ჩვენი გაზეთის მკითხველებმა იციან, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ძალაში შევიდა ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ. დარგის მესვეურების, ექსპერტებისა თუ სპეციალისტების შეფასებით კანონმა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებსა და ითვალისწინებს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს, უნდა უზრუნველყოს პროფესიული განათლების ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადასვლა. ამისთვის კი არაერთი კანონქვემდებარე აქტისა თუ დებულების შემუშავება იქნება საჭირო, რომ კანონით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას დახვეწისა და განვითარებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი შეექმნას. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის პროექტზე ვესაუბრეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, კახაბერ ერაძეს.
რამ განაპირობა ცვლილებები
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტი ბოლოს 2010 წელს დამტკიცდა და დღემდე მოქმედებს. იგი სამი მიმართულებით ამოწმებდა სასწავლებლებს — პროგრამული ნაწილი, ადამიანური და მატერიალური რესურსები. გასული წლების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ყველაზე ხშირად დაწესებულებას ავტორიზაციაზე უარი პროგრამულ ნაწილში აღმოჩენილი ხარვეზების გამო ეთქმოდა. დღეს სხვა რეალობა გვაქვს, ყველაზე მეტი ხარვეზი მატერიალური რესურსების ნაწილში ფიქსირდება. პროგრამული ნაწილი ბევრად უფრო გამართულია, ამის წინა პირობა კი ცენტრის მიერ შემუშავებული ჩარჩო დოკუმენტი გახლავთ, რასაც კანონი პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტებს არქმევს, რომელშიც ამომწურავადაა ჩამოყალიბებული პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი. ამიტომ, ამ მხრივ, პრეტენზიები სასწავლებლის მიმართ, თითქმის აღარ გვაქვს.
რაც შეეხება მატერიალურ რესურსს, აქ აუცილებელი იყო ცვლილება, რადგან მოქმედი (ძველი) სტანდარტი მთლიანად ეფუძნებოდა ექსპერტის შეფასების გემოვნებას, რაც, ბუნებრივია, არაერთხელ გახდა დავის საგანი; დაბოლოს, ახალმა კანონმა პროფესიული განათლების შესახებ მთლიანად შეცვალა პროფესიული პროგრამის განმახორციელებლის, ანუ პედაგოგისადმი მიდგომა და ბუნებრივია ეს აუცილებლად უნდა ასახულიყო შეფასების კრიტერიუმებშიც. ასე რომ, თქვენი კითხვის პასუხად მოკლედ შემიძლია გითხრათ, საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მოქმედმა სტანდარტმა მთლიანად ამოწურა თავისი თავი, თუნდაც იმ მხრივ, რომ აბსოლუტურად არ ითვალისწინებს იმ ახალ მიდგომებს, რომელიც ბოლო წლებში დაინერგა, ვგულისხმობ კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლებასა და შეფასებას და დუალური სწავლების პრინციპების შემოტანას პროფესიულ განათლებაში, რასაც სხვაგვარი რეგულირება და ხარისხის უზრუნველყოფა სჭირდება. ვფიქრობ, აღნიშნული გარემოებები იძლევა საკმარის საფუძველს, რომ შეგვეცვალა ავტორიზაციის სტანდარტები და შესაბამისად, მიდგომებიც და პროცედურებიც.
ახალი სტანდარტები
პროფესიული განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ კანონებითა და თანმდევი კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გარე ხარისხის უზრუნველყოფა, შეფასება ავტორიზაციის მიზნებისთვის 5 სტანდარტის მიხედვით განხორციელდება. აქვე მინდა აღვნიშნო ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ — პროფესიულ განათლებაში აღარ გვექნება პროგრამული აკრედიტაცია, იქნება მხოლოდ ავტორიზაცია, რაც სავსებით ლოგიკურია. არ იყო სწორი, როცა სასწავლო პროგრამის შინაარსობრივი, ხარისხობრივი შეფასება, რასაც გულისხმობს აკრედიტაცია, მხოლოდ დაწესებულების სურვილის შემთხვევაში ხდებოდა. ამიტომაც შეერწყა ეს ორი თემა ერთმანეთს. ავტორიზაციის ახალი სტანდარტი ისეთივე სიღრმისეულ აქცენტებს აკეთებს პროგრამის შინაარსზე, როგორც ამას აკრედიტაციის შემთხვევაში გააკეთებდა; კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა კოლეჯის მისიისა და სტრატეგიული განვითარების კუთხით. მოქმედი სტანდარტით კოლეჯი კი ადგენდს საკუთარ ვალდებულებას, რომ უნდა ჰქონდეს მისია და ის საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი სტრატეგიული განვითარების გეგმით, მაგრამ, როგორ, ამაზე არ კეთდება აქცენტი. შესაბამისად, ექსპერტის და საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, შეაფასოს მისიის რელევანტურობა და სტრატეგიული დაგეგმვის ადეკვატურობა დაწესებულებაში, სცდება არსებული სტანდარტის მოთხოვნებს, ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ რეკომენდაციებით, რაც, ბუნებრივია, ვერ იქნება ავტორიზაციისთვის უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, პირველი სტანდარტი ცალსახად ეხება მისიის გააზრებას და აქედან გამომდინარე სტრატეგიული დაგეგმარების ადეკვატურობას. ახალი სტანდარტების პირობებში კოლეჯებს მოუწევთ, მეტად დაფიქრდნენ თავიანთ მისიაზე, რათა უფრო რეალისტური იყოს სტრატეგიული გეგმა. პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე (პოტენციური დამსაქმებელი, პარტნიორი ბიზნესის წარმომადგენელი, სტუდენტი, მასწავლებელი…). ჩვენი მოთხოვნა იქნება სტრატეგიული დაგეგმარებისა და მისიის თანხვედრა პროფესიული განათლების მიზნებთან და პოლიტიკასთან. კოლეჯმა კარგად უნდა გაიაზროს, პროფგანათლების შესახებ კანონში დეკლარირებული მიზნებიდან რომელია მისი კომპეტენციის ფარგლებში, სწორად დაინახოს საკუთარი ადგილი განათლების სივრცეში და აქედან გამომდინარე, საკუთარი მისია და სტრატეგია პროფგანათლების მიზნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
მეორე სტანდარტი, პროგრამული რესურსი, შენარჩუნდა, თუმცა, როგორც გითხარით, უფრო სიღრმისეული იქნება მისი შეფასება. ახალი სტანდარტი გულისხმობს პროგრამის სტრუქტურისა და შინაარსის შესაბამისობას საგანმანათლებლო სტანდარტებთან, მაგრამ მხოლოდ ფაქტობრივი შესაბამისობა საკმარისი არ გახლავთ. პროგრამის განმახორციელებელ პერსონალს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული პროგრამის შინაარსი, რომ სასწავლო გეგმა მაქსიმალურად რეალისტური და რელევანტური გამოვიდეს, გონივრულ დროში უზრუნველყოფდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას პროფესიული სტუდენტებისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ თუ სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში, მხოლოდ ზოგადი ტრანსფერული უნარების განვითარებას და სტუდენტს პროფესიასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა, ახალი სასწავლო გეგმით, ზოგადი ტრანსფერული უნარები მთელი პროგრამის მანძილზე ვითარდება, დარგობრივი კომპეტენციის უნარების პარალელურად. ძალიან მნიშვნელოვანია, კოლეჯმა სწორად განსაზღვროს პრაქტიკის გავლის დრო, განსაკუთრებით, დუალური სწავლებისას — რა დროს გაატარებს სტუდენტი კოლეჯში და რა დროს — საწარმოში. ამავე სტანდარტით აქცენტი კეთდება სტუდენტის შეფასების კრიტერიუმზე, რომ მთლიანად გამოირიცხოს ყოველგვარი ფორმალობა.
შემდეგი სტანდარტი საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაა. თუ ადრე კოლეჯის მიდგომა იყო, რაზეც მიიღო ავტორიზაცია, იმ პროგრამას ხელს ვეღარ ახლებდა, რაც ეწინააღმდეგება განვითრებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომას, ახალი სტანდარტი პირდაპირ ეუბნება, თუ რომელიმე პროგრამით შეუძლებელია დასახული შედეგის მიღწევა, კოლეჯი ვალდებულია, იზრუნოს მის კორექტირებაზე, შეცვლასა და განვითარებაზე. განვითარებაში ახალი პროგრამების ინიცირებაც იგულისხმება, რაც აუცილებლად უნდა ემყარებოდეს წინარე კვლევების საფუძველზე გაკეთებულ არგუმენტირებულ დასკვნებს, რადგან პროგრამის განხორციელება უკავშირდება როგორც საბიუჯეტო, ისე კერძო რესურსებს. აქ აუცილებლად უნდა ჩანდეს, რამდენად შესაბამისობაშია მოთხოვნილი პროგრამა შრომის ბაზართან, საზოგადოების საჭიროებებთან.
ავტორიზაციის მოთხოვნებში შემოდის ასევე პროფესიული სტუდენტის მხარდამჭერი ღონისძიებები. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სტატუსის მოპოვება, შეჩერება, შეწყვეტა აქამდე მთლიანად შიდა რეგულაციაზე იყო დამოკიდებული, ახალი კანონით ის, ცენტრალურ დონეზე, გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარება. ამჟამად მუშაობა მიდის შესაბამის კანონქვემდებარე აქტებზე, თუმცა კოლეჯის ვალდებულება, დაიცვას სტუდენტთა უფლებები, თავად შესთავაზოს და მხარი დაუჭიროს მათ მიერ ინიცირებულ აქტივობებს, ჰქონდეს კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ სრული სტატისტიკა, რა თქმა უნდა, რჩება კოლეჯის მოვალეობად.
მეოთხე სტანდარტი ადამიანურ რესურსებს მოიცავს და გულისხმობს როგორც პროგრამის განმახორციელებელ, ისე ადმინისტრაციულ პერსონალს. აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული რესურსის საკმარისობაზე — შეუძლებელია 3 ადამიანის რესურსით კოლეჯის სრულფასოვანი მართვა, ფაქტობრივად, ეს დაუძლეველი მისიაა. როცა მინისტრის ბრძანების საფუძველზე (რასაც კანონი ავალდებულებს), დამტკიცდება პროფესიული მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი განვითარების სქემა, კოლეჯების ავტორიზაციის დროს იგი აუცილებლად იქნება ერთ-ერთი სავალდებულო კრიტერიუმი. სქემის პროექტი უკვე შეიმუშავა მასწავლებელთა სახლმა.
მეხუთე და ბოლო სტანდარტი მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს და იმ სივრცეების ადეკვატურობას შეამოწმებს, რაც ავტორიზაციის მისაღებად მოეთხოვებათ დაწესებულებებს. ესაა: ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორიები, სარეკრეაციო სივრცე, მათი უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ხელმისაწვდომობა შშმ და სსსმ პირებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია და შეფასებისას გავითვალისწინებთ (სტანდარტის მოთხოვნით) მასალების, ნედლეულის შენახვისა და განკარგვის რეგულაციებს. ჩვენი მიზანია, სტუდენტი სწავლის პროცესშივე მიეჩვიოს სიმულაციურ გარემოში წარმოქმნილი ნარჩენების განკარგვას. ასეთი მიდგომა, ერთი მხრივ, ეკოლოგიური ცნობიერების განვითარებას ემსახურება და მეორე მხრივ, კურსდამთავრებული საწარმოში ამ მიმართულებითაც მომზადებული მივა.
რაც შეეხება საინფორმაციო რესურსებს და საინფორმაციო უსაფრთხოებას, ეს საკითხები თანამედროვე მსოფლიოსთვის გამოწვევად იქცა და, ბუნებრივია, კოლეჯის ავტორიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თავად დაწესებულების ინტერესებშია საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, იქ დასაქმებული ადამიანების შესახებ ინფორმაციის საიმედოდ დაცვა, აქცენტი კეთდება ელექტრონულ რესურსებზე. ჩვენ დაწესებულებებს ვავალებთ, რომ სტუდენტებს სწორედ სასწავლო საშუალებების ელექტრონულ ვერსიებზე ჰქონდეთ წვდომა.
სიახლეა სტანდარტში ფინანსური რესურსიც. დაწესებულებას მოეთხოვება, კარგად განსაზღვროს პროგრამის (და მთლიანად კოლეჯის) ხარისხიანი განხორციელებისთვის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი, თუნდაც სტრატეგიული დაგეგმარების კონტექსტში, ასევე ჯგუფების რენტაბელურობის საკითხი, პროგრამის ბიუჯეტის ზუსტი და რეალისტური გაწერა, რაც, ჩვენი მხრიდან, გარე ექსპერტული შეფასების საფუძველი გახდება.
სულ ეს არის, რაც ახალ სტანდარტებს შეეხება. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია) პროფესიული სასწავლებლებისთვის ეს არ იქნება მოულოდნელობა, რადგან სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ და, ჩვენი ცენტრის მხარდაჭერის პროგრამის წყალობით, სასწავლებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა სტანდარტების დიდ ნაწილთან უკვე თავსებადობაშია, თუმცა არის გარკვეული გამოწვევები. ორ კვირაზე მეტია, ჩვენი სპეციალისტები დადიან სასწავლებლებში და აკეთებენ ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის თვითშეფასებას, თითქოს, ისინი ახალი სტანდარტით გადიან ავტორიზაციას. ამ გზით ვიგებთ რა მიმართულებით აქვთ ხარვეზები, რომ დანერგვამდე პერიოდი მათ გასასწორებლად გამოვიყენოთ. დრო გვაქვს და ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ, მით უმეტეს, რომ სტანდარტების ცვლილებას მოყვება პროცედურული ცვლილებებიც, ექსპერტთა კორპუსის განახლება, უფრო მოქნილი იქნება შეფასების მიდგომა, სავარაუდოდ გადაიხედება პროფესიული განათლების (მათ შორის კერძოსიც) დაფინანსების სისტემა და ა.შ. იმედი გვაქვს, რომ ახალ სტანდარტებზე გადასვლა, თავისთავად, უზრუნველყოფს პროფესიული განათლების გაცილებით მაღალ ხარისხობრივ დონეს.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი