ქეთევან სეფიაშვილი
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი, თბილისის მე-10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი
მინდა გესაუბროთ ერთი ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო პლატფორმის შესახებ — https://www.ck12.org. CK-12 საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ციფრული რესურსების გამოყენებით. ეს ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია. პროგრამა მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.
CK-12 დამხმარე ელექტრონული საშუალებაა როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. აქ წარმოდგენილია ონლაინ სავარჯიშოები, ფლეშბარათები, ადაპტირებული სავარჯიშოები და სიმულაციები სხვადასხვა საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა და ა.შ.
ამ პლატფორმის უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლია: მასწავლებელს – ახსნისა და მასალის განმტკიცების პროცესში, მოსწავლეს — დამოუკიდებლად სწავლის.
ამ საიტს ინტენსიურად ვიყენებდი ონლაინ სწავლების პროცესში, გადასვლისთანავე და მანამდეც, ვიყენებდი სიმულაციებსა და სურათებს, ასევე, თეორიულ მასალას.
ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ განათლების კოალიციასა და ამ საგანმანათლებლო პლატფორმას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს განათლების კოალიციის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ და CK-12-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნირუ ხოსლამ. კოალიციამ საკუთარ თავზე აიღო ამ მასალების თარგმნა და, ფაქტობრივად, ძალიან მალე შეძლო ფლექს სახელმძღვანელოების ქართველ მომხმარებლამდე მიტანა.
2021 წლის ზაფხულში კონსულტანტ მასწავლებელთა კონკურსი გამოცხადდა, საგნობრივი ჯგუფების მიხედვით, 2021 წლის პირველ ოქტომბერს კი, კონსულტანტ მასწავლებლებთან ხელშეკრულება გაფორმდა. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ირინა ხანთაძემ და თამუნა გურგენიძემ კონსულტანტ მასწავლებლებს მათი მოვალეობები და ფუნქციები გააცნეს, ხოლო მთარგმნელებმა: ანა კინწურაშვილმა, თინათინ ზარდიაშვილმა და სხვებმა თარგმნილი სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარის შესახებ ისაუბრეს.
თითოეული საგნის კონსულტან მასწავლებელს მინი-ჯგუფებთან მუშაობა და ჯგუფის წევრებისთვის ამ საგანმანათლებლო პლატფორმის გაცნობა დაევალა. კონკრეტულად ფიზიკაში 6 კონსულტანტი მასწავლებელი შეირჩა.
ახლა კი, კონკრეტულად CK-12-ისა და ფიზიკის შესახებ. ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა 3 სახელმძღვანელო (7, 8, 9 კლასები) და +1 — ფიზიკოსთა ბიოგრაფიები.
თითოეულ თავში ჩაშლილია საკითხები. მაგალითისთვის მოგიყვნთ ერთ პარაგრაფს მე-8 კლასიდან – 3.10 ბერკეტი.
ამ პარაგრაფში, თეორიულ მასალასთან ერთად, მოყვანილია იუთუბის არხზე განთავსებული ვიდეოები, ასევე, მოცემულია ბერკეტების კლასიფიკაცია, აქვე შესაძლებელია მონიშვნების გამოყენება (HIHGLIGHT TEXT)
რაც მთავარია, გაკვეთილში ჩაშენებულია სიმულაცია და სამუშაო ფურცლებიც, სამუშაო ფურცლებს თან ახლავს სიმულაციების ლინკები https://www.ck12.org/physics/Mechanical-Advantage/
როგორც ყველა პარაგრაფს, ამ პარაგრაფსაც ერთვის შემაჯამებელი კითხვები.
სწორედ ამიტომ არის CK-12 პლატფორმის გამოყენება ეფექტური. დისტანციური სწავლებისას, სასწავლო დანაკარგების შესამცირებლად, სასურველია სასწავლო პროცესში ამ პლატფორმის ჩართვა.
დისტანციური/ჰიბრიდული სწავლებისას მოსწავლეებს შეეძლებათ, დამოუკიდებლად მოიძიონ სიმულაციებითა და ვიდეორესურსებით გამდიდრებული სასურველი თემა მშობლიურ ენაზე, გაიმეორონ გავლილი თემები და შეიმეცნონ ახალი მასალა. ამ საიტის გამოყენებით, ვიმედოვნებ, გაუმჯობესდება სწავლა-სწავლების ხარისხი.
ასევე ვიმედოვნებ, რომ მასწავლებლები აუცილებლად დაინტერესდებიან და აქტიურად გამოიყენებენ CK-12 პლატფორმას სასწავლო პროცესში, მე კი, ჩემს კოლეგა კონსულტანტ მასწავლებლებთან ერთად, შევეცდები, პლატფორმა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დავნერგო.