2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში შევა ცვლილება. წინა წლების მსგავსად ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.
⇒ ისტორია
გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება.
საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“.
„ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ – აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი.
„ისტორიული მოვლენის შეფასება“ – აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი – შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება. უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.
⇒ მათემატიკა
აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
⇒ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სხვადასხვა საგანში
აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში – მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.