შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს. მისი რეკომენდაციით, უნდა გაიზარდოს საგამოცდო ცენტრების რაოდენობა, იმავდროულად, შემცირდეს სესიაში მონაწილე აბიტურიენტთა რიცხვი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოცდები ონლაინ რეჟიმშიც გაიმართოს.
„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გაზრდა. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება. სასურველია, საგამოცდო ცენტრების გაზრდა ისე, რომ აბიტურიენტს არ დასჭირდეს დისტანციების გავლა, რომ გამოცდა ჩააბაროს. მეორე – სრულიად შესაძლებელია, სესიების რაოდენობა გაიზარდოს. ტრადიციულად, გამოცდები 9 საათზე იწყებოდა და მხოლოდ 2 სესია გვქონდა, წელს, საგამოცდო ცენტრში აპლიკანტების შეზღუდული რაოდენობა უნდა დავუშვათ და კონვეირული წესით შევიყვანოთ შემდეგ სესიებზე. პირობითად, 20 აბიტურიენტი – 9 საათზე, შემდეგ – კიდევ 20 და ა.შ. როცა დაასრულებენ, სხვა გასასვლელიდან გავლენ და აბიტურიენტებს ერთმანეთთან შეხება არ ექნებათ. სათქმელად ადვილია, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, თუმცა პრობლემა დაძლევადია“, – აცხადებს მაია მიმინოშვილი.
ერთ-ერთ ვარიანტად ე.წ. ონლაინ რეჟიმში ჩატარებასაც განიხილავს, თუმცა ამბობს, რომ, რაც შეეხება უცხო ქვეყნის გამოცდილებას, არ სმენია ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემის შესახებ, რომელიც ე.წ. ონლაინ რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტარდება, „თუმცა, ყველაფერი პირველად იქმნება და რატომაც არ უნდა ჰქონდეს ამბიცია საქართველოს, რომ მსგავსი საგამოცდო სისტემა შეიქმნას.“
მაია მიმინოშვილის აზრით, საგამოცდო ცენტრებად ყველა სკოლა შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამბობს, რომ მთავარი და მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ნაწილის გამართვა: „რეკომენდაცები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეროვნული გამოცდების სისტემა შევინარჩუნოთ, მაგრამ გამოცდები ისე ჩავატაროთ, რომ ერთ შენობაში ბევრმა აპლიკანტმა არ მოიყაროს თავი. საგამოცდო ცენტრში, დაახლოებით, 1500 ადამიანი იყრის თავს (აბიტურიენტები, მეთვალყურეები, მომსახურე პერსონალი). 1500 ადამიანის ერთ შენობაში თავშეყრა შეუძლებელი იქნება ივლისში და ვერც აგვისტოში გავრისკავთ ამას.“
გაუმართლებლად მიაჩნია ეროვნული გამოცდების სრულად გაუქმება, ასევე, გადავადებაც, რადგან უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. ამბობს, რომ ახლა იმის დრო არ არის, განათლების სამინისტრომ ახალი სისტემის შექმნაზე დაიწყოს ფიქრი. „ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, არც გამოცდების გადავადება იქნებოდა, ალბათ, უპრიანი იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, არ ვიცით, მომავალში როგორი ვითარება იქნება. ღმერთმა ქნას, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს, თუმცა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ნუ შევიქმნით იმის ილუზიას, რომ კორონავირუსი დამარცხდება ივლისში, ან აგვისტოში, ან სექტემბერში.“ – ამბობს გამოცდების ცენტრის ყოფილი დირექტორი.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა