რუბრიკის სტუმარია მორის დანდურიშვილი, სსიპ ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელსაც სკოლის მართვის ოთხწლიანმა გამოცდილებამ უჩვენა, რომ საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია სკოლაში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება.
სკოლის წარმატების ფორმულა
სკოლის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ამიტომ გამიჭირდება მხოლოდ რამდენიმეს დასახელება, თუმცა, შევეცდები ძირითადი ფაქტორები მაინც გამოვყო, რომელთა ერთობლიობა წარმატებული სკოლის მოდელს ქმნის: მოტივაცია; დროისა და ფინანსების ეფექტური მართვა; რეალისტური სტრატეგიული განვითარების გეგმა, მისი განხორციელება და სკოლის ეფექტური მართვა; სასწავლო პროცესის ეფექტური მართვა და ლიდერობა; პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; მოწესრიგებული ანგარიშვალდებულების სისტემა; გაზიარებული პასუხისმგებლობა; თანასწორობა; აღიარება; მოსწავლეთა ავტონომიურობის გაზრდა; მშობლებთან და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაცია. დამერწმუნეთ, თუკი სასკოლო გარემოში ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ ის წარმატებულ სკოლათა რიცხვშია.
პროფესიული განვითარების სქემა
კონკურენტულ გარემოში სკოლის წარმატებულ ფუნქციონირებას განაპირობებს ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე და საზოგადოებას სთავაზობს სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდებს, რომელთა გამოყენების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სკოლაში სქემის ამოქმედების შემდეგ, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი იქცა ერთგვარ სამუშაო ჯგუფად, რომელიც ორიენტირებულია სკოლაში სწავლა/სწავლების ხარისხის განვითარებაზე.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფმა ხაშურის №1 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად განახორციელა ისეთი აქტივობები, რომელიც მისი პირდაპირი მოვალეობა არ იყო, თუმცა, სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად მასწავლებელთათვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარება დაიწყო. სკოლამ შეიმუშავა კონკურსებისა და ტესტირების ჩატარების წესი, დებულება და დასამტკიცებლად წარუდგინა სკოლის დირექტორს.
სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, შეფასების ჯგუფი მონაწილეობს კანდიდატის შერჩევაში (გასაუბრება და სხვ.) და რეკომენდაციას წარუდგენს სკოლის დირექტორს; ამის გარდა, სკოლაში ატარებს გამოკითხვებს სწავლა/სწავლების პროცესის შესახებ და შედეგების ანალიზის საფუძველზე, მასწავლებელთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ამზადებს და ატარებს ტრენინგებს, კონფერენციებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ამის შედეგად, სკოლაში გაიზარდა კვალიფიციური მასწავლებლების პროცენტული მაჩვენებელი, პედაგოგებმა საკუთარი საქმიანობის ანალიზი დაიწყეს. სკოლა გახდა საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევის ადგილი. იმის გარდა, რომ გაიზარდა მასწავლებელთა მოტივაცია, გაჩნდა განცდა, რომ სკოლის ბაზაზე არსებული ადამიანური რესურსი შეიძლება სკოლის ძლიერ მხარედ იქცეს; მასწავლებლები მეტად თავდაჯერებულები გახდნენ და, რაც მთავარია, შედეგები აისახა მოსწავლეებზე — გაიზარდა მათი აკადემიური მაჩვენებელი და შემცირდა გაცდენების რაოდენობა. უფრო მეტიც, გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა.
ამზადებს თუ არა სკოლა მოსწავლეს მომავალი ცხოვრებისთვის
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია, მოსწავლე მოამზადოს მომავალი ცხოვრებისთვის, თუმცა ამ მოთხოვნის სასწავლო პროცესში დანერგვისას ვაწყდებით პრობლემებს. კერძოდ, მასწავლებელთა კვალიფიკაციის საკითხს. ხშირად დაბალი კვალიფიკაციის გამო სწავლა/სწავლების მთავარი იდეა გვავიწყდება და ორიენტირებულები ვხდებით ცოდნის დაგროვებაზე და არა ცოდნის ტრანსფერზე. მიმაჩნია, რომ თანამედროვე სკოლაში არსებობს შესაძლებლობა მოსწავლეში განავითარო შესაბამისი უნარ-ჩვევები და მოამზადო იგი მომავალი ცხოვრებისთვის.
რა ამოცანებს უყენებს 21-ე საუკუნე სკოლის დირექტორს
თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში იყო საჯარო სკოლის დირექტორი საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა და ამასთანავე საუკეთესო შესაძლებლობა, გახდე საგანმანათლებლო ლიდერი. საგანმანათლებლო ლიდერი აღარ არის მხოლოდ მენეჯერი, იგი სკოლაში მიმდინარე პროცესების სათავეში მყოფი ფიგურაა. შესაბამისად, საგანმანათლებლო ლიდერზე პირდაპირ არის დამოკიდებული სკოლის წარმატება. საგანმანათლებლო ლიდერმა უნდა შეძლოს: დაეხმაროს მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაში; შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; 21-ე საუკუნის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომებით შექმნას სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ყველა მოსწავლისთვის; ხელი შეუწყოს სასკოლო საზოგადოების ეფექტურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში.
ასევე, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო ლიდერს შეეძლოს სკოლაში არსებული ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. მასწავლებელს აგრძნობინო, რომ სხვების წარმატებაში წვლილის შეტანა შეუძლია, ზრდის მის მოტივაციას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მუშაობის ხარისხზე. თანამშრომლობამ, ურთიერთსწავლებამ და გუნდურმა მუშაობამ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ჩვენი სკოლის წარმატების გზაზე. შედეგად, ბოლო სამი სასწავლო წლის განმავლობაში, ხაშურის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა.
განათლების სისტემის №1 გამოწვევა/პრობლემა
პრობლემაა მოსწავლის აღზრდაში სასკოლო საზოგადოების არათანაბარი ჩართულობა. მასწავლებელი-მოსწავლე-მშობელი თანაბარი დოზით უნდა მონაწილეობდნენ მოსწავლის სწავლა/სწავლების დინამიურ პროცესში. ორიენტირების და სამომავლო გეგმების დასახვა ერთობლივი ფიქრის, მუშაობის შედეგად უნდა ხდებოდეს, რაც მისი შესრულების ერთ-ერთი გარანტი გახდება.
ძალადობა სკოლაში — პრევენცია და რეაგირების გზები
სკოლაში მოსწავლეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის პრევენციისა და სავარაუდო ძალადობისგან დაცვის ხელშეწყობას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. მით უფრო, რომ სკოლაში არსებული დისციპლინური სახდელები და ძალადობაზე რეაგირების მექანიზმი არ არის ორიენტირებული ბავშვის, როგორც ძალადობის მსხვერპლის, ასევე მოძალადის (როგორც არასრულწლოვნის, ასევე სრულწლოვნის) საუკეთესო ინტერესებსა და რეაბილიტაციაზე. სკოლაში სათანადო ყურადღება არ ექცევა ზრუნვაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის შექმნას.
სამუშაო ჯგუფის (რომლის შემადგენლობაში შედიან: დირექტორი, მოადგილე, დამრიგებლები, მანდატურები, მშობლები) მიერ ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტური რეაგირების უზრუნველსაყოფად ჩვენს სკოლაში განხორციელდა
გამოვლენილი ძალადობის ფაქტების ანალიზი და მათი დაჯგუფება თვისებრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების მიხედვით; სისტემატური ხასიათი მიიღო ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე ბავშვების დაცვის და რეაბილიტაციის ღონისძიებებმა — ინდივიდუალური საუბრები, მათი ჩართვა კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობებში; მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი ძალადობის ნიშნების ამოცნობის ხერხების შესასწავლად; სკოლაში შემუშავდა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია; მოსწავლეების აქტიური ჩართულობით შეიცვალა სკოლის შინაგანაწესი. სისტემატურად ვატარებთ ე.წ. „შინაგანაწესის დღეს“, მოსწავლეები დისკუსიის რეჟიმში განიხილავენ შინაგანაწესთან (კონკრეტულად იმ მუხლებს, რომლებიც დაკავშირებულია მოსწავლეთა ქცევასთან) დაკავშირებულ საკითხებს. წარმატებით განვახორციელეთ „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტი, რომლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება, სწორედ ძალადობის თემას (ბულინგი, კიბერბულინგი) მიექცა.
ყოველი თვის პირველი პარასკევი სკოლაში გამოცხადდა, როგორც „მოსწავლის დღე“, მეორე პარასკევი — „მშობლის დღე“, მესამე პარასკევი — „მასწავლებლის დღე“. ამ პერიოდში, მათ ვხვდები და ვსაუბრობთ პრობლემებზე. რაც მთავარია, ამ ღონისძიებებმა რეალური შედეგი გამოიღო — სკოლაში გაიზარდა ძალადობის აღქმა; მინიმუმამდე შემცირდა სკოლის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტები; ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია მძლავრ ინსტრუმენტად იქცა ზრუნვაზე დაფუძნებული უსაფრთხო სასკოლო კლიმატის ჩამოსაყალიბებლად; მოსწავლეებთან ურთიერთობისას სკოლა შინაგანაწესის იმ მუხლებით ხელმძღვანელობს, რომლებიც მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით შევიმუშავეთ.
რადგან სკოლაში 2018 წელი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის წლად გამოცხადდა, ჩვენ გავაანალიზეთ ამ მოკლე ხანში განხორციელებული ღონისძიებების შედეგები, რამაც შესაძლებელი გახადა მთელი რიგი პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება. შეიცვალა მოსწავლეთა, მშობელთა და თანამშრომელთა დამოკიდებულება ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ; სასკოლო გარემო გახდა მეტად მზრუნველი როგორც მსხვერპლის, ასევე მოძალადის მიმართ და გაჩნდა მათი რეაბილიტაციის პრეცედენტები.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ სკოლის მიმართ ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად აიწია, რომლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, დროის მოკლე პერიოდში, განხორციელებული აქტივობების ეფექტურობა აღმოჩნდა. საერთო ჯამში კი, ხაშურის №1 საჯარო სკოლა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო გახდა.
რეკომენდაციები კოლეგებს
ვისურვებდი სკოლის დირექტორი იყოს: საგანმანათლებლო ლიდერი და არა უბრალოდ მენეჯერი, შემოქმედი და არა უბრალოდ „შემსრულებელი“, მოტივირებული და არა ნიჰილისტი, ინოვატორი და არა ტრადიციული, ღია და არა ჩაკეტილი, საგანმანათლებლო ლიდერი და არა, უბრალოდ, დირექტორი/მმართველი.
ლალი ჯელაძე