მარი ჩიტაშვილი, ზაარლანდის უნივერსიტეტის, ევროპისა და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი (LLM. European and International law), KAAD-ის სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიანტი
ზაარლანდის უნივერსიტეტში 2019 წლის ოქტომბრის თვიდან ვსწავლობ, სასწავლო პროცესი უამრავი საგანმანათლებლო აქტივობებით საკმაოდ დატვირთულია. პირველი სემესტრის დასასრული უნდა ყოფილიყო 2020 წლის 19 მარტს, თუმცა 13 მარტს, კორონავირუსისგან გამოწვეული საფრთხის გამო, ადგილობრივი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 04.04.2020 წლამდე, სასწავლო პროცესი შეჩერდა სკოლებში, უნივერსიტეტებში, ასევე შეწყვიტეს მუშაობა საბავშვო ბაღებმა.
13 მარტიდან მოყოლებული მთავრობის მხრიდან იყო რეკომენდაცია, დავრჩენილიყავით სახლებში და მაქსიმალურად შეგვეკავებინა თავი ყველა სოციალური აქტივობისგან. დღევანდელი დღიდან (21.03.2020), ჩვენს მიწაზე, ზაარლანდში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ქუჩებში. ჩვენ შეგვიძლია დავტოვოთ სახლი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აუცილებელი საჭიროება მოითხოვს, როგორიცაა: სურსათის მომარაგება, მედიკამენტების შეძენა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, ექიმთან სტუმრობა, შინაური ცხოველის გასეირნება, სპორტით დაკავება (მაქსიმუმ, 5 ადამიანის მონაწილეობით) ან/და ნათესავის ან ოჯახის წევრის სტუმრობა გამონაკლისის სახით.
ამ შეზღუდვებმა თითქმის ყველა ჩვენგანი სახლებში გამოგვკეტა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მიჭირს ამ წესებთან შეგუება, განსაკუთრებით ჩვენი ცხოვრების რიტმის შემდეგ, მოულოდნელად, ყველა საზოგადოებრივი აქტივობების შეწყვეტა.
მიუხედავად შექმნილი უჩვეულო და რთული სიტუაციისა, მე ოპტიმისტურად ვუყურებ ყველაფერს. როგორც გერმანელი ექსპერტები გვარწმუნებენ, აპრილის თვის ბოლოსათვის, ყველაფერი უნდა დამშვიდდეს და ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. მეც მთელი გონებით ამ საიმედო პერიოდისათვის ვარ განწყობილი, მანამდე კი, რამდენიმე საშინაო დავალებით ვარ დაკავებული. სამუშაო პროცესი არ მაძლევს საშუალებას, პანიკურმა ფიქრებმა დაჯაბნოს ჩემი გუნება-განწყობილება.
თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ჩვენგანი, მეც მაშინებს ყველაფერი. მინდა, თქვენთან გულწრფელი ვიყო.
პირველი, რაც გონებაში მომდის, ესაა რამდენად სწაფად მოხდება ყველაფრის ესკალაცია, ჩაწყნარება და შემდეგ ისევ ჩვეულ რიტმში თვითაღდგენა. შეძლებს თუ არა ჩემი ქვეყანა – საქართველო და, ამასთანავე, გერმანია (ჩემი მეორე სამშობლო) ამ ფრონტზე გამარჯვებას. დიახ, გერმანიას მეორე სამშობლოდ მივიჩნევ, რადგან ამ კულტურამ ჩემს ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.
ჩემი ოჯახი საქართველოს უკიდურეს სამხრეთით, ახალციხის რაიონის ქალაქ ვალეში ცხოვრობს, თუმცა მამაჩემი ამჟამად პოლონეთში იმყოფება. ჩემი გული და გონება მთლიანად მათ კეთილდღეობაზეა გადართული. მუდამ ვლოცულობ მათთვის.
მედარდება ჩემი მეგობრები, რომლებიც აქ შევიძინე. მათი უმეტესი ნაწილი უკვე გაემგზავრა საკუთარ სამშობლოში ან ახლა ტოვებს ქვეყანას. მაშინებს იმაზე ფიქრი, როდის შევხვდები მათ კვლავ… როდის დასრულდება საკარანტინო პერიოდი, რომ შევძლოთ ნორმალური რიტმით ცხოვრების გაგრძელება…
დღეს, 22 მარტს არა, თუმცა, მჯერა მომდევნო წლის ამავე დღეს შევძლებ ჩემს მეგობრებთან ერთად აღვნიშნო ჩემი დაბადების დღე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ თვის დასაწყისში დაგეგმილი პატარა წვეულება ვერ შედგა და დაპატიჟებული სტუმრებიდან ვერც ერთმა შეძლო სტუმრობა.
გუშინ სურსათის შეძენისათვის მომიხდა სახლის დატოვება. ქუჩები შედარებით დაცარიელებულია, საგრძნობლად ნაკლები მანქანა მოძრაობს, თუმცა, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ხალხი მაინც გადაადგილდება.
ქალაქის ვერც ერთ აფთიაქში ვერ იპოვით პირბადეს ან/და სადეზინფექციო ხსნარს. როგორც მაღაზიათა ერთ-ერთი ქსელის მოლარემ მითხრა, მაღაზიები არ იკეტება, თუმცა, მოლარეების უსაფრთხოების გამო, სალარო შემოიღობება ლენტებითა და აშენდება ერთგვარი დამცავი კაბინა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, ტრამვაი და მატარებლები კვლავ მუშაობენ. მხოლოდ ავტობუსებში მძღოლთა ერთგვარი იზოლაცია მოხდა საგანგებო ლენტით, რომელიც მგზავრს წინა შესასვლელიდან აღარ აუშვებს და მძღოლთან დისტანციას დაიცავს. სამწუხაროდ, მაღაზიებში გარკვეულ პროდუქტებზე დეფიციტია და ჭირს მათი მოძიება (პირველი, რაც დახლიდან გაქრა, იყო ბრინჯი, მაკარონი, ტუალეტის ქალღალდი და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები), თუმცა, როგორც სასურსათო მაღაზიათა ქსელები, ასევე ადგილობრივი მთავრობა ცდილობს არ შეიქმნას ბაზარზე დეფიციტი და მოხდეს საქონლის დროულად მოწოდება.
დღეის მდგომარეობით, გერმანიამ საზღვარი მხოლოდ რამდენიმე მეზობელ ქვეყანასთან ჩაკეტა, ესენია: საფრანგეთი, ავსტრია, დანია, ლუქსემბურგი და შვეიცარია. დანარჩენ მეზობელ ქვეყნებს შორის კვლავ შესაძლებელია მიმოსვლა. იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობენ და მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნებში, დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ეძლევათ შესაძლებლობა გადაკვეთონ საზღვარი.
ამ რთული სიტუაციის მიუხედავად, მინდა ეს ბრწყინვალე შესაძლებლობა გამოვიყენო და გავამხნევო ჩვენი თანამემამულეები. საქართველო, ჩვენი ბრწყინვალე ისტორიის მანძილზე, ხშირად ყოფილა გამოუვალ სიტუაციაში. ჩვენმა ცივილიზაციამ შეძლო ეარსება, ჯერ კიდევ ზეზვა და მზიას პერიოდიდან მოყოლებული, დღევანდელ დღემდე. ეს ფაქტი, მე პირადად, ძალიან ამაყ ქართველს მხდის. ჩემი ქვეყნის გაცნობას აქ, ევროპაში და საქართველოშიც, როცა გიდად ვმუშაობდი, ზუსტად, აი, ამ ფაქტით ვიწყებდი.
ქართველი ერი გამოირჩევა საოცარი რწმენით, სულიერი და მორალური სიძლიერით, ღრმა ადამიანური ღირებულებებით, ოჯახისა და უფროსის გულწრფელი პატივისცემით, ერთმანეთის სიყვარულით, თანადგომითა და ზრუნვით. ვფიქრობ, ამ კრიტიკულ მომენტრში ჩვენ ამ თვისებების შეხსენება გვესაჭიროება, რათა ყველამ ერთად ჩვენთვის, ერთამენთისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის შევძლოთ უმტკივნეულოდ გავიმარჯვოთ და მთელი ჩვენი ძალებით შევეცადოთ ქვეყნისათვის ჩვეული სახის დაბრუნებას.
ალბათ, ამ სტატიის კითხვისას ბევრს გაუჩნდება კრიტიკული აზრი, რომ მე ქართველი ერის თვისებებს ვაზვიადებ და ძალიან სუბიექტურად ვუყურებ, თუმცა, მინდა კითხვა დავუსვა ასეთ ადამიანებს: რომ არა ჩვენი წინაპრების ძლიერ სულიერ და ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებული ყოფითი ცხოვრება, შევძლებდით განა დღემდე გვეარსება, გვეტარებინა ნაციონალობით ქართველის სტატუსი და გვესაუბრა ქართულ ენაზე?