ლალი ჯელაძე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის მიერ სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხთან დაკავშირებული დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ სტრუქტურებს გადაეცა. საკითხის შესწავლის დასრულების შესახებ განცხადება სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. უწყების ცნობით, სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესის სრულყოფილად შესწავლა. ინსპექტირების სამსახურის მოკვლევის შედეგად არაერთი სხვადასხვა ხარისხის დარღვევა და ხარვეზი გამოვლინდა, თუმცა სწავლის დაწყებამდე ამაზე რეაგირება სახელმძღვანელოების სკოლაში დარიგების პროცესს შეაფერხებდა.
სამინისტროში ამბობენ, რომ გრიფირების შედეგად I-VI კლასების მოსწავლეებისთვის შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები შეირჩა, თუმცა, აისახება თუ არა ინსპექტირების სამსახურის მოკვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები უკვე გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე — გაუუქმდება გრიფი რომელიმე კონკრეტულ სახელმძღვანლოს ან მიენიჭება ახალს, ამის შესახებ სამინისტროში ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა, ჩვენთან საუბრისას, ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია: „გააჩნია რას დაადგენს საბოლოო ჯამში გამოძიება. ამ ეტაპზე კი გამიჭირდება რაიმეს დადასტურება ან უარყოფა, თუმცა, თეორიულად ამის შანსი არსებობს, ყოველ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის დარღვევები აღმოჩნდება.“
მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, სამინისტროს მიერ გრიფირების თემაზე ჩატარებულ ბრიფინგთან დაკავშირებით, იმავე დღეს, საჯარო განცხადება საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ აუდიტის დასკვნის სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის ფაქტი, მისთვის, ავტომატურად არ გულისხმობს (თუმცა არც გამორიცხავს) შესაბამისი პრობლემების არსებობას. მისივე თქმით, სხვებზე მეტ ინფორმაციას ფლობს გრიფირების პროცესის ხარვეზებზე და მზადაა შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობისათვის. გრიფირების პროცესის განხორციელებაში მის მიერ ინიცირებულ და მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ცვლილებებს კი, მინისტრის ყოფილი მოადგილე ბიუჯეტის ხარჯების, სულ მცირე, 14 მილიონი ლარით შემცირებას უკავშირებს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტების სამინისტროში არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე მეტად კი ამ პროცესში ის აღელვებს, რომ საჯარო მოხელეების დემოტივირების რეალურ რისკს ხედავს. „დაუშვებლად მიმაჩნია, ადამიანებს გადაწყვეტილების მიღებისა და ინოვაციური ნაბიჯების გადადგმისგან თავის შეკავების საფუძვლად ლეგიტიმური მიზეზები ჰქონდეთ, თავიანთი კოლეგების არც თუ სასიამოვნო გამოცდილების სახით.“ — წერს თეიმურაზ მურღულია.
რას ფიქრობენ თავად გამომცემლები დავად ქცეული სახელმძღვანელოების გრიფირებაზე და რა ტიპის დარღვევებს აწყდებოდნენ პროცესში, როგორია მათი მოლოდინი სამართალდამცავი სტრუქტურების შემდგომ რეაგირებაზე, ამის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს გრიფირების პროცესში აქტიურად ჩართული რამდენიმე გამომცემელი.
თამარ ლებანიძე, გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი: „ვფიქრობ, ეს ქაოსი გამოწვეულია კომუნიკაციის ნაკლებობით, ზედა მმართველ რგოლებსა და ქვედა — შემსრულებელ რგოლებს შორის. შემსრულებლები, გარკვეული თვალსაზრისით, გამომცემლობები და ავტორებიც არიან. ჩვენ პროცესის პარტნიორები ვართ და თუ ჩვენ შორის დიალოგი არ იქნა, ამ პროცესს არა მხოლოდ ფინანსური მოსაზრებებით გამოეთიშება ბევრი კარგი ავტორი და გამომცემლობა, არამედ იმიტომაც, რომ სისტემა არ არის სანდო და დალაგებული, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ამ შეკითხვებს აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს, თან, რაც შეიძლება მალე.
მაქვს ერთი ძალიან მკაფიო მოლოდინი, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო სუსტდება და ამ მოლოდინს სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ბოლოს და ბოლოს ოდესმე ხომ უნდა დადგეს სამართალი. პერიოდულად, გვქონდა ხოლმე ამ სისტემაში უამრავი გაუგებრობა, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ წელს მაინც დალაგდებოდა ყველაფერი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. დარღვევებს სამინისტროშიც აღიარებენ, თუმცა, შეცდომის აღიარება და დამნაშავეების დასჯა ერთია, მაგრამ მეორეა გამომცემლობებისთვის და ავტორებისთვის სამართლიანობის დადგომა, რაც, ვფიქრობ, ყველაზე მთავარია ამ პროცესში. ეს უნდა მოხდეს სწრაფად და ობიექტურად. ყველაზე სამწუხარო პროგნოზი ისაა, რომ ვკარგავთ პროფესიონალ მოქმედ ავტორებს, ვისაც ხელეწიფება კარგი სახელმძღვანელო დაწეროს (ავტორებისთვის ეს საქმიანობა არც ფინანსურადაა მიმზიდველი და უკვე აღარც მორალურად).
ჩვენ ვასაჩივრებთ 15 და 17 აგვისტოს გრიფირების ბრძანებებს გარკვეულ ნაწილში, კონკრეტულ წიგნებთან დაკავშირებით, სადაც სერიოზულ წინააღმდეგობებს და დარღვევებს ვხედავთ. საჩივარი შევიტანეთ როგორც საქართველოს მთავრობაში, როგორც სამინისტროს ზემდგომ ვერტიკალში, ასევე, პარალელურად, მივმართეთ სასამართლოსაც. რეალურად, ადმინისტრაციული წესით, დავის დროს ეს საკითხი იმავე სახელისუფლებო შტოში (ამ შემთხვევაში — აღმასრულებელ ხელისუფლებაში), საქართველოს მთავრობაში უნდა გაირჩეს. არ არის გამორიცხული, რომ მთავრობამ ისევ სამინისტროს დაავალოს საკითხის შესწავლა და შედეგად გამომცემლობების და ავტორების დარღვეული უფლებების აღდგენა. ეს ყველაზე სასურველი სცენარია — სამინისტრო თავად გაერკვეს საქმეში და აღადგინოს სამართლიანობა. სამინისტრო ამბობს, რომ ჩასალები სამართალდამცავ სტრუქტურებს გადავეცითო, რასაკვირველია, თვალყურს მივადევნებთ და შევეცდებით, მოვითხოვოთ პირველადი დოკუმენტაცია, რის საფუძველზე გაჩნდა სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის ეჭვი.
ამის გარდა, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაზე — ისტ-ის სახელმძღვანელოს შესახებ — გვაქვს მოპოვებული დარღვევის ამსახველი მასალები, რომელიც სამხარაულის ბიუროშია გადაგზავნილი ექსპერტიზაზე. რაღაც ტიპის გარიგებები იკვეთება და ცალსახად ვფიქრობთ, რომ კონკრეტული სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭება სწორედ ამ გარიგებებს შეეწირა. თუნდაც, ეს ერთი კონკრეტული შემთხვევა ადასტურებს, რომ სისტემიდან ჟონავდა ინფორმაცია. მაგალითად, განსახილველად ჩაბარებული წიგნები (მასალა), დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, კონკურენტების (სისტემის გარეშე პირების) ხელში აღმოჩნდა. ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა, ვიტყოდი, უმთავრესიც კი. ამის უკან რა ინტერესთა კონფლიქტი დგას, ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ჩემთვის უმთავრესია მასალა იყოს დაცული და ობიექტურად განხილული. ყველაფერთან ერთად არაკომპეტენტურობაც იკვეთება.
სისტემა უნდა მოწესრიგდეს, ამოვარდეს ზედმეტი რგოლები, მაგალითად, სახელმძღვანელოების მაკეტების საჯარო განხილვა, რაზეც ბევრი დრო დაიხარჯა ფუჭად, დაახლოებით, ერთი თვე დაეთმო; ასევე, უნდა შეიცვალოს შეფასების კრიტერიუმების რაოდენობა. კრიტერიუმები დამაბნეველი არ უნდა იყოს ექსპერტებისთვის, რომლებიც კარგად მომზადებულები და წინასწარ დატრენინგებულები უნდა იყვნენ, რომ სწორად შეფასება შეძლონ. კომპეტენციებთან ერთად, მათ გუნდური მუშაობის უნარებიც უნდა ჰქონდეთ. ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როცა ექსპერტების შეფასებებს შორის იყო რადიკალური განსხვავება, რაც აჩენს ეჭვს, რომ ექსპერტს გარკვეული ინტერესი ამოძრავებს; გასააზრებელია გრიფირების მეორე კომისიის საჭიროებაც, რომლის ფუნქცია კარგად ვერ დავინახე. მასალებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ კომისიის წევრები არ სარგებლობდნენ იმავე ინსტრუმენტებით, რითაც, პირველ ეტაპზე, აფასებდნენ რეცეზენტები სახელმძღვანელოებს. ვეჭვობთ, რომ ამ ხალხს სკოლაში სწავლების გამოცდილება საერთოდ არ აქვს.
ძალიან მნიშვნელოვანია ვადები — წიგნის შესაქმნელად ავტორებს გაცილებით ნაკლები დრო ჰქონდათ არსებულ სქემაში, ვიდრე შესაფასებლად — ექსპერტებს. რა თქმა უნდა, ესეც სრული ნონსენსია. დროში გაწერის თვალსაზრისითაც, ყველაფერი ხელახლაა დასაწყობი. არასოდეს ვეთანხმებოდი, ასე ერთბაშად, 6 კლასის წიგნების დაწერას, ეს, გარკვეული თვალსაზრისით, წინააღმდეგობაშია ეროვნული სასწავლო გეგმის იმპლემენტაციასთან. ბავშვი, რომელიც გადავიდა მესამე კლასში, წინა ორი წლის განმავლობაში, სწავლობდა ძველი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მას მესამე კლასში სრულიად ახალი მასალა ხვდება. ვფიქრობ, საფეხურეობრივი უმტკივნეულო გადასვლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ნაკლები წიგნი დაიწეროს და უფრო ხარისხიანი, არამედ იმიტომაც, რომ დანერგვის პროცესში ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლასა და პედაგოგს არ შეექმნათ პრობლემები. ყოველთვის მწყდებოდა გული, რომ პედაგოგების აზრს ნაკლებად ითვალისწინებდნენ. რა თქმა უნდა, რეფორმა მაღალ ეშელონებში უნდა დაიგეგმოს, მაგრამ ის უნდა განხორციელდეს ყველგან, განსაკუთრებით, ქვედა რგოლებში. თუ ქვედა რგოლის რიგითი პედაგოგი თანამოაზრე არ გახადე, არ იზრუნე იმაზე, რომ შენ გვერდით იდგეს — გაიგოს დასახული ამოცანები, განხორციელების გზები, მაშინ ის რეფორმა ნამდვილად განწირულია. სამწუხაროდ, ეს შეცდომა არაერთხელ დაუშვეს ამ სისტემაში და ძალიან არ მინდა, რომ იგივე შეცდომა განმეორდეს.
სულ რამდენიმე კვირაა სასწავლო წელი დაიწყო და ვხედავთ როგორ არიან პედაგოგები დაბნეულები, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხყოფილებიც იმ თვალსაზრისით, რომ სხვა წიგნები აირჩიეს და სულ სხვა წიგნები მიიღეს. ბუნებრივია, ეს მათში უკმაყოფილებას იწვევს. ისედაც რთულია ასეთ დაძაბულ გრაფიკში მასწავლებელმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და შეარჩიოს წიგნი, მაგრამ კიდევ უფრო დასაფიქრებელია ის, რაც მოხდა — მის არჩევანს პატივი არ სცეს და საერთოდ სხვა სახელმძღვანელო გაუგზავნეს. მასობრივად ასე მოხდა. რა ტიპის მიზეზები დგას ამის უკან, რა თავმოუბმელობაა? ძალიან გასაკვირია, რატომ ვერ გაკეთდა ზუსტი სტატისტიკა?
წელს პრობლემაა მასწავლებლების მეთოდური მასალით უზრუნველყოფაც, რადგან სახელმწიფომ არ იზრუნა ამაზე. თავიდან ითქვა, რომ ბიბლიოთეკებისთვის დაებეჭდათ მასწავლებლის წიგნები, რაც თავისთავად კარგი იქნებოდა, რადგან ყველა ვერ ახერხებს საიტიდან ჩამოტვირთვას და ამობეჭდვას. ჩვენი „მშობლიური ენის“ პირველი კლასის მასწავლებლის წიგნი (A4 ფორმატი) 280 გვერდია, სადაც ყველა სცენარი დეტალურადაა გაწერილი. როგორ უნდა დაავალდებულო მასწავლებელი, რომელსაც ხშირად სკოლაში პრინტერიც არ უდგას, ელექტრონული ვერსია ჩამოტვირთოს და ამობეჭდოს. ესეც ამ პროცესის ძალიან დიდი მინუსია, რადგან მასწავლებელმა აქაც ვერ მიიღო სახელმწიფოსგან მხარდაჭერა.
ვაპირებ თუ არა ასეთ პირობებში საბაზო საფეხურის გრიფირების პროცესში ჩართვას? ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და საბოლოოდ არც კი ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ, საქმე ისაა, რომ ძალიან არათანაბარ პირობებში გვიწევს ყოფნა. ზოგადი ფონი ქვეყანაში ყველაფერზე აისახება, მათ შორის, სახელმძღვანელოებზეც. ამიტომ, საბოლოოდ გადაწყვეტილება ჯერ ვერ მივიღე, მთავარია, ობიექტურობის კონკრეტული პრეცედენტი დავინახოთ, რომელსაც გამოძიების შედეგად ველოდებით — ავტორებმაც და გამომცემლობებმაც უნდა ვიგრძნოთ, რომ დაცულები ვართ და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, რომ სახელმწიფო იცავს ინტელექტუალურ შრომას. ამის შემდეგ კი გადაწყვეტილების მიღება, რასაკვირველია, გაიოლდება.“
კახმეგ კუდავა, გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებელი: „ცოტა ხნის წინ, სამინისტროში გამომცემლებთან შეხვედრა მოეწყო. საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირების გამოცხადებამდე, აინტერესებდათ ჩვენი აზრი გრიფირების პროცესზე. შეხვედრაზე განვაცხადე, რომ სულაც არ არის საჭირო გამომცემლების გამოკითხვა, თუ რას ფიქრობენ ამ პროცესებზე, რადგან დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირება ნიმუშია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს გრიფირების პროცესი. საუკეთესო მაგალითი უდევთ წინ და ამის მიხედვით იმოქმედონ. მათი დემაგოგიური პასუხია, რომ ეს კონკურსია და მასში ზოგი გამარჯვებულია და ზოგი — დამარცხებული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბოლო გრიფირების პროცესის კმაყოფილი მხარე არ არსებობს არც დამარცხებულებში და არც გამარჯვებულებში — ორივე მხარე ჩივის, რომ გრიფირების პროცესი, ერთმნიშვნელოვნად, ძალიან დიდი დარღვევებით წარიმართა. 25 წელია (პირველივე კონკურსიდან ვმონაწილეობ), ჩემი გამომცემლობა ჩართულია სახელმძღვანელოების კონკურსებში და მსგავსი რამ არ მინახავს. იმდენი დარღვევა იყო, ყველა დეტალზე საუბარი, ალბათ, ერთ საგაზეთო კომენტარში შეუძლებელია. მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი, მაგალითად, ავტორებს სახელმძღვანელოების დასაწერად ძალიან მცირე დრო — 3 თვე მიეცათ, რეცენზირებას კი 8 თვე მოუნდნენ. წიგნის დაწერას მეტი დრო სჭირდება თუ რეცენზირებას? ჰონორარი — აქაც რეცენზენტებმა მეტი ანაზღაურება მიიღეს, ვიდრე ავტორებმა. ვადები იცვლებოდა ყოველ წუთს… ეს პრობლემები მიზანმიმართული იყო თუ უცოდინრობით წარმოქმნილი? ვერც ერთი და ვერც მეორე გამართლებას ვერ ჰპოვებს. ფაქტია, რომ ასე სვლა არ შეიძლება. ჩვენ, ძირითადად, განათლების სისტემასთან გვაქვს შეხება, ღმერთმა ნუ ქნას, სხვა სამინისტროებშიც ასეთი არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობა იყოს, თორემ ქვეყანაში საქმე მართლა ძალიან ცუდად იქნება. გრიფირების ეს პროცესი ნიმუშია იმისა, რა არ უნდა გაკეთდეს არც ერთ სფეროში.
გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს, გაურკვეველი მიზეზების გამო, გრიფს უხსნიდნენ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა სხვისი რეცენზიები მივიღეთ. შეცდომააო, კი ბატონო, შეცდომაა, მაგრამ ვინ იცის, ასეთი შეცდომების მსხვერპლი რამდენი სახელმძღვანელო აღმოჩნდა ან პირიქით, იქნებ ჩვენ სხვისი რეცენზიის საფუძველზე მოგვანიჭეს გრიფი. სერიოზული პრობლემები შექმნა სახელმძღვანელოების ფასდაკლების პროცესმაც. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით ფასის მიბმას ხარისხზე, მაგრამ ფაქტია, რომ გამომცემლობების მოთხოვნებიდან არც ერთი პირობა არ შესრულებულა და სამინისტრომ საღი აზრი არ გაითვალისწინა. იმედია, გამოძიება ყველაფერს დაადგენს და გამოააშკარავებს იმ ხარვეზებს, რაც გრიფირების პროცესს თან სდევდა.“
გიორგი გედენიძე, ბუნებისმეტყველების I-VI კლასების სახელმძღვანელოს ავტორი (გამომცემლობა „ინტელექტი“): „რა პროცესიც გავიარეთ, ამას გრიფირება არ ჰქვია, არც კონკურსი, რადგან სხვადასხვა ავტორი ასწორებს/ აფასებს სხვადასხვა სახელმძღვანელოს, ყველას თავისი შეხედულება აქვს, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული. თვითონ სამინისტრომ, თუ არ ვცდები, 2000-იანი წლების დასაწყისში ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი — დაახლოებით, 30 ექსპერტს მისცა გასასწორებლად ორ-ორი პარაგრაფი, ერთი და იმავე ინსტრუქციით და კრიტერიუმით უნდა გაესწორებინათ. სამბალიანი შეფასებიდან ყველა ქულა დაიწერა — ნულიც, ერთიც და უმაღლესიც. აქედან გამომდინარე, როცა ერთი და იმავე ნაშრომის შეფასებისას ასეთი მკვეთრი განსხვავებაა, შეუძლებელია ამ პრონციპით შეფასდეს სახელმძღვანელოები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან კარგმა სახელმძღვანელომ მიიღოს დაბალი ქულა ან, პირიქით, ნაკლებად კარგმა — მაღალი. შეფასების სისტემა თუ არ შეიცვალა, ექსპერტების მიერ რეალურად ვერ იქნება დადგენილი რომელია კარგი ან ნაკლებად კარგი სახელმძღვანელო.“
ზაზა ხიდურელი, გამომცემლობა „კლიოს“ დირექტორი: „გრიფირების პროცესში, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზი იყო და ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ, განცხადებაც მაქვს შეტანილი სამინისტროში „მე და საზოგადოების“ სახელმძღვანელოს შესახებ. ამის გარდა, სხვა პრობლემებიც არის და არა მხოლოდ ჩვენ, სხვა გამომცემლობებიც ღიად საუბრობდნენ ამის შესახებ. გრიფირების პროცესში იმდენჯერ შეიცვალა თამაშის წესები, რომ საბოლოოდ აბსურდამდე მივედით. თავიდან შეიქმნა გრიფირების პირველი კომისია, რომელსაც საბოლოო დასკვნები უნდა დაედო, მაგრამ მან ეს ვერ გააკეთა. შეიქმნა მეორე კომისია, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა ავთენტურობა, შემდეგ — მესამე კომისია, შემდეგ პროცესი გადასცეს მრჩეველთა საბჭოს და ბოლოს კიდევ მეოთხე კომისია შეიქმნა. ყველაზე დიდი ხარვეზი და პრობლემა სწორედ ამ პროცესმა წარმოქმნა.
შემდეგ გვითხრეს, რომ სახელმძღვანელოს არჩევა ხარისხის მიხედვით მოხდებოდა, მოგვიანებით ეს პირობა შეიცვალა, ფასდაკლებები გაგვაკეთებინეს და შეწონილი და პროცენტული ქულებით დაგვაჯამებინეს. ზოგიერთმა უმაღლესი შეფასების წიგნმა ვერ გადალახა ზღვარი, რადგან შედარებით ნაკლები ფასდაკლებები ჰქონდა. ამანაც გამოიწვია დიდი გაუგებრობა. შემდეგ გვითხრეს, ვისაც ტირაჟი ექნებოდა 5 ათასზე მაღლა, ის გადალახავდა ზღვარს და ა.შ. მოკლედ, ბევრი გაურკვევლობა წარმოიქმნა. ასე იყო „მე და საზოგადოების“ (სხვა საგნის სახელმძღვანელოს) შემთხვევაშიც. ჩემმა წიგნმა გადალახა პირველი საფეხურიც, მეორეც, ფასდაკლებაშიც მივიღე მონაწილეობა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ შეესაბამება მათ კრიტერიუმებს. მაშინ, პირველი და მეორე საფეხურის გადალახვის შემდეგ, რატომ მიმაღებინეს ფასდაკლებაში მონაწილეობა, რა აზრი ჰქონდა?
სხვა სახელმძღვანელოებთან ერთად, ერთადერთმა გამომცემლობამ ექსკლუზიურად მივიღე გრიფი სახელმძღვანელოში „ჩემი საქართველო“. რაც შეეხება იმ სახელმძღვანელოებს, რომლებმაც ვერ მიიღო გრიფი, დამაჯერებელი პასუხი ამის შესახებ დღემდე არ მიგვიღია. თავისთავად, არგუმენტირებული პასუხი ავტორებსაც აინტერესებთ — რატომ ვერ მიიღო მათ მიერ დაწერილმა სახელმძღვანელომ გრიფი? რატომ მოხდა ჩავარდნა, ამის შესახებ დასაბუთებულ პასუხს დღემდე ველით.
ეჭვი მეპარება, წელს რაიმე რეაგირება მოჰყვეს ხარვეზების აღმოჩენას, რადგან გრიფმინიჭებული წიგნები დაბეჭდილია და სკოლებში შესული, მომავალი წლისთვის კი ახალი კონკურსის გამოცხადება გახდება საჭირო და ვინ გამოაცხადებს კონკურსს თავიდან? მით უფრო, როცა სახელმძღვანელოები მკვიდრდება და შემდეგ ხელახლა გადარჩევის პროცესი ძალიან გართულდება.“
თინათინ დიდებულიძე, გამომცემლობა „ელფის“ დამფუძნებელი: „პირველი ხარვეზი, რაც გრიფირების პროცესში დავინახე, ვადებს ეხებოდა — მუდმივად იცვლებოდა ვადებიც და თამაშის წესებიც. ჩვენმა გამომცემლობამ პირველად მიიღო სახელმძღვანელოების კონკურსში მონაწილეობა და მივყევით გრიფირების წესს, რადგან გვეგონა, ყველაფერი წესის მიხედვით მოხდებოდა. სამწუხაროდ, შევცდით. ბოლოს გავიგეთ, თურმე ქულები კი არ იყო გადამწყვეტი და არც შიდა ტენდერი, რომელიც გამოაცხადეს, არამედ ვიღაც კონსულტანტის მიერ დაწერილი დასკვნა, რომელიც რეალურად არაფრისმთქმელია.
ჩვენი სახელმძღვანელოების სერია „მე მიყვარს მათემატიკა“ (1-VI კლ.) 100-ქულიანი შეფასების სისტემაში, 98 ქულით შეფასდა და ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზე გავიდა. საუკეთესო შედეგებით გახარებულებმა მარკეტინგული კვლევები ჩავატარეთ ქვეყნის მასშტაბით და 95.500 რაოდენობის შეკვეთა მივიღეთ, რაც, ვფიქრობთ, გრიფის წართმევის რეალური მიზეზი გახდა — 25 ივლისს მონიჭებული გრიფი, 10 დღის შემდეგ, 3 აგვისტოს ჩამოგვერთვა. ამას ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, რადგან ასეთი რამ ნორმალურ ქვეყნებში არ ხდება. რასაკვირველია, დავიწყეთ მიზეზების ძიება და აღმოჩნდა, რომ თურმე გრიფი ჩამოგვერთვა დღემდე გასაიდუმლოებული კონსულტანტის მიერ დაწერილი დასკვნის გამო.
„მე მიყვარს მათემატიკა“ გერმანულ-ქართული პროექტია, რომელზეც 12-მა ქართველმა სპეციალისტმა იმუშავა. 12 ადამიანის ხელში გაიარა ამ წიგნებმა, მიუხედავად იმისა, რომ სათარგმნად ძალიან ადვილი იყო. ორი წლის განმავლობაში მოვამზადეთ მაღალი დონის სახელმძღვანელოები, რომელიც საგნის ექსპერტებმა დამსახურებულად შეაფასეს უმაღლესი ქულებით.
საკონკურსოდ სახელმძღვანელოები 15 ნოემბერს შევიტანეთ და დეკემბერში შექმნილა თურმე გრიფირების კომისია, რომლის შესახებაც ჩვენ 3 აგვისტოს შევიტყვეთ. თეიმურაზ მურღულიას მიერ დაქირავებული კონსულტანტების დასკვნა წყვეტდა თურმე, ვისთვის მიეცათ გრიფი. დასკვნა, რომელიც ჩვენს სახელმძღვანელოზე დაიწერა, ჩვენამდე ნახევრად წაშლილი სახით მოვიდა. დღემდე არ ვიცით, ზუსტად რა წერია შიგ. მკაფიო იყო მხოლოდ პათოსი, რომ ქართველი მასწავლებლები ამ სახელმძღვანელოს ვერ დაძლევენ (?!). თუ ასეა, მაშინ რატომ აირჩიეს ჩვენი წიგნები მასწავლებლებმა?
ამ ყველაფერში გერმანულმა მხარემ კორუფცია დაინახა. ჩვენი აზრით, გრიფირება ჩატარდა თ. მურღულიას შავბნელი მეთოდებით. დღემდე არ ვიცით რამდენი ქულა აქვს მიღებული წიგნებს, რომლებსაც გრიფი მიანიჭეს(?!). ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: კონსულტანტებს, რომლებმაც ჩვენი წიგნების ბედი საბოლოოდ გადაწყვიტეს, წასაკითხად პირველად შეტანილი მასალა მისცეს და არა ჩასწორებული. არადა, მარტო მასწავლებლის წიგნებს, საგნის ექსპერტების რეკომენდაციით, 75 გვერდი დაემატა! ჩვენს სახელმძღვანელოებთან მიმართებაში აშკარად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. მოუთმენლად ველით სასამართლოს გადაწყვეტილებას.
დაბოლოს, ე.წ. კონსულტანტის დასკვნა არ გამართლდა: მასწავლებლები და მშობლები სიამოვნებით ყიდულობენ ჩვენს სახელმძღვანელოს. თუ ასეთი გაუნათლებელი მასწავლებლები გვყავს, რატომ შეიძინეს მათ ჩვენი წიგნები? და კიდევ, თუ თ. მურღულია მხოლოდ ე.წ. კონსულტანტებს ენდობოდა, მაშინ რა საჭირო იყო ექსპერტებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა და სახელმძღვანელოების კრიტერიუმების მიხედვით შეფასება? სასამართლოზე კიდევ ბევრი რამ გაირკვევა.“
***
რა რეაგირებას მოახდენს სამართალდამცავი სტრუქტურები მოკვლევის შედეგად გამოვლენილ, სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებულ, დარღვევებსა თუ ხარვეზებზე, რომელთა მიღმაც არა მხოლოდ კონკრეტული სახელმძღვანელოს რეპუტაცია, არამედ იმ უამრავი ადამიანის — ავტორის, გამომცემლის, მასწავლებლის, მოსწავლის — ღირსება და უფლება დგას, ამას ჩვენი გაზეთი თვალყურს მიადევნებს და ყველა სიახლეს დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ.