ნინო სალუქვაძის ტირში 24-29 ნოემბერს ერთბაშად ორი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა: თბილისის საერთაშორისო პირველობა და შოთა ქველიაშვილის სახელობის საერთაშორისო ღია თასის გათამაშება, რომელიც უპრეცედენტოდ ხალხმრავალი გამოდგა – მასში საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ირანიდან 87 სპორტსმენი გამოვიდა ყველა ასაკში. ტრადიციულად, სტუმართაგან ყველაზე დიდი გუნდით აზერბაიჯანი ჩამოვიდა – 27 მონაწილე, სომხებმა კი შარშანდელ ერთ მონაწილეს კიდევ ერთი დაუმატეს და ამჯერად 2 მსროლელით გვესტუმრნენ. ირანი პირველად მონაწილეობდა ჩვენს შეჯიბრებაში. მათი სახელით აზერბაიჯანში მცხოვრები ირანელი გამოვიდა, ვინც თურმე იმ ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას ლამობს.
შეჯიბრება უფროსებსა და ახალგაზრდებს შორის ჩატარდა, მათთან ერთად კი გამოვიდნენ დამწყები მოზარდებიც – 2005-2008 წლებში დაბადებულები და მთავარი სიურპრიზიც მათ გაგვიკეთეს, კონკრეტულად კი – თელაველმა ბავშვებმა, რომლებმაც ახლა ერთბაშად 4 მედალი მოიპოვეს – 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. ჩემპიონები მარიამ ფროდიაშვილი და შალვა სუმბაძე გახდნენ. ამასთან, ფროდიაშვილმა კიდევ ვერცხლი, სუმბაძემ კი ბრინჯაოც მოიპოვა. ამათგან ფროდიაშვილი საერთოდ პირველად გამოვიდა შეჯიბრებაზე, რადგან მას ვარჯიში ახალი დაწყებული აქვს – ორი თვეც არაა, რაც პირველად მივიდა ტირში, სუმბაძის კარიერა კი რამდენიმე თვით მეტს ითვლის, თუმცა, ისიც დამწყები სპორტსმენია. ამის მიუხედავად, მაინც მოასწრო და ზაფხულში წინა ტურნირზე უკვე მოიპოვა ერთი მედალი. მაშინ თელავის IV სკოლის X კლასელის წარმატებამ თელაველთა დიდი სიხარული გამოიწვია, როგორც პირველმა მედალმა, სხვებმა კი, ეს იქნებ შემთხვევით გასროლად მიიჩნიეს, თუმცა ახლა ყველა დარწმუნდა, რომ ეს ტირი სწორად მუშაობს და გამართული სავარჯიშო სისტემით მოაქვს შედეგები. უკვე ყველა დარწმუნებულია, რომ მათ მომავალშიც ექნებათ მიღწევები. რაც მთავარია, ამჯერად ბავშვებში მეტი მონაწილეც ჩამოიყვანეს ანუ მასობრიობაც იზრდება.
საინტერესოა, რომ ვარჯიშობს მარიამ ფროდიაშვილის ტყუპისცალი დაც – სალომე ფროდიაშვილი. მართალია, მათი შედეგები ჯერ საერთაშორისო სტანდარტების არ არის, მაგრამ სავარჯიშო პერიოდის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ნამდვილად საყურადღებოა. მაგალითად, აზერბაიჯანელები არ იჯერებდნენ, რომ ფროდიაშვილებმა ვარჯიში სულ რაღაც თვენახევრის წინ დაიწყეს. თანაც, თავის ასაკში გარკვეულ სტაბილურიბას მიაღწიეს, ეს კი წინსვლის წინაპირობაცაა. ამასთან, სამომავლოდ აუცილებლად გაზრდიან კონკურენციას.
თელაველთა წარმატებამ ყველას ყურადღება მიიპყრო, რადგან კახეთის რეგიონის სროლის სახეობებში სპორტული ტრადიციები არ გააჩნია, თელავის ტირი ახალი გახსნილია და იქაურები ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს. ეს ტირი თელავში ხუთიოდე წლის წინ გაიხსნა, რაც ქართული რეალობისთვის რაღაც უჩვეულო ამბადაც შეიძლება მივიჩნიოთ. რა დასამალია და ჩვენში ხელისუფლებას ყოველთვის უჭირს სიახლეებში ფულის დაბანდება, თელავის რაიონის ხელმძღვანელობა კი გამონაკლისი აღმოჩნდა. ამ ტირის გახსნის იდეა თელაველ პარასპორტსმენს, ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორს
„ხირჩლათ ლადო“ (ეს მისი ლიტერატურული ფსევდონიმია) – ლადო ჭინჭარაულს ეკუთვნის, თუმცა რომ არა თელავის მინიციპალიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობა, იდეა რეალობად ვერ იქცეოდა: მოიძიეს სათანადო ფართი, გამოყვეს თანხა და შეიძინეს ერთბაშად 10 ელექტროფარი! ეს ის დრო იყო, როცა ნინო სალუქვაძის ტირში ჯერ კიდევ 5 ამგვარი თანამედროვე ფარი იყო (უცხოეთში ფინალები უკვე ამგვარ ფარებზე ტარდება, რასაც თვალის შეჩვევა სჭირდება და ამ ტიპის უახლესი ტექნიკა ამიტომაა მნიშვნელოვანი). კარგად მახსოვს, თელაველთა ამ ნაბიჯით მაშინ რამდენად გაოცებულები დარჩნენ საქართველოს სროლის ფედერაციაში – მათთვის ეს ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი იყო! თავის მხრივ, ფედერაციამ ორი წლის წინ აზერბაიჯანიდან დაიბრუნა ჩვენი ყოფილი მწვრთნელი, ქარელში დაბადებული, მაგრამ მოგვიანებით ბაქოში გადასახლებული ბეგლარ აბაზოვი. იგი თელავში, ტირში სამუშაოდ მიავლინეს და მისმა მუხლჩაუხრელმა შრომამაც განაპირობა, ქართული ტყვიის სროლას ახალი ცენტრი რომ შეემატა. დადის სკოლებში, იქაურ უმაღლეს სასწავლებელში ვარჯიშის მსურველთა მოსაძიებლად, ტირის ხელმძღვანელობასთან ერთად ატარებს სხვადასხვა სახის შეჯიბრებებს და ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას, რაც წარმატებითაც გამოსდის.
ეს ტირი მართლაც დიდი შენაძენი გახდა ქართული ტყვიის სროლისთვის – მისი გახსნიდან მოყოლებული, ჩვენი ეროვნული ნაკრები იქ გადის სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებს და ბოლო წლებში ლიზი კილაძის, ნინო ხუციბერიძის თუ სხვა ახალგაზრდების შედეგებს სალუქვაძე პირდაპირ უკავშირებს ამ შეკრებებს. თანაც, ჩვენებს უკვე აღარ სჭირდებათ უცხოეთში შეკრებებზე წასვლა (განსაკუთრებული საჭიროება თუ არაა), შედეგად კი შეკრებებისთვის გამოყოფილი თანხა საქართველოშივე რჩება და აღარ გადის უცხოეთში. თანაც, თელავში ბევრად მეტი სპორტსმენის წაყვანაა შესაძლებელი სავარჯიშოდ და ნაკრების წევრებთან ერთად, ყოველთვის მიჰყავთ დამწყები მოზარდები, ვისაც დამაიმედებელი შედეგები აქვთ. ადვილი წარმოსადგენია, ამ 12-14 წლის მოზარდებისთვის ნინო სალუქვაძის დონის სპორტსმენთან ვარჯიში რამხელა სტიმულია (თუმცა სალუქვაძე, პარალელურად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა)! იქ ყოფნა მათ შედეგებსაც ეტყობა. ჩვენმა ნაკრებმა ოქტომბერ-ნოემბერში ორი შეკრება გაიარა თელავში, სადაც ასევე ჰყავდათ წაყვანილი დამწყები მოზარდები და ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ტურნირებზე ყველა მწვრთნელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ ვინც იქ იყო, ყველამ საგრძნობლად მოუმატა შედეგებს. ამ შეკრების დამსახურებად მიიჩნევდნენ აღნიშნულ ტურნირებზე ახალგაზრდებში თბილისის სკა-ს კლუბის წარმატებას – ორივე შეჯიბრებაში მისი წევრები, ამირან ყორანაშვილი და ნიკოლოზ მაჭარაშვილი მედალოსნები გახდნენ. იგივე ითქმის ქუთაისელ იოანე ხვარეშიაზეც, ვინც ასევე იმყოფებოდა თელავში – მან ახალგაზრდებში თბილისის საერთაშორისო პირველობა მოიგო, თუმცა ზაფხულში გამართულ შეჯიბრებაზე ისეთი დიდოსტატური შედეგი აჩვენა, რომ მისგან წარმატებას უკვე ყველა შეჯიბრებაზე ელოდებიან. მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება იმ დამწყები პერსპექტიული მოზარდების რიცხვი, ვისაც თელავში წაიყვანენ შეკრებაზე.
ერთი სიტყვით, თელავის ტირი დიდი შენაძენია ქართული სპორტისთვის. თანაც, ის ადაპტირებულია ანუ შეზღუდული შესაძლებლობების პირებზეცაა გათვლილი და ამითაც ხელსაყრელია – მათაც ეძლევათ ვარჯიშის საშუალება. ამითვე განსხვავდება ქუთაისის სასროლეთისგან, სადაც ამის საშუალება არაა. ამასთან, ნაკრები ერთია და იმის თქმაც თამამად შეიძლება, რომ თელავს ამ ტირის გახსნით კიდევ ერთი კულტურულ-გასართობი ცენტრი შეემატა – მათ ფეისბუქ-გევრდზე თვალის გადავლებაც საკმარისია დარწმუნდეთ, რაოდენ დიდია ინტერესი და ვარჯიშის დაწყების მსურველთა რაოდენობა, ასეთი წარმატებები კი ამ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. თანაც, იქ, პერიოდულად, რეგიონული უნივერსიადა ტარდება – რეგიონული პირველობები ძალოვან უწყებებს შორის ანუ ეს ტირი იქაურ სამხედროებს და პოლიციელებს პროფესიულ ზრდაშიც ეხმარება. კარგი იქნება, თელავს სხვა რეგიონების თუ მინიციპალიტეტების ხელმძღვანელებიც თუ მიბაძავენ. ეს განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოზე ითქმის, კონკრეტულად კი – შავიზღვისპირეთზე, სადაც ისეთი ბუნებრივია პირობებია, ზამთარშიც კი შეიძლება ღია სასროლეთზე ვარჯიში. არადა, მთელ დასავლეთში პროფესიული ტირი მხოლოდ ქუთაისშია. თუმცა, ყინული იქაც ლღვება, მაგრამ ჯერ მოვლენებს ნუ დავასწრებთ.
ზემოთ თელავურ შეკრებებზე ვსაუბრობდით და აქ კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ საკანონმდებლო ლაფსუსს: სამწუხაროდ, გაცდენებისთვის დაწესებული მკაცრი სანქციების შიშით, იქ წასვლას ბევრი სტუდენტი და სკოლის მოსწავლე სპორტსმენი ვერ ახერხებს, ან თუ მიდის – მხოლოდ რამდენიმე დღით. არ ვამბობთ, რომ მათ არ უნდა ისწავლონ და სპორტის ხარჯზე მიიღონ რამე შეღავათი, მაგრამ სპორტიც არ უნდა შეეწიროს სხვა სფეროებს, სპორტსმენები დილემის წინაშე არ უნდა დავაყენოთ. კანონმდებლობა უფრო მოქნილი უნდა იყოს და არა – „პროკრუსტეს სარეცელივით“ ხისტი, რომ ვინც მის ნორმებს ვერ ერგება, უნდა მოიკვეთოს. მსოფლიო იცნობს რამდენიმე ასეთ მოქნილ მოდელს და მათი გადმოღება, ცხოვრებაში დანერგვაა საჭირო, რომ მოსწავლეები, სტუდენტები არ იყვნენ დამოკიდებულნი რექტორების, დირექორების გულმოწყალებაზე, რომ იგივე რექტორები, დირექტორები კანონმა დაავალდებულოს, გაუწიონ შეღავათი სპორტსმენებს, რათა მათ სწავლაც შეძლონ და არ მოუწიოთ სპორტის მსხვერპლად გაღება. სკეპტიკოსებს ძიუდოში ქართველ ქალთაგან პირველი მედლის მომპოვებელი მზია ბებოშვილის მაგალითსაც შევახსენებ, ვინც სწორედ იმ პირველი მედლის მოპოვებისთვის გაცდენილი საათების გამო კლასში ჩატოვეს. საქართველოს მედალი მოვუტანე და ის დღეები ამიტომ გამიცდა, „შატალოზე“ ხომ არ ვყოფილვარ წასულიო, წყრებოდა მაშინ ბებოშვილი. კიდევ კარგი, მედიაში გაჟღერებული ამ ამბის შემდეგ მისმა სკოლამ ბოლოს მაინც გადაგდა გონივრული ნაბიჯი და სპორტსმენს მისცა საშუალება, ექსტერნის წესით ჩაებარებინა გამოცდები (რასაც მანამდე თავად სპორტსმენიც ითხოვდა) და დასწეოდა თავის კლასს, რითაც სამართლიანობა აღადგინა. ბუნებრივია, დღესაც არიან მოწყალე რექტორები და დირექტორები, რომლებიც ასეთი დილემის წინაშე არ აყენებენ სპორტსმენებს, მაგრამ ეს მაინც გამონაკლისია, ხოლო საქმე საქმეზე რომ მიდგება, კანონი შეღავათებს არ ითვალისწინებს.
დასასრულს, ისევ ზემოაღნიშნულ ტურნირებს დავუბრუნდეთ, სადაც დებიუტანტებში ორ-ორი მედალი მოიპოვეს თბილისელებმა – მარიამ მარშავამ, ნიკა თალაკვაძემ და თემო გუგუშვილმა. ახალგაზრდებში განსაკუთრებით ვაჟებში სასიამოვნო სიახლე იყო სკა-ს წევრთა ზემოაღნიშნული დუეტის სტაბილური გამოსვლა, ასევე – ხვარეშიაც, თბილისელმა აკაკი მოსულიშვილმა კი მხოლოდ მეორე სტარტი მოიგო, პირველზე კი უმედლოდ დარჩა, ოღონდ წინა დღეებში მაღალი სიცხეები ჰქონდა და ჯერაც ვერ იყო გამოსული მდგომარეობიდან. ისე კი მან და ლიზი კილაძემ დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენეს, თუმცა ორივეს ბევრად მეტიც შეუძლია. ვერც ხუციბერიძემ აჩვენა თავისი რეკორდი, ისე კი მან და ხვარეშიამ შერეულ წყვილთა შეჯიბრება მოიგეს, სადაც ახალგაზრდები და უფროსები ერთად გამოდიოდნენ და აჯობეს სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის, აგრეთვე, უფროსთა ასაკის სომხურ და აზერბაიჯანულ წყვილებს.
ირაკლი თავაძე