20 მაისი, ორშაბათი, 2024

ComCom-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

spot_img

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისა და სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ. მხარეები სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ, მედიაწიგნიერების მიმართულებით.

შეთანხმების გაფორმების პირველივე დღეს, ComCom-ის ორგანიზებით, 100-მდე სტუდენტისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია „მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები, პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით, ე.წ. Fake News-ის აღმოჩენის, ნამდვილი ამბისგან გარჩევისა და რეალური ინფორმაციის დადგენის მეთოდებს, ასევე, დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და მალინფორმაციის განსხვავებებს გაეცნენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, საქართველოსა და მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების კუთხით ComCom-ის როლი და განხორციელებული პროექტები.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიაწიგნიერება უკვე დანერგილია და სტუდენტებისთვის არჩევით საგნად ისწავლება. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები კიდევ უფრო აქტიურად შეუწყობენ ხელს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში სისტემურ ინტეგრირებას, სტუდენტებისა და ლექტორებისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებების სახით. ამასთან, კომუნიკაციების კომისია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, დამატებით თემატურ სემინარებსა და კონფერენციებს გამართავს.

 

ნათია კუკულაძე: მოხარულები ვართ, რომ სოხუმის უნივერსიტეტში, ერთ-ერთ პროგრამაში, უკვე ისწავლება მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე საგანი – ციფრული წიგნიერება და ჩვენ შევეცდებით, მივმართოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ სხვადასხვა პროგრამაში უფრო აქტიურად დაინერგოს ეს საგანი.

 

ზურაბ ხონელიძე: ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი უნივერსიტეტის უკეთესი ხვალინდელი დღის განსაზღვრისთვის. სტუდენტის გამარჯვებისთვის და წარმატებისთვის მემორანდუმს, იმ შესაძლებლობას, რომელსაც კომისია აჩენს ჩვენი უნივერსიტეტისთვის, დღეს, ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

მარიამ ტვილდიანი, სტუდენტი: ზოგადად, მედიაწიგნირება ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვართ დეზინფორმაციის მსხვერპლი და, ხშირ შემთხვევაში, ისე ვიჯერებთ ამ არასწორ ინფორმაციას, რომ არც ხდება მისი გადამოწმება.

მედიაწიგნიერების შესახებ ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს ორ უნივერსიტეტში და მომავალში სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები