3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

Genius-ს ოლიმპიადა – „ქართული რობოტების“ ოცდაორრაუნდიანი ასპარეზობა

spot_img

მეცხრე წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში genius -ს ოლიმპიადას  ნიუ-ორკის სახელმწიფო უნივერსისტეტი მასპინძლობს და ტრადიცულად, ის   საუნივერსიტეტო ბაზაზე, ქალაქ ოსვეგოში იმართება. ღონისძიება ხუთ კატეგორიას აერთიანებს: Science, VPA (Visual and Performance Arts), Business, Writing და Robotics. საქართველო უკვე მეორე წელია ჩაერთო ოლიპიადაში და შარშან ჩვენი ქევყანა „ევროპული სკოლის“ ორმა გუნდმა –  Science ბიოლოგიის განხრით და Robotics -ის მიმართულებით წარადგინა. პირველივე წელი წარმატებული  აღმოჩნდა  Science ბიოლოგის გუნდისთვის  – ორმა მოსწავლემ საუკეთესო მონაწილის ტიტული და ოქროს მედალი მიიღო. ამის გარდა, ორივე მოსწავლე, ღონისძიების ორგანიზატორებმა, ჩრდილოეთ კორეაში მსოფლიო სამეცნიერო კონფერენციაზე მიიწვია.  Robotics -ის გუნდი კი მხოლოდ მონაწილეობას დაჯერდა. თუმცა,  ეს ქართული მხარისთის გამოცდილებისა და ბიძგის მიმცემი გახდა, რომ  2019 წელს, უფრო მასშტაბურად ჩართულიყვნენ ღონისძიებაში.

წლევანდელი ოლიმპიადა ჩვენი მოსწავლეებისთვის, მართლაც, უფრო მასშტაბური აღმოჩნდა – 16-დან 25 ივნისის ჩათვლით გამართულ ღონისძიებაში, რომელშიც  მსოფლიოს 75 ქვეყნისა და 35 შტატის წარმომადგენელი გუნდები მონაწილეობდნენ,  საქართველოს სახელით ორი სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებულმა სამმა გუნდმა  (თითო გუნდში 3 მოსწავლე) მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე, რომელიც  საბუნებისმეტყველო საგნების წარმოჩენას და პრობლემური საკითხების გადაჭრას ეძღვნებოდა, მოსწავლეებმა ძალიან საპასუხისგებლო გამოსვლას გაართვეს თავი. მათ მიერ შექმნილ რობოტს გარემოში ხანძრის ევაკუაცია და ადამიანების გადარჩენა ყველაზე მოკლე დროში უნდა მოესწრო. „ევროპული სკოლის“ „რობოტიკის კლუბის“ გუნდებმა ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა და საუკეთსო მონაწილეთა ათეულში მეოთხე ადგილი დაიკავა.

წელს, ოლიმპიადაში მონაწილეთა გუნდი ასე დაკომპლექტდა: შოთა ბერიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების VI კლასის მოსწავლე, დაჩი გრძელიშვილი თბილის კლასიკური გიმნაზიის IX კლასის მოსწავლე,  ნიკოლოზ კობეშავიძე ევროპული სკოლის VI კლასის მოსწავლე, გიორგი დიღმელაშვილი ევროპული სკოლის X კლასის მოსწავლე, ლუკა ჯენევიზი ევროპული სკოლის X კლასის მოსწავლე, ვახტანგ ლემონჯავა ევროპული სკოლის V კლასის მოსწავლე, დავით ხინჩაგიშვილი წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა 10 კლასის მოსწავლე, ლევან კოტიშაძე ევროპული სკოლის IX კლასის მოსწავლე, ბექა ბერიძე თბილისი პირველი კლასიკური გიმნაზიის X კლასის მოსწავლე.

ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ მოსწავლეთა გუნდს ხელმძღვანელობდნენ დავით ნოზაძე (გუნდის ინსტრუქტორი, ევროპული სკოლის რობოტექნიკის და კომპიუტერული მეცნიერებების პედაგოგი, რობოტექნიკის წრეობრივი მუშაობის პედაგოგი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საბავშვო რობოტექნიკის მწვრთნელი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი ინფორმაციულ ტექნოლოგიები სასკოლო განათლებაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, და საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი) და ირინა კოჭლამაზაშვილი (გუნდის ინსტრუქტორი, ევროპული სკოლის ფიზიკის და რობოტიკის პედაგოგი).

„ევროპული სკოლის“ და თბილისი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები, გაწევრიანებული არიან „ევროპული სკოლის“ ბაზაზე არსებულ რობოტიკის კლუბში,  სადაც ფუნდამენტურად გადიან რობოტიკის საკითხებს და სწავლობენ ამ სფეროს. სწავლის პარალელურად, კლუბის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები  შეჯიბრებებში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მოსწავლეთა იგივე შემადგენლობა იმყოფებოდა თურქეთში გამართულ მე-13 საერთაშორისო რობოტიკის შეჯიბრზე და წარმატებითაც იასპარეზეა.

რაც შეეხება Genius-ს ოლიმპიადას, დავით ნოზაძე ამბობს, რომ: ჩვენი ქვეყნის სამი გუნდიდან, 2-მ დაიკავა საპრიზო ადგილი და საუკეთესო მონაწილეთა შორის 4 ადგილი ერგო,  ქულათა ძალიან მცირე დანაკლისი ჰქონდა ჩვენ მოსწავლეთა გუნდს მედლის მოსაპოვებლად. მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის კლასიკური გიმნაზიის სამი მოსწავლისა და ერთ-ერთი გუნდის ინსტრუქტორის (რომლებმაც წარმატება მოუტანეს გუნდს და ქვეყანას) ტრანსპორტირების საფასური  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაფარა, რისთვისაც გუნდის წევრები და ხელმძღვანელი მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

 ასეთი ტიპის ოლიმპიადებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეებისთვის, როგორც გამოცდილების დაგროვების თვალსაზრისით, ისე მოტივაციის ზრდისთვის, რომ ყოველი შემდგომი ასპარეზობა უფრო და უფრო ეფექტური გავხადოთ. მით უფრო სასიხარულოა, როცა მონაწილეობას წარმატებაც თან ახლავს – წელს, ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლეს, რომ ოსვეგოდან გულდაწყვეტილები არ დავბრუნებულიყავით. ვულოცავ მთელ შემადგენლობას და მომავალი წარმატების იმედით, კიდევ უფრო ნაყოფიერად მუშაობას ვუსურვებ.“

 წლევანდელი ოლიმპიადის ყველაზე წარმატებულმა რობოტმა 32 რაუნდი ითამაშა, ხოლო ქართველი მოსწავლეების მიერ შექმნილმა რობოტმა 22 რაუნდი ჩაატარა. თუმცა, ეს მხოლოდ შეჯიბრი არ იყო, რადგან მოსწავლეებს კონკრეტული რობოტი რაუნდებამდე, შემფასებლებლისთვის ისე უნდა წარედგინათ, რომ ამაშიც ქულები მოეპოვებინათ. მათ ეს საკმაოდ შთამბეჭდავად შეძლეს.

შთაბეჭდილებები თავად მონაწილეებმაც გამიზიარეს, რასაკვირველია, მათთვის ოლიმპიადის გარდა, საინტერესო იყო არაფორმალური ნაწილიც  – ღონისძიების ფარგლებში, ქართველმა მოსწავლეებმა,   ნიუ-ორკის ღირსშესანიშნაობებიც მოინახულეს.

ოლიმპიადის ერთ-ერთი  მონაწილე, უკვე მე-7 კლასელი შოთა ბერიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამარჯვებიდანაა. ამბობს, რომ მისთვის პირველია ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა და აქედან გამომდინარე, მასშტაბურია მისი შთაბეჭდილებებიც. „მეშვიდე კლასში გადავედი.  რობოტიკის  სფერო პატარაობიდანვე მაინტერესებდა, ვიგონებდი ხოლმე და ვაწყობდი რაღაცეებს. გასული წლის სექტემბრიდან კი, როცა შვიტყვე, რომ „ევროპულ სკოლაში“ ამ მიმართლებით სპეციალური კლუბი ფუნქციონირებდა, მეც ჩავეწერე.  ცოტა რთულია გარდაბნიდან სიარული, მაგრამ კვირაში ორ დღეს – შაბათ-კვირას – მაინც ვახერხებ ხოლმე კლუბში სამეცადინოდ მისვლას. მართლა ძალიან მომწონს ეს პროცესი და  იმდენად მაინტერესებს სფერო, რომ მინდა ჩემი მომავალი პროფესიაც მას დავუკავშირო.

რაც შეხება ოლიმპიადას, ჩემი მოტივაცია უფრო გაზარდა და ახლა კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ, რადგან მინდა მომავალ წელსაც მივიღო ოლიმპიადაში მონაწილეობა და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად უკეთესი შედეგები ვაჩვენო.

 დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რადგან ოლიმპიადამ გარკვეული წარმატების გარდა, შესაძლებლობა მომცა მენახა ჩემი ქვეყნისგან ასე რადიკალურად განსხვავებული ამერიკის შეერთებული შტატები.“ 

ვულოცავთ ქართველ მოსწავლეებს წარმატებას და მომავალი ოლიმპიადიდან გაუმჯობესებული შედეგებით დაბრუნებას ვუსურვებთ!

ლალი ჯელაძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები