2 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

BBC Learning English – ინგლისური ენის შესწავლის კიდევ ერთი ეფექტური და ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალება

spot_imgspot_img

მაია გოგიჩაიშვილი
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი

 

 

ამჯერად ვისაუბრებთ იმ კურსებისა და რესურსების შესახებ, რომლებსაც BBC უფასოდ სთავაზობს მსოფლიოს მრავალი ქვეყანის მოსახლეობას 40-ზე მეტ ენაზე.

ინგლისური ენის შესწავლის საჭიროებასა და აქტუალობაზე აქ არ შევჩერდები და ყურადღებას გავამახვილებ მასწავლებლების მხრიდან ამ კურსების გამოყენებით მიღებულ ბენეფიტებზე. დიახ, ახალი სკოლის მოდელმა მართლაც ბევრი საუკეთესო რამ გვასწავლა და ბევრი სიახლეც დაგვანერგინა. ამათგან იმას გამოვყოფდი, რომ სახელმძღვანელო აღარ უნდა აღიქვათ, დღევანდელმა მასწავლებელმა და მოსწავლემ, როგორც სწავლა-სწავლების ერთადერთი ძირითადი საშუალება. სწორედ აქ გაჩნდა მრავალფეროვანი, მაგრამ ავთენტური და ეფექტური სასწავლო რესურსებისა და საშუალებების კიდევ უფრო მეტი დოზით ჩართვა/გამოყენების საჭიროება სასწავლო პროცესში.

BBC, წლების განმავლობაში, მსოფლიო მოსახლეობისთვის მაღალი სანდოობისა და დადასტურებული ხარისხის გარანტორია და მეც ამ მიზეზით შევაჩერე ჩემი ყურადღება მასზე. მუდმივი ძიების პროცესში, თავად გავეცანი მის კურსებს და ქვემოთ დეტალურად მოვყვები, რამდენი მიზეზი მქონდა მოვხიბლულიყავი მისით. მყისვე დავიწყე ფიქრი, როგორ გამომეყენებინა ჩემს სამუშაო პროცესში, რას მოუტანდა ის მოსწავლეებს. უპირველესად, გაცნობითი პრეზენტაციით წარვდექი მათ წინაშე, შემდეგ – ინიციატივით, გვეცადა და დაგვენერგა ინგლისური ენის შესწავლის კიდევ ერთი საშუალება. ისინი სიხარულით შეხვდნენ სიახლეს, საკუთარი თავი დიაგნოსტიკური ტესტების საშუალებით (რომლებიც იქვე, ვებგვერდზეა ჩაშენებული) გამოსცადეს და სხვადასხვა კლასში სხვადასხვა დონის შესაბამისი კურსების გავლა დავიწყეთ.

ჩემი პირადი გამოცდილების საფუძველზე, ჩემი მოსწავლეების გაუმჯობესებული ცოდნისა და უნარების შესაბამისად, მინდა, რაც შეიძლება ბევრმა მასწავლებელმა იცოდეს ამ კურსების შესახებ და საკუთარ მოსწავლეებს საჭიროებისამებრ შესთავაზოს უფრო მრავალფეროვანი, მათ ინტერესებზე, საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული დიფერენცირებული სასწავლო რესურსები.

BBC თავის მსმენელსა და მაყურებელს სთავაზობს არა მხოლოდ გამორჩეულ მსოფლიო დონის პროგრამებსა და საინტერესო კონტენტს, რომლებსაც ყოველდღიურად ქმნის, არამედ იმ მრავალფეროვან საშუალებებსაც, რომლებიც ეხმარება მილიონობით ადამიანს ინგლისური ენის შესწავლაში.

როგორც მსოფლიო სერვისის ნაწილი, BBC Learning English, ჯერ კიდევ 1943 წლიდან, ასწავლის ინგლისურს გლობალურ აუდიტორიას და სთავაზობს უფასო აუდიო, ვიდეო და ტექსტურ მასალას.

ამჟამად არსებობს 7 კურსი. მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება ინგლისური ენის ყველა დონის მოკლე და სრული კურსების შექმნა. ყველა კურსი გათვლილია მობილურებზე, ტაბლეტებსა და კომპიუტერებზე მუშაობისთვის – ასე რომ, სადაც არ უნდა იყოთ, შეძლებთ ისიამოვნოთ ინგლისურის სწავლით, BBC Learning English-ის გუნდთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ mp3 ფაილები და მათი შესაბამისი PDF ტრანსკრიპტები.

რესურსები, რომლებსაც გთავაზობთ BBC Learning English შემდეგი მიმართულებებით: კურსები, გრამატიკა, გამოთქმა, ლექსიკონი, ახალი ამბები, მეტი: ქვიზები, შეამოწმე შენი ინგლისური ენის ცოდნის დონე, გადმოწერილები, მასწავლებლები, ბავშვებისთვის, პოდკასტი, დრამა, აპლიკაცია.

მიმდინარე კურსები, რომლებსაც გვთავაზობს BBC Learning English:

1 – English You Need

ეს კურსი დაგეხმარებათ ინგლისური ენის გაგებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენების უნარების გაუმჯობესებაში. კურსი მოიცავს ხუთ სესიას.

  • პირველი სესია გთავაზობთ საუკეთესო რჩევებს ინგლისური ენის შესასწავლად და გამოცდების ჩასაბარებლად;
    • მეორე სესიაში, „ახალი ამბების მიმოხილვა“ გიჩვენებთ, თუ როგორ გამოიყენოთ ახალი ამბების სათაურების ენა თქვენს ყოველდღიურ ინგლისურში;
    • მესამე სესიაში პასუხობენ „მოსწავლეების კითხვებს“;
    • მეოთხე სესიაში გაძლევენ საუკეთესო რჩევებს „მასწავლებლების ოთახიდან“;
    • მეხუთე სესიაში, თითოეული იუნიტის შეჯამების მიზნით, იღებენ საკვანძო სიტყვას ახალი ამბებიდან და გაჩვენებენ, როგორ წარმოთქვათ სწორად, „გამოთქმა ახალ ამბებში“ ფარგლებში.
2 – Towards Advanced

ეს კურსი იმ მოსწავლეებისთვისაა, რომლებიც შედარებით მაღალ დონეზე სწავლობენ. შედგენილია იმისათვის, რომ დაგეხმაროს, გახდე უკეთესი მოსაუბრე და მიაღწიო ენის, თითქმის, მშობლიურად ფლობის დონეს.

  • „ინგლისურის მასტერკლასში“ შეგიძლიათ იხილოთ რჩვები, თუ როგორ ლაპარაკობენ ინგლისურად სინამდვილეში;
  • ნახოთ როგორაა სიტყვები და ფრაზები გამოყენებული ავთენტურ ახალ ამბებსა და სათაურებში, „ახალი ამბების მიმოხილვის“ ფარგლებში;
  • გთავაზობენ საკვანძო ლექსიკის რამდენიმე გზით გამოყენებას „ჩვენი სიუჟეტების პროგრამებში“;
  • „თიმის გამოთქმის ვორქშოფიც“ მოწოდების სიმაღლეზეა და გამართულად მუშაობს.
3 – Upper Intermediate Course

თუ თქვენი ინგლისური ენის ცოდნის დონე, დაახლოებით, C1-ია, ვიდეოებზე დაფუძნებული ეს ოცდაათთავიანი კურსი მოგაწვდით რჩევებს, რომლებიც ინგლისური ენის ცოდნის დონის შემდგომი ამაღლებისათვის გჭირდებათ.

  • დენსა და ფინს უამრავი ძვირფასი ოცდაათწამიანი ინფორმაცია აქვთ „ინგლისურის კლასში“;
  • Stop Saying-ში ყოფნისას, თიმი და ჰელენი დაგეხმარებიან გაასწოროთ ის პატარა შეცდომები, რომლებიც აფერხებს თქვენ მიერ ინგლისური ენის უფრო ბუნებრივ გამოთქმებს;
  • ხდება ფოკუსირება ახალი ამბების შემადგენელ სიტყვებზე, „News Review“-ში.
4 – Intermediate Course

თუ თქვენ სწავლობთ ინგლისურ ენას საშუალო დონეზე, ეს კურსი თქვენთვისაა! კურსში სულ 30 თავია, თითოეულში – 5 სესია, მათ შორის „6-წუთიანი გრამატიკა“, „6-წუთიანი ლექსიკა“ და „დრამა“. გვთავაზობენ უამრავ სტატიას, აუდიო და ვიდეო კოლაჟს, იმ მასალებთან ერთად, რომლებიც BBC-ის ენის ექსპერტების მიერაა შექმნილი. ასე რომ, იუნიტებისა და სესიების ფარგლებში, ნაბიჯ-ნაბიჯ, შეძლებთ გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის გრამატიკა, ლექსიკა, გამოთქმები, წერითი და ზეპირმეტყველების მიმართულებები.

5 – Lower Intermediate Course

თუ თქვენი ინგლისური ენის ცოდნის დონე საშუალოზე დაბალია, ეს კურსი თქვენთვისაა. ამ კურსშიც ოცდაათი იუნიტია. თითოეული თავი ეფუძნება კონკრეტულ თემას და იკვლევს ამ თემასთან დაკავშირებულ გრამატიკას და ლექსიკას, ამავდროულად, გეხმარებათ გაიუმჯობესოთ თქვენი უნარები და გამოთქმა. აქვე შეგიძლიათ იპოვოთ, როგორც ყველაზე პოპულარული მიმართულებები: „6-წუთიანი გრამატიკა“, „6-წუთიანი ლექსიკა“ და „ახალი ამბების მიმოხილვა“, ასევე, უამრავი ინტერაქტიული მასალა, რომელიც დაფუძნებულია BBC-ის ორიგინალურ ვიდეოსა და აუდიოზე და რომლებიც შექმნილია თქვენთვის, BBC-ის ინგლისური ენის ექპერტების მიერ.

6 – Shakespeare Speaks

„შექსპირი ლაპარაკობს“ 20 გახმოვანებული ანიმაციური მოკლე ვიდეორგოლის ახალი სერიაა, რომელიც მომზადებულია BBC-ის მიერ, ღია უნივერსიტეტთან პარტნიორობით („The Open University“). უილიამ შექსპირის მიერ შექმნილი პოპულარული ინგლისური ფრაზები და გამონათქვამები, რომლებიც ჯერ კიდევ ხშირად გამოიყენება დღეს, ახსნილი და პრაქტიზირებულია თვითონ ბარდის მიერ, შექსპირის ეპოქისა და ცხოვრების წარმოსახვითი პერსონაჟების დახმარებით. თითოეული ეპიზოდი გვიხსნის შექსპირის კარგად ცნობილი იდიომატური გამოთქმების მნიშვნელობას და გამოყენებას თანამედროვე ინგლისურ ენაში. თავდაპირველად, ისინი შექსპირის ცნობილ ნამუშევრებში გამოჩნდა.

7 – Features

ვებგვერდის ეს სექცია, უმთავრესად, ენის უმაღლესი დონის შემსწავლელებისთვისაა. აქ თქვენ იპოვით ყველაზე პოპულარულ პროგრამებს.

  • აკრიფეთ ახალი ლექსიკა ჩვენი ყოველკვირეული აქტუალური ჩათით – „6 Minute English“;
  • გაიგეთ რეალური ინგლისური გამონათქვამების მნიშვნელობა, რომლებსაც ყოველთვის როდი შევხვდებით ლექსიკონებში – „The English We Speak“-ის ფარგლებში;
  • გაეცანით სიახლეებს „News Report“-დან და რეპორტაჟების ახალი პროდუქტით „LingoHack“;
  • დრამის მოყვარულებს შეუძლიათ იპოვონ მსოფლიოს ზოგიერთი ფავორიტი დრამის თანამედროვე ვერსიები, როგორიცაა: ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“ და ლუის კაროლის „ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“.
  • ფუნქციების ზონაში თქვენ, ასევე, შეგიძლიათ იპოვოთ გამოთქმების სექცია, რომელიც შემოგთავაზებთ უამრავ ვიდეოს და აქტივობას. ისინი დაგეხმარებათ გამოთქმის გაუმჯობესებაში ინგლისური ენის ცოდნის დონის მიუხედავად.
8 – English My Way

„სასწავლო წრეები“ შანსია თქვენთვის, დაეხმაროთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ისწავლონ ინგლისური ენა. მიჰყევით თითოეულ სესიაში მოცემულ ბმულებს, რათა უფასოდ გადმოწეროთ სხვადასხვა მასალა. არსებობს ტრენერის გზამკვლევიც, რომელიც გეტყვით, თუ როგორ მართოთ „სასწავლო წრე“. აქვეა 12 სახალისო სესია. თითოეული მათგანის დახმარებით, შეგიძლიათ ისწავლოთ ახალი სიტყვები ფლეშ ბარათებით, უყუროთ და განიხილოთ ვიდეოები ყოველდღიურ ცხოვრებაზე; იმსჯელოთ, როგორ გადაჭრათ პრობლემები, ისწავლოთ ყოველდღიურად გამოსადეგი ზოგიერთი ფრაზა და თამაშებით განიმტკიცოთ უკვე ნასწავლი.

ამგვარად, მიმოვიხილეთ მსოფლიოში აპრობირებული და ფართოდ გავრცელებული ინგლისური ენის ერთ-ერთი სასწავლო საშუალება, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ ცოდნის, არამედ კონკრეტული უნარების გამომუშავება-გაუმჯობესებას. ეს კი, ერთობ სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია ჩვენი მოსწავლეებისთვის. იმდენად, რამდენადაც უკვე დანერგილი მაქვს საკუთარ პრაქტიკაში, პოზიტიური შედეგების ფონზე, თამამად შემიძლია გავაცნო და რეკომენდაცია გავუწიო კოლეგა მასწავლებლების ფართო საზოგადოებას იმ იმედით, რომ ისინიც გაიზიარებენ ამ სიახლეს და ხელშესახებ წარმატებას მიაღწევენ ინგლისური ენის სწავლა-სწავლების საქმეში.

თემასთან დაკავშირებული სასარგებლო ბმულები:

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება