1 ივნისი, ხუთშაბათი, 2023

9-ქულიანი ტესტის ორი ნიმუში

spot_img

„ახალი განათლება“ აგრძელებს ე.წ. 9-ქულიანი ტესტების პირობებისა და შესრულებული სამუშაოების გამოქვეყნებას. წარმოგიდგენთ ორ ნიმუშს, რომელიც შესრულებულია ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის, ილიაუნის მოწვეული ლექტორის, თამარ გახელაძის მიერ. ნაშრომი დადებითადაა შეფასებული განათლების სპეციალისტის, როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.

 

დავალების ჯამური ქულა – 9

დავალების პირობა

მოქალაქეობის მასწავლებელმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა, რომელიც მას დაეხმარებოდა მოსწავლეთა მოქალაქეობის კომპტენციის დაბალი განვითარების მიზეზების იდენტიფიცირებასა და ამ უნარის/კომპეტენციის განვითარების ეფექტური გზების შერჩევაში. ამისათვის მან თავის კოლეგებსა და თქვენ, როგორც სკოლის დირექტორს, შესათანხმებლად, წარმოგიდგინათ კვლევის მონახაზი, რომლის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო შემდეგი ინფორმაცია:

  • მოსწავლეთა ოჯახების სპეციალიზაციის პროფილი (ჰუმანიტარები, ტექნიკური მეცნიერებები, სახელოვნებო, სამეურნეო ჭრილით);
  • სახელმძღვანელოს სანდოობის ხარისხი კათედრის წევრების შეფასებების მიხედვით;
  • აკადემიური მოსწრების ანალიზი სოლო ტაქსონომიის მიხედვით;
  • საკუთარი გაკვეთილების ვიდეოჩანაწერის ანალიზი;
  • სტერეოტიპების დადგენა, სამოქალაქო განათლების სწავლებისას, საგამოცდო ჭრილში;
  • მოსწავლეთა საზოგადოებრივ აქციებში ჩართულობის ანალიზი.

მასწავლებლის აზრით, ამ ინფორმაციის დახმარებით, სკოლა შეძლებდა მოსწავლეთა მოქალაქეობის ფუნქციური უნარისა და კომპეტენციის სრული სურათის დანახვასა და, ამის გათვალისწინებით, ინტერვენციების დაგეგმვას.

  1. შეაფასეთ, რამდენად მიზნობრივი და რელევანტურია მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი კვლევის მონახაზი პრობლემის გადაწყვეტისთვის. თქვენი პასუხი დაასაბუთეთ. დასაბუთებისას, სრულად განიხილეთ ის მონაცემები, რომელთა მოპოვებაც დაისახა მიზნად მასწავლებელმა და იმსჯელეთ მათ მნიშვნელობაზე პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.
  2. არგუმენტირებულად წარმოადგინეთ აღნიშნული კვლევის განხორციელების თქვენეული ხედვა:

) რა მონაცემებს შეაგროვებდით;

) რა მეთოდებს გამოიყენებდით აღნიშნული მონაცემების შესაგროვებლად;

თქვენი პასუხები დაასაბუთეთ.

პასუხი:

1.

  • აღნიშნული კვლევისთვის მონაცემები, მოსწავლეთა ოჯახების სპეციალიზაციის პროფილის შესახებ, არამიზნობრივი და არარელევანტურია, რადგან ეს ფაქტორი არსებით გავლენას არ ახდენს მოსწავლეთა მოქალაქეობრივ კომპეტენციაზე. ცალსახად იმის თქმა, რომ ოჯახის წევრების ჰუმანიტარული, ტექნიკური თუ სახელოვნებო პროფილი განსაზღვრავს მოსწავლეთა მოქალაქეობრივი კომპეტენციის განვითარებას, მიუღებელია. შესაბამისად, ეს მონაცემები ვერ დაეხმარება მასწავლებელს აღნიშნული პრობლემების კვლევაში.
  • სახელმძღვანელოს სანდოობის ხარისხის შეფასებაც ვერ იქნება რელევანტური, რადგან სახელმძღვანელოები გრიფმინიჭებულია სახელმწიფოსგან და უკვე არჩეულია კათედრის წევრების მიერ. ამასთან, სახელმძღვანელო ერთ-ერთი რესურსია და არა – ერთადერთი, ამიტომ ამ საკითხზე აქცენტის გაკეთება, მოსწავლეთა დაბალი სამოქალაქო კომპეტენციის მიზეზების დასადგენად, არამიზნობრივია.
  • მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ანალიზი, სოლო ტაქსონომიის მიხედვით, რელევანტური და მიზნობრივია, რადგან დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის მოსწავლეთა ცოდნისა და განვითარების არსებულ დონეზე. გვიჩვენებს ობიექტურ სურათს და გვაძლევს მოსწავლეთა პროგრესის გზების დაგეგმვის, ანუ განვითარების არსებული ზონიდან უახლოეს ზონაზე გადასვლის შესაძლებლობას. ასევე, გაფართოებული აბსტრაქციის დონეზე, მოსწავლეს შეუძლია განაზოგადოს, შექმნას და გადაიტანოს იდეები ახალ, განსხვავებულ კონტექსტში.
  • საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზიც რელევანტურია, რადგან კრიტიკული თვალით შეხედვისა და ხარვეზების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, რაც ერთ-ერთი სერიოზული მიზეზიც შეიძლება იყოს მოსწავლეთა მოქალაქეობრივი კომპეტენციის დაბალი განვითარებისა.
  • სტერეოტიპების დადგენა, სამოქალაქო განათლების სწავლების საგამოცდო ჭრილში, არ არის მიზნობრივი და რელევანტური. სტერეოტიპების მონაცემების დადგენა არ მოგვცემს სასურველ შედეგს, ვინაიდან მოქალაქეობრივი ცნობიერება არა საგანი, არამედ კომპეტენციაა, რომელსაც მოსწავლეები სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნითა და უნარებით ავლენენ.
  • საზოგადოებრივ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობის ანალიზი მიზნობრივია, რადგან არაფორმალური განათლების ხელშემწყობი გარემო საუკეთესოდ ავითარებს მოსწავლეთა მოქალაქეობრივ კომპეტენციებს და ამ სფეროში მათი გააქტიურებაც პროგრესის ხელშემწყობი იქნება.
  1. ა) აღნიშნული კვლევის განხორციელებისას შევაგროვებდი შემდეგ მონაცემებს:
  • მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ანალიზს სოლო ტაქსონომიის მიხედვით, რადგან ამით გვეძლევა ობიექტური სურათი მოსწავლეთა განვითარების არსებულ დონეზე და შეგვიძლია, განვითარების უახლოესი ზონის გზების ძიებაც დავიწყოთ.
  • საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი. ამით კრიტიკულად შევხედავთ საკუთარ გაკვეთილს და აღმოვაჩენთ გასაუმჯობესებელ მხარეებს, რაც მოსწავლეთა დაბალი მოქალაქეობრივი ცნობიერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს. გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზისას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ,,კრიტიკული მეგობრის“ უკუკავშირი. ობიექტური ანალიზის შემდეგ დავიწყებთ იმ გზების ძიებას, როგორ გავხადოთ გაკვეთილი მეტად აქტუალური, საინტერესო და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს მათი მოქალაქეობრივი კომპეტენციის ამაღლებას.
  • სკოლის მართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის დადგენა, რათა შეგვექმნას სურათი, აქვთ თუ არა მოსწავლეებს სკოლისადმი მიკუთვნებულობა, აღიქვამენ თუ არა თავს სასკოლო საზოგადოების წევრებად, მონაწილეობენ თუ არა თვითმმართველობის აქტივობებში, რადან სკოლისადმი დაბალი მიკუთვნებულობა, მის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება, სკოლის საზოგადო საქმეებისგან შორს ყოფნა, თავის მხრივ, განაპირობებს მოსწავლეთა დაბალ სამოქალაქო კომპეტენციას.
  • დიფერენცირებული სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების ანალიზი, რათა დაგვედგინა რამდენად ხშირად მიმართავენ მასწავლებლები დიფერენცირებულ სწავლებას, მოსწავლეთა ინტერესების, შესაძლებლობებისა და მიღწევების გათვალისწინებით, თუ ერთფეროვანი გაკვეთილებით შემოიფარგლებიან, რაც, საბოლოოდ, მოსწავლეების მოქალაქეობრივ კომპეტენციაზე უარყოფითად აისახება.
  1. ბ) აღნიშნული მონაცემების შესაგროვებლად გამოვიყენებდი შემდეგ მეთოდებს:
  • საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზისთვის – თვისებრივ მეთოდს – დაკვირვება, რათა აღმომეჩინა ის ხარვეზები, რომლებიც, შესაძლოა, მოსწავლეთა დაბალი სამოქალაქო კომპეტენციის მიზეზი ყოფილიყო.
  • მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ანალიზისას, სოლო ტაქსონომიის მიხედვით, გამოვიყენებდი როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდს. რაოდენობრივიდან – ანკეტირებას, რითაც დავადგენდი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების და შედეგების შესაძლო მიზეზებს, თვისებრივიდან კი – დაკვირვებას. რაოდენობრივის საშუალებით, მონაცემებს რაოდენობრივ ჭრილში გავაანალიზებდი – რამდენი მოსწავლე რომელ დონეზეა სოლოს მიხედვით და რა არის ამის მიზეზი, ხოლო დაკვირვებით კი – რა სახის ხარვეზები აქვთ ნაშრომში და როგორ უკავშირდება ეს მათ დაბალ მოქალაქეობრივ კომპეტენციას.
  • სკოლის მართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის დადგენის ანალიზისას, გამოვიყენებდი თვისებრივი კვლევის მეთოდს – სიღრმისეული ინტერვიუ. ამით სიღრმისეულად გავაანალიზებდი იმ საკითხებს, რომლებიც მოსწავლეთა დაბალ სამოქალაქო კომპეტენციას განსაზღვრავს. პრობლემის მონაცემების ამ გზით შეგროვება, მომავალში, სწორი და მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისი ინტერვენციების განხორციელებაშიც დამეხმარებოდა.
  • დიფერენცირებული სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების ანალიზისას, მივმართავადი თვისებრივი კვლევის მეთოდს – ფოკუს ჯგუფები როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების. ამით ფოკუსირებულად დავაკვირდებოდი, იყენებენ თუ არა მასწავლებლები დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკას, რამდენადაა მათ მიერ შეთავაზებულ მეთოდებსა და აქტივობებში გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები და თავისებურებები. მოსწავლეთა ფოკუს ჯგუფებში კი დავაკვირდებოდი როგორია მათი ჩართულობა განსხვავებული ტიპის დავალებების მიმართ, რამდენად აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, თუ არის გათვალისწინებული მათი ინტერესები. შესაბამისად, ამ მონაცემების შეგროვება დამეხმარებოდა მიზანზე ორიენტირებული ინტერვენციების შემუშავებაშიც.

დავალების პირობა

მეწარმეობის მასწავლებელმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა, რომელიც მას მოსწავლეთა მეწარმეობის კომპტენციის დაბალი განვითარების მიზეზების იდენტიფიცირებასა და ამ კომპეტენციის განვითარების ეფექტური გზების შერჩევაში დაეხმარებოდა. ამისათვის, თავის კოლეგებსა და თქვენ, როგორც სკოლის დირექტორს, შესათანხმებლად, წარმოგიდგინათ კვლევის მონახაზი, რომლის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო შემდეგი ინფორმაცია:

  • მოსწავლეთა ოჯახების სპეციალიზაციის პროფილი (ჰუმანიტარები, ტექნიკური მეცნიერებები, სახელოვნებო, სამეურნეო ჭრილით);
  • აკადემიური მოსწრების ანალიზი სოლო ტაქსონომიის მიხედვით;
  • სტერეოტიპების დადგენა მეწარმეობის სწავლებისას საგამოცდო ჭრილში;
  • მოსწავლეთა სამეწარმეო პროექტებში ჩართულობის ანალიზი.

მასწავლებლის აზრით, ამ ინფორმაციის დახმარებით, სკოლა შეძლებდა მოსწავლეთა მეწარმეობის კომპეტენციის სრული სურათის დანახვასა და, ამის გათვალისწინებით, ინტერვენციების დაგეგმვას.

  1. შეაფასეთ, რამდენად მიზნობრივი და რელევანტურია მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი კვლევის მონახაზი პრობლემის გადაწყვეტისთვის. თქვენი პასუხი დაასაბუთეთ. დასაბუთებისას, სრულად განიხილეთ ის მონაცემები, რომელთა მოპოვებაც დაისახა მიზნად მასწავლებელმა და იმსჯელეთ მათ მნიშვნელობაზე პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.
  2. არგუმენტირებულად წარმოადგინეთ აღნიშნული კვლევის განხორციელების თქვენეული ხედვა:

) რა მონაცემებს შეაგროვებდით;

) რა მეთოდებს გამოიყენებდით აღნიშნული მონაცემების შესაგროვებლად.

თქვენი პასუხები დაასაბუთეთ.

პასუხი:

1.

  • ოჯახების სპეციალიზაციის პროფილის გამორკვევა ვერ დაეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა მეწარმეობის კომპეტენციის დაბალი განვითარების იდენტიფიცირებასა და ამ კომპეტენციის ეფექტური გზების შერჩევაში. მართალია, ამ ტიპის საქმიანობას ზოგჯერ მოსწავლეები სწორედ ოჯახებიდან სწავლობენ, თუმცა ცალსახად საუბარი იმაზე, რომ მოზარდი აუცილებლად გააგრძელებს ოჯახურ ტრადიციას, მართებული არ არის.
  • აკადემიური მოსწრების ანალიზი, სოლო ტაქსონომიის მიხედვით, დაეხმარება მასწავლებელს აღნიშნული კვლევისთვის მონაცემების შეგროვებაში, რადგან სოლო ტაქსონომიით განისაზღვრება მოსწავლის განვითარების არსებული ზონა და ეს იძლევა უახლოეს ზონაზე მისი გადასვლის შესაძლებლობას. ასევე, გაფართოებული აბსტრაქციის დონეზე, მოსწავლეს შეუძლია განაზოგადოს, შექმნას და გადაიტანოს იდეები ახალ განსხვავებულ კონტექსტში.
  • არც სტერეოტიპების დადგენა დაეხმარება საგამოცდო ჭრილში, რადგან, ზოგადად, სტერეოტიპების მონაცემების შეგროვება არეფექტურია ამ მიმართულებით და, ამასთანავე, გამოცდა სამეწარმეო საქმიანობაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული არ გვაქვს.
  • სამეწარმეო პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობის ანალიზი მიზანზე ორიენტირებული და რელევანტურია, რადგან ამით მასწავლებელი დაადგენს რა ინტენსივობითა და რაოდენობით არიან მოსწავლეები ჩართული ამ ტიპის საქმიანობაში, რა არის მიზეზი სამეწარმეო პროექტებში მოსწავლეთა დაბალი აქტივობისა, რა ტიპის ღონისძიებების მიმართ იჩენენ ისინი მეტ ინტერესს და ა.შ.
  1. ა) აღნიშნული კვლევის განხორციელებისას შევაგროვებდი შემდეგ მონაცემებს:
  • სამეწარმეო პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობის ანალიზი. ამით დავადგენდი მოსწავლეთა რამდენი პროცენტი და რა აქტივობითაა ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. რა ფაქტორები განსაზღვრავს მათ დაბალ აქტივობას; ამ სფეროს რომელი დარგის მიმართ იჩენენ მოსწავლეები უფრო მეტ ინტერესს და რატომ. აღნიშნული მონაცემების ანალიზი კი, სწორი და მიზანზე მორგებული ინტერვენციების შემუშავებაში დამეხმარებოდა.
  • მეწარმეობის კლუბის ფუნქციონირება სკოლაში და მასში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი, რადგან კლუბური მუშაობა საუკეთესო გზაა სამეწარმეო უნარების განვითრებისა. კლუბში გაწევრიანებითა და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობით კი, შესაძლოა, მოსწავლეებმა ისეთი უნარებიც აღმოაჩინონ საკუთარ ინტერესთა სფეროდან, რომელიც შემდგომში მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარება. ამასთან, ამ მიზნის მისაღწევად, სათანადო კომპეტენციების განვითარება შეეძლებათ.
  • სკოლისადმი მოსწავლეთა მიკუთვნებულობა და სასკოლო საქმიანობაში მათი ჩართულობა. სკოლა, ფორმალურ განათლებასთან ერთად, მოსწავლეს არაფორმალური განათლების საშუალებასაც აძლევს. თუ მოზარდი სკოლის საზოგადოების წევრად აღიქვამს თავს, ცდილობს, თავისი წვლილი ნებისმიერი მიმართულებით შეიტანოს, შესაბამისად, მათი სამეწარმეო კონპეტენციებიც ვითარდება.
  1. ბ) აღნიშნული მონაცემების შესაგროვებლად გამოვიყენებდი შემდეგ მეთოდებს:
  • სამეწარმეო პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობის ანალიზისთვის – რაოდენობრივი კვლევის მეთოდს – ანკეტირება, რითაც გამოვარკვევდი, არიან თუ არა მოსწავლეები ჩართული და რა ინტენსივობით სამეწარმეო პროექტებში; მეწარმეობის რომელი მიმართულებისადმი აქვს თითოეულ მათგანს ინტერესი, როგორ გამოიყენებენ სკოლაში მიღებულ გამოცდილებას ცხოვრებაში. ამით გარკვეულ მონაცემებსაც შევაგროვებდი, მათი ინტერესის სფეროსაც აღმოვაჩენდი და, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რელევანტურ ინტერვენციებსაც შევიმუშავებდი
  • მეწარმეობის კლუბის ფუნქციონირებისა და მასში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გამოსაკვლევად, გამოვიყენებდი თვისებრივი კვლევის ორ მეთოდს – სიღრმისეული ინტერვიუ და ფოკუს ჯგუფები. ამით დეტალურ ინფორმაციას მივიღებდი როგორ ფუნქციონირებს სამეწარმეო კლუბი სკოლაში, მხოლოდ ფორმალური სახე აქვს თუ სათანადოდ მუშაობს ამ მიმართულებით. კლუბში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის, მათი ინტერესებისა და სამეწარმეო უნარების დასადგენად კი, ფოკუს ჯგუფები დამეხმარებოდა. კვლევის ამ მეთოდებით უკეთ გამოიკვეთებოდა ის პრობლემები, რომლებიც მოსწავლეთა სამეწარმეო კომპეტენციის განვითარებას უშლის ხელს.
  • სკოლისადმი მოსწავლეთა მიკუთვნებულობისა და სასკოლო საქმიანობაში მათი ჩართულობის დასადგენად, მივმართავდი თვისებრივი კვლევის მეთოდს – სიღრმისეული ინტერვიუ, რათა შეგვექმნა სურათი, აქვთ თუ არა მოსწავლეებს სკოლისადმი მიკუთვნებულობა, აღიქვამენ თუ არა თავს სასკოლო საზოგადოების წევრებად, მონაწილეობენ თუ არა სხვადასხვა აქტივობაში. სკოლისადმი დაბალი მიკუთვნებულობა, მის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება, სკოლის საზოგადო საქმეებისგან შორს ყოფნა, თავის მხრივ, განაპირობებს მოსწავლეთა დაბალ სამეწარმეო კომპეტენციას, რადგან სამეწარმეო კომპეტენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებაში. ეს კი, საბოლოოდ, მიმართულია სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებისკენ.

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები