როგორც ცნობილია, მთავრობის განკარგულებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა 16 მარტამდე შეჩერდა. რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კორონავირუსის რისკის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადასვლისკენ და კონფერენციების თუ სხვა ღონისძიებების ონლაინ სივრცეში ჩატარებისკენ მოუწოდა. „განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს მინდა მივმართო. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სწავლების და დიდი თავშეყრის – კონფერენციების თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზება გადავიდეს ონლაინ რეჟიმებში. მაღალი ტექნოლოგიების განვითარება როგორც გაძლევთ საშუალებას, ბავშვებთან და სტუდენტებთან კომუნიკაცია ინტერნეტის საშუალებით გქონდეთ. ვეცადოთ, რომ ნაკლები იყოს ადამიანების მასობრივი თავშეყრა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერჯერობით, უცნობია განათლების სამინისტროს პოზიცია, რა კონკრეტულ გეგმას გამოიყენებს იმ შემთხვევაში თუკი არდადეგების გახანგრძლივება დადგება დღის წესრიგში ან აქვთ თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს დისტანციური სწავლების რესურსი და გამოცდილება? დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რეკომენდაციას სოციალურ ქსელში მალე მოჰყვა განათლების საკითხების ქართველი მკვლევარის, ნუცა კობახიძის პოსტი ჰონ კონგის უნივერსიტეტში ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ. ნუცა კობახიძე ჰონ კონგის უნივერსიტეტში ასწავლის, სადაც, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სწავლა შეწყდა და უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ორი დღის შემდეგ, ნუცამ მეორე პოსტი სკოლებს მიუძღვნა და, ამ შემთხვევაში, საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა, როგორც მშობელმა. მის მიერ გამოქვეყნებულ ორივე გამოცდილებას გთავაზობთ უცვლელად.
ბევრი მეკითხება კორონავირუსის გამო ონლაინ სწავლების შესახებ უნივერსიტეში და აქ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.
ჰონგ კონგში ონლაინ სწავლების არაერთი პლატფორმა შემოგვთავაზა უნივერსიტეტმა და მოგვცა საშუალება აგვერჩია ის, რაც უფრო კარგად ერგება ჩვენს კურსებს. რაც მთავარია, უნივერსიტეტმა სასწრაფოდ შექმნა პროფესორ-მასწავლებლებისთვის ონლაინ-ტრენინგები სხვადასხვა პროგრამაში. ფაკულტეტზე არსებული ონლაინ-სწავლების ცენტრი 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა. IT სპეცილისტები ჩვენს კითხვებს სწრაფად პასუხობენ Whatsapp-ით, Skype-ით, Zoom -ით, Google hangout-ით და სხვა პლატფორმებით. 24 საათიანი იმიტომ, რომ ბევრი ჩემი კოლეგა ამჟამად იმყოფება ამერიკაში, კანადაში და დროის სხვა ზონიდან უწევთ სწავლება.
არსებობს სინქრონული და ასინქრონული მიდგომა და ამათი შერეული ფორმა, რამე მე ავირჩიე.
სინქრონულია, როდესაც რეალურ დროში, „ლაივში“ მიმდინარეობს ლექცია. სტუდენტებს საშუალება აქვთ მასწავლებელს დაუსვან შეკითხვა და მიიღონ უკუკავშირი. უარყოფითი ის არის, რომ ხანდახან ტექნიკური პრობლემები იქმნება პროგრამასთან და ინტერნეტთან დაკავშირებით. ასევე რთულია სტუდენტების დიდ ჯგუფთან ერთად მუშაობა, როცა ერთდროულად ბევრი იწევს ხელს კითხვის დასასმელად.
ასინქრონულია, როდესაც მასწავლებელი სასწავლო მასალას ხელმისაწვდომს ხდის ინტერნეტში და სტუდენტს შეუძლია ნებისმიერ დროს ისწავლოს, დაუბრუნდეს მასალას, გაიმეოროს ა.შ. უარყოფითი ის არის, რომ მასწავლებელი ბევრ დროს ხარჯავს მასალის მოსამზადებლად, ვიდეობის ჩასაწერად, სტუდენტი შეიძლება პასიურად უსმენდეს და აქტიურად არ მონაწილეობდეს.
შერეული ფორმაა, როდესაც „ლაივ“-ლექციებთან ერთად მასწავლებელი ინტერნეტით ატვირთავს სასწავლო მასალებს, სადისკუსიო ფორუმებს ხსნის, სადაც სავალდებულო საკითხავ მასალასთან დაკავშირებით სტუდენტებს აძლევს შეკითხვებს (მაგალითად, Moodle-ით). ამას ემატება ონლაინ და ოფლაინ ჩეტები (მაგ. Whatsapp, Messages, Zoom chat, Skype chat) სადაც მოსწავლეებს დამატებითი კითხვების დასმა შეუძლიათ.
Zoom და Skype for business ვიდეო და აუდიო ლექციის საუკეთესო საშუალებაა. Zoom-ით ასევე შესაძლებელია სტუდენტების ონლაინ ჯგუფებად დაყოფა და ჯგუფური დავალებების მიცემა, ინტერვიუების აღება, ონლაინ კონფერენციების და ვებინარების მოწყობა. აქვს ასევე საჭირო ფუნქცია, რაც გულისხმობს ბექგრაუნდის დაფარვას. ბევრი ადამიანი საძინებლიდან და სამზარეულოდან ერთვება, და არ სურს სახლის სიტუაციის გამოჩენა, რაც ბუნებრივია. ინტერაქტიული ლექციებისთვის კარგი პროგრამებია Kahoot!, Mentimeter და Pollev (ბოლო ორი სწრაფი ინტერაქტიული გამოკითხვების ჩატარების საშუალებას იძლევა).
იმისთვის, რომ ონლაინ სწავლება არ იყო მოსაწყენი და სტუდენტები რაც შეიძლება მეტად ჩაერთონ სწავლაში, თავი იზოლირებულად არ იგრძნონ და ეს დრო ხარისხიანი სწავლისთვის მაქსიმალურად გამოიყენონ, უნივერსიტეტმა სწავლების არაერთი სტრატეგია შემოგვთავაზა. მაგალითად, როგორ გამოვიყენოთ ვიზუალიზაციის მეთოდი, იმისთვის, რომ შევქმნათ კონცეპტუალური რუკები. ამისთვის საუკეთესო პროგრამაა Cmap. ასევე ძალიან შემოქმედებითი პლატფორმაა LucidChart, რომელიც საშუალებას იძლება ონლაინ თანამშრომლობისთვის, ერთად დახატვის, ცხრილების და დიაგრამების შექმნის.
Mindmaster და Coggle ბრეინსტორმინგისთვის შესანიშნავი პროგრამებია, შესაძლელებია იდეების ხის დახატვა, ერთ ვიზუალურ იმიჯზე ბევრი ადამიანის ერთდროულად მუშაობა.
სადისკუსიო ფორუმები კარგია იმის შესამოწმებლად, წაიკითხეს თუ არა სტუდენტებმა სავალდებულო საკითხავი მასალა ლექციისთვის. ასევე შეიძლება peer review-ს ნაწილის დამატება, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს აფასებენ, ერთმანებს შეკითხვებს უსვამენ და ა.შ. Moodle საშუალებას გაძლევთ ხმოვანი უკუკავშირი მისცეთ სტუდენტებს აუდიო ფუნქციის გამოყენებით.
პროგრამები Panopto და Camtasia საშუალებას იძლევა ლექცია ჩაწეროთ, სადაც მასწავლებელი ვიდეოს საშუალებით გამოჩნდება და თან კომპიუტერის ეკრანსაც გააზიარებს. ეკრანის ჩაწერა შესაძლებელია ასევე უმარტივესი პროგრამით Screencastify ან უბრალოდ PowerPoint-ით, რომელსაც ყველა სლაიდზე შეუძლია ჩაიწეროს აუდიო ფაილი.
სტუდენტებთან და თანამშრომლებთან საკომუნიკაციოდ და შეხვედრების დასაგეგმად შეგიძლიათ გამოიყენოთ: When2meet და Doodle. დოკუმენტების გასაზიარებლად საუკეთესოა Google docs.
რაც შეეხება ონლაინ შეფასებას, შესაძლებელია ქვიზების შექმნა (მაგ. Moodle-პროგრამაში). კითხვები შეიძლება იყოს ღია და დახურულ-ბოლოიანი. არსებობს ასევე ონლაინ გამოცდის პლატფორმა Online Examination System (OLEX). შეფასების ფორმად მე ასევე ვიყენებ 2-3 წუთიან Youtube ვიდეოებს, რომელებიც სტუდენტებმა თემატურად უნდა მოამზადონ და ჩაწერონ. აღსანიშნავია, რომ Youtube-ს აქვს დახურული ვიდეობის გაზიარების ფუნქცია, რომელსაც სხვა მომხმარებლები ვერ ხედავენ. ასევე კარგი იდეაა ონლაინ ჟურნალის წარმოება Google doc-ში, სადაც სტუდენტები თავიანთ რეფლექსიებს ტვირთავენ, აახლებენ და ერთმანეთს აფასებენ (peer review).
ეს არის იმ პროგრამების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც ჰონგ კონგის უნივერსიტეტში ვიყენებთ. აქედან ზოგიერთს ისედაც ვიყენებდით, მაგრამ არა ამ მასშტაბით და ინტენსივობით.
ახლა, როდესაც 16 მარტამდე საქართველოში არდადეგებია გამოცხადებული, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს კარგი საშუალება აქვთ ონლაინ სწავლებისთვის მოემზადონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სწავლა დროულად განახლდება, ამ პროგრამების დანერგვა და პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება უნივერსიტეტებს მომავალში გადმოადგებათ.
წინა პოსტში უნივერსიტეტებზე დავწერე. ეხლა სკოლებზეც გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, როგორც მშობელი.
ჰონგ კონგის სკოლები არდადეგებზე იყვნენ, როცა კორონავირუსის აფეთქება მოხდა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 3 თებერვლის ნაცვლად სწავლა 17 თებერვალს განახლებულიყო. სიტუაციიდან გამომდინარე ეს თარიღი გადაიწია 3 მარტამდე და ეხლა უკვე 20 აპრილამდე. დაიხურა ყველა გასართობი ცენტრი, დისნეილენდი, ოკეანის პარკი, სპორტული, მუსიკალური და ყველა სხვა სახის წრე.
სწავლა რომ არ შეფერხებულიყო, მთავრობამ გამოაცხადა პროგრამა „Suspending classes without suspending learning“ („სკოლების დახურვა სასწავლო პროცესის შეჩერების გარეშე“) და მოუწოდა სკოლებს, რა საშუალებითაც შეეძლოთ, ხელი შეეწყოთ სწავლის გაგრძელებისათვის. ცენტრალურად არ დაგეგმილა რომელიმე პროგრამის გამოყენება, სკოლებს მისცეს არჩევანი.
საკუთარი რესურსიდან გამომდინარე, სკოლებმა მოსწავლეებს სხვადასხვა ფორმით შესთავაზეს დისტანციური სწავლება. რესურსებით მდიდარმა საერთაშორისო სკოლებმა და ადგილობრივმა ელიტურმა სკოლებმა ყველაზე სწრაფად იმოქმდეს და სინქრონული სწავლება შესთავაზეს შემდეგი პროგრამებით:
Google classroom
Google hangouts
Google meet
Explain Everything Whiteboard
Zoom
Seasaw
Epic
ბევრ საერთაშორისო სკოლაში, ყოველდღიურ სწავლებაში ისედაც იყენებდნენ ამ პროგრამებს და ლიცენზიებიც აქვთ (დანის სკოლაშიც, მათ შორის), ამიტომ არც ბავშვებს და არც სკოლებს იმდენად არ გაჭირვებიათ ვირტუალურ რეჟიმში გადასვლა. ზოგიერთმა სკოლამ, ვინც ამდენი ვერ შეძლო, სკოლის ვებგვერდზე სასწავლო მასალების რეგულარად ატვირთვა დაიწყო, ზოგი იმეილს იყენებს, ზოგიც – whatssup-ს, Skype-ს და ზოგიერთმა სკოლამ დავალებების ფოსტით გაგზავნა დაიწყო.
ჩემი გამოცდილებით, Google classroom ყველაზე მოქნილი სისტემაა, რაც გამომიყენებია. საშუალებას იძლევა მოსწავლეთა ონლაინ დასწრებაც კი აღწეროს. მოსწავლეები დავალებას ასრულებენ Google doc-ში და ონლაინ პირდაპირ ტვირთავენ. მასწავლები ონლაინ კომენტარებს უწერენ და შეფასებასაც აძლევენ. ზოგიერთ დავალებას სჭირდება (მაგ. ექსპერიმენტების ჩატარებას მეცნიერებებში, ან ჩინურში იეროგლიფების გამოწერისას) ვიდეოს ან ფოტოს გადაღება და ატვირთვა. მობილური ტელეფონით ვიღებთ ხოლმე და Google drive-ზე ვტვირთავთ. დანის (მესამე კლასი) ასევე უტარდება ფიზკულტურის გაკვეთილი! მასწავლებელი აგზავნის სიას, როგორ უნდა ივარჯიშოს მოსწავლემ და რამდენჯერ, აღვრიცხავთ და ონლაინ ვაცნობებთ სკოლას.
პრობლემები
ადგილობრივი სკოლის ბევრი მასწავლებლისთვის უცხოა ასეთი ტიპის სწავლება და გაუჭირდათ ადაპტაცია. მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას არ აქვს საკუთარი კომპიუტერი. მოსწავლეთა ნაწილს, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, არ აქვს შესაბამისი უნარები იმისთვის, რომ ონლაინ სკოლაში დამოუკიდებლად ისწავლოს. ამიტომ გადამწყვეტია მშობელთა ჩართულობა. მშობლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მუშაობენ, დამატებითი თავსატეხი გაუჩნდათ და ძალიან წუხან. ასევე ჩივიან იმაზე, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, ხშირად წყინდებათ ონლაინ-გაკვეთილები, გარბიან სამზარეულოში და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტების ონლაინ სწავლების ცენტრები ეხმარებიან სკოლებს ამ პროცესში. მოკლედ, მთელი საზოგადოება ჩართულია ამ პროცესში.
ეს არ არის იოლი. თუმცა, მშობლების, სკოლების და მთავრობის დიდი ძალისხმევით სწავლების პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.
პ.ს. მე აღვწერე ჰონგ კონგში, რაც ხდება. რაც შეეხება ჩინეთს, იქ სულ სხვა განათლების სისტემაა. მთავრობამ გაკვეთილების ტრანსლაცია დაიწყო ტელევიზიებით და შექმნა „ქლაუდის ეროვნული სასწავლო პლატფორმა“. მოკლედ, ეგ ცალკე თემაა.