მე მასწავლებელი ვარ. მოსწავლეებს ქართული მითოლოგიური სამყაროს შესახებ ვუყვები, რომელიც, სამწუხაროდ, არა მარტო ბავშვებისთვის, დიდებისთვისაც კი საკმაოდ უცნობია ხოლმე.
წარმოიდგინეთ გაკვეთილი, სადაც მითებსა და ზღაპრებს გიყვებიან. ბევრ ახალ ამბავს იგებ, უამრავ ახალ გმირს აღმოაჩენ. ზოგიც ნაცნობია, მის შესახებ წაგიკითხვას, მოგწონებია ან გაბრაზებულხარ. ამ დროს შენს წარმოსახვას ახალ მონაყოლს ადარებ. ასეთი გაკვეთილი საინტერესოდ და სახალისოდაც გეჩვენება. მით უმეტეს, თუ ამ გმირების დახატვასაც გთხოვენ. უნდა მოიფიქრო, რა ჩააცვა დევს, გრძელი ყურები აქვს თუ მოკლე ყურშას, მინდორთბატონის ასული ყვავილიდან ყვავილზე ხტება თუ ფრთები აქვს და დაფრინავს.
თქვენ გგონიათ, ახალი გმირების გაცნობით ცოდნა მიიღეთ და ამით გაკვეთილი დასრულდა? თუ ასე ფიქრობთ, ცდებით და თან ძალიანაც ცდებით. სწორედ ამ გაცნობის შემდეგ იწყება დიდი შემოქმედებითი პროცესი.
მაგალითად, ქართულ მითოლოგიაში გსმენიათ წყალქვეშ მცხოვრები გმირების შესახებ. სავარაუდოდ, არა. კი, ჩვენც გვყავს მითოლოგიური გმირები, რომლებიც წყალქვეშ ცხოვრობენ და მათ მესეფენი ჰქვია. ადამიანის მსგავსნი არიან. წყალში ცხოვრობენ და ხმელეთზე შავი ზღვიდან მესეფობის პერიოდში შემოდგომობით ხმელეთზე ამოდიან.
ექვსნი არიან – სამი ქალი და სამიც კაცი. თან მოჰყვებიან ძაღლები. მნიშვნელობა აქვს პირველი ქალი ამოვა თუ კაცი. კაცი თუ ამოდის, ადამიანებს აგებინებს, რომ ამინდი იცვლება და საქმეები წვიმების დაწყებამდე უნდა დაასრულონ. თუ ქალი ამოდის – კარგი ამინდი იქნება. წყლიდან ამოსვლის შემდეგ მიდიან ტყეებში და იქ ნიშნავენ ცხოველებს, რომელთა მოკვლაც მონადირეებს არ შეუძლიათ.
ეს, რაც ცნობილია ქართული მითოლოგიიდან.
მოდი ახლა, ეს ცოდნა გამოვიყენოთ, შემოქმედებითად ვიაზროვნოთ, ფანტაზიას ვუხმოთ და მათ შესახებ თავად მოვიფიქროთ ზღაპრები თუ მოთხრობები.
მაგალითს მე მოგცემთ. აი, რა მოვიფიქრე.
როგორ დამეგობრდნენ მესეფენი და ადამიანები
საერთო მიწისა და წყლის შვილები იყვნენ: ერთნი მიწაზე ცხოვრობდნენ, მეორენი – წყალში. ზღვისები – მესეფენი მიწისების – ადამიანების შიშით მიწას ფეხს ვერ აკარებდნენ და მიწისები კი ზღვაში არ შედიოდნენ, ანუ ერთნი ზღვის პირას ცხოვრობდნენ და ცურვა არ იცოდნენ, მეორენი – ხმელეთის პირას და მშრალ მიწაზე ფეხი ერეოდათ.
დია მიწის შვილი იყო. როგორც კი სელის ძაფის დართვისგან თავს გაითავისუფლებდა და დედაც თვალით ანიშნებდა, გარეთ გასვლა შეგიძლიაო, სოფელს განერიდებოდა და ზღვის პირას, სიმყუდროვეში, საწოლის ქვეშაგებზე რბილ და თბილ ქვიშაზე წამოწვებოდა და ჩამავალ მზიდან გადმოღვრილ ბილიკს ფიქრებით მიუყვებოდა. უკანასკნელი სხივების ჩასვენების წინ წამოდგებოდა, ნაწნავებს დაიშლიდა, ხელებს გაშლიდა, დატრიალდებოდა და ჩალისფერ თმას ზედ დაიხვევდა, ტანს ტალღებივით არხევდა და მზეს ასე ემშვიდობებოდა. დია თუ ამ მოძრაობებს მნათობის გაცილებას ეძახდა, მემრესთვის – ზღვიდან მოთვალთვალე მესეფისთვის ცეკვა იყო. დიამ მოთვალთვალის შესახებ არაფერი იცოდა, მემრე კი თავს ირწმუნებდა, რომ ამჩნევდნენ, უფრო მეტიც, ხმელეთელი მისთვის ცეკვავდა.
დიას სხვა მოთვალთვალეც გამოუჩნდა: სოფლის თავის ვაჟი. მან მაშინვე მამას მოახსენა, დია მესეფთან მეგობრობს და მისთვის ცეკვავსო.
სოფლის თავი რა თავი იქნებოდა, განგაშის ზარი რომ არ ჩამოეკრა. დიას ღალატი დააბრალეს.
– ხვალ დილითვე უნდა დაისაჯოს! – ერთი ხელის მოსმით გამოუტანეს განაჩენი.
სოფელმა საქმე გააკეთა და ვალმოხდილმა მშვიდად დაიძინა. ფხიზლობდნენ საბძელში გამომწყვდეული დია და მისი სასოწარკვეთილი დედა.
შუაღამემდე ითმინა დედამ. ცრემლით დაილბო კაბის გულისპირი. ბოლოს დატყვევებულ დიას მიაკითხა. კართან მხოლოდ სოფლის თავის ვაჟი იდგა. დედას წინ გადაეღობა, არ შეგიშვებო. დიდი ხვეწნის შემდეგ დართო ნება პირმშოს უკანასკნელად მოფერებოდა. დედა სულ ცოტა ხნის შესული იყო, რომ დია გარეთ გამოვარდა და ტყისკენ გაიქცა. მცველი უკან დაედევნა. ძლივს დაიჭირა. მხოლოდ მკლავებში მომწყვდევის შემდეგ მიხვდა, დიას კი არა, დედამისს მისდევდა. ქალს სახეში გაარტყა და იქვე მიაგდო. თავად სატუსაღოსკენ გაიქცა, რა თქმა უნდა, ცარიელი დახვდა. ყვირილი მორთო, მოღალატე გაიქცაო.
დია ტყის მოპირდაპირე მხარეს, ზღვისკენ გაიქცა. მდევარს დასაწევად დიდი დრო არ დასჭირვებია. ნაპირზე დიას მალევე მიაგნეს. გოგონა ხან მათ შეხედავდა, ხან – ზღვას. ზღვა მშვიდი იყო და მოლივლივე და ისიც შევიდა. სულ ერთი ნაბიჯით რომ დაეგვიანებინა, ხელს სტაცებდნენ და გამოათრევდნენ, მაგრამ ფეხის დასველება ვერავინ გაბედა, მხოლოდ დიას სილურჯეში თანდათან გაუჩინარებას ადევნებდნენ თვალს.
წყალი მხრებს ასცდა და თავსაც გადაუარა. დია ერთი აფართხალდა, მაგრამ მერე ბედს მიენდო და თვალდახუჭული ფსკერისკენ მშვიდად დაეშვა. უეცრად ვიღაცის სხეული იგრძნო, წელზე ხელი შემოხვიეს და ზევით აიტანეს. დია ისევ სუნთქავდა. ახლა კი შეამჩნია მხსნელი ვინც იყო: მისი ცეკვით მოხიბლული მესეფი. ვაჟი ჩაძირვის საშუალებას არ აძლევდა.
სხვა მესეფენი შორიდან ადევნებდნენ თვალს ადამიანის გადარჩენის მსურველ მოძმეს. დახმარებას არ აპირებდნენ, მაგრამ არც მცდელობაში უშლიდნენ ხელს.
დრო გადიოდა და თანდათან მესეფს ღონე გამოეცალა. ორივემ, მშველელმა და საშველმაც, ნელ-ნელა ჩაძირვა დაიწყო. დია ნაპირიდან ხან გამოჩნდებოდა, ხან წყალი ფარავდა. ყოველ დაფარვას ადამიანები ამოოხრებითა და გმინვით ხვდებოდნენ. სოფლის თავი გრძნობდა, შურისძიებისა და მოღალატის დასჯის ჟინი ხალხში როგორ ილეოდა, ამიტომ დროდადრო შესძახებდა ხოლმე, დაიხრჩოს, დაე, თევზების ლუკმა გახდეს ეგ მოღალატეო, მაგრამ მის ძახილს ნიავს ფანტავდა და ადამიანთა ყურამდე ვერ აღწევდა.
მესეფმა იცოდა, ამ ამოყვინთვის შემდეგ დიას წყლის ზედაპირზე მეტჯერ ვეღარ ამოიყვანდა. დამხმარე არავინ ჩანდა. გინდაც სხვა მესეფები შეშველებოდნენ, გოგონას ტალღებს ზემოთ როდემდე ატივტივებდნენ.
– იცეკვე! – შეუძახა ბედსმინებებულ მიწელს მესეფმა. დიას გაოგნებულ მზერას რომ გადააწყდა, უფრო ხმამაღლა უყვირა, – ჰო, იცეკვე, როგორც მიწაზე ცეკვავდი, გაშალე ხელები, იმოძრავე… იმოძრავე!
დიამაც გაშალა ხელები, ადრე თუ ნიავს აყოლებდა ახლა ტალღებს ეფერებოდა, თითქოს მათ აქოჩრილ ბულულებს ეფერებოდა, ხან მათთან ერთად წყვილად ირხეოდა და ფეხს ასე უწყობდა. მესეფმა შვება იგრძნო, დია აღარ იძირებოდა, ხან წყალზე ტივტივებდა, ხანაც მიცურავდა.
მალე დია თავად მიხვდა, სხეული და სუნთქვა როგორ ემართა და რა განსხვავება იყო ცეკვასა და ცურვას შორის.
– მე ვცურავ! – იყვირა გოგონამ.
ვაჟი დროდადრო ხელს აშველებდა, დასვენების საშუალებას აძლევდა. ახლა უკვე სხვა მესეფენიც დაუდგნენ გვერდში და შორიახლო დაცურავდნენ, საჭიროების შემთხვევაში, გოგონას რომ დახმარებოდნენ.
დია ნაპირისკენ გაცურდა. ახლა კი დაინახეს მიწიდან, რომ გოგონა თავად ცურავდა და მესეფენი მხოლოდ შორიდან უთვალთვალებდნენ.
– ცურავს!.. ცურავს… გაისმა წამოძახილები.
დიამ ფსკერი დაინახა თუ არა, მიწის ადამიანი მაშინვე ფეხზე დადგა. წყალი მკერდამდე წვდებოდა. გამოქცევისას სხვა სოფლელები დატოვა, ახლა კი სულ სხვა ხალხი უცქერდა. მათ თვალებში მტრობისა და შურისძიების სურვილის ნატამალსაც ვერ ხედავდა. დია ხან თავისიანებს შეხედავდა, ხან უკან ჩამოტოვებულ მესეფენს.
– წადი შენიანებთან, – მიცურდა დიასთან მესეფი ვაჟი, – ცურვა რომ მოგენატრება, ზღვა ყოველთვის მშვიდად მიგიღებს, ჩვენც არაფერს გავნებთ.
– ვიცი, ახლა უკვე ვიცი! – თავი დაუქნია დიამ, – მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არ არის. გამომყევი და ნაპირზე ერთად გავიდეთ.
– ნაპირზე? ხმელეთზე? – შეცბუნდა ვაჟი.
– ჰო, არ მენდობი?
– შენ გენდობი, მაგრამ… – მესეფმა აღარ დაასრულა სიტყვა, მხოლოდ კოლხებისკენ გაიხედა.
– ესენი აღარაფერს დაგიშავებენ. თუ… – ჩაფიქრდა დია, – მე გადაგეფარები.
იმ შემოდგომის დღის შემდეგ კოლხები ზღვას დაუბრუნდნენ, მესეფებმა კი ხმელეთზე ამოსვლა დაიწყეს. წელიწადში ერთხელ სამი მესეფი ქალი – დიას სახელზე, სამი მესეფი კაცი – დიას მეგობარი მესეფის სახელზე ხმელეთზე ამოდიოდნენ, თან ძაღლებიც ამოჰყავდათ და კოლხებს ამინდის გამოცნობასა და ნადირობაში ეხმარებოდნენ. ასე დამეგობრდნენ ადამიანები და მესეფენი.
ახლა დავალება. მის შესასრულებლად თქვენც უნდა უხმოთ ფანტაზიას და დაწეროთ ზღაპარი ან მოთხრობა, რომელიც მესეფეების ქვეყანაში, წყალქვეშ ხდება.
თქვენს ნამუშევარში აუცილებლად
♦ უნდა აღწეროთ გარემო – როგორ სახლებში ცხოვრობენ, რას მიირთმევენ, სკოლები აქვთ თუ არა, თავისუფალ დროს როგორ ატარებენ.
♦ დაახასიათოთ მთავარი გმირი, რომელიც მესეფია, – როგორი ხასიათისაა, მშიშარაა თუ გულადი, მოგზაურობა უყვარს თუ თავის სახლ-ნიჟარაშია შეყუჟული. როგორ გამოიყურება, ესაც მაინტერესებს.
♦ და ბოლოს მოუგონოთ სახალისო თავგადასავალი.
აქ კი ჩვენი გაკვეთილი სრულდება. ახლა თქვენ უნდა იყოჩაღოთ და კითხვასთან ერთად მესეფენთა შესახებ ერთი საინტერესო ამბავი უნდა მოიგონოთ.
ნატო დავითაშვილი