მაროკოს ქალაქ მარაკეშში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, სადაც 57 კილოგრამში ეთერ ლიპარტელიანმა გაიმარჯვა. ეს ისტორიული წარმატებაა, ვინაიდან ის გახდა პირველი ქართველი ძოუდოისტი ქალი, ვინც ნებისმიერ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ზოგადად საჭიდაო სახეობებში, მეორეა ქართველ ქალთაგან სამბისტ ნინო ოძელაშვილის შემდეგ.
ქართულ ძიუდოს აქამდე მხოლოდ ერთხელ მიეცა შანსი, ჰყოლოდა მსოფლიოს ჩემპიონი, როცა 2015 წელს მარიამ ჯანაშვილი (52), ასევე ახალგაზრდებში, გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თუმცა იქ კოსოვოელ დისტრია კრასნიჯთან დამარცხდა.
ლიპარტელიანი 20 წლისაა და უკვე ამთავრებს გამოსვლას ახალგაზრდულ ნაკრებში, რომლის კარსაც მართლაც რომ ხმაურიანად გაიხურავს – წლეულს ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონიც გახდა, ანუ დუბლი შეასრულა. ეს სერიოზული განაცხადია ეროვნულ ნაკრებში გადასვლამდე, სადაც ხმაურით მიდის და მას უკვე აკვირდებიან ამ წონის ფავორიტი ქვეყნები – ყველა ხედავს, რომ წონას ახალი ლიდერი ევლინება. ბუნებრივია, მას ჯერ ადაპტაცია დასჭირდება, მაგრამ დიდი შანსია, რომ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვოს. მით უფრო, ახალგაზრდულ მსოფლიოზე მოპოვებული ქულები სალიცენზიო რეიტინგშიც ეთვლება.
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ეთერ ლიპარტელიანს, ძიუდოს ავტორიტეტული უცხოური საიტები, ტურნირის ყველაზე პერსპექტიულ 5 ახალგაზრდა გოგონას შორის ასახელებდნენ და როგორც შეჯიბრების მიმდინარეობამ აჩვენა – სავსებით სამართლიანადაც. მარაკეშში ის საგრძნობლად დომინირებდა ამ წონაში და მთელი ტურნირი გამოკვეთილი უპირატესობით ჩაატარა, განსაკუთრებით კი – მისი დასკვნითი ნაწილი. ის მთელი თავით მაღლა იდგა მეტოქეებზე და შეიძლება ითქვას, ამხელა შეჯიბრება იოლადაც კი მოიგო – არც ერთ შეხვედრაში მისი გამარჯვება საეჭვო არ ყოფილა, არც ერთხელ არ აღმოჩენილა მდევრის როლში და არ დასჭირვებია ანგარიშის ამოქაჩვაზე ჭიდაობა… ხუმრობა საქმე ხომ არაა – ბოლო ორ პაექრობაში, ნახევარფინალსა და ფინალში კორეელი და იაპონელი მეტოქეები წმინდად დაამარცხა, თუმცა „დაამარცხა“ პირობითად ეთქმის იმ გდებებსა და იმ მოგებებს, რომლებიც ლიპარტელიანმა მათთან პაექრობაში მოიპოვა. უფრო სწორი იმის თქმა იქნება, რომ ორივე უმოწყალოდ დააწყვიტა ტატამს და იმდენად აშკარა იპონებზე დააგდო, მსაჯი კი არა, მამაზეციერიც ვერ მიედავებოდა ვერაფერში. ცხადია, ის ფაქტიც მრავლისმთქმელია, ამ ქვეყნების წარმომადგენლებს იპონებით რომ მოუგო, მაგრამ ლიპარტელიანის შესრულებული გდებები რაღაც სხვა სიმაღლეა, ეს მოგებაზე მეტია: ნახევარფინალში კორეელი მიმი ჰუჰი ტომარასავით ააგლიჯა ტატამს და ბრუნით ზურგს უკან ისე გადაისროლა, თავით დაარჭო ლეიბზე. კორეელი გაოგნებული იცქირებოდა აქეთ-იქით, ფინალში კი იაპონელ კანაკო ჰაკამატას ისე ადვილად ამოუსვა, ბურთივით გაისროლა იპონზე. ამ დროს პაექრობის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული. სხვათა შორის, მანამდე ტატამიდან აგლეჯა ჰაკამატასაც დაუპირა და ცოტა დააკლდა საწადელამდე.
მარაკეშში ლიპარტელიანმა ასევე დამაჯერებლად, იპონებით მოუგო უნგრელ ანდრეა კარმანს, სლოვენიელ კაია კაიზერს და ჰოლანდიელ შანონ ვან დე მეებერგს. მთლიანობაში, მან მარაკეშში ხუთი პაექრობა ჩაატარა და უკლებლივ ყველა წმინდად მოიგო. თანაც ყველას იმდენად დამაჯერებლად სძლია, ძნელია, რომელიმე გამოარჩიო. ამასთან, უკლებლივ ყველა მეტოქე ძიუდოს ძლიერ ქვეყანას წარმოადგენდა და განსაკუთრებით – ქალთა ძიუდოთი გამოირჩევიან. მაგალითად, სლოვენიელებს ქალთა ნაკრები ვაჟებისაზე ბევრად ძლიერი ჰყავთ, ხოლო უნგრელი და ჰოლანდიელი ქალები თუ არ ჯობნიან, არც არაფრით ჩამოუვარდებიან თანამემამულე ვაჟებს. ისიც სათქმელია, რომ მან ჰოლანდიელს ევროპის ჩემპიონატზეც მოუგო, თუმცა – სხვა სპორტსმენს. არადა, როგორც წესი, წამყვანი ქვეყნების უმეტესობა უფრო ძლიერებს მსოფლიოს პირველობისთვის ინახავს, ანუ უსაფუძვლო არ იქნება იმის თქმა, რომ ჰოლანდიამ – ამ ერთ-ერთმა წამყვანმა ქვეყანამ ლიპარტელიანს ტოლ-სწორი მეტოქე ვერ მოუძებნა, პირველ-მეორე ნომრები პატარა ბავშვებივით დაუმარცხა.
ჩემპიონატის დაწყებამდე ლიპარტელიანს უსაფუძვლოდ არ ასახელებდნენ ფავორიტთა შორის, რადგან მას დიდი სპორტსმენისთვის საჭირო თითქმის ყველა თვისება აქვს: ფიზიკურად მშვენივრადაა მომზადებული, სუნთქვა კარგი აქვს, გამძლეობაც და ტექნიკურადაც მდიდარი არსენალი გააჩნია. ფეხსაც კარგად იყენებს და დგომიდანაც ბევრ ილეთს აკეთებს, ხოლო ვინმე ქვეჭიდში თუ ჩააგდო, მტრისას — იქიდან გაქცევა შეუძლებელია. მის ჭიდაობაში ფიზიკურ ძალას დიდი როლი აქვს, მაგრამ ნამდვილად არაა მხოლოდ ძალისმიერი სტილის მოჭიდავე – საკმაოდ ბევრ ილეთსაც აკეთებს, არაა ერთ კონკრეტულ ფანდზე ჩაციკლული. უბრალოდ, ფიზიკური ძალა მისი კოზირია, რასაც ხშირად იყენებს ჭიდაობაში და ეს ბუნებრივია, მაგრამ ამას საჭირო ილეთებსაც ახმარს ხოლმე, რაც მის წინააღმდეგ ჭიდაობას კიდევ უფრო აძნელებს. ამასთან, კარგად გრძნობს ილეთს, თუმცა მისი ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი თვისება მებრძოლი ხასიათია – ასეთი შემტევი სტილით ბევრი ბიჭი ვერ დაიკვეხნის. უთავბოლო, გაუფრთხილებელი შეტევებიც არ ახასიათებს – როგორც გითხარით, ილეთს კარგად გრძნობს და იშვიათად, ვინმემ კონტრშეტევაზე მოაყოლოს. მისი კიდევ ერთი ძალიან კარგი თვისება ისაა, რომ წარმატება ახალ სტიმულს აძლევს და მეტი მონდომებით ვარჯიშობს, არ ახასიათებს „ვარსკვლავური ავადმყოფობა“ და „ქართული სენი“, როცა ერთ დიდ ტურნირს მოიგებენ და მერე აგდებულად ეკიდებიან ვარჯიშს. ბუნებრივია, მას უფროსებში თავიდან ცოტა გაუჭირდება – სავარაუდოდ, ჯერჯერობით ქალებთან ძალით მაინც დაიჩაგრება, მაგრამ არც იმდენად, ლიცენზიაზე ვერ გაიწიოს და თან ასაკთან ერთად ეს ხარვეზიც გამოსწორდება, 2-3 სეზონში კი, თვითონ იქცევა მონსტრად.
მარაკეშში ჩვენმა დელეგაციამ, ჯამში, 5 მედალი მოიპოვა: 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო, დანარჩენი ოქროები კი ბიჭების ნაკრებზე მოდის. ლიპარტელიანის გარდა, იქ მსოფლიოს ჩემპიონები ვლადიმერ ახალკაცი (81) და ლაშა ბექაური (90) გახდნენ, ვერცხლის მედალს ილია სულამანიძე (100) დასჯერდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81) მესამეზე გავიდა. ამათგან მხოლოდ ლიპარტელიანმა და ბექაურმა შეძლეს წლეულს დუბლის შესრულება. ჩვენი გუნდიდან ბრინჯაოს მოპოვება მარიამ ჭანტურიასაც (70) შეეძლო, იგი დამამშვიდებლის ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა. ამ წარმატებას გუნდურ ტურნირში მოპოვებული ბრინჯაოც დაემატა, პირადი პირველობის საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მეორეზე ვართ იაპონიის შემდეგ, ხოლო ბიჭებში ჩვენ და იაპონიას ზუსტად თანაბარი ოდენობისა და სინჯის მედლები გვაქვს. თუმცა იაპონელებმა იმით გაგვისწრეს, რომ, ჩვენგან განსხვავებით, მეხუთე ადგილზე გასული სპორტსმენი ჰყავთ. იაპონელებმა ბოლო დღეს, ბოლო წონაში მოპოვებული ოქროთი გაგვისწრეს. ბედის ირონიით, ჩვენს მძიმეწონოსან გელა ზაალიშვილს რომ დაემარცხებინა მათი მომავალი ჩემპიონი სოსუკე მაცუმურა, მერე თუნდ სულაც უმედლოდ დარჩენილიყო; ანაც სულამანიძეს ემარჯვა ფინალში იაპონელ მეტოქესთან, ბიჭებში იაპონიასაც გავუსწრებდით… ქართული ძიუდოსთვის საამაყოა ისიც, რომ 81 კილოგრამში კვარცხლბეკზე ერთბაშად ორი ქართველი ავიდა, როგორც ეს ევროპის ჩემპიონატზე მოხდა. თუმცა მაშინ თუ ოქრო-ვერცხლი გვქონდა, ახლა ოქრო და ბრინჯაო დაგვრჩა. არადა, მარაკეშშიც ახლოს ვიყავით ქართულ ფინალთან, რაც უპრეცედენტო მიღწევა იქნებოდა — სეზონის ორივე მთავარ ტურნირზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი გვეჭიდავა, მაგრამ გრიგალაშვილი ნახევარფინალში მოულოდნელად დამარცხდა მასზე შედარებით უფრო სუსტ მეტოქესთან, ვისაც მერე ფინალში ახალკაცმა ქრესტომათიული გდება ჩაუტარა; ილეთი, რამაც უცხოელი კომენტატორები იმდენად აღაფრთოვანა, რომ მომდევნო დღეებშიც ამაზე საუბრობდნენ.
გუნდურ ტურნირში ჩვენმა ნაკრებმა თავიდან მაროკოს და ბრაზილიას მოუგო ერთნაირი ანგარიშით – 4:1, ნახევარფინალში კი, ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, კვლავაც რუსეთთან დამარცხდა 3:4. ბრინჯაოსთვის პაექრობაში გერმანელებს ისევ 4:1 მოუგეს და როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ამჯერადაც მესამეზე გავიდნენ. ევროპის პირველობის დარად, გოგონებმა ახლაც ბიჭებზე უფრო დამაჯერებლად იასპარეზეს. მაგალითად, იმავე ლიპარტელიანმა და ჭანტურიამ ყველა პაექრობა მოიგეს.
ირაკლი თავაძე