ დავიკვეხნით. ერთმანეთის ბრალდებისა და ხელის გაშვერის დროს შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დავაზარალოთ. ამიტომ ვფიქრობ, ყველა დირექტორი, განსაკუთრებით არაქართულენოვანი სკოლის, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს.

სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება სწორედ სკოლაში ხდება. დირექტორმაც და მასწავლებელმაც ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ზოგადი განათლების კანონის სწორედ ამას ავალდებულებს სასწავლო დაწესებულებას, რომ შესაბამისი უნარებით აღჭურვილი ტოლერანტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქე აღუზარდოს ქვეყანას.

ჩემი აზრით, სკოლის ხელმძღვანელი აუცილებლად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას, იმისთვის, რომ ადაპტირებული იყოს თანამედროვე სისტემაში.

ჩვენი სკოლა, არაქართულენოვან სკოლებს შორის, ლიდერია რეგიონში, ამას შედეგებით ვადასტურებთ – სერტიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობით, კონკურსებზე გამარჯვებით ან იმ სტუდენტებით, რომლებიც ქართულ სექტორებზე აბარებენ, ჩვეულებრივ, ოთხი საგნით რეგისტრირდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და კონკურენციას უწევენ ქართულ სკოლადამთავრებულებს. ეს ყველაფერი იმან კი არ მოიტანა, რომ ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ. არა, უფრო ჭკვიანი ძალიან ბევრია მარნეულშიც და სხვაგანაც,   ჩვენ ადაპტირებულები ვართ ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში და ვიცით, რა მოთხოვნებს აყენებს სკოლა, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება. პრობლემებს ვაღიარებთ და ვცდილობთ, მოვაგვაროთ.

ისეთი კარგი აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებლები მყავს სკოლაში, ძველი თაობა, რომლებმაც პროფესიული წინსვლა შეძლეს. ტრენინგებისა და გადამზადების შემდეგ ისეთი შედეგები აჩვენეს გამოცდებზე, რაც ბევრმა ქართული სკოლის მასწავლებელმა ვერ შეძლო. 84 მასწავლებლიდან, 90 პროცენტი სერტიფიცირებულია, გვყავს 2 მენტორი, 11-მდე წამყვანი და დანარჩენი – უფროსი პედაგოგი. ძალიან ცოტა მასწავლებელია დარჩენილი სტატუსის გარეშე, საგნის გამოცდა ყველას აქვს ჩაბარებული, რამდენიმეს დარჩენილი აქვს უნარების გამოცდა, ისიც იმის გამო, რომ უნარებს ქართულად აბარებენ და გაუჭირდათ. მასწავლებლების უმეტესობამ ქართული ისწავლა იმისთვის, რომ პედაგოგიური უნარების გამოცდა ჩაებარებინა. სპეციალური ჯგუფები შევქმენით მათთვის ქართულის შესასწავლად, სადაც გიორგი ჭაუჭიძე და პროგრამის მასწავლებლები ასწავლიდნენ. ამაში, რასაკვირველია, ხელმძღვანელობის როლიც არ უნდა დაიკარგოს, თუ ხელმძღვანელი მოწოდების სიმაღლეზეა და სხვის ბრძანებებს არ ელოდება, მაშინ, მერწმუნეთ, დაუძლეველი არაფერია.

☑️ რა არის მთავარი მასწავლებლისთვის?

? მთავარი სიყვარულია – ბავშვი უნდა გიყვარდეს და სულაც არ არის ეს არც ბანალური და არც ტრაფარეტული. დამწყები მასწავლებელი შეიძლება ვერც მეთოდებს ფლობდეს და არც საგანი იცოდეს ბრწყინვალედ, მაგრამ თუ ბავშვი უყვარს, აუცილებლად ისწავლის ყველაფერს. მნიშვნელოვანია სიყვარულში ბალანსის შენარჩუნება, რადგან კლასში ყოველთვის არის მოსწავლე, რომელიც მეტად უყვართ იმიტომ, რომ მასთან მუშაობა კომფორტულია, ნიჭიერია და იოლად იგებს ყველაფერს, მაგრამ ასევე არის მოსწავლე, რომელთან მუშაობაც არ არის კომფორტული. ამიტომ, მთავარია, მასწავლებელი თანაბარი იყოს მათ მიმართ. ეს რჩევები მამამ მომცა, ის იყო ჩემი პედაგოგი. როცა მასწავლებელი გავხდი, მითხრა: მთავარია, სამართლიანად მოექცე იმ კომფორტულ მოსწავლესაც, რომელიც ყოველ დღე დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს და იმ მოსწავლესაც, რომელმაც შეიძლება დავალება საერთოდ არ შეასრულოს. ორივეს მიმართ განწყობა და დამოკიდებულება ერთი და იგივე უნდა გქონდესო.

სკოლაში ერთი უნიჭიერესი მოსწავლე მყავს – აისელი, რომელიც გიორგი ჭაუჭიძის სადამრიგებლო კლასშია. თუ რამეზე დავიწუწუნებ ან რამე უკმაყოფილებას გამოვთქვამ რომელიმე მოსწავლის მისამართით, გიორგი მეტყვის-ხოლმე – აქ აისელების სკოლა კი არ გვაქვსო. მეც ხშირად ვიმეორებ ამ ფრაზას: აისელთან მუშაობა ძალიან იოლია – ნიჭიერია, პოზიტიური და თბილი, ერთი ნახვით რომ შეგიყვარდება, ისეთი ბავშვია… მაგრამ, თუ აისელის გვერდით ზის ჩაკეტილი, აგრესიული, ხანდახან უხეში და არაფრის გამკეთებელი მოსწავლე, შენ, კარგ მასწავლებელად და კარგ დირექტორად მაშინ ჩაითვლები, თუკი ორივეს მიმართ თანასწორი/თანაბარი იქნები.

თუ სიყვარულით მიუდგები, ის აგრესიული მოსწავლეც აუცილებლად გიპასუხებს სიყვარულით, დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ… მაგრამ აუცილებლად.

ჩემი, როგორც დირექტორის, ორიენტირი სწორედ ასეთ ბავშვებზე იყო ყოველთვის მიმართული. ზოგადად, ინკლუზიურ განათლებას დიდ ყურადღებას ვაქცევ, ამიტომ განსაკუთრებით ვცდილობ მათ ჩართვას პროცესებში, სურვილი მაქვს, მუდამ გვერდით ვიყო, რადგან სწორედ რთული ბავშვებისგან ვისწავლე ბევრი რამ. ვისწავლე, როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს მათთან, როგორ მივუახლოვდე მათ, როგორ დავინახო ჩემი საჭიროება… ნამდვილი მასწავლებლობა სწორედ ასეთ მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობებია. შეიძლება საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ვერ ჩართო, მაგრამ მისი კლასთან ინტეგრირება რომ შეძლო და ასწავლო თანატოლებთან ურთიერთობა, ესეც დიდი მიღწევაა. რთულ და კონფლიქტურ კლასში შევედი წლების წინ, გადირექტორებისთანავე და ახლაც ვასწავლი მათ. არ ვიცი, ყველასთან შევძელი თუ არა ასე მიდგომა, მაგრამ ვცადე და ამისთვის თავი არ დამიზოგავს. ერთად ვიხსენებთ ხოლმე, რა გზა გამოვიარეთ დღევანდელ ღირებულებებამდე.

☑️ რა გავლენას მოახდენს საგანმანათლებლო სფეროზე პანდემია ან ზოგადად რას შეცვლის ეს პროცესები?

? ამაზე ხშირად ვფიქრობ… ყველას და ყველაფერს მადლობას ვწირავ იმისთვის, თუკი ოდესმე რაიმე პრობლემა შემიქმნეს, რადგან პრობლემამ ასჯერ მეტად გამაძლიერა. თუნდაც, დირექტორობის პერიოდში მიღებულმა არაერთმა დარტყმამ მიმახვედრა, როგორ გავმხდარიყავი ძლიერი და უფრო პროფესიონალი. კომფორტულად ჯდომას ყოველთვის მირჩევნია ის ბობოქარი რეალობა, რომლითაც ამ ხნის განმავლობაში ვიცხოვრე და ახლაც ვაგრძელებ. დიდ პრობლემებს უფრო დიდი სიძლიერე მოაქვს და ვფიქრობ, პანდემიაც დიდ გარდატეხას შეიტანს, რაღაც კუთხით, არა მხოლოდ განათლებაში, ზოგადად, ჩვენს ცნობიერებაში.

ბევრი რამ დაგვანახა გამოწვევამ, ბევრი რამ უკვე გვასწავლა კიდეც. პირველ რიგში, ახლა განსაკუთრებით შევიგრძენი, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონია ბავშვებთან თვალებით დამყარებულ ემოციურ კონტაქტს. ვიგრძენი ისიც, რა ძვირფასია ჩემთვის სკოლა ყველა თავისი ატრიბუტიკით, ვიგრძენი როგორ მომენატრნენ ბავშვები, როგორ მოვენატრე მათ.

გავიგე ისიც, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად გამოვეკიდები გაცდენებს, მშობლებს კი მეტად ვთხოვ, ჩაერთონ შვილების განათლების პროცესში. თუნდაც იმ მშობლებს, რომლებიც ახლა შვილებს არ ეუბნებიან, რომ ტელეფონი აიღონ ხელში და გაკვეთილს შეუერთდნენ.

დღევანდელმა პროცესებმა განათლების სისტემას აჩვენა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მოსწავლეების ნიშნებით შეფასებებს, რომ ეს შეფასებები მხოლოდ რიცხვებია, რადგან არავის გაუპროტესტებია, რომ ნიშნებს არ ვწერთ და არც არავის უკითხავს, რა ნიშანი მიიღო. ეს იყო ყველაზე ამაზრზენი პრაქტიკა ჩემს ცხოვრებაში, როცა მოსწავლე მეკითხებოდა – მასწ. რა ნიშანი დამიწერეთ, სახლში რომ მივალ, მკითხავენო. ამ დროს სულ მინდოდა მშობლებისთვის მეთქვა: შვილებს კი ნუ ეკითხებით რა ნიშანი დავუწერეთ, ჩვენ გვკითხეთ, რაში დაეხმაროთ თქვენს შვილებს.

მიხარია, რომ ამ პერიოდმა ძველი, საბჭოური ორიენტირი – ნიშნებზე სწორება, თუნდაც, დროებით გააქრო, უკან გადასწია.

რაც მთავარია, პანდემიამ ტექნოლოგიებით სწავლების კიდევ უფრო მეტი საჭიროება დაგვანახა. ახლა, როცა სკოლაში დავბრუნდებით, უფრო გავაძლიერებთ და დავხვეწთ თიმსის პროგრამაში მუშაობას, უამრავი რამ არის, რაც ვერ გავიგეთ ან უბრალოდ ვერ მივაკვლიეთ. მართალია, ონლაინ გაკვეთილებს ვატარებთ, მაგრამ ყველა ერთნაირად ხომ არ არის გაწვრთნილი ტექნოლოგიებში.

და კიდევ, ერთი რამ ზუსტად ვიცი, პანდემიის შემდგომ ყველაფერი უკეთესად იქნება, ვიდრე აქამდე იყო; ვიცი, როცა სკოლაში დაბრუნების დრო დადგება, ამას ვერავინ დამასწრებს, ჩავალ ჩემს საყვარელ მარნეულში, მივალ ჩემს მონატრებულ სკოლაში და პირველი ფრაზა, რასაც ვიტყვი, იქნება: არ დავიღლები არასდროს!

ესაუბრა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები