5 თებერვალი, კვირა, 2023

9-ქულიანი ტესტი დირექტორებისთვის – პრაქტიკული მაგალითი

spot_img
დავალება შესრულებულია „ახალი განათლების“ მიერ დაგეგმილი მხარდამჭერი ტრენინგ-კურსის მონაწილის მიერ. ნაშრომი ექსპერტიზებულია და შეფასებულია დადებითად განათლების სპეციალისტის, როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.

 

დავალების პირობა

მასწავლებელმა გადაწყვიტა, დაწყებითი კლასის მათემატიკაში ჩაეტარებინა კვლევა, რომელიც მას დაეხმარებოდა მოსწავლეთა რაოდენობრივი წიგნიერების კომპეტენციის დაბალი განვითარების მიზეზების იდენტიფიცირებასა და ამ კომპეტენციის განვითარების ეფექტური გზების შერჩევაში. ამისათვის მან თავის კოლეგებსა და თქვენ, როგორც სკოლის დირექტორს, შესათანხმებლად, წარმოგიდგინათ კვლევის მონახაზი, რომლის მიხედვითაც, უნდა დადგენილიყო შემდეგი ინფორმაცია:

⇒ მოსწავლეთა ოჯახების სპეციალიზაციის პროფილი (ჰუმანიტარები, ტექნიკური მეცნიერებები, სახელოვნებო, სამეურნეო ჭრილით);

⇒ სახელმძღვანელოს სანდოობის ხარისხი კათედრის წევრების შეფასებების მიხედვით;

⇒ აკადემიური მოსწრების ანალიზი სოლო ტაქსონომიის მიხედვით;

⇒ საკუთარი  გაკვეთილების ვიდეოჩანაწერის ანალიზი;

⇒ სტერეოტიპების დადგენა მათემატიკის სწავლებისას, გენდერულ და საგამოცდო ჭრილში;

⇒ ჰოვარდ გარდნერის ბუნებრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, მოსწავლეთა რანჟირება-დახარისხება;

⇒ მოსწავლეთა მოდელირებისა და კვლევებში ჩართულობის ანალიზი.

მასწავლებლის აზრით, ამ ინფორმაციის დახმარებით, სკოლა შეძლებდა მოსწავლეთა რაოდენობრივი წიგნიერების სრული სურათის დანახვასა და, ამის გათვალისწინებით, ინტერვენციების დაგეგმვას.

  1. შეაფასეთ, რამდენად მიზნობრივი და რელევანტურია მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი კვლევის ონახაზი პრობლემის გადაწყვეტისთვის. თქვენი პასუხი დაასაბუთეთ. დასაბუთებისას სრულად განიხილეთ ის მონაცემები, რომელთა მოპოვებაც დაისახა მიზნად მასწავლებელმა და იმსჯელეთ მათ მნიშვნელობაზე პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.

პასუხი:

⇒ მონაცემები  მოსწავლეთა ოჯახების სპეციალიზაციის პროფილის (ჰუმანიტარები, ტექნიკური მეცნიერებები, სახელოვნებო, სამეურნეო ჭრილით) შესახებ კვლევასთან მიმართებით არ არის რელევანტური, რადგან ოჯახის სპეციალიზაცია არ არის ბავშვის რაოდენობრივი წიგნიერების განმსაზღვრელი. შესაძლოა, ოჯახს ჰქონდეს მაღალი ან დაბალი კომპეტენცია ამ მიმართულებით, მაგრამ მოსწავლეს შეიძლება განვუვითაროთ რაოდენობრივი წიგნიერების კომპეტენცია.

⇒ სახელმძღვანელოს სანდოობის ხარისხი კათედრის წევრების შეფასებების მიხედვით არ არის რელევანტური, რადგან სახელმძღვანელოს გრიფი მინიჭებული აქვს სამინისტროს მიერ და ჩათვლილია ეფექტიან რესურსად. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია დამატებითი რესურსების გამოყენება მიზნების მისაღწევად.

⇒ აკადემიური მოსწრების ანალიზი სოლო ტაქსონომიის მიხედვით რელევანტურია, რადგან განისაზღვრება მოსწავლის განვითარების ნატურალი და უახლოესი განვითარების ზონები.

⇒ საკუთარი  გაკვეთილების ვიდეოჩანაწერის ანალიზი რელევანტურია, რადგან მასწავლებელი ჩატარებულ გაკვეთილზე გააკეთებს ანალიზს და გამოავლენს საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს, რომლის მიხედვითაც დაგეგმავს სტრატეგიებს რაოდენობრივი წიგნიერების განვითარებისთვის.

⇒ სტერეოტიპების დადგენა მათემატიკის სწავლებისას გენდერულ და საგამოცდო ჭრილში არ არის რელევანტური, რადგან საგამოცდო და გენდერულ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს საგნები, რადგან სქესი (გენდერი) და გამოცდა არ არის გადამწყვეტი რაოდენობრივი წიგნიერების უნარის სწავლების დროს.

⇒ ჰოვარდ გარდნერის ბუნებრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით მოსწავლეთა რანჟირება-დახარისხება არ არის რელევანტური, რადგან ბუნებრივი ინტელექტი გააჩნია ყველა ბავშვს და ამ მონაცემის შეგროვება არ იქნება მაღალი ეფექტის მქონე რაოდენობრივი წიგნიერების კუთხით. რაოდენობრივი წიგნიერების განვითარება შეიძლება ნებისმიერი ბუნებრივი ინტელექტის მქონე მოსწავლის შემთხვევაში.

⇒ მოსწავლეთა მოდელირებისა და კვლევებში ჩართულობის ანალიზი რელევანტურია, რადგან მოდელირებასა და კვლევაში ჩართვა მოსწავლეს უვითარებს რაოდენობრივი წიგნიერების უნარს.

  1. არგუმენტირებულად წარმოადგინეთ აღნიშნული კვლევის განხორციელების თქვენეული ხედვა:

ა) რა მონაცემებს შეაგროვებდით.

შევაგროვებდი  აკადემიური მოსწრების ანალიზს სოლო ტაქსონომიის მიხედვით, რადგან სოლო ტაქსონომიით განისაზღვრება მოსწავლის განვითარების ნატურალი და უახლოესი განვითარების ზონები. ასევე:

⇒ საკუთარი  გაკვეთილების ვიდეოჩანაწერის ანალიზის მონაცემს, რადგან მასწავლებელი ჩატარებულ გაკვეთილზე გააკეთებს ანალიზს და გამოავლენს საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს, რომლის მიხედვითაც დაგეგმავს სტრატეგიებს რაოდენობრივი წიგნიერების განვითარებისთვის.

⇒ მოსწავლეთა მოდელირებისა და კვლევებში ჩართულობის ანალიზის მონაცემებს, რადგან მოდელირებასა და კვლევაში ჩართვა მოსწავლეს უვითარებს რაოდენობრივი წიგნიერების უნარს.

⇒ კლუბური მუშაობის გამოცდილების მონაცემს, რადგან მოსწავლე საკუთარ შესაძლებლობებს, რაოდენობრივი წიგნიერების თვალსაზრისით, კლუბური მუშაობის ფარგლებში უფრო მეტად გამოავლენს. კლუბური მუშაობის დროს ვითარდება კარგად კომპეტენციები.

ბ) რა მეთოდებს გამოიყენებდით აღნიშნული მონაცემების შესაგროვებლად.

თქვენი პასუხები დაასაბუთეთ.

⇒ აკადემიური მოსწრების ანალიზის მონაცემი სოლო ტაქსონომიის მიხედვით – შევაგროვებდი დაკვირვების თვისებრივი მეთოდით, რადგან დაკვირვებით ნათლად ჩანს სოლოს მიხედვით მოსწავლის მდგომარეობა.

⇒ საკუთარი  გაკვეთილების ვიდეოჩანაწერის ანალიზის მონაცემი – თვისებრივი მეთოდი – დაკვირვება, რადგან დაკვირვების დროს გამოჩნდება ძლიერი და სუსტი მხარეები.

⇒ მოსწავლეთა მოდელირებისა და კვლევებში ჩართულობის ანალიზის მონაცემები – რაოდენობრივი კვლევის მეთოდი – ანკეტირება. ანკეტირების დროს მოსწავლეები წარმოგვიჩენენ ინფორმაციას, თუ რა რაოდენობით არიან ჩართული მოდელირებასა და კვლევაში.

⇒ კლუბური მუშაობის გამოცდილების მონაცემი – რაოდენობრივი კვლევის მეთოდით – ზეპირი გამოკითხვა. ამ მეთოდით გამოჩნდება, რა რაოდენობით არიან მოსწავლეები ჩართული კლუბურ მუშაობაში.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები