მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე კულუარულად უკვე საუბრობენ და ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაასაჯაროებენ, თუმცა, რამდენიმე სავარაუდო ცვლილება ცნობილია, ერთ-ერთი თვითშეფასების კითხვარის გაუქმებას ეხება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი, როგორც სქემის სავალდებულო შემადგენელი, აღარ იარსებებს და ის მხოლოდ სარეკომენდაციო სახით დარჩება, ანუ მასწავლებელს, რომელსაც მისი შევსების სურვილი ექნება, შეავსებს კიდეც, მაგრამ აღარ ექნება ვალდებულება. სავარაუდოდ, ამ სახით დარჩენილ კითხვარს შევსების მსურველი ნაკლები გამოუჩნდება, რადგან, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, კითხვარის შევსება მასწავლებლებს მძიმე ტვირთად აწვათ და ამბობდნენ, რომ სასწავლო წლის დასაწყისში, როცა ისედაც ბევრი საქმე აქვთ პედაგოგებს, ძალიან დიდ დროს აკარგვინებდათ. ამის გარდა, გარკვეულ გაუგებრობასაც კი უქმნიდათ — ნაწილს უჭირდა კიდეც მისი დამოუკიდებლად შევსება და, საჭიროების შემთხვევაში, ფასილიტატორები ეხმარებოდნენ.
როგორ შეხვდნენ პედაგოგები და ფასილიტატორები დაანონსებულ ცვლილებას, შეავსებენ თუ არა (თუნდაც მცირე ნაწილი) უკვე არასავალდებულო თვითშეფასების კითხვარს და, ზოგადად, რა როლი შეასრულა ამ დოკუმენტმა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში — ამის შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამენ ჩვენ მიერ გამოკითხული მასწავლებლები და ფასილიტატორები.
ხათუნა ფირცხალაშვილი, ქუთაისის №23 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი:
„სქემაში პირველი წლიდან ვარ ჩართული და, შესაბამისად, ყოველ წელს ვავსებდი თვითშეფასების კითხვარს. ისე, როგორც ყველა სიახლე, კითხვარის შევსებაც, გარკვეულ სირთულეს ქმნიდა და მასწავლებლები დაბრკოლებებს ხვდებოდნენ. შემდეგ უფრო იოლდება ხოლმე ყველასთვის ყველაფერი, ეს პროცესიც გაიოლდა და რუტინულად იქცა. რაც შეეხება სირთულეებს, პირადად ჩემს ჯგუფში, რომ გითხრათ, ამის გამო მასწავლებლები წუწუნებდნენ-მეთქი, არასწორი ვიქნები, რადგან აღარ უჭირდათ შევსება.
რაც შეეხება თვითშეფასების კითხვარის მნიშვნელობას, იდეაში ცუდი ჩანაფიქრი არ იყო — სამოქმედო გეგმა შემდეგ სწორედ ამაზე უნდა მიება მასწავლებელს. მაგრამ, მინდა გითხრათ, რეალურად, ეს ასე არ მოხდა. ჩემს პირად მაგალითზე ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლები ვერ აეწყვნენ, მაგრამ ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ კითხვარი თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ? პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ, რომ მასწავლებლები თვითშეფასებისას გულწრფელები არ იყვნენ (ზოგადად ვსაუბრობ და არა ჩემი სკოლის მაგალითზე). ჯიპრაიდის ტრენერიც ვარ, ბევრ სკოლაში მიწევდა სიარული და გარკვეული ინფორმაცია მაქვს ამის თაობაზე. რეალურად ვერ განხორციელდა თვითშეფასების კითხვარის ფუნქციის ჩანაფიქრი.
მართალია, კითხვარის შევსება ჩემი ჯგუფისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, ძალიან მოწესრიგებული ჯგუფი მყავს, მაგრამ მასწავლებელთა გარკვეული ნაწილისთვის ეს მძიმე ტვირთად იქცა. ძირითადად, კითხვარის შევსება მაინც გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებლებს უჭირდათ, მათგან ინტერესიც ნაკლები იყო. ახალგაზრდებში კი ეს პრობლემა არ მქონია. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ ახალბედებისთვის არ იქნებოდა ცუდი თვითშეფასების კითხვარის შევსება, რადგან მათ აუცილებლად სჭირდებათ შეფასება, სად არიან და საით წავიდნენ ან რა აქტივობები დაგეგმონ წინსვლისთვის. საერთო ჯამში, თვითშეფასების კითხვარმა, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში, ძალიან მცირე პროცენტით შეიტანა საკუთარი წვლილი. ახლა, როცა სავალდებულო აღარ იქნება კითხვარის შევსება, ვფიქრობ, უმეტესი ნაწილი მას აღარ შეავსებს.
ახლახან გავხდი მენტორი მასწავლებელი და ვერ გეტყვით, რომ თვითშეფასების კითხვარი რამეში დამეხმარა. გარკვეული ლოგიკური ბმა ნამდვილად იყო — წლის დასაწყისში კითხვარს ავსებ, შემდეგ ადგენ სამოქმედო გეგმას და გეგმავ წლის განმავლობაში განსახორციელებელ აქტივობებს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამას ისედაც ვაკეთებდი. შესაბამისად, თვიშეფასების კითხვარის გარეშეც გავაკეთებდი იმას, რაც გავაკეთე. მიზანი მქონდა დასახული და მაინცდამაინც მისი ფურცელზე გადატანა ბევრს ვერაფერს მომცემდა და დიდად არ შეიცვლებოდა ჩემთვის რამე — წლის დასაწყისშივე ვიცოდი, რა მქონდა გასაკეთებელი წლის განმავლობაში.
საფალისიტატორო ჯგუფში 12 მასწავლებელი მყავდა (ახლა 11-ია) და, თავისთავად, როგორც ფასილიტატორს, კითხვარის გაუქმებით მუშაობა უდავოდ გამიადვილდება, რადგან ნამდვილად შრომატევადი პროცესი იყო. “
ინგა ალავიძე, ქუთაისის №23 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი:
„სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან აქტიურად ვავსებდი კითხვარს, მაგრამ შემდეგ მივედი რაღაც ეტაპზე, როცა ეს პროცესი ერთი და იმავე ადგილის ტკეპნად იქცა. თვითშეფასების კითხვარში ქულობრივად უნდა შეგეფასებინა საკუთარი თავი — 1-დან 4-მდე. ჯერ 2 შემოვხაზე, მერე განვვითარდი ტრენინგებით თუ კოლეგებთან ურთიერთკავშირით, რაღაცები დავხვეწე და 3 შემოვხაზე, შემდეგ წელს უკვე ავედი მაქსიმალური შეფასების ქულაზე — 4-ზე. ამის იქით კი აღარ იყო მოსანიშნი, არც რეფლექსია იწერებოდა, ანუ ერთ ადგილზე გავიყინე. თავისთავად, გარკვეული როლი ჩემს პროფესიულ განვითარებაში თვითშეფასების კითხვარმა შეასრულა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარი თავი ამოწურა.
პირველად, როცა თვითშეფასების კითხვარზე მუშაობა დაიწყო, რამდენიმე მასწავლებელი ერთად ვმუშაობდით და ფასილიტატორიც გვეხმარებოდა გარკვევაში, მაგრამ შემდეგ არავის დახმარება აღარ დამჭირვებია. მე შეფასების ჯგუფის წევრიც ვარ და, აქედან გამომდინარე, სხვისთვის უფრო გამიწევია დახმარება. საბოლოო ჯამში, გეტყვით, რომ თვითშეფასების კითხვარმა თავისი მისია ამოწურა და რაც მთავარია, მისი გაუქმებით სამუშაო დროც გამოგვითავისუფლდება. მართალია, ბოლო ორი წელია, კითხვარი უფრო გამარტივდა და ნაკლები დროც დამჭირდა, მაგრამ თავიდან კვირაც კი მოვანდომე მის შევსებას, ბევრი ვიშრომე. ახლა, როცა სავალდებულო აღარ იქნება მისი შევსება, ალბათ, აღარავინ შეავსებს, ერთი და იმავეს კეთებას მირჩევნია, სხვა უფრო სასარგებლო რამ ვაკეთო.“
ელისო აბრამიშვილი, საჩხერის №2 საჯარო სკოლის ქიმიის უფროსი მასწავლებელი:
„თვითშეფასების კითხვარზე ფასილიტატორის პოზიციიდან გავაკეთებ შეფასებას და გეტყვით, რომ მოხარული ვარ მისი გაუქმებით. შევეცდები ავხსნა, რატომ ვემხრობი კითხვარის გაუქმებას — დავიწყოთ იმით, რომ მასწავლებლები კითხვარის შევსებას პასუხიმგებლობად არ აღიქვამდნენ, ძირითადი დატვირთვა ერთეულ მასწავლებლებზე მოდიოდა და შესაძლებელი იყო, როგორც ფასილიტატორს, შენი ფასილიტაციის ქვეშ მყოფი ადამიანის კითხვარი შეგევსო. აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა უმეტესობის სურვილი იყო, კითხვარი გაუქმებულიყო. ალბათ, იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, მას არ ჰქონდა ფუნქციური დატვირთვა. შესაბამისად, არც მისი შემოწმება და კონტროლი ხდებოდა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა ყოველი წლის დასაწყისში შეადგინოს თავისი სამოქმედო გეგმა, აიტვირთოს eshool-ში და მოხდეს მისი განხილვა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრიდან კი — კონტროლი, თუნდაც საფეხურის შეცვლის დროს — სტატუსის მინიჭებისას — სამოქმედო გეგმას მიეცეს ფუნქციური დატვირთვა. პრინციპში, ეს უნდა იქცეს მასწავლებლის სამაგიდო დოკუმენტად — რა უნდა აკეთოს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.
ჩემი აზრით, თვითშეფასების კითხვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის დიდი როლი ვერ ითამაშა, მცირე როლი — ალბათ, მხოლოდ ერთეულებისთვის, უმრავლესობისთვის კი — არა. თავისთავად, როგორც ფასილიტატორს, შრომა მომაკლდება და გამოთავისუფლებულ დროს სხვა რამეს მოვახმარ, მაგალითად, მეგობარ კოლეგასთან ან ჩემს ფასილიტაციაში მყოფ მასწავლებელთან ერთად დავჯდები და სამოქმედო გეგმას გავწერ.“
ქეთი დავლიანიძე, თბილისის №28 საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი:
„მე მომხრე ვარ, თვითშეფასების კითხვარი რომ იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა მოწმდებოდეს რას ვაკეთებთ, უბრალოდ თუ შევავსეთ და რეალიზებული არ იქნება, რა თქმა უნდა, აზრს დაკარგავს. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაუმჯობესოთ ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკა, დავგეგმოთ სიახლეები, სხვადასხვა მიდგომებით გავამრავალფეროვნოთ ჩვენი გაკვეთილები.
თვითშეფასების კითხვარმა დახმარება გამიწია, მაგალითად, აქტივობების დაგეგმვაში, როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, შეფასების სისტემის გაუმჯობესებაში, პორტფოლიოს შევსებაში და ა.შ. ბევრი რამ დავინახე, რასაც არ ვაკეთებდი ან არ ვგეგმავდი და რომლის დაგეგმვამაც ეფექტური მნიშვნელობა შესძინა ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას. ძალიან კარგია თვითშეფასება, რეალურად ვაფასებ ჩემს სხვადასხვა აქტივობებს.
წლის დასაწყისში, თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ, ვადგენ მთელი წლის სამოქმედო გეგმას, რომელიც მეგზურის როლს ასრულებს — უკვე გარკვეულად ვიცი რა უნდა ვაკეთო. რაც მთავარია, არა მხოლოდ ვავსებ კითხვარს, არამედ მთელი წელი ვმუშაობ იმის გაუმჯობესებაზე, რაც არ მომწონს ან მიმაჩნია, რომ არაეფექტურია. სიმართლე გითხრათ, არც ისე რთულია კითხვარის შევსება, ხშირად, მასწავლებლები იმაზე წუწუნებდნენ, რომ ვერ ასწრებდნენ, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს ამისთვის — ერთი თვე. უკუკავშირისთვისაც კარგია — პედაგოგებთან ურთიერთობა კარგ შედეგს იძლევა, რადგან ხშირად ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს, რაღაც სხვას გამოსდის უკეთესად, რაღაც — შენ.
ბოლოს თვითკითხვარში საკუთარი თავი, ძირითადად, 2 და 3 ქულით მაქვს შეფასებული. ეს ისეთი დინამიური პროფესიაა, რომ საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს უმაღლეს ქულაზე ვაკეთებ. რასაკვირველია, გულწრფელი ვარ საკუთარი თავის შეფასებისას და მივიჩნიე, რომ ურთიერთობა მშობლებთან და ბავშვებთან 4 ქულით შემეფასებინა. ზოგადად, კრიტიკა და შენიშვნა თუ არ მივიღეთ, ისე ვერ განვვითარდებით. სულ ვეკითხები მოსწავლეებს რა არ მოგწონთ, რა გავაუმჯობესოთ — სხვათა შორის ასეთი დემოკრატიული მიდგომა მათ ძალიან მოსწონთ და თვითონაც გულწრფელები არიან. ასევე მივმართავ ხოლმე მშობლებს — რა აწუხებთ და რისი გაუმჯობესება სურთ. სწორედ მათგან უნდა წამოვიდეს ინიციატივა, რა შევცვალო მათ სასიკეთოდ.
თვითშეფასება, გარკვეულწილად, მოტივატორიც არის, თუმცა, რა თქმა უნდა, რეალისტური უნდა იყოს დასახული მიზანი. რასაც სამოქმედო გეგმაში ჩავწერ, ის აუცილებლად მაძლევს სტიმულს, რომ ამ მიზანს მივაღწიო. ისე როგორც მოსწავლეებს, ჩვენც გვჭირდება შინაგანი და გარეგანი მოტივაცია, ჩემთვის კითხვარი ორივეს მომცემია. არც იმას დაგიმალავთ, რომ თავიდან, როცა თვითშეფასების კითხვარი შემოიღეს, მეც ისევე ვწუწუნებდი, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა. თუმცა, ჩემ შემთხვევაში, მიზეზი კომპიუტერული უნარების ცუდად ფლობა იყო. ახლა იმდენად კარგად ავითვისე კომპიუტერთან მუშაობა, რომ ვეღარც ამ პრობლემას ვხედავ და, ამდენად, კითხვარის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ნამდვილად არის საუკეთესო ინსტრუმენტი იმისათვის, რაც წინა წელს ვერ გავაუმჯობესე, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში დავგეგმო და უფრო სრულყოფილი გავხადო. რაც მთავარია, ყოველწლიურად ვგრძნობ, რომ პროფესიულად ვიზრდები — არ გვაქვს უფლება, ხვალინდელი დღე წავართვათ ბავშვებს, ჩვენ ყველაფერს ვერ ვასწავლით მათ, მაგრამ, მთავარია, აუცილებლად ვასწავლოთ როგორ ისწავლონ.“
თინა გიორგაძე, თბილისის №28 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე:
„თვითშეფასების კითხვარის შევსება, გამარტივებამდე, მართლა რთული და შრომატევადი პროცესი იყო და პედაგოგებსაც გაუჭირდათ გარკვევა, ამიტომ, უმეტესად ფასილიტატორებს უწევდათ შევსება, გამარტივების შემდეგ კი — უფრო გაუიოლდათ. მთლიანობაში, უარყოფითად ვერ შევაფასებ, რადგან ვფიქრობ, ერთგვარ მიმართულებას — რა კუთხით და როგორ ემუშავა — მაინც აძლევდა მასწავლებელს. პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაკვირვებოდა, ასევე, ყურადღება გაემახვილებინა მოსწავლის ქცევაზე. თუმცა, აქ ერთი რამ არის ყურადსაღები — არ მოწმდებოდა მასწავლებლის მიერ შევსებული კითხვარი, რომელზეც მხოლოდ მას ჰქონდა წვდომა. ეს ფაქტორიც განაპირობებდა, ალბათ იმას, რომ მასწავლებლები ამ ვალდებულებას ზერელედ ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, რამდენად ობიექტურად აფასებდნენ საკუთარ თავს და რამდენად შეესაბამებოდა თვითშეფასების კითხვარში მონიშნული შეფასების ქულა მათ პროფესიულ მზაობას. არადა, მასწავლებლის თვითშეფასება მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება — გამოავლინოს სუსტი მხარეები და შემდეგ, სწორედ ამაზე დაყრდნობით, შეადგინოს სამოქმედო გეგმა, დაგეგმოს აქტივობები. რეალურად რამდენად სწორად და ობიექტურად მიმდინარეობდა ეს პროცესი, მთავარი ესაა.
ჩემს მაგალითზე გეტყვით — ის აქტივობები, რაც გეგმაში მეწერა, ნაკლებად შევასრულე იმ წელს, მაგრამ გეგმის იქით ძალიან ბევრი აქტივობა განვახორციელე. ასე რომ, ამ კუთხით, ჩემთვის თვითშეფასების კითხვარი გზამკვლევი არ არის, თვითონ სასწავლო პროცესი გიჩვენებს ხოლმე რა უნდა აკეთო, წინასწარ დაგეგმილი აქტივობები შეიძლება მხოლოდ კრედიტ-ქულებისთვის იყოს კარგი. ბავშვების საჭიროებისთვის კი, მთელი წლის აქტივობებს, მე პირადად, არ ვგეგმავ, პერიოდულად ძალიან ბევრ რამეს ვამატებ, რასაც წინასწარ ვერც კი განვსაზღვრავ. პირდაპირ გეტყვით, ჩემზე და მასწავლებლების ნაწილზეც, თვითშეფასების კითხვარს დიდი გავლენა არ მოუხდენია, ამიტომაც მისი გაუქმებაც, არა მგონია, ცუდად აისახოს პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე, ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად მეგულება მასწავლებელი, რომელიც მის გაუქმებას გააპროტესტებს. თუმცა, თუ დარჩება, უნდა გამოვიყენოთ, როგორც რესურსი პროფესიული ზრდისთვის.“
ლალი ჯელაძე