„ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც აბიტურიენტებს მუშაობა უწევთ, მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. შემუშავებულ იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“, – ეს განაცხადება დღეს „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროსთან ერთად, უკვე მიდის მსჯელობა, რა აჯობებს – როგორი გარემო იქნება უფრო უსაფრთხო და როგორ იქნებიან უფრო მეტად დაცულები აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მივლენ.
„აბიტურიენტებს, ამ პერიოდში, მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, მართლაც უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის, უმრავლეს მათგანს უჩვეულო გარემოში მოუწევს სკოლის დამთავრებაც, ბოლო ზარის ზეიმის თუ დღესასწაულის აღნიშნვა კი, შეიძლება, ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არ მოხდეს, როგორც სხვა წლებში. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ გამოცდებზე და ვუსურვებ, მათ მიიღონ ის სასურველი შედეგი, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ.“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ლალი ჯელაძე