21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

COVID-19: ადამიანური კრიზისი და გამოწვევა

spot_img

მამუკა ბერიაშვილი, ილია მარჯანიძე

დღეს კაცობრიობა ათასწლეულის გამოწვევის წინაშე დგას. გამოწვევები ყოველთვის ახალი დღის წესრიგისა და გადაჭრის მექანიზმების შემუშავებას მოითხოვს. ამ დროს სახელმწიფოები და საზოგადოება გარკვეულ პროგრამებს აყალიბებენ. დიდი და ძლიერი (ეკონომიურად, პოლიტიკურად და მილიტარულად) სახელმწიფოები თავის თავზე იღებენ არა მხოლოდ პრობლემების გადაჭრის გეგმების შემუშავების, არამედ ქმედითი ღონისძიებების განხორციელების მეთაურობას. ამ დროს, პატარა სახელმწიფოები, რომელთაც ეს ძალა და მნიშვნელობა არ გააჩნიათ, ძლიერთა გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილნონ და ძლიერთაგან იმას გაჰყვნენ, რომელთა „პარტნიორებად“ თავის თავს გადაწყვეტენ. ამ დროს ჰგონიათ, რომ პრობლემები, მათი თანხმობით/მონაწილეობით გადაწყდება. ასეთ შემთხვევაში, უმეტესად, ძლიერთა შორის გადანაწილდება პოლიტიკური თუ ძირითადად ეკონომიკური ინტერესები. ასეა თუ ისე, უმეტესად, რომელიმე მხარის უპირატესობით გადაიჭრება ხოლმე ეს კრიზისები. ამჟამად, საქმე სხვაგვარადაა. სრულიად თანამედროვე სამყაროს და არა რომელიმე რეჟიმს – იქნება ეს დემოკრატიული თუ ტოტალიტარული/ავტორიტარული – საერთო პრობლემის გადაჭრა უწევს. უცნაურობაც ისაა, რომ არც ერთად არის მთელი სამყარო და არც ცალ-ცალკეა ეს ორი ძირითადი პოლიტიკურ-სოციალური პოლუსი. ყველა თითქოს თავის თავში ჩაიკეტა და თავად ცდილობენ „თავიანთი“ პრობლემის გადაწყვეტას. სამყაროში თითქოს მძლავრად მიმდინარეობს ერთაშორისი გაუცხოება. მხოლოდ პატარა, მსოფლიოსთვის „ნაკლებმნიშვნელოვან“ სახელმწიფოებს კიდევ შერჩათ თავიანთი პოლიტიკური პარტნიორების/რეგენტების იმედი, მაგრამ ეს იმედიც მიზერულია. პრობლემის გადაწყვეტას გაგება და ხედვა ესაჭიროება, – პერსპექტივების განსაზღვრა. უცნაურობა იმით გრძელდება, რომ დღესდღეობით არც პერსპექტივების განსაზღვრა და არც რეალური გეგმაა მოცემული. საქმე კი ადამიანთა სიცოცხლეს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საფრთხე სამყაროულია, ამ კრიზისის თავისებურება იმით გამოიხატება, რომ, როგორც უკვე ვთქვით, სამყარო ჯერჯერობით მაინც დაქსაქსულია. ამ საშიშროებას/კრიზისს აქვს სახელი – COVID19.

პარადოქსების ჯაჭვი გრძელდება: დღეს, ჩვენ, ანუ სამყარომ, კაცობრიობამ, არ ვიცით, როდის დასრულდება ეს კრიზისი. არც ის ვიცით, როგორ დასრულდება ის; გრძელვადიან პერსპექტივაში, არც ის ვიცით, რა და როგორი პოლიტიკური და სამრეწველო-ეკონომიკური შედეგებით დამთავრდება. რა და როგორი აქ მნიშვნელოვანია, რადგან, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, აუცილებელია განისაზღვროს როგორი იქნება, რათა ამ როგორის შესაბამისი ქმედებით და გადაწყვეტილებით გრძელვადიანი ხედვით ამოვიდეთ მისგან.

ყველა კრიზისული პერიოდი გაურკვევლობითა და არამდგრადობით ხასიათდება. ამის წინააღდმეგობრიობა ის არის, რომ რამდენადაც ასიათასობით ადამიანია ამ ვირუსით ინფიცირებული, იმდენადვეა მსოფლიო საზოგადოება თავად გაურკვევლობით და არამყარობის განცდით შეპყრობილი, რაც თავად ამ ვირუსზე მეტი უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება. ყველა კრიზისის დროს, და არა მხოლოდ კრიზისის გავლის შემდეგ, უნდა გამოითქვას მოსაზრება, რათა, ერთი მხრივ, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, და შემდგომ ადეკვატურად გავაანალიზოთ იგი, სამომავლოდ უკეთ რომ გავითვალისწინოთ მისი გაკვეთილები. ეს, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, არ ხდება იმ უბრალო მიზეზით, რომ სახელმწიფო და საზოგადოება თვითკმაყოფილების სიტკბოებაში იძირება და ყოველ გადალახულ კრიზისს თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად და სხვებზე გავლენის განსამტკიცებლად იყენებს. ეხლა კი ეს მოცემულობა დრომოჭმულია.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კრიზისი სხვებისგან განსხვავებულია, მაინც გვაქვს შესაძლებლობა მისი წინასწარი ანალიზისათვის. ამ შემთხვევაში, შეიძლება განსაკუთრებით გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი საკითხი.

ა) სახელმწიფოს როლი და დანიშნულება. სხვადასხვა წლების ეკონომიკური კრიზისების პერიოდში, სახელმწიფოსადმი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება სხვადასხვანაირი იყო. 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს, მრავალი სპეციალისტი თვლიდა, რომ სახელმწიფოს ხელისუფლების/მთავრობის მიმართ რწმენა გაიზრდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ეს ასე არ მოხდა. სახელმწიფოსადმი რწმენის გაზრდის მოსაზრებებს ადასტურებდა 1929 წლის ეკონომიკური დიდი დეპრესიის ფაქტი, როცა სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოსგან მოითხოვდა მტკიცე, გადამჭრელ ნაბიჯებს საბაზრო ეკონომიკის (სამომხმარებლო და საწარმოო ბაზრის) გადასარჩენად დიდი სამთავრობო-ეკონომიკური ინტერვენციების მეშვეობით.

პანდემიის დროს, საზოგადოება მოითხოვს და ელოდება სახელმწიფოსგან ტოტალურ ჩარევას ამ კრიზისის მართვაში და მთლიანად სთხოვენ მას არა მხოლოდ საყოველთაო დაცვას მოცემული ვითარებისგან, არამედ მთელი ეკონომიკის (როგორც ინდუსტრიის, ისე სოფლის მეურნეობის) გადარჩენას.

შეიძლება ითქვას, რომ 2008-2009 წლების პარადოქსი ის იყო, რომ საბაზრო ეკონომიკისადმი უნდობლობამ არ გამოიწვია სახელმწიფოთა უმრავლესობისგან ეკონომიკური ინტერვენციების შემდგომი წახალისება. ამას ყველაფერს თავისი ახსნა ჰქონდა, რადგან სახელმწიფოები თავისი აგებულებით/მოწყობით/კონსტიტუციით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ეს განსხვავება არა მხოლოდ დემოკრატიულ და ავტორიტარულ/ტოტარიტარულ სახელმწიფოებს შორის შეინიშნება, არამედ თავად დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, თუ როგორია მათი დამოკიდებულება საბაზრო ეკონომიკისადმი. ლიბერალურ-დემოკრატიული თუ ნეოლიბერალური სახელმწიფოებისათვის საბაზრო ეკონომიკა, ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე, თავისუფალი საზოგადოების არსებობის შეუვალი პოსტულატია. სინამდვილეში კი, გარკვეული სოციალური „შეზღუდვების“ გარეშე, საბაზრო ეკონომიკა შეიძლება შრომის ექსპლოატაციის საუკეთესო შესაძლებლობად იქცეს, რა შემთხვევაშიც განაწილებითი თანასწორობის პრინციპი სრულიად მორღვეულია და არ ხორციელდება ადამიანთაგან ერთმანეთის თანასწორი აღიარება. ამის საპირისპიროდ, დემოკრატიული სახელმწიფო მაშინ არის მართლაც თავისუფლების გარანტი, როდესაც ის სამართლებრივი და სოციალურია, როდესაც ყველა მოქალაქისთვის სიკეთეთა გადანაწილების თანასწორი და სამართლიანი პრინციპებია განხორციელებული: მაგალითად, ისეთები, როგორიცაა ყველასთვის თანასწორი ხელმისაწვდომობა განათლებაზე და ჯანმრთელობის სამედიცინო დაზღვევაზე. ამიტომ, ამ კრიზისმა შეუზღუდავი აბსოლუტური/ტოტალური საბაზრო ეკონომიკის ჭეშმარიტებაში შეიძლება გამოიწვიოს და ალბათ უკვე გამოიწვია კიდეც სერიოზული ეჭვები. თავად ტოტალიტარული/ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის და მემარჯვენე პოპულისტური მთავრობისთვისაც, რომლებიც დემოკრატიულ სივრცეში არსებობენ ხოლმე, ეს გამოწვევა მათი ფუნდამენტის რღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს, იქიდან გამომდინარე, რომ რწმენა ავტორიტეტში, ტოტალურობაში ირღვევა, როდესაც მას მასებისთვის პრობლემების გადაჭრა აღარ ძალუძს. სწორედ ახლა, ამ კრიზისის დაძლევისას, ძალმომრეობითი მთავრობა ისეთივე უსუსური ჩანს, როგორც, დიდწილად, ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოებები.

თქმული განსაკუთრებით იმით არის მნიშვნელოვანი განაზრების საგანი, რომ უახლოეს მომავალში, ამ კრიზისის განმავლობაში, ყველა მთავრობა და მმართველობა შეიძლება დადგეს საშინელი დილემის წინაშე: ან მოახდინონ ეპიდემიის შეძლებისდაგვარად სწრაფი და მაქსიმალური ლოკალიზაცია, რამაც შეიძლება ეკონომიკის ჩამოშლა გამოიწვიოს, ანდა გადახდილ იქნეს დიდი ფასი და ადამიანთა სიცოცხლე შეეწიროს ეკონომიკის განვითარებას. თუმცა, ეპიდემიის შედეგებზე ჯერ ალბათ ადრე და ძნელია საუბარი. ყოველ შემთხვევაში, რა და როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ, სახელმწიფოების მიერ ეს სრულ თანხმობაში უნდა მოდიოდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და ცალკეული ინდივიდის/ინდივიდების ინტერესთან და არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფების თვითნებურ გადაწყვეტილებებს, რაც ამ კრიზისულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ბ) შემობრუნება ნაციონალიზმის თუ ნაციონალური სახელმწიფოს იდეისაკენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა, რომელიც პანდემიის შედეგად წარმოიშვა, მიმდინარეობს არა ზოგადად მსოფლიოში, არამედ თვით ევროკავშირის შიგნით. იმ ტიპის ქვეყნებმაც კი, რომელთათვის ძირითად ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს ინტერნაციონალიზმი და სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა წარმოადგენდა, უკან გადადგეს ნაბიჯი ნაციონალური სახელმწიფოების სასარგებლოდ. იქნებ ეს დროებითი თავდაცვითი ინსტინქტის გამოვლინებაა? ასეა თუ ისე, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შიგნით სახელმწიფოებმა ჩაკეტეს საზღვრები ეპიდემიისგან თავდაცვის მიზნით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საშიშროების დაძლევისა და ამ მძიმე მდგომარეობიდან შეძლებისდაგვარად ნაკლები დანაკარგით გამოსვლის პროცესში, მსოფლიომ და ევროკავშირმა აირჩია ნაციონალური სახელმწიფოების როლის გაძლიერება.

მართლაც, ამ ვითარებაში, დღევანდელი გადასახედიდან, ერთი შეხედვით თითქოს აშკარაა, რომ თითოეული სახელმწიფო მხოლოდ თავის მოქალაქეებზეა კონცენტრირებული და სოლიდარობის ერთაშორისი პრინციპი თუ მთლიანად არ მიიკარგა, უკანა პლანზე მაინც გადაიწია. თუმცა, ნაციონალური სახელმწიფოების როლის წინ წამოწევამ არ უნდა გამოიწვიოს (და ალბათ ვერც გამოიწვევს) მსოფლიოს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და აკადემიური დეზინტეგრაცია, რასაც, თავის მხრივ, მომავალში კიდევ უფრო მეტი და მძიმე კრიზისების გამოწვევა ძალუძს, რამდენადაც ნაციონალური სახელმწიფოებიდან ნაციონალისტურამდე და შოვინისტურამდე მცირე ნაბიჯი რჩება, თუ ნაციონალურობის, ინტერნაციონალურობის და სოლიდარობის ბალანსი არ შენარჩუნდა.

აშკარა ფაქტია, რომ შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფმა ევროპულმა სახელმწიფოებმა დროულად შეამჩნიეს ზემოაღნიშნული რისკები და პანდემიით გამოწვეული პირველი შოკის შემდეგ, კვლავ აქტიურად ჩაირთო უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ეფექტური მექანიზმები (მაგალითად, იტალიელი და ფრანგი/ელზასელი პაციენტების მკურნალობა გერმანიისა და შვეიცარიის კლინიკებში, ექიმებით, სამედიცინო ეკიპირებით მხარდაჭერა, ევროკავშირის მიერ დაანონსებული, პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამზადებული უზარმაზარი ფინანსური რესურსები და ა.შ.)

ამავდროულად, თვალშისაცემია, რომ ევროპის, უფრო მეტიც, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, ფაქტობრივად, ცდილობს საკუთარი ავტორიტარული მიდრეკილების პრაქტიცირებას და მის განმტკიცებას ნაციონალური სახელმწიფოს იდეის გაძლიერების წინა პლანზე წამოწევით, რაც აუცილებლად მოითხოვს ყურადღებას და მასზე შესაბამის რეაქციას.

რადგან კორონა-კრიზისის ამჟამინდელი ეპიცენტრი ევროპაშია, მასზე რეაგირების დინამიკიდან შესაძლოა გამოვთქვათ ფრთხილი ვარაუდიც, რომ აღნიშნული კრიზისი არათუ ბრიუსელიდან ცენტრიდანული პროცესების, არამედ ევროკავშირის კონკრეტული ერთიანი პოლიტიკების (მაგალითად, ფინანსურის, სამხედრო და სამხედრო/პოლიტიკურის) კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კატალიზატორიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც ევროკავშირის ყველა ქვეყნის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. ისტორიულად, სწორედ მსგავსი მასშტაბის დიდი კრიზისები იძლეოდნენ დიდი ნახტომების განხორციელების შესაძლებლობას, რომელთა განხორციელებაც, ჩვეულებრიობის შემთხვევაში, მიუღწეველ მიზნად რჩებოდა ხოლმე.

გ) გლობალიზაცია/ანტიგლობალიზაცია. კორონავირუსის კრიზისმა დღის წესრიგში დააყენა გლობალიზაციის/ანტიგლობალიზაციის პრობლემაც. ანტიგლობალისტებს შეიძლება დღეს, ერთი შეხედვით, სიმართლეც თავის მხარეს ჰქონდეთ, როდესაც ერების გადარჩენის საშუალებად ამ პერიოდში დახურულ საზღვრებს, აეროპორტებს, საზღვაო პორტებს და სახმელეთო მიმოსვლის სხვადასხვა საშუალებებს წარმოადგენენ. მაგრამ, თუ ანტიგლობალისტების სიმართლე ამ ეტაპზე გატარებულ და გასატარებელ დროებითი ღონისძიებების სისწორეზეა დაფუძნებული, მათ მაინც არ გააჩნიათ პრობლემის გადაჭრის ძირეული, არსობრივი ხედვები/გზები. რა არის ან რა იყო გაგებული გლობალიზაციაში? და როგორ შეიძლება ვისაუბროთ გლობალიზაციაზე, როცა მსოფლიო ერთმანეთთან დაპირისპირებულ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ანდა ერთმანეთის მაიგნორირებელ სამ-ოთხ ბანაკად არის დაყოფილი? თუ ეს ასეა, მაშ რა არის ის ბაზისი, რომელიც გლობალიზაციაზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს? სინამდვილეში, ხომ არ არის გლობალიზაცია მსოფლიოს მმართველ ბანაკთა მცდელობა თავიანთი იდეოლოგია და ეკონომიკური მოდელები თავს მოახვიონ მათი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებს? და ამით კიდევ უფრო გაზარდონ თავიანთი გავლენის სფეროები? ხომ არ გამოიწვევს – თუ უკვე არ იწვევს – ეს დაპირისპირება სიტუაციის ესკალირებას მომავალში, რაც, თავის არსში, გლობალიზაციის საწინააღმდეგოა? ჩვენი აზრით, ეს ასე არ იქნება, თუ გლობალიზაციის პოზიტიური კონოტაცია ერთაშორისი თანასწორობის, აღიარების და სიკეთეთა თანასწორი გადანაწილების იდეაზე დაფუძნდება. საგულისხმოა ის, რომ მსოფლიო „გლობალიზაციის“ დაპირისპირებული ბანაკების მთავარი იდეოლოგები თავად გამოეთიშნენ კორონა-კრიზისის დროს ამ პროცესს და თავის თავში ჩაიკეტნენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ იდეოლოგიური დაპირისპირების მიუხედავად, თავიანთი ეკონომიკური მოგების მიზნით, ეს ბანაკები არა თუ თანამშრომლობენ, არამედ რეალურად (იმპლიციტურად და ლატენტურად მაინც) აძლიერებენ კიდეც ერთმანეთს გავლენის სფეროების განმტკიცება-გაფართოებისთვის ბრძოლაში. გამოდის, რომ ეს პრობლემაც სრულიად ახლებურადაა გასააზრებელი (მითუმეტეს, პატარა სახელმწიფოებისათვის, რომელთაც ძირითადად, თავიანთი შეზღუდული ძალებით უწევთ ამ და სხვა კრიზისებთან ბრძოლა). რადგან ყველა ერთ სამაყროში, დედამიწაზე ვცხოვრობთ, ერთმანეთისგან განცალკევება, ერთმანეთისთვის საზღვრების გრძელვადიანი ჩაკეტვა, ვირუსის გავრცელებას ვეღარ გააჩერებს, რადგან ვირუსიც ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია.

დ) მნიშვნელოვანია არა რომელი, არამედ როგორი სახელმწიფოები აღმოჩნდნენ რეზისტენტულები ვირუსის მიმართ. დღევანდელი გადასახედიდან აშკარაა, რომ ისეთები, რომელთა საფუძველიც სოციალური თანასწორობაა და რომელთაც ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა სათანადოდ აქვთ განვითარებული; – ისეთები, რომელთაც სოციალური დაცვის სისტემები მეტნაკლებად მაღალ დონეზე აქვთ წარმოდგენილი, რასაც, ასევე, ჯანმრთელობის დაზღვევის სამედიცინო სისტემა განეკუთვნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანამ მომავლისთვის სწორად განსაზღვროს თავისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები.

ე) ნდობა სწავლულ-ექსპერტთა, პროფესიონალთა მიმართ. კორონავირუსმა კიდევ ერთი საკითხი დააყენა დღის წესრიგში: მეცნიერ-სწავლულებისადმი იმედი, რწმენა და მოთხოვნა გაიზარდა – არა მხოლოდ რომელიმე ერთ ქვეყანაში, არამედ მსოფლიო საზოგადოებაში. თუ წინა ეკონომიკური და ლტოლვილთა კრიზისების დროს მეცნიერ-ექსპერტთა მოსაზრებები მოსახლეობის დიდ ან გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა მემარჯვენე პოპულისტების პროპაგანდის საფუძველზე, ახლა მდგომარეობა სხვაგვარადაა, რადგანაც კაცობრიობა შველას სწორედ მეცნიერ-ექსპერტებისგან ელის. ეს კი უშუალო კავშირშია სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პრიორიტეტების განსაზღვრასთან, რაც, პირველ რიგში, აკადემიურ სივრცეში ხორციელდება. აკადემიური სივრცე, ისე როგორც არასდროს, მოთხოვნადი გახდა. აქ საქმე არ ეხება მხოლოდ სამედიცინო სფეროს, არამედ ისეთ სფეროებსაც, რომლებიც უშუალოდ თუ გაშუალებულად გადამწყვეტ როლს თამაშობენ კრიზის დაძლევაში. ესენია: აგრარული, საინჟინრო-ტექნოლოგიური, ფუნდამენტური საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მაგრამ, ამავე დროს, რადგან კორონა ვირუსის ეპიდემია კაცობრიული პრობლემაა, ხოლო კაცობრიობა ერთმანეთთან მორალური კომუნიკაციის ორგანიზმია, მოთხოვნადია ან უნდა იყოს ის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, რომლებიც სამართლიანობის, ზნეობრიობის და მორალურობის კვლევითაა დაკავებული. საინჟინრო ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათი გაჩენის დღიდან მეტნაკლები ინტენსივობით სხვადასხვა დროს ხდებოდა მოთხოვნადი. მაგრამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ მათი პოპულარობა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარების შედეგად მიღებული სიკეთეებითა და ფინანსური მოგების გაზრდით განისაზღვრებოდა, რომელიც, ხშირ შემთვევაში, არათუ კავშირში, არამედ სრულ დაპირისპირებაში იყო ადამიანობის არსებობის საფუძველთან – მორალურობასთან/ზნეობრიობასთან. ასეა თუ ისე, აკადემიური პროფესიონალიზმი კვლავ „მოდაში შემოდის“, რაც განათლების სისტემის და ამ შემთხვევაში, უმაღლესი განათლების სისტემის ფუნქციონირების და სწორი პრიორიტეტების ახლებურ განსაზღვრებებს მოითხოვს. მაგრამ, განათლება უნდა იყოს განმანათლებლური და შესაბამისად – ჰუმანისტური, და არა მხოლოდ ცალკეული სოციალური ჯგუფებისათვის, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი, რათა ეს და მსგავსი პრობლემები დროულად და სწორი ჰუმანისტური შედეგებით დასრულდეს.

საქართველო და კორონავირუსი

როგორ შეხვდა საქართველო კორონავირუსს და რა პრიორიტეტები აქვს ქვეყანას განსაზღვრული კრიზისის დაძლევის შემდგომ მყარი და გრძელვადიანი განვითარებისათვის, რათა მსოფლიოს/კაცობრიობის მომავალ გამოწვევებს უფრო მომზადებული შეხვდეს? რაც შეეხება მიმდინარე პრობლემას – კრიზისის მართვას, უნდა ითქვას, რომ, ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ქმედებები მინიმუმ, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო მასშტაბით. ყოველი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ ზოგადად მსოფლიო-დაგვიანებული რეაგირების შემდგომ გადადგა, არის კარგად გააზრებული, ორგანიზებული და დროული. ამ კუთხით, მისთვის პრეტენზიის წაყენება გონებრიობის ფარგლებში მასთან ყველაზე დაპირისპირებულ ძალასაც გაუჭირდება. თავად სამედიცინო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა პროფესიულად და ეფექტიანად მუშაობს, მაგრამ მიუხედავად სოციალ-პოლიტიკურ სისტემებს შორის განსხვავებისა, მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთნაირი მეთოდებით იბრძვის ამ გამოწვევის წინააღმდეგ – თუმცა, ეფექტურობის და დროულობის სხვადასხვა მაჩვენებლით. უფრო მნიშვნელოვნია, რომ როგორც მთავრობამ, ისე საზოგადოებამ დაიწყოს სერიოზული ფიქრი, და მეტიც, შემუშავება პოსტ-კრიზისულ პერიოდში ქვეყნის განვითარებისათვის, რა შემთხვევაშიც მინიმუმამდე უნდა შემცირდეს იმ შეცდომათა რიცხვი, რომლებმაც შეიძლება კრიზისის განგრძობის შემთხვევაში და მისი დასრულების შემდგომ, შეაფერხონ ქვეყნის შეძლებისდაგვარად სწრაფი წინსვლა. პირველი და უმთავრესია, სტრატეგიული გეგმის შემუშავება ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რითაც ქვეყანამ თვითკმარი არსებობა არა მხოლოდ გლობალური და ლოკალური კრიზისების დროს უნდა შეძლოს, არამედ ჩვეულებრივი, ნორმალური მდგომარეობის დროსაც. ამ თვალსაზრისით, ძალზე საყურადღებო და იმედის მომცემია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადებები.

გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი სტრატეგიული გეგმები საჭიროებენ ღრმა სამეცნიერო კვლევით გაანალიზებას და შესაბამისად, მის შემუშავებაში ჩართულები უნდა იყვნენ მაღალი რანგის სწავლულ-ექსპერტები აკადემიური სივრციდან, რამდენადაც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, თავად კრიზისმა გამოიწვია მათზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით.

ამასთან, სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემის დახვეწამ ხელი უნდა შეუწყოს ღონისძიებათა ეფექტურად განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარებისათვის. არსებულმა კრიზისმა, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენში, პირდაპირ თუ ირიბად დააყენა განათლების და განსაკუთრებით უმაღლესი განათლების (რომელიც თავის თავში კვლევასაც მოიცავს) სწრაფი და გონივრული განვითარებისა და რეფორმირების მოთხოვნა. იმ მარგინალური მიმართულებების ნაცვლად, რომლებიც, დროის მოთხოვნის შესაბამისად, პოპულისტური პროპაგანდის შედეგად იყო წინა პლანზე წამოწეული, როგორებიცაა, მაგალითად, ტურიზმის დარგობრივი მიმართულება, ან ბიზნეს ადმინისტრირება. სწრაფად უნდა შემოტრიალდეს აკადემიური სპექტრი იმ დარგების განვითარებისაკენ, რომლებიც არა მხოლოდ კრიზისული პერიოდისთვის არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად, ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარებისთვის, როგორებიცაა საინჟინრო ტექნოლოგიური მიმართულებები, აგრარული მეცნიერებები, სამედიცინო მიმართულება და ყველა ის განხრა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამყაროს შექმნის საფუძველია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რიგი აკადემიური დარგები ამით დაზარალდეს, არამედ მკაფიოდ უნდა დაისახოს პრიორიტეტები. ასევე, ზუსტად უნდა დადგინდეს პრიორიტეტული მიმართულებები არა მხოლოდ დროებითი საჭიროების მიხედვით, არამედ ფუნდამენტური თვალსაზრისით. აგრეთვე, განსასაზღვრია სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტრუქტურა და იურიდიული სტატუსი, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ სივრცის გამართულად მუშაობას.

ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს, რომ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარება მხოლოდ ცოდნის საფუძველზეა შესაძლებელი. ამიტომ, ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა თუ სხვა მიმართულებები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში გამართულად არსებობისათვის, მუდმივ ბმაში უნდა იყოს განხილული განათლებისა და კვლევის აკადემიურ სივრცესთან.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები