27 ივლისი, შაბათი, 2024

eTwinning-ის მრავალმხრივი და გარდაუვალი სარგებელი – ქართველი მასწავლებლების წარმატება

spot_img

eTwinning-ის პროგრამას, 2015 წლის შემდეგ, წელს ისევ ჰყავს გამარჯვებული ქართველი მასწავლებლები, რომლებმაც ყველა პარტნიორ ქვეყანაში მოიპოვეს ეროვნული ხარისხის ნიშანი.

ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმა – eTwinning ევროკომისიის ინიციატივაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებს, ევროპის 44 ქვეყნიდან, საერთო პროექტები დაგეგმონ და განახორციელონ, საუკეთესო გამოცდილება გააზიარონ და მოსწავლეებთან ერთად ითანამშრომლონ. ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ სკოლების არაფორმალური დამეგობრებაა. საქართველოში პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც პროგრამის ეროვნული მხარდაჭერის სამსახურს წარმოადგენს.

ამ ძალიან საინტერესო პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, დაგეგმონ ერთობლივი, სასკოლო პროექტები ნებისმიერ საგანში. მთავარი მოთხოვნა კი, ევროპის სხვა ქვეყნების მასწავლებლებთან თანამშრომლობაა. eTwinning-ის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს გამო აღიარების მოპოვება კარგად დანერგილი პრაქტიკაა და მას საფუძველი 2005 წელს ჩაეყარა, როგორც ეროვნულ, ისე ევროპის დონეზე პროექტის განხორციელებისთვის, მასწავლებლებისთვის ხარისხის ნიშნის(QL) მინიჭებით. ხარისხის ნიშანი(QL), ცხადია, eTwinning-ის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოს პროფესიონალიზმისა და ხარისხის მიხედვით გაიცემა. ხარისხის ნიშნის კრიტერიუმები ცენტრალური ეროვნული სამსახურის (ევროპის სქულნეტის) პედაგოგიური გუნდის მიერაა შემუშავებული, რითაც პროგრამაში ჩართული 44-ივე ქვეყანა ხელმძღვანელობს. QL-ის მოსაპოვებლად, მასწავლებლები თავიანთი ქვეყნების ეროვნული მხარდაჭერის სამსახურებში წარადგენენ განაცხადს, იქ აფასებენ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს. როდესაც პროექტის მონაწილე, მინიმუმ, ორი სკოლა (სხვადასხვა ქვეყნიდან) ეროვნულ ხარისხის ნიშანს მიიღებს, ისინი ევროპის ხარისხის ნიშნის მფლობელები ხდებიან, რაც პორტალზე მათი ნამუშევრის მაქსიმალურ თვალსაჩინოებას უზრუნველყოფს და პედაგოგებს ევროპის საპრიზო კონკურსში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

საქართველოში ხარისხის ნიშნის მქონე პროექტების რაოდენობა მზარდია. თუ 2015 წელს 16 პროექტს მიენიჭა ეროვნული ხარისხის ნიშანი, 2020 წელს ეს რაოდენობა 64-მდე გაიზარდა, ხოლო 2021 წელს – 200-მდე.

ევროპის საპრიზო კონკურსზე ყოველწლიურად წარდგენილ პროექტებს სპეციალურად შემნილი ჟიური აფასებს. წელს, წარდგენილი 1824 პროექტიდან, საერთაშორისო ჟიურიმ 5 პროექტი შეარჩია ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში: I კატეგორია – 6 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ჩართულობით; II კატეგორია – 7-11 წლამდე ასაკობრივი; III კატეგორია –  12-15 წლის მოსწავლეებისთვის; IV კატეგორია – 16-19 წლის მოსწავლეებისთვის; V კატეგორია – პროფესიული განათლება და სწავლება.

eTwinning Plus-ის პროგრამის მენეჯერი ხატია მატკავა ამბობს, რომ:ეს პროექტები ერთობლივი წარმატებული მუშაობის შესანიშნავი მაგალითებია, თუ როგორ შეიძლება eTwinning-ის ჩართვა სასწავლო პროგრამაში და პროექტზე დაფუძნებული სწავლების პროცესში გამოყენება. გამარჯვებულების დაჯილდოება, eTwinning-ის შემაჯამებელ კონფერენციაზე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს, სამწუხაროდ, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, ღონისძიება კვლავ ონლაინ ფორმატში ჩატარდება. თუმცა, გამარჯვებული პროექტის მონაწილე მასწავლებლები და მოსწავლეები სპეციალურად მომზადებულ პრიზებსა და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ.

ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ გამარჯვებულთა შორის, პირველად 2015 წლის შემდეგ, არიან ქართველი მასწავლებლები, რომლებსაც eTwinning-ის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი აქვთ განხორციელებული და მოპოვებული წარმატება ნამდვილად დამსახურებულია. პროექტი, რომელმაც წარმატება 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვა, არის: The DISCONNECT – Dive Into Social Communities Or Networks Navigating. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი თითოეულ მათგანს პროგრამასთან წარმატებული თანამშრომლობისთვის.“

პროექტის The DISCONNECT – Dive Into Social Communities Or Networks Navigating Everyday Completely Truthfully მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეძლიერებინათ კონტროლი ციფრულ ტექნოლოგიებზე, გამხდარიყვნენ ინტერნეტისა და სოციალური მედიის უფრო პასუხისმგებლიანი მომხმარებლები და მიეღოთ ძირეული ცოდნა ინტერნეტსივრციდან მომდინარე ძირითადი საფრთხეების შესახებ.

პროექტმა, რომელშიც სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ყველა პარტნიორ ქვეყანაში მოიპოვა ეროვნული ხარისხის ნიშანი. გარდა ამისა, პროექტი წარდგენილი იყო „ევროპული მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ 68-ე ევროპულ კონკურსზე. მიმდინარე წელს კონკურსის თემა იყო „ციფრული ცხოვრება“, ჩვენმა პროექტმა პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კი, სიმბოლურ პრიზებთან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცათ (იხ. კონკურსის ორგანიზატორი ორგანიზაციის ოფიციალური განცხადება კონკურსის შედეგების შესახებ).

ხარისხის ეროვნული ნიშნების მოპოვების შემდეგ, პროექტი eTwinning Prizes 2022-ზე წარადგინეს, სადაც, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ასევე პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა, რამდენიმე ასეულ პროექტს შორის.

„აღნიშნული გამარჯვება ითვალისწინებს გამარჯვებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას, რომლებიც, COVID-19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, წელს, ონლაინ ჩატარდება. მათ შორისაა eTwinning-ის 2022 წლის ყოველწლიურ კონფერენციაზე დასწრება და ამავე კონფერენციის ვორქშოფებში მონაწილეობა, რომლებიც ამ/წლის შემოდგომაზე გაიმართება,“ – გვიყვება პროექტის ხელმძღვანელი.

პროექტი 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, დატვირთული და საინტერესო გრაფიკით და როგორც მონაწილეები გვიყვებიან, ძირითადად, წიგნის – The Disconnect-ის გარშემო ვითარდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, მოსწავლეების ჩართულობით, არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. ისინი დაყოფილი იყვნენ საერთაშორისო ჯგუფებად და ცალკეულ ჯგუფს განსხვავებული სამუშაო ჰქონდა. მასწავლებელთა და მოსწავლეთა სისტემურ ონლაინ შეხვედრებზე წინასწარ იგეგმებოდა ყოველი აქტივობის წინარე და შემდგომი საფეხური, შემდეგ იყო რეფლექსიები. მოსწავლეებმა საკუთარი პროფილები შექმნეს და გამოკითხვებში მონაწილეობდნენ. საერთაშორისო ჯგუფებმა, პროექტის გზამკვლევების სახით, ტექსტები და ვიდეოები შექმნეს.

დატვირთული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად წაიკითხეს წიგნი – The Disconnect, კერენ დევიდის ავტორობით. პარალელურად, ერთი ჯგუფი ისტ უსაფრთხოების თემაზე მუშაობდა, მეორე კი, წიგნიდან სადისკუსიო თემას ირჩევდა და კოლაბორაციულ ვიდეოს ქმნიდა. გამორჩეული იყო მათი წყვილებში მუშაობა: teaching-explaining-showing მეთოდით, სადაც მოსწავლეები ნასწავლი და შექმნილი პროდუქტების დემონსტრირებას ახდენდნენ. ამის გარდა, პროექტის ფარგლებში, არაერთი ვორქშოფი ჩატარდა – მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ციფრული თამაშების შექმნასა და განხორციელებაში. პროექტის დიდი ნაწილი ონლაინ დისკუსიებს დაეთმო, სადაც მონაწილეები აქტიურად განიხილავდნენ სადისკუსიო თემებს. ფინალურ ეტაპზე, ინსტაგრამზე, ფილტრების გამოყენებით, ყალბი პოსტები შეიქმნა და, დასასრულს, საბოლოო შედეგების გაზიარებისა და შეჯამების მიზნით, ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის დირექტორი გია მაღლაკელიძე ამბობს: პროექტში მონაწილეობა თავად მასწავლებლების ინიციატივა იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებისთვის. სკოლა ვერაფერს გახდება, თუკი ასეთი მონდომებული, ინიციატივიანი და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები არ ჰყავს. მით უფრო, საერთაშორისო პროექტებში გამარჯვება საუკეთესო მასწავლებლების გარეშე მართლა არ მიიღწევა. ბუნებრივია, როცა მასწავლებელი მოდომებულია, დირექცია, პირადად მე, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. მეტიც, ძალიან ამაყები ვართ, რომ მათ ასეთი წარმატება მოიპოვეს. რაც მთავარია, მოსწავლეებისთვის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შრომამ და ნიჭიერებამ ასეთ შედეგებამდე მიიყვანოს ადამიანი.

ეს ერთგვარი სტიმულიცაა სკოლისთვის, ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს დასახული. თუ ახლა გავჩერდით, ჩათვალეთ, რომ წინ ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს და ისევ ერთ დონეზე გავიყინებით. დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენმა მოსწავლეებმა ყველა სერვისით ისარგებლონ და კიდევ მეტი წარმატებები მოიპოვონ. მთელი სკოლა მოიცვა ამ პათოსმა და გვინდა, სხვა სკოლებისთვისაც გადამდები გახდეს.“

გამარჯვებული მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლა, ამ გამარჯვების აღსანიშნავად, პერსონალიზებულ სერტიფიკატებსა და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. გარდა ამისა, პროექტის შეჯამების ეტაპზე, უახლოეს მომავალში, დაგეგმილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების ფედერალური მინისტრის, ბეტინა შტარკ-ვაცინგერის ვიზიტი პარტნიორ სკოლაში, გერმანიაში, რომელსაც, ოფიციალური მოწვევით, ყველა პარტნიორი სკოლის (გერმანია, საქართველო, იტალია, ესპანეთი) წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტის მონაწილე პედაგოგები აღნიშნავენ, რომ  „დღესდღეობით კომპიუტერები, პლანშეტები და ტელეფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისე შევეჩვიეთ ვირტუალურ განზომილებას, რომ ცალკე მოცემულობად აღარ განვიხილავთ. ცხადია, ინტერნეტისგან მოწყვეტა გამოსავალი არ არის, მისგან გაქცევა მხოლოდ საზოგადოებისგან და განვითარებისგან განშორებას ნიშნავს.

ამ პროექტით, ჩვენი მიზანი იყო, ერთი მხრივ, აგვემაღლებინა ცნობიერება ინტერნეტის პოზიტიურ მხარეებზე და, ზოგადად, მედიაწიგნიერებაზე, მეორე მხრივ, მიგვეწოდებინა ცოდნა და ინფორმაცია კიბერსამყაროსაგან მომდინარე ყველა შესაძლო საფრთხის შესახებ.“

 

რას ნიშნავს ქართველი მასწავლებლებისთვის პროექტში მონაწილეობა და გამარჯვება  – ამის შესახებ თავად გვიყვებიან.

თემურ ჯვარშეიშვილი – ინგლისური ენისა და ლიტერატურის და ისტ-ის პედაგოგი: ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის eTwinning, ერთი მხრივ, შესაძლებლობააა, რომელსაც მუდმივი განვითარება მოაქვს და მეორე მხრივ, მოტივაცია, მოსწავლეებთან ერთად, უფრო მეტი წარმატებული პროექტი განვახორციელო. eTwinning, რომელიც ამცირებს დისტანციას და მოსწავლეებს ერთმანეთთან აკავშირებს, საუკეთესო საშუალებაა, უფრო ქმედითი დახმარება გავუწიო მოსწავლეებს, რომლებსაც წარმატების მიღწევის სურვილი აქვთ.

ზემოაღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. გარდა ამისა, შესაძლებლობას მაძლევს, ჩემი ცოდნა და კონკრეტულ სფეროში დაგროვილი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო, უფრო ძლიერი და მდგრადი სასკოლო საზოგადოების შესაქმნელად.

პირადად მე, eTwinning-ს ვუყურებ, როგორც იმ ადამიანების თაობას, რომლებიც შეძლებენ მოახდინონ დადებითი ცვლილებები არა მხოლოდ საკუთარ სოფლებსა და ქალაქებში, ლოკალურად, არამედ რეგიონის მასშტაბითაც, ვინაიდან მჯერა, რომ თაობას, რომლისთვისაც განათლება, ადამიანების განსხვავებულობის მიმღებლობა, სხვისი აზრისა და შეხედულებების პატივისცემა და საკუთარი ცოდნის გაზიარება უმაღლეს ღირებულებებს წარმოადგენს, საზოგადოებაში მხოლოდ დადებითი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.“

უსუდან კარკაძე – ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: eTwinning-თან ჩემი ურთიერთობა 2013 წელს, ერთ-ერთი მორიგი ტრენინგით, დაიწყო, თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად არ იყო რიგითი და ჩვეულებრივი. ამას მოჰყვა არაერთი საინტერესო ტრენინგი, ეროვნული თუ საერთაშორისო კონფერენცია და უამრავი პროექტი, რომელთა თემებიც უსაზღვრო და მრავალფეროვანია. დღეს, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების გასაზიარებლად დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩემი ცხოვრების პროფესიული და კარიერული გზა მეტწილად eTwinning-მა განსაზღვრა. გამოცდილებას, რომელიც ამ სასკოლო საზოგადოებამ მომცა, მრავალი მიმართულებით ვიყენებ. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ის ჩემი წარმატების მთავარი გარანტია. ახლა, როცა პროფესიული ცხოვრების მთავარ დევიზად გამოცდილების გაზიარება და კოლეგების ხელშეწყობა მიმაჩნია, ამ შესაძლებლობასაც მიზნობრივად გამოვიყენებ. ყველას ვურჩევ, აქტიურად ჩაერთოს და ჩართოს მოსწავლეები ამ პროექტში, რადგანაც სარგებელი გარდაუვალი და მრავალმხრივ, მიმართულია როგორც მოსწავლის, ასევე პედაგოგისა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების წარმატებისკენ.

მოხარული ვარ, რომ პროექტს, ყოველწლიურად, არაერთი მოსწავლე და მასწავლებელი უერთდება ჩვენი ქვეყნიდან. მიმაჩნია, რომ, 21-ე საუკუნის უნარებით აღჭურვილი მოსწავლის აღზრდისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების კუთხით, eTwinning შეუცვლელია, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.“

ლალი ჯელაძე

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები