COVID-19-ის გავრცელება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების მთავარ გამოწვევად იქცა, უფრო მეტიც, დაუძლეველ გამოწვევად, რადგან დღემდე მთავარი პრევენცია, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ადამიანებს გვთვაზობს, ერთმანეთისგან დისტანცირება და სახლში დარჩენაა. შიშმა და გაურკვევლობამ დრამატული გავლენა იქონია ჩვენს ყოველდღიურობაზე – სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და ახლა სტრესულ მდგომარეობაში სახლში გამოკეტილები (ეს ვინც წესებს ვემორჩილებით) თვალს ვადევნებთ და ვაკვირდებით რა ხდება გარეთ. სოციალურ ქსელებს შესეული იზოლირებული მოსახლეობის ნაწილი ამ რთულ და უჩვეულო მდგომარეობას აგრესიული პოსტებით გამოხატავს, უფრო მცირე ნაწილი მშვიდად ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას, ნაწილი დაავადებულთა სტატისტიკის ზრდის, პანიკური შიშით შეპყრობილი სხვადასხვა სიმძიმით გამოხატულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და ეს ყველაფერი ბავშვების გარემოცვაში, მათ თვალწინ ხდება.
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ბავშვთა ნევროლოგის და ფსიქიატრის, მედეა ზირაქაშვილის აზრით, „ეპიდაფეთქებების დროს დროული და ზუსტი ინფორმაცია კრიტიკულ როლს თამაშობს ადეკვატური კონტროლის მექანიზმების შენარჩუნების პრევენციაში, შიშითა და გაურკვევლობით გამოწვეული სტერესის შემცირებაში.“
არის თუ არა ადეკვატური ასეთი განგაში და როგორ შევამციროთ შფოთვა და სტრესი როგორც ბავშვებში, ისე მათ მშობლებში/ოჯახის წევრებში? ამ კითხვებს პასუხობს მედეა ზირაქაშვილი და შინ გამოკეტილი ბავშვების პანდემიასთან გამკლავების იმ რამდენიმე რეკომენდაციას გვაცნობს, რომელიც ერთმა სიტყვამ – „გახსოვდეთ“ გააერთიანა.
– ქალბატონო მედეა, რა დაგვეხმარება სტრესის შემცირებაში?
– პირველ რიგში, დავასახელებ იმ რამდენიმე ფაქტორს, რაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შიშისა და გაურკვევლობის წინაპირობას ქმნის. ეს ფაქტორებია:
პერსონალურ და ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა; ახალი ვირუსი, COVID-19, როგორც ჯერ კიდევ შეუსწავლელი მიკროორგანიზმი, რომელიც რთულია შეადარო უკვე შესწავლილი დაავადებების რომელიმე გამომწვევს, რადგან მეცნიერებამ სულ რამდენიმე თვეა გაიგო მისი არსებობის შესახებ და ჯერ კიდევ ბევრია შესასწავლი და აღმოსაჩენი მასთან დაკავშირებით; კარანტინის და თვითიზოლაციის მაღალი რისკები; ჩატარებული თერაპიის ეფექტურობისადმი ეჭვები; ნდობის ფაქტორი იმ ინსტიტუციების მიმართ, რომლებსაც ვირუსზე რეაგირება ევალებათ, ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში.
ზოგადად, უარყოფითი ფსიქოლოგიური და ქცევითი რეაქციები ინფექციური დაავადებებების აფეთქებებზე ძალიან ხშირია და მოიცავს ძილის დარღვევას, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების გაზრდას, შეიძლება გაჩნდეს დაუცველობის ან სხვების დადანაშაულების განცდაც და ენერგიის დაქვეითებაც. ამ დროს იმის ცოდნა, თუ როგორ გაზარდოს ადამიანმა უსაფრთხოება და როგორ დაიცვას თავი ვირუსისგან, წინასწარგამიზნული, გონივრული რეკომენდაციებით, ამყარებს აზრს, რომ დაავადების მართვა, ადამიანს ხელეწიფება და ზრდის თვითრწმენას, რომ მართვის ბერკეტები მის ხელშია. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ინფორმაციის და რეკომენდაციების მიღებას სანდო წყაროსგან. ეცადეთ იყოთ სწორად ინფორმირებულები და თქვენც შეეწინააღმდეგეთ მითებსა და არასწორი გზით გავრცელებულ ინფორმაციას. ნუ გადაიტვირთებით მედია საშუალებებით, მაქსიმალურად შეამცირეთ მათი გავლენა თქვენზე და რაც მთავარია, ისწავლეთ სტრესისადმი გამკლავების მეთოდები: შეინარჩუნეთ ჩართულობა ყოველდღიურ რუტინაში, მიეცით თავს უფლება, იმ მოცემულობაში, რაშიც იმყოფებით, დაკავდეთ თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებით, დაკავდეთ ფიზიკური აქტივობებით. საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერისთვის, მიმართეთ მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს, თუნდაც ონლაინ რეჟიმში, თუნდაც პრინციპით – „ერთად ყველაფერს დავძლევთ“.
– ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრთა საერთაშორისო ასოციაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, როგორ გავუმკლავდეთ პანდემიას ბავშვებთან ერთად, რომლის ქართული ვერსია თქვენ მოამზადეთ. მშობლების რჩევები 9 რეკომენდაციას აერთიანებს და თითოეულის საწყისი ასოებისგან იქმნება სიტყვა „გახსოვდეთ“. რა უნდა გვახსოვდეს?
– როდესაც ეს რეკომენდაციები ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის ჟურნალში დაიბეჭდა, ავტორს ჰეშამ ჰამოდას, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორი და ამავე ჟურნალის რედაქტორია, ვთხოვე ნებართვა ქართველი მშობლებისთვისაც მიმეწოდებინა აღნიშნული რეკომენდაციები, ძალიან საინტერესო გამოდგა ეს შეთავაზება, რადგან 2 დღეში ქართულად თარგმნილი რეკომენდაციების გადაგზავნა მთხოვა და სხვა ქვეყნების წევრებსაც შესთავაზა იგივე გაეკეთებინათ. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ IACAPAP ვებგვერდზე, 20 ენაზე თარგმნილ რეკომენდაციებს შორის, ქართული ვერსიაც დევს. ორიგინალთან შედარებით, აბრევიატურის ფორმის და მნიშვნელობის შენარჩუნებამ, ჩვენი ხალხის კულტუროლოგიურ თავისებურებებზე რეკომენდაციების მორგების მცდელობამ, შეცვალა ორიგინალი და ის განსხვავდება პირველწყაროსგან, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო გამოსადეგი იქნება საბოლოო სახით.
ვიდრე უშუალოდ რჩევებზე გადავალთ, გეტყვით, რომ ამ რეკომენდაციების შექმნის აუცილებლობა კორონავირუსით სამყაროში გავრცელებულმა ყოველდღიურმა უამრავმა ნეგატიურმა ინფორმაციამ და უსასოობის განცდამ, ზრდასრულებში სრულიად განსხვავებული სიმძიმის ემოციური პრობლემების გაჩენამ განაპირობა. კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდნენ ხშირად გაუგებარი ინფორმაციის ქარცეცხლში მყოფი ბავშვები.
შესაბამისად, სხვადასხვა ქცევისა და ემოციური პრობლემების პრევენციისთვის, მოდი, მშობლებს შევთავაზოთ რა არ უნდა გამორჩეთ და რა უნდა ახსოვდეთ მათ.
- გაამხნევეთ თქვენი შვილები, არ დაუმალოთ ინფორმაცია და შეეცადეთ, მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ კორონავირუსის შესახებ. დაარწმუნეთ ისინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ პროცესის მართვის სადავეები უფროსების ხელშია და თქვენ შეგიძლიათ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მით უმეტეს რომ არ ატყუებთ. ხომ იცით, რომ ბავშვებში დაავადება იშვიათად ვრცელდება და მძიმე შემთხვევები პრაქტიკულად არ გვხვდება. ისინი ხომ თქვენ შემოგყურებენ, თქვენს რეაქციებს აკვირდებიან, თქვენი სიძლიერე ამხნევებთ. ბავშვები, შესაძლოა, ხშირად სვამდნენ შეკითხვებს დაავადებასთან დაკავშირებით და ამან თქვენ არ უნდა გაგაღიზიანოთ, პირიქით, ყოველ ჯერზე გაუმეორეთ, როგორ ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე და ვერაფერს დააკლებთ კორონავირუსი.
- აქტივობებში ჩართეთ და ასწავლეთ დახმარება, მაგ., ჩართეთ სადილის მომზადების პროცესში. დაიხმარეთ წიგნების თაროების დალაგებაში, დაახარისხეთ ტანსაცმელი, ივარჯიშეთ ერთად. დღეში ნახევარი საათი გამოყავით სწავლისთვისაც, გამოიყენეთ სიტუაცია და ზრუნვის ფასი ასწავლეთ. გამოხატეთ დადებითი დამოკიდებულება იმაზე, თუ როგორ ზრუნავენ გულისხმიერი ექიმები ადამიანებზე. დაურეკეთ და მოიკითხეთ ასაკოვანი ახლობლები, გამოუცხვეთ გემრიელი ნამცხვრები, დაიხმარეთ, ერთად დაუწერეთ ბარათები და ერთად გაუგზავნეთ მათ.
- ხარისხიანად და ეფექტურად გაატარეთ ოჯახური დრო – მიუხედავად იმისა, რომ უფროსებისთვის რთულია, ამ პერიოდში არ მიეჯაჭვოთ ონლაინ აქტივობებს და სოციალურ ქსელებს, მაინც შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ შვილებთან. არა მხოლოდ იყოთ მათ სივრცეში, არამედ იურთიერთოთ მათთან. უყურეთ ფილმებს ერთად და იმსჯელეთ ნანახზე, წაუკითხეთ ზღაპრები და ნახატებით გადმოეცით მიღებული შთაბეჭდილებები, ხმამაღლა გაუზიარეთ ისინი ერთმანეთს. მოაწყვეთ ცეკვის საღამოები ან ძერწვის საათები. განახორციელეთ ონლაინ შეხვედრები მეგობარ ოჯახებთან, გამართეთ ვირტუალური წვეულებები.
- სიმშვიდე შეინარჩუნეთ – ეცადეთ არ ისაუბროთ ბავშვის თანდასწრებით ქვეყანაში ამჟამად შექმნილ რთულ ეკონომიკურ და ჯანდაცვის მდგომარეობაზე, საკუთარ შიშებზე და სირთულეებზე კორონავირუსთან დაკავშირებით. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ბავშვები იმეორებენ თქვენს ქცევებს და ნათქვამს. ეცადეთ, კარგად გეძინოთ, მიიღოთ ბევრი სითხეები და ჯანსაღი საკვებით იკვებოთ, რათა “გეყოთ ნერვები“, მშვიდად გაუძღვეთ ოჯახს. ახლა ის პერიოდია, როდესაც შესაძლოა თქვენი შვილი მეტად მიეჯაჭვოს ელექტრონულ მოწყობილობებს, მაგრამ თუ სხვანაირად ვერ უმკლავდებით მათ სახლში ყოფნას, ესეც არაუშავს, ეს მდგომარეობა ხომ დროებითია, დღეს ყველა ფორსმაჟორულ ყოფაში ვცხოვრობთ. მთავარია, ძალიან არ გაგექცეთ სადავეები.
- ოთახი მოუწყვეთ კომფორტულად – წარმოიდგინეთ, თუ რამდენად რთულია ბავშვების ყოფა ამჟამინდელ მდგომარეობაში, არ დადიან ბაღში, სკოლაში, გასართობ ცენტრში, კინოთეატრში, თეატრში. სხვადასხვა წრეებზე სიარულიც შეჩერებული აქვთ, ვერ ხვდებიან მეგობრებს. შესაბამისად გარემო, სადაც ამ ეტაპზე უხდებათ ძალიან დიდი დროის გატარება, მნიშვნელოვანია, რომ იყოს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული.
- ვირუსის პრევენციის ღონისძიებებზე მიმართული რეკომენდაციები მიაწოდეთ ასაკის შესაბამისად, მათთვის ადვილად გასაგებ ენაზე. მოიყვანეთ მაგალითად მათი საყვარელი მულტფილმების გმირები, რომლებმაც უნდა დაამარცხონ “ბოროტი კორონავირუსი”. ბოროტი ძალები კი ადვილად სუსტდება ხელების ხშირი და სწორად დაბანით ან სადეზინფექციო ხსნარის მოხმარებით. ამ დროს თან უთხარით: “ჩვენ გამოვუშვებთ ჯადოსნურ ქაფს და შევებრძოლებით კორონას“ ან „დავასხამთ ჯადოსნურ სითხეს და გავაქრობთ ბოროტ ვირუსებს“ და ა.შ.
- დაიცავით ბავშვები ზედმეტი ინფორმაციისგან – აკონტროლეთ მედია-საშუალებების გამოყენება. როცა გგონიათ, რომ თქვენი შვილები არ უსმენენ საინფორმაციო გამოშვებებს, აღმოჩნდება, რომ ისინი ყველაფრის საქმის კურსში არიან. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ ბავშვებს კი არ ვუმალავთ ინფორმაციას, არამედ ვუფილტრავთ და ასაკის შესაბამიად, მათთვის სწორად აღსაქმელად ვაწვდით. შესაბამისად, ჩაუწიეთ ან ხმა გაუთიშეთ ახალ ამბებს მანამ, სანამ არ დარწმუნდებით რომ ინფორმაცია, რომელსაც გადმოსცემენ, არ იმოქმედებს ბავშვზე უარყოფითად.
- ემოციების მართვაში დაეხმარეთ – სწორად მართეთ მათი ემოციები, მიეცით საშუალება, დასვან შეკითხვები. ასევე, თქვენც ჰკითხეთ, რას გრძნობენ არსებულ სიტუაციაში, როგორ ესმით, რა არის ის, რაზეც ამდენს საუბრობენ ბოლო პერიოდში. თქვენც გახსნილად ისაუბრეთ თქვენს ემოციებზე და მიეცით უარყოფითი ემოციებისგან ვენტილირების საშუალება. დაარწმუნეთ, რომ სასირცხვილო იმაში, რომ შესაძლოა ეშინოდეთ, არც არაფერია.
– დაბოლოს, თქვენს ბენეფიციარებს რა სახის მომსახურებას სთავაზობთ ამ პირობებში?
– ამ სოციალური დისტანცირების პერიოდში, როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროგნოზით ამ რეჟიმის გაგრძელება, სულ ცოტა, ზაფხულამდე მოგვიწევს, ვითვალისწინებთ რა ამავე ორგანიზაციის მკაცრ გზავნილს: „დარჩით სახლში“, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს დისტანციურ მომსახურებას. ბევრ ქვეყანაში აქამდეც გამოიყენებოდა და ახლა მით უმეტეს აქტიურად გამოიყენება ტელემედიცინა, რაც გულისხმობს დისტანციურ, ტელეკონსულტაციას და ტელეინტერვენციას, ონლაინ შეხვედრებისა და ვიდეოჩანაწერების გამოყენებით. მოგეხსენებათ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ძირითადი შეფასების იარაღი, ბავშვის ქცევაზე დაკვირვება და მშობლისგან ან უშუალოდ ბავშვისგან შეკრებილი ინტერვიუა, რასაც ეკრანის საშუალებითაც უპრობლემოდ ვახერხებთ.
ჩვენი გუნდი გაეცნო საერთაშორისო გამოცდილებას, არსებულ სახელმძღვანელოებსა და რეკომენდაციებს და 1 აპრილიდან დავიწყეთ 2 სერვისის მიწოდება:
⇒ ტელეკონსულტაციების (ექიმი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი, აკადემიური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი);
⇒ ტელეინტერვენციების (მშობლით გაშუალებული ქცევითი თერაპია, აკადემიური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, ფიზიკური თერაპია, ხელოვნებით თერაპია) სახით.
ინტერვიუს დასასრულს, ბოლო, მე-9 რეკომენდაციას გავაჟღერებ: თითოეული ჩვენგანის სწორად გადადგმული ნაბიჯი დღევანდელ გამომწვევასთან ეფექტური გამკლავების საწინდარია. დაიცავით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და იყავით მშვიდად. გაუფრთხილდით საკუთარ და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას!
ესაუბრა ლალი ჯელაძე