რა უცნაური სიტყვები გვესმის ამ ბოლო დროს: მსოფლიო პანდემია, კორონა, კოვიდი, იზოლაცია, სოციალური დისტანცირება, კარანტინი, კომენდანტის საათი, ქალაქის ჩაკეტვა, პირბადე, რესპირატორული აპარატი და ა.შ და ა.შ.
ამ რთულ დროში და რთულ გამოთქმებს შორის ყველაზე ახლობელი და ნაცნობი სიტყვებიც ხშირად გაისმის. მათგან ზოგი ძალიან, ძალიან გასაგები და ნაცნობი: „ხელის დაბანა“! სხვებიც, ასევე ნაცნობები: თამაში, წიგნის კითხვა, მულტფილმის ყურება, ხატვა, გაფერადება,მაგრამ რა უცნაურია, რომ სახლში ვართ და ჩვენი საბავშვო ბაღებიც შინაა, ჩვენი სკოლებიც, ეზოებიც, სტადიონებიც. დედიკოს და მამიკოს სამსახურებიც… ეს კია, ცოტა უცნაურია, რომ სახლში ამდენი რამ ეტევა.
ყველაფერი ერთ დიდ „სახლობანას“ თამაშს ჰგავს, ყველა ბავშვისთვის საყვარელ თამაშს, არა გამოგონებული, არამედ ცოცხალი პერსონაჟებითა და მოთამაშეებით!
არც უთენია ადგომა გიწევთ ბავშვებს, შეგიძლიათ გამოიძინოთ მშვენივრად, წასასვლელი მაინც არსად ხართ. არც სკოლაში, არც სიმღერაზე, არც სპორტზე, არც ბალეტზე… დიდი დიდი, ოთახიდან ოთახში გახვიდეთ და გამოხვიდეთ, გაიქცეთ და გამოიქცეთ და, რაც მთავარია, ახალი გასართობებიც გამოიგონოთ. ეს დამატებითი არდადეგებია! ვინ დახურავდა სკოლებს ამდენი ხნით? მართალია, ამ არდადეგების მიზეზი ძალიან საშიში ვირუსია და ინფექციის გავრცელების საშიშროებაა, მაგრამ თუ ყველა წესს დავიცავთ, იმედია, მშვენიერი არდადეგები გამოვა. ჩართავთ კომპიუტერს და მასწავლებლებიც და კლასელებიც შინ გყავთ. ალბათ, სკოლები და საკლასო ოთახები ძალიანაც მოწყენილები არიან უთქვენობით, მაგრამ კლასელები და მასწავლებლები ლეპტოპების, აიპადების, კომპიუტერების ეკრანზე ხომ მაინც ნახულობთ ერთმანეთს. არ კმარაო, მეტყვით, რა სჯობს ცოცხალ, რეალურ შეხვედრებს, გაკვეთილებს, დასვენებებს, თამაშს, სირბილს… გეთანხმებით. ყველაფერი ნამდვილი ყველაფერ წარმოსახვითს მართლა სჯობს. ცოტაც და იმედია, ძველ ნამდვილ რეჟიმს დავუბრუნდებით. ახლა ბავშვებსაც და დიდებსაც თანაბრად ეკუთვნით გახდნენ ყველაზე კანონმორჩილი ადამიანები. ეს სიტყვა, „კანონმორჩილება“ და მისი აღსრულება განაპირობებს თქვენი იმუნიტეტის ამაღლებას და კარგი სახელმწიფოს შექმნას! ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება სწორედ კანონმორჩილებაა, რადგან კანონი არის ის მყარი საფუძველი, რაზეც ისევე შენდება კარგი სახელმწიფო, როგორც კარგ, მყარ საძირკველზე შენდება მკვიდრი, გამძლე სახლი! ამ ვირუსის გამო ჩვენ იმაზე მეტად გვევალება ხელების ხშირი ბანვა, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გაწმენდა, სახლში ყოფნა, რაც სხვა დროს შეიძლება არც არავის მოეთხოვა ამგვარი დაჟინებით!
ჩემთვის ყველაზე საყვარელი გასართობი წიგნების კითხვაა, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენც გიყვართ თუ არა? თუ გიყვართ, ამას რა სჯობს და იმედია, თქვენი პირადი ბიბლიოთეკაც გაქვთ. მაგრამ ძალიან დიდხანს მაინც ვერ იკითხავთ. როგორც ბავშვების უმრავლესობას, კითხვას ისევ მულტფილმებისა და თამაშების ყურება გირჩევნიათ, ალბათ. მე კი გირჩევდით სწორედ ახლა გეკითხათ ბევრი წიგნი. წიგნებიც ხომ იმუნიტეტის წამალია! რაო? გარეთ გასვლა გინდათ? მესმის თქვენი, გარეთ ხომ გაზაფხულია და თითქოს მზე გეძახის, მოდი, ვითამაშოთო. მეც საგაზაფხულო თამაშებს შემოგთავაზებთ, რომელიც ძალიან ძალიან იოლია და ადვილად შეძლებთ ამის გაკეთებას. ვიფიქრე, ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ, იქნებ და თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს?
მე ვეთამაშები გაზაფხულს! იცით ეს თამაში? არ გეცოდინებათ, რადგან ეს მე მოვიფიქრე. აიღებ მიწიან ქოთანს, დათესავ ყვავილების თესლს და ხშირად მორწყავ, დადებ აივანზე, მზის გულზე ან ფანჯრის რაფაზე. თუ ეზოც აქვს შენ სახლს, არც ქოთანი დაგჭირდება, პირდაპირ ეზოში გააკეთებ პატარა სათამაშო ბოსტანს ან საყვავილე ნაკვეთს, დაამუშავებ, გააფხვიერებ, გაწმენდ მიწას და მერე კვლებს გააკეთებ და დათესავ მწვანილის ან ყვავილების თესლს. კიდევ შეიძლება დიდი ყუთებიანი მუყაოს ნაჭრები შეაგროვო და შტაბი ან სახლი აიშენო, შეხვიდე იქ და ბედნიერად იცხოვრო. კიდევ შეგიძლით აიღოთ გამჭვირვალე პლასტმასის ან მინის ქილა, ჩაყაროთ შიგ მიწა, რამდენიმე ჭიანჭველა და დაახუროთ თავი. მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ დააკვირდეთ მწერების მოძრაობას. ასეთივე გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლში, რომელსაც ფრთხილად შუაზე გადაჭრით მაკრატლით, ჩაყრი მიწას და დათესავ ყვავილებს და დააკვირდები, როგორ ვითარდება და იტოტვება ფესვები მიწაში. იცით, მე ძალიან ვერთობი ასე, იქნებ თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს მსგავსი საქმიანობა. სულაც ყვავილისთვის ქოთანი შენ თავად შეგიძლია შექმნა. ფანტაზია თუ არ გეყოფა, ამისთვის უფროსების დახმარებით ინტერნეტში მოიძიებ მასალას, შეხედავ და თავადაც შეძლებ გაკეთებას. ასევე შეგიძლია სათამაშოების დამზადება ან სათამაშოებისთვის სამოსის შეკერვა და ოთახის მოწყობა. გადასარევი თამაშია ხატვა და მერე გამოფენის მოწყობა… მოკლედ, თავის გართობისთვის ათას რამეს მოიფიქრებს ადამიანი! „გაზაფხულობანას“ მერე ითამაშებთ „ზაფხულობანას“. ეს საუკეთესო თამაშებია! განსაკუთრებით ზაფხულში წყლით ბაღის მორწყვა და წუწაობა – თამაშის მეფე! თამაშის მეფესაც ჰყავს ნაზირ-ვეზირები. ერთი მთავარი ვეზირთაგანი ბურთით თამაშია, მაგრამ სახლში ამ თამაშს არ გირჩევთ, რადგან ეს თამაში მხოლოდ ეზოსთვის და სტადიონისთვისაა დაბადებული.
წლევანდელი წელი შვედეთმა „პეპის წლად“ გამოაცხადა, რადგან ამ წიგნის გამოცემიდან 75 წელი გასულა. ვიცი, რომ იცნობთ ამ უცნაურ გოგონას. გირჩევთ მასზე დაწერილი წიგნების წაკითხვას! ამას გარდა გირჩევთ წაიკითხოთ რამდენიმე სხვა წიგნიც „ყაჩაღის ასული რონია“, „მადიკენი“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“, „მიო, ჩემო მიო“, „ძმები ლომგულები“, „ვაფლის გულები“ „კარიუსი და ბაქტუსი“, „მეფე მათეუშ პირველი“, „ჰაიდი“, „უფლისწული და მათხოვარი“, „ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, „სალამურასა და ბაიას თავგადასავალი“, „ცისფერი ირემი“, „დაჩის ზღაპრები“, „ბიბო“, „ქარის მოტანილი ამბები“, „ჩანო ჩეა“, „წერილი ბოთლში“, „სატკბილეთი ქვეყანა“, „დათუნია ბრუუს თავგადასავალი“, „განძის თეატრი” და უთვალავი კარგი საბავშვო კლასიკა ან თანამედროვე ავტორების წიგნი, რომლებიც სინამდვილეში, მთელი ცხოვრებისთვის გამოსადეგი საგზალია! გირჩევთ, დიდობაშიც არასდროს მიატოვოთ საბავშვო წიგნების კითხვა! თუ დამიჯერებთ, ეს ამაღლებს თქვენს იმუნიტეტს და გამძლეს გხდით ვირუსთან ბრძოლაში!
ჯანმრთელობას გისურვებთ, ბავშვებო!
მარიამ წიკლაური