ქართველი გამომცემლები და მწერლები ღია წერილით მიმართავენ საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, წიგნების მაღაზიებისა და სხვა ტიპის საჯარო გაყიდვის წერტილების დახურვამ მოკლე დროში უდიდესი ზარალი მიაყენა ამ სექტორს. „თუმცა, ვცდილობდით ეს ზიანი დამანგრეველი არ ყოფილიყო და ამ მიმართულებით ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ სფეროს სასიცოცხლოდ ეხმარებოდა ონლაინ გაყიდვების კომპონენტი, რისი შეზღუდვის შემთხვევაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა სექტორი, ფაქტობრივად, შეწყვეტს ფუნქციონირებას.
იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, რომ აღდგეს საგამომცემლო საქმიანობისა და ონლაინ გაყიდვების შესაძლებლობა, რაც მოგვცემს წიგნის მომზადების, გამოცემისა და მკითხველისთვის მიწოდების საშუალებას.
ჩვენი მხრივ, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ დავაკმაყოფილოთ თქვენ მიერ სტანდარტით დადგენილი ყველა ის ნორმა, რომელიც დღეს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას ითვალისწინებს.“ – ვკითხულობთ წერილში.