2019 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მოადგილესთან, ნათია ზედგენიძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი შენგელიასთან ერთად, განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
2019 წელს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის, ბიუჯეტიდან, 80 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლითაც თბილისსა და რეგიონებში, განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის აშენება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლების უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა იგეგმება.
რეფორმის ფარგლებში, სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნით, განათლების სამინისტრომ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა სისტემური მიდგომა – სრულად შეისწავლა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და მათი საჭიროებები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგა.
„პირველ რიგში, რაც განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელდა, შეიქმნა სკოლების საჭიროებების ერთიანი ბაზა. დღეს უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ხედვაც, რა უნდა განხორციელდეს წლების განმავლობაში. ყველაზე მთავარია გასამმაგებული ბიუჯეტი, რომელიც მოხმარდება როგორც ახალი სკოლების მშენებლობას, ისე საჭიროების მიხედვით სკოლების რეაბილიტაციას დედაქალაქსა და რეგიონებში“ – აღნიშნა მინისტრმა.
საჭიროებები რომ მართლაც დიდია, ბაზაშიც გამოიკვეთა და მინისტრიც ადასტურება: „ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. ვფიქრობთ, არც ეს საჭიროებებია საკმარისი იმისთვის, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას, მაგრამ, რაც ყველაზე მთვარია, საჭიროებები პრიორიტეტების მიხედვით განისაზღვრა და თებერვლიდან დაიწყება კონკრეტული მუშაობა როგორც ახალი სკოლების მშენებლობის, ისე არსებულის რეაბილიტაციის კუთხით. ამიტომ, წლევანდელი წელი, გაზრდილი ბიუჯეტით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სამჯერ მეტი პრობლემის გადაჭრას შევძლებთ.
ერთიანი გეგმა შეეხება როგორც სკოლებს, ისე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე დავიწყოთ 20-მდე სკოლის მშენებლობა, ასობით მიმდინარე პროექტის განხორციელება და კიდევ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, ბევრი პრობლემა ადგილზევე გადაჭრან, სამინისტროს ჩარევის გარეშე. ამისთვის არსებობს სათანადო რესურსი და ბევრი რამ სკოლის დირექტორებზეც იქნება დამოკიდებული. ჩვენი მხრიდან განვახორციელებთ მონიტორინგს და მჯერა, რომ ელემენტარულ პრობლემას სკოლები სამინისტროს ჩარევის გარეშე მოაგვარებენ. ამისთვის კი,
სკოლის დირექტორიც უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას. დიდი იმედი მაქვს, ადგილობრივი ინიციატივებითა და ჩვენი ჩარევით დავიწყებთ დაგროვილი პრობლემების მოგვარებას.“
ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ იგეგმება სკოლის დირექტორების საკადრო ცვლილებები, მინისტრი პასუხობს, რომ ასეთი გეგმა არ აქვთ, თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ საჭიროა ორმხრივი პასუხისმგებლობა, „რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი რესურსით უზრუნველვყოფთ, ამისთვის არსებობს გეგმაც და რესურსიც. ახლა ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ პრობლემების გადაჭრაზე. აქტიურად მიდის მუშაობა დირექტორებთან და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან, მართალია, მთლიან საჭიროებას ვერ მოაგვარებენ, მაგრამ მთავარია დადებითი ტენდენცია გამოიკვეთოს.“
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, პირველი რიგის პრობლემების გადაჭრასთან ერთად, სამინისტროს გრძელვადიანი ხედვაა რაც შეიძლება მეტი, ენერგოეფექტური სკოლის მშენებლობა, რადგან გარემოზე ზრუნვის გარდა, ეს რესურსების დაზოგვასაც გამოიწვევს. „როცა ახალ, დასავლური სტანდარტების მიხედვით აშენებულ სკოლებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, უკვე გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობა. ასეთია, მაგალითად, ბოლო დროს გახსნილი ახალი სკოლები კასპში და თბილისის მე-100 სკოლა, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ.“ * ამბობს მინისტრი.
ერთ-ერთი პრიორიტეტი მშენებლობის პროცესში მუდმივი მონიტორინგი იქნება, მშენებლობის ხარისხის უზრუნველყოფისა და ვადების დაცვის მიზნით. მინისტრის თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეცეს მეტ ბავშვს ახალ და რეაბილიტირებულ სკოლებში სწავლის შესაძლებლობა და ამისთვის რამდენიმეწლიანი ლოდინი არ უნდა დასჭირდეთ.
რა დრო დასჭირდება სამინისტროს საქართველოს საჯარო სკოლების ინფარსტრუქტურული საჭიროებების მოსაგვარებლად, ამის შესახებ მინისტრმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა მუდმივი პროცესია და შეუძლებელია დათქმულ დროში სრულად ამოიწუროს პრობლემები – ერთი პროცესი რომ სრულდება, მეორე იწყება. „საჭიროება იქნება მუდმივი და არასდროს დასრულდება, რადგან შეიძლება სამი წლის წინ რეაბილიტირებულ სკოლაში რაიმე ტიპის საჭიროება ისევ გაჩნდეს“. რაც შეეხება დღეის მონაცემებით გამოკვეთილ საჭიროებებს, მინისტრის განცხადებით, იმდენად ბევრია, რომ მის სრულად აღმოფხვრას რამდენიმე წელი დასჭირდება.
მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროქტის პილოტირებაზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წლიდან საქართველოს რამდენიმე ათეულ საჯარო სკოლაში განხორციელდება. საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის უნიფიცირებული და მოქნილი სისტემა სკოლებს შესაძლებლობას მისცემს, დროული რეაგირება მოახდინოს და ყველა საჭირო ღონისძიება გაატაროს უსაფრთხო და მიმზიდველი სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად. პროექტი საქართველოს მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხრიდან ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი აშშ დოლარია.
ლალი ჯელაძე
***
2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით, 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, კერძოდ, თბილისის (86-ე, 138-ე, 55-ე) და 202-ე, 203-ე რესურსსკოლები, ხოლო რეგიონებში თერჯოლის, ტყიბულისა და კასპის საჯარო სკოლები. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) რეგიონებში დამატებით 27 ახალი საჯარო სკოლის მშნებლობას დააფინანსებს.
რაც შეხება სკოლების რეაბილიტაციას, 2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (ESIDA) 3 საჯარო სკოლა (ზესტაფონის №1, ოზურგეთის №1 და თბილისის №214), ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით 82 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.
განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წელის გაზაფხულზე 49 საჯარო სკოლის, ხოლო შემოდგომაზე – 100 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება. ნაწილობრივ განახლდება 31 საჯარო სკოლა.
მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის საჯარო სკოლებს ექცევა. წელს 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება, კერძოდ, ტყიბულის №7, მარნეულის №1, სოსო ღვინიაშვილის სახელობის ზემო კაჭრეთის, სოფელ ეწერის (წალენჯიხა), თბილისის №2, სოფელ ფლევის (ხაშური), სოფელ შრომისუბნისა (ლანჩხუთი) და სოფელ მუხურას (მესტია) საჯარო სკოლები.