3 ნოემბერი, კვირა, 2024

პოსტერებად ქცეული აკადემიური კეთილსინდისიერება

spot_img

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის შესახებ სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსი მიმდინარეობდა პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში. საპრიზო პირველი-მესამე ადგილები და ილიას უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები თავისუფალი და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაინაწილეს.

 

I ადგილი – ლაშა კოტორაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი

 

II ადგილი – თაია ბუაჩიძე,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

 

 

III ადგილი – სალომე მერებაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი.

 

 

პროექტი დაფინანსებულია „ერასმუს პლიუს“-ის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ და მისი განხორციელება უნივერსიტეტმა 2018 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში 70 000-ზე მეტი ნაშრომი უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაში აიტვირთა. „სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რაღაცნაირად მივეჩვიოთ და ინსტიტუციურ კულტურად ვაქციოთ ეს ყველაფერი. თავისთავად, ეს სადამსჯელო ღონისძიება არ არის, უფრო პრევენციაზეა მიმართული. აბსოლუტურად ყველა სალექციო კურსში იქნა ჩაშენებული ეს ნაწილი და პირველ ლექციაც სწორედ აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე საუბრით ვიწყებთ. ერთ-ერთი შემაჯამებელი, რაც ილიაუნიმ დაგეგმა ამ პროექტში იყო სტუდენტური კონკურსი”, – განაცხადა ილიაუნის რექტორის მოადგილემ, ნინო დობორჯგინიძემ.

პროექტი, რომლის კოორდინატორიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხორციელდება თორმეტ ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან, წამყვან უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.

საქართველოში, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, პლაგიატის პრობლემა საკმაოდ სერიოზულად დგას. აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პლაგიატის შემთხვევების პრევენციას, დეტექციასა და შესაბამის რეაგირებას. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცნობიერების ამაღლებას ყველა დაინტერესებულ პირს შორის, მათ შორის პლაგიატის რაობისა და სახეების/ფორმების შესახებ. კონკურსის ორგანიზატორების აზრით,

საკომუნიკაციო მესიჯის შინაარსის მქონე პოსტერი, დაინტერესებულ მხარეებში აამაღლებს ცნობიერებას პლაგიატთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა.

„ერასმუს პლიუსის“ ეროვნული ფონდის კოორდინატორი ლიკა ღლონტი ამბობს, რომ პროექტის მიზანი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარებაა აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით: „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც „ერასმუს პლიუს“-ის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. თავისი თემატიკიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, მსგავსი კონკურსი, პროექტის ფარგლებში, არ ჩატარებულა. მიხარია და ამაყი ვარ, რომ ამდენი სტუდენტი ჩაერთო“.

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის INTEGRITY მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები